ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ისტორია ნანული გუგუნავას გარეშე წარმოუდგენელია. ქალი, რომელიც მწერლის გვერდით სიცოცხლის ბოლომდე იდგა – მაშინ, როცა ნოდარი ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ღარიბი სტუდენტი იყო და მაშინაც, როცა მისი სახელი უკვე მთელმა საქართველომ იცოდა.
„მე და ნოდარს ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. ნოდარი დღესაც ისევე მიყვარს, როგორც შეყვარებულობის დროს. ბევრჯერ მითქვამს და არც დამიმალავს, რომ შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა. ეს დღემდე ვერ ამიხსნია. სიყვარული, რომელიც ნოდართან მაკავშირებდა, სულ სხვა იყო.“

ნოდარ დუმბაძე და ნანული გუგუნავა
ერთმანეთს უნივერსიტეტში შეხვდნენ. ნანული ისტორიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ნოდარი კი მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტუდენტი იყო და ლიტერატურულ საღამოებში მონაწილეობდა.
ერთ დღეს ნოდარ დუმბაძემ უნივერსიტეტში პატარა ტანის, კოხტა გოგონა შეამჩნია, რომელიც მანამდე არასდროს უნახავს. მეგობრებს მისკენ გაახედა და იკითხა, „ვინ არის ეს მინიატურული გოგოო“. კითხვა ცოტა ხმამაღლა გამოუვიდა და გოგონამ უკან მოიხედა. მის წინ შავგვრემანი ბიჭი იდგა:
„ნოდარი პირველად ვნახე უნივერსიტეტში. თავიდან უბრალოდ მომეწონა, აი, მისი სახეც კი დამამახსოვრდა.
„თავიდან მას ერთი ჩემი მეგობარი მოსწონდა. იმ გოგოს ოჯახი სასიძოდ მდიდარ კაცს ეძებდა. ნოდარს კი, რომელიც დაკერებული შარვლით დადიოდა, მათი ოჯახი სიძედ არ ინდომებდა, სწორედ ამიტომ მათ შორის არაფერი მოხდა. მე და ნოდარი კი მეგობრები გავხდით. მალევე ეს მეგობრობა გაუთავებელ სიყვარულში გადაიზარდა. და-ახლოებით 7 თვის მერე ხელი მოვაწერეთ.
ხელისმოწერამდე, ზაფხულში, სოხუმში დავისვენეთ. ერთ დღესაც მეგობრები, ჩვეულებრივ, პლაჟზე ვიყავით, მე და ნოდარი მარტო დავრჩით. ის იწვა, მე გვერდით ვეჯექი და საუბარში უბრალოდ ასეთი სიტყვები ვუთხარი:
– იცი, როგორ ძალიან მიყვარხარ?
– მე რა ვიცი, როგორ გიყვარვარ…
– სულელო, ისე მიყვარხარ, როგორც სხვა ამხანაგები.
– ჰოოო… აბა, მე სხვანაირად მიყვარხარ, – მიპასუხა ნოდარმა და ამით შეწყდა ჩვენი საუბარი.“
ასე, ყოველგვარი წინასწარ დაგეგმილი აღიარების გარეშე, ერთმანეთის სიყვარულში გამოუტყდნენ და 1950 წლის 14 ოქტომბერს დაქორწინდნენ. ნანული 21 წლის იყო, ნოდარი – 22-ის.

„მშობლებმა ჩვენი შეუღლება ხელისმოწერის შემდეგ გაიგეს. ამის გამო მამაჩემი ერთი თვე არ მელაპარაკებოდა, მერე შემირიგდა და დიდი ქორწილიც გადაგვიხადა. იმ პერიოდში ქორწილებს ნაკლებად იხდიდნენ, არც თეთრი კაბის ჩაცმა იყო აუცილებელი. იმ დროს უკვე ფეხმძიმედ ვიყავი. როცა ვიქორწინეთ, მე 21 წლის ვიყავი, ნოდარი – 22-ის. ჩვენ შორის 11 თვე იყო ასაკობრივი განსხვავება“ – იხსენებდა ქალბატონი ნანული მოგვიანებით.
ქორწინებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ნოდარი ექვსი თვით დააპატიმრეს. ეს ნანულისთვის პირველი დიდი გამოცდა აღმოჩნდა – ყოველდღე მიდიოდა ციხეში, მიჰქონდა საჭმელი და ცდილობდა, ქმრისთვის მძიმე პერიოდი შეემსუბუქებია.
„მე და ნოდარმა მძიმე ცხოვრება გამოვიარეთ. პირველი განსაცდელი მისი დაპატიმრება იყო. მაშინ ახალი შეუღლებულები ვიყავით, ჩვენი შვილი მანანა კი მხოლოდ 2 წლის იყო. 6 თვე გაატარა პატიმრობაში და ის 6 თვე ჩემთვის საუკუნედ იქცა.
ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღე დავდიოდი ციხეში. მაშინ 23 წლის გოგო ვიყავი, ციხის თანამშრომლებს ალბათ ვეცოდებოდი და ჩემ მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი. ნოდარი ხომ ყველას უყვარდა. იცოდნენ, რომ ის უდანაშაულოდ იყო დაჭერილი. პატიმართან 6 კილოზე მეტი საჭმლის შეტანა არ შეიძლებოდა. ციხის თანამშრომელი ქალბატონი კი, ვინც ამ საკვებს იბარებდა, გაცილებით მეტი წონის საკვების შეგზავნის ნებას მრთავდა.“
წყვილს სამი შვილი შეეძინა – მანანა, ზაზა და ქეთევანი.

ოჯახში უდიდესი ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როდესაც მათი პატარა ვაჟი, ზაზა, ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა.
შვილის დაკარგვა მშობლებისთვის წარმოუდგენელი ტკივილი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე იყო ეს ნოდარისთვის, თუმცა მწერალი ამ ტკივილზე ბევრს არ ლაპარაკობდა.
„ნოდარი გიჟი მამა იყო. არ მახსოვს, მანანა ისე დამებანოს, რომ ის ამ პროცედურას არ დასწრებოდა. ზაზას კი სულ თვითონ აბანავებდა. სადაც უნდა ყოფილიყო, ყოველ საღამოს, 9 საათზე, სახლში მოდიოდა, რომ ზაზა დაებანა. ქეთინოსთვის კი ხელი არ უხლია, თუმცა 9 საათზე მაინც მოდიოდა და უყურებდა, როგორ ვაბანავებდი.
ჩვენი ვაჟიშვილი ოთხწლინახევრის იყო, როცა გარდაიცვალა, წითელათი დაგვეღუპა… ყოველდღე მის საფლავზე დავდიოდით, ქეთინოს კი ჩემს ბიძაშვილს ვუტოვებდი. ნოდარი სასაფლაოზე ჩვენთან ერთად არასდროს მოდიოდა, ის ყოველთვის მარტო ადიოდა, ღამით და ზოგჯერ გათენებამდე იქ რჩებოდა. ცხოვრებაში ბევრი ცუდი ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ საბოლოოდ გული მაინც ზაზას გარდაცვალებამ დაუავადმყოფა“ – ამბობდა ქალბატონი ნანული ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
ნოდარ დუმბაძის ჯანმრთელობა წლების განმავლობაში სულ უფრო რთულდებოდა. პირველი ინფარქტი 41 წლის ასაკში გადაიტანა და ამის შემდეგ კიდევ 14 წელი იცოცხლა. ამ პერიოდის განმავლობაში მეუღლე მის გვერდით იყო – ღამითაც კი არ შორდებოდა. როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ეშინოდა, ნოდარს ძილში გულის შეტევა არ დამართნოდა და ამიტომ ხშირად მთელი ღამე მისი ხელი ეჭირა.
1984 წლის 14 სექტემბერს ნოდარ დუმბაძე 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალებამდე მეუღლისთვის უთქვამს, რომ მისი წასვლის შემდეგ სახლში მარტო არ დარჩენილიყო და შვილებთან გადასულიყო. ნანულიმ ეს ერთადერთი თხოვნა ვერ შეასრულა.
სახლი ვერ დატოვა.
“ყველაფერი შევუსრულე ნოდარს ამ ერთის გარდა. არ შემიძლია ის სახლი დავტოვო, სადაც ერთად ვცხოვრობდით, სიხარულიც ერთად გაგვიზიარებია და ცრემლიც მრავლად დაგვდენია. ასე მგონია, ნოდარი ისევ აქაა. ყოველდღე ჩამოვუვლი ხოლმე მის ფოტოებს და დიდხანს, დიდხანს ველაპარაკები…”
ბევრს ჰგონია, რომ ნოდარ დუმბაძეს მეუღლისთვის ცალკე ნაწარმოები არ მიუძღვნია, თუმცა ნანულის სახე მის შემოქმედებაში მაინც დარჩა. ამბობენ, რომ მისი არაერთი პერსონაჟის უკან სწორედ მეუღლე იდგა. სიცოცხლის ბოლო დღეებში, როცა ნანულიმ უსაყვედურა, ჩემთვის არაფერი დაგიწერიაო, მწერალს მისთვის პირდაპირ უთქვამს: „რა სულელი ხარ, ნანული, ხატია შენ არ ხარო?“
2026 წლის 22 სექტემბერს ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქმრის სიკვდილის შემდეგ 42 წელი იცხოვრა და როგორც ტავად ამბობდა, სიყვარული წამიტაც არ განელებულა:
„მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა. ერთი სული მაქვს, როდის წავალ მასთან. არ მეშინია და ვფიქრობ, რომ ვნახავ, აუცილებლად”.
ასევე დაგაინტერესებთ:











