არის ისტორიები, რომელთა მოყოლა იმაზე რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ისტორიები, რომლებიც გვაჩვენებს, რამდენი ტკივილის ატანა შეუძლია ქალს, რომელსაც საზოგადოება ხშირად „სუსტ სქესს“ უწოდებს. თან ისე გადაიტანოს თავს დატეხილი ქარიშხალი, რომ ფეხზე მყარად წამოდგეს და სხვებისთვის იმედისა და გამბედაობის მაგალითად იქცეს. სწორედ ამის მაგალითია ნინო გავაშელიშვილის ცხოვრება, რომელმაც განათლებაში, პიროვნულ განვითარებასა და საკუთარ თავზე მუშაობაში იპოვა თავისუფლება. დღეს კი ნინო იმ ქალებს ეხმარება, რომლებიც იმავე რთულ გზას გადიან, რომელიც ოდესღაც თავად გაიარა.
შვილების კეთილდღეობისთვის არჩიეთ ამერიკაში წასვლა… რა აღმოჩნდა ყველაზე რთული ემიგრაციაში?
ყველაზე რთული გაურკვეველი დროით შვილებისგან შორს ყოფნა აღმოჩნდა – ეს არის მონატრება, რომელსაც ვერაფერი ანაცვლებს. ემიგრაციამ მასწავლა გადარჩენა, ადაპტაცია და იმის დაფასება, რაც ადრე ჩვეულებრივი მეგონა. შევძელი შინაგანი სიმტკიცის პოვნა, რომელსაც კომფორტის ზონაში ვერასდროს აღმოაჩენ.
ემიგრაციაში მივხვდი, რომ დედის სიძლიერე მხოლოდ ფიზიკურად გვერდით ყოფნაში არ გამოიხატება, არამედ იმ შესაძლებლობების შექმნაშიც, რომლებიც შვილების მომავალს უზრუნველყოფს. საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ქალად, რომელსაც აღარაფრის ეშინია.

რატომ აირჩიეთ ქოუჩინგის მიმართულება?
ემიგრაციში მივხვდი, რომ დავსუსტდი, არასწორი გადაწყვეტილებები მივიღე და უამრავი კითხვა გამიჩნდა საკუთარ თავთან. სწორედ ამიტომ, ბოლო ოთხი წელი აქტიურად ვიყავი ჩართული ფსიქოთერაპიაში, რამაც გამიჩინა სურვილი, ქოუჩინგი მესწავლა, რათა კვლავ გავმხდარიყავი საკუთარი თავის მოტივატორი. გავიარე ICF-ის მიერ აკრედიტებული საერთაშორისო პროგრამა Coaching Up University-ში, საოცარი მენტორების – მარიკა ხალიანის, ქეთი ქინქლაძისა და დავით ბოლქვაძის ხელმძღვანელობით.
მარიკა ხალიანის პროგრამამ „გაბედე ცხოვრება“ და სისტემურმა განლაგებებმა სრულად ამოატრიალა ჩემი შეხედულებები. 45 წლის ასაკში, როცა მეგონა, რომ ყველაფერი ვიცოდი, სრულიად გადავაფასე ჩემი ცხოვრება.
ქოუჩინგი ჩემი სულის საკვები გახდა. აქ სხვა პროფესიებიც მაქვს, მიწევს ჯარისკაცივით მუშაობა, რათა ფინანსურად სტაბილურად ვიყო, ხოლო ქოუჩინგი არის ის, სადაც სიმშვიდე ვპოვე. ეს არის საქმე, რომელიც მიყვარს და შიგნიდან მავსებს.
მივხვდი, რომ ეს ცოდნა მხოლოდ ჩემთვის არ უნდა დამეტოვებინა. ემიგრაციაში მყოფ ბევრ ქალს აქვს მენტალური პრობლემები – ოჯახისგან, შვილებისგან შორს და იძულებულები არიან იმუშაონ არა თავიანთი პროფესიით. ემიგრაციაში კრიზისი ასმაგად მძიმეა და ხშირად ერთმა სიტყვამ შეიძლება გადაგარჩინოს. სწორედ ამიტომ შევქმენი სივრცე ქალებისთვის, სადაც ჩემი გამოცდილებით ვეხმარები მათ, ვინც ახლა გადის იმ რთულ გზას, რომელიც მე უკვე გავიარე. მინდა ყველა ქალმა გაიაზროს, საკუთარ თავთან დაბრუნებას დრო არ აქვს, მიეცით საკუთარ თავს თავიდან დაწყების უფლება. და იცოდეთ, ამ გზაზე მე თქვენ გვერდით ვარ.
ქალბატონმა მარიკა ხალიანმა შემომთავაზა თავისი საავტორო პროექტის „მენტალური ჯანმრთელობის ფორუმის“ თანაორგანიზატორობა. ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში ფორუმმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – 150-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. უამრავი მადლობის წერილი, რომელიც მივიღე, იმის დასტურია, რომ ეს პროექტი ემიგრაციაში ყველას სჭირდება. ვაგრძელებ თანამშრომლობას მარიკასთან და წინ ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.
თქვენი ისტორია ნამდვილად მაგალითია ბევრი ქალისთვის, თუ როგორ გადაიტანო ტკივილი, ფეხზე წამოდგე და გააგრძელო გზა…
14 წლის ასაკში მომიტაცეს, ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. განვიცდიდი ერთგვარ „ეგზისტენციალურ სიჩუმეს“, როცა გარშემო ბევრი ადამიანია, მაგრამ შენი ხმა, სურვილები და ბავშვური შიშები თითქოს არავის ესმის. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომლის ოცნებებიც ერთ ღამეში გაქრა. ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური ტყვეობა, ეს იყო მომავლის მოპარვა, რომლის დაბრუნებასაც წლები და უდიდესი შინაგანი ძალა დასჭირდა.
15 წლის ასაკში დედა გავხდი, ხოლო 16 წლისას მეორე ახალშობილი დამეღუპა. დედობამ ჩემში მებრძოლი გააღვიძა. მივხვდი, რომ თუ მე არ გავძლიერდებოდი, ჩემი ქალიშვილიც შესაძლოა იმავე მანკიერი წრის მსხვერპლი გამხდარიყო, რომელმაც ჩემი ბავშვობა შეიწირა. ჩემი შვილი გახდა ჩემი უმთავრესი მოტივაცია, რათა დამენგრია ის მახინჯი სტერეოტიპები და „ტრადიციები“, რომლებიც გოგონებს მომავალს ართმევს.
16 წელი დამჭირდა, რომ საკუთარ თავში გამბედაობა მეპოვა. როცა მეუღლისგან წასვლა გადავწყვიტე, ეს მხოლოდ ჩემი გადარჩენა აღარ იყო, ეს იყო გაკვეთილი ჩემი ქალიშვილებისთვის – დაენახათ, არცერთი მოცემულობა არ არის საბოლოო, თუ ის მათ ბედნიერებასა და ღირსებას ეწინააღმდეგება.
14 წლის ნინო, რომელიც ოდესღაც უსიტყვოდ დაემორჩილა სხვის მიერ დაწერილ ბედს, საბოლოოდ გაიზარდა და თქვა: „საკმარისია“. ვიპოვე ძალა მეთქვა, რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის. ეს იყო დაუოკებელი სურვილი, თავად ვყოფილიყავი ჩემი ისტორიის ავტორი და ჩემი ცხოვრების ფინალი მაინც ყოფილიყო ისეთი, როგორსაც მე ავირჩევდი და არა ისეთი, როგორიც სხვებმა დამიგეგმეს.
დღეს ზუსტად ვიცი: ჩემი ტკივილი ტყუილად არ ყოფილა, თუკი ის დამეხმარა ისეთი სამყაროს შექმნაში, სადაც ჩემს ქალიშვილებს ვერავინ და ვერასდროს მოექცევა ისე, როგორც მე მომექცნენ. მე გავძლიერდი მათთვის და მათთან ერთად – ჩემი გადარჩენა კი მათი თავისუფლების ფუნდამენტი გახდა.
სწორედ განქორწინების შემდეგ დაიწყო ჩემი წარმატებული კარიერა.
ისტორიაში ნათლად ჩანს, რომ განათლება მიგაჩნდათ გადარჩენის გზად…
განქორწინების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი მთავარი იარაღი განათლება უნდა ყოფილიყო. განათლება ერთადერთი რამაა, რასაც ვერავინ და ვერასდროს წაგართმევს. სამყაროში, სადაც ჩემი ნება და არჩევანი სხვებმა მიითვისეს, გონება აღმოჩნდა ის ერთადერთი ტერიტორია, რომლის დაბრუნებაც და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევა შემეძლო. მივხვდი, რომ ცოდნა გაძლევს არჩევანის საშუალებას, ხოლო არჩევანი – ეს არის თავისუფლება. ჩემთვის სწავლა იყო გზა მსხვერპლის მდგომარეობიდან დამოუკიდებელ და თავისუფალ პიროვნებამდე.

რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად?
ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემი შვილებია – ისინი ზუსტად ისეთი ღირსეული ადამიანები არიან, როგორებზეც ვოცნებობდი. ჩემს თინათინს სამედიცინო განათლება აქვს, „Forbes Under 30“-ის გამარჯვებულია მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით. წარმატებული საერთაშორისო კლინიკური კვლევების ორგანიზაციის (Medpace Inc) უფროსი სპეციალისტია. ჩემი ლანაც ექიმია და ამჟამად გერმანიაში რეზიდენტურას გადის. საოცრად ჰუმანური და ამავდროულად ძლიერი ქალები არიან. მე ვამაყობ მათით და ვამაყობ საკუთარი თავით, რომ შევძელი მათი ასეთი პიროვნული ფასეულობებით სავსე ადამიანებად აღზრდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების მთავარი დანიშნულება, როგორც ქალის და როგორც დედის.
სწორედ ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი გამარჯვება: ჩემი ტკივილი ჩემი შვილებისთვის წარმატებისა და თავისუფლების საძირკვლად იქცა. დღეს, როცა მათ ვუყურებ, ვიცი, რომ ჩემი ბრძოლა ამად ღირდა და ჩემი თავისუფლება მათ ცხოვრებაში გრძელდება.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ნინი ბაკაშვილი












