ავსტრალიელი სუპერმოდელი მირანდა კერი Victoria’s Secret-ის 2026 წლის მოდების ჩვენებაზე დაბრუნებას სერიოზულად განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ შეთავაზებაზე უარი თქვა. 43 წლის მოდელმა გადაწყვეტილების მიზეზებზე პოდკასტ Not Skinny But Not Fat-ში ისაუბრა და განმარტა, რომ თეთრეულში პოდიუმზე გამოსვლა გარკვეულ შფოთვას უქმნის.

„ამაზე ნამდვილად სერიოზულად ვფიქრობდი… ყველას საცვალი აცვია. 43 წლის ვარ. ოთხი ბიჭი მყავს. მუცელში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც მეკვანძებოდა – რამდენადაც არ უნდა მეცადა მედიტაციით ამ განცდის შემსუბუქება, მაინც არ ქრებოდა. ამ შეგრძნების მოსაშორებლად საკუთარ თავს ვუთხარი: „შოუში არ მიიღებ მონაწილეობას“ – გაიხსენა მოდელმა.

კერის თქმით, როგორც კი პოდიუმზე გამოსვლაზე უარი განაცხადა, შინაგანი დაძაბულობა გაუქრა და მიხვდა, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდის წევრები დაბრუნებას ურჩევდნენ, მოდელმა საკუთარ შეგრძნებებს დაუჯერა.
„ეს მაშინ იყო, ახლა კი სხვა დროა და ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპზე ვარ. ძალიან მიყვარს ყველა ის ლამაზი მოგონება და ფოტო“, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ Victoria’s Secret-ისგან მიღებული შეთავაზება მისთვის დიდი პატივი იყო.

„დიდ პატივად მიმაჩნია, რომ 43 წლის ოთხი შვილის დედას დაბრუნება შემომთავაზეს. მადლიერებით ვიღებ იმას, რომ მათ ჩემი კვლავ ხილვა სურდათ“, -განაცხადა მოდელმა.

შეგახსენებთ, რომ მირანდა კერი Victoria’s Secret-ის მოდების ჩვენებაზე პირველად 2006 წელს გამოჩნდა და ბრენდის შოუში ჯამში ექვსჯერ მიიღო მონაწილეობა. მისი ბოლო გამოსვლა 2012 წელს შედგა. 2011 წელს მოდელმა ცნობილი Fantasy Treasure Bra-ც მოირგო, რომლის ღირებულება 2.5 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! მირანდა კერი ბერძნული Harper’s Bazaar-ის ნოემბრის ნომრის გარეკანზე












