ქართველი მოდელი ანი სტეფანიშვილი მალაიზიაში გამართული საერთაშორისო სილამაზის კონკურისის Miss Asia Global Malaysia 2026 – ის გამარჯვებულია.
ფინალი 24 ოქტომბერს, ქალაქ პენანგში, Harris Hotel and Conventions-ში გაიმართა. კონკურსში 37 ქვეყნისა და რეგიონის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გამარჯვებული კი ხუთ ფინალისტს შორის გამოვლინდა.



ანი სტეფანიშვილი 18 წლის მოდელი და პროფესიონალი მოცეკვავეა. გამარჯვების შემდეგ მან სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა:
„მე ეს შევძელი! მე გავიმარჯვე! დღეს ჩემი გული სავსეა სიხარულით, სიამაყითა და უსაზღვრო მადლიერებით! კიდევ ერთხელ წარვადგინე ჩემი ხუთჯვრიანი საქართველო მსოფლიოს წინაშე და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა: მე ვარ Miss Asia Global 2026! თითოეული ნაბიჯი, თითოეული სირთულე და ცრემლი დღეს ამ ბედნიერებად იქცა.

ეს გამარჯვება ჩემთვის გაცილებით მეტია, ვიდრე გვირგვინი ან ტიტული…ეს არის ჩემი ქვეყნის, ჩემი ოჯახის, ჩემი გუნდისა და ყველა იმ ადამიანის გამარჯვება, ვისაც ჩემი სჯეროდა” – წერს მოდელი.
კონკურსში მეორე ადგილი უზბეკეთის მონაწილემ, შოკიდა რასულოვამ დაიკავა, მესამე – ტაილანდის, ხოლო მეოთხე – მექსიკის წარმომადგენელმა.


Miss Asia Global საერთაშორისო სილამაზის კონკურსია, რომლის მიზანი სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენელი ქალების გაერთიანება, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა და ქალთა შესაძლებლობების მხარდაჭერაა. კონკურსი მხოლოდ გარეგნობაზე არ არის ორიენტირებული – მონაწილეები საკუთარ კულტურას, ნიჭსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებსაც წარმოაჩენენ.










