ქართველი მსახიობი კახა კინწურაშვილი საერთაშორისო კინოპროექტში მიიღებს მონაწილეობას – იგი უნგრელი რეჟისორის, კორნელ მუნდრუცოს ახალ ისტორიულ დრამაში, The Revolution According to Kamo, ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს. ფილმის გადაღებებში სხვა ქართველი მსახიობებიც მონაწილეობენ, გადაღებების დიდი ნაწილი კი საქართველოში, მათ შორის თბილისში, მიმდინარეობს.

სიუჟეტი მე-20 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიის დაშლისა და რევოლუციური მოძრაობის ფონზე ვითარდება. ისტორიის ცენტრში ორი მეგობარია – სიმონ ტერ-პეტროსიანი, მეტსახელად კამო, და იოსებ ჯუღაშვილი.
ნამუშევარი მათი ბავშვობიდან იწყება და რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. სიუჟეტი გვიჩვენებს, როგორ ერთვებიან მეგობრები რევოლუციურ საქმიანობაში, როგორ იცვლება მათი ურთიერთობა და როგორ იქცევა კამო სტალინის თანამებრძოლად. ფილმის ამბავი ძირითადად კამოს პერსპექტივიდან არის მოთხრობილი. ისტორიული მოვლენების ფონზე მაყურებელი ძალაუფლებისთვის ბრძოლას, პოლიტიკურ დაპირისპირებასა და მეგობრობის რთულ მხარეებს გაეცნობა.

ფილმში ნაჩვენები იქნება 1907 წლის თბილისის ბანკის ცნობილი და სისხლიანი ძარცვაც.
რეჟისორის თქმით, ფილმი მხოლოდ ისტორიული დრამა არ იქნება და იგი განგსტერული ეპოსის ელემენტებსაც გააერთიანებს. მუნდრუცოსთვის მთავარი თემა ძალაუფლების მექანიზმი და ის პროცესია, რომლის შედეგადაც ადამიანი პოლიტიკური გავლენის მწვერვალზე ადის. ფილმის მოქმედება 1891-1922 წლებს მოიცავს.
პროექტის სცენარის თავდაპირველი ვერსია პოლონელ რეჟისორ და სცენარისტ პაველ პავლიკოვსკისა და ბენ ჰოპკინსს ეკუთვნით, მოგვიანებით კი ის კატა ვებერმა გადაამუშავა. პავლიკოვსკი კინომოყვარულებისთვის ცნობილია ფილმებით Ida და Cold War – პირველი მათგანი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში „ოსკარი“ მოიპოვა.

კორნელ მუნდრუცო საერთაშორისო კინემატოგრაფში ერთ-ერთი გამორჩეული უნგრელი რეჟისორია. მისი ფილმი Pieces of a Woman, რომელშიც მთავარ როლებს ვანესა კირბი და შაია ლაბაფი ასრულებენ, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს ნომინანტი გახდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! „ძალიან პატარა ვიყავი. ალიაქოთი, ცეცხლი, სისხლი, სიკვდილი“ – კახა კინწურაშვილი!












