სად, რა უნდა მივირთვათ − ეს არის შეკითხვა, რომელიც ხშირად გვაწუხებს. პასუხის გაცემაში კი ყველაზე კარგად კვების კრიტიკოსები დაგვეხმარებიან. სამწუხაროდ, საქართველოში ეს პროფესია ჯერ კიდევ არ არის პოპულარული, რასაც ვერ ვიტყოდით საზღვარგარეთის ქვეყნებზე. ერთად გავეცნოთ, თუ რატომ არის აუცილებელი ამ პროფესიის არსებობა და ვინ არიან კვების ცნობილი კრიტიკოსები.
კვების კრიტიკოსის განმარტება:
კვების კრიტიკოსი არის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა რესტორანსა და კაფეში აგემოვნებს განსხვავებულ კერძებს. ის აკვირდება და აფასებს ისეთ დეტალებს, როგორიცაა: საკვების ხარისხი, სერვირება, რესტორნის მომსახურება და ატმოსფერო. შემდეგ კი წერილობით თუ ვიდეომიმოხილვით გვიზიარებს შეფასებებს. კვების კრიტიკოსმა უნდა მიაწოდოს საზოგადოებას გააზრებული, კარგად ინფორმირებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია, რათა ადამიანებმა შეძლონ გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ სად დახარჯონ ფული.
კვების კრიტიკოსები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სარესტორნო ბიზნესში. როცა მათი ახალი მიმოხილვა გამოდის, თუ რესტორანი ყველაფერს სწორად აკეთებს, არც არაფერია სანერვიულო. კარგ მიმოხილვას შეუძლია დაეხმაროს რესტორანს მისი ცნობადობის გაზრდაში, ცუდ მიმოხილვას კი, შეუძლია დააზარალოს რესტორანი. სწორედ ამიტომ, კვების კრიტიკოსის არსებობა აუცილებელია, რათა მაღალი ხარისხი იყოს შენარჩუნებული.
უნარები, რომელიც სჭირდება კვების კრიტიკოსს:
- შემოქმედებითი წერისა და კომუნიკაციის უნარი. თქვენი მიმოხილვის დამაჯერებელ ისტორიად გარდაქმნის შესაძლებლობა დაგეხმარებათ მკითხველის ყურადღების მიპყრობაში.
- კარგად უნდა იცნობდეს კერძებს. როგორც წესი, მან იცის, თუ რომელი არომატები და ტექსტურები ავსებს ერთმანეთს, მაგრამ ასევე უნდა ჰქონდეს ახალი გემოების მიმღებლობა.
- ობიექტურობა: კვების კრიტიკოსი უნდა იყოს გულწრფელი, არ უნდა დაუშვას, რომ სხვა პირადმა საკითხებმა გავლენა მოახდინოს მის მიმოხილვებზე. კვების ყველაზე სერიოზული კრიტიკოსები ეწვევიან რესტორანს მინიმუმ სამჯერ, სანამ მიმოხილვას დაწერენ.
- ანონიმურობა: წარმატებულმა კვების კრიტიკოსებმა იციან, როგორ უნდა იყვნენ ფრთხილად და არ მიიპყრონ ყურადღება რესტორანში სტუმრობისას.
ვინ არიან კვების ცნობილი კრიტიკოსები:
ჯეი რეინერი − მას ერთხელ უწოდეს „მსოფლიოში ყველაზე საშიში რესტორნების კრიტიკოსი“. ის ხშირად გამოდის სატელევიზიო კულინარიულ გადაცემებში, მაგალითად, MasterChef-სა და The One Show-ში. Observer-ის მიმომხილველი ცნობილია ხისტი და პირდაპირი კომენტარებით, მისი შეფასება სამართლიანი და ძალიან მკაცრია.
„როდესაც შემომთავაზეს სამუშაო რესტორნის კრიტიკოსად Observer-ისთვის, საჯაროდ გამიხარდა და პირადად მრცხვენოდა. ბუნებრივია, აღფრთოვანებული ვიყავი იმის პერსპექტივით, რომ გადამიხდიდნენ იმას, რასაც ყოველთვის ჩემი ფულით ვაკეთებდი: რესტორნიდან რესტორანში ხეტიალი, იმის გადაწყვეტა, ღირდა თუ არა ვინმეს დრო და ფული. შემდეგ გავხდი BBC One-ის The One Show-ს რეპორტიორი, რომლისთვისაც გავაკეთე 150-ზე მეტი მოკლე რეპორტაჟი. მე მიყვარდა ისინი, რომლებმაც ზუსტად გვაჩვენეს, საიდან მოდის ჩვენი საკვები“, − იხსენებს რეინერი.
2017 წელს მისი მიმოხილვა ერთ-ერთ პარიზულ რესტორანზე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მისმა კრიტიკამ ფრანგი შეფების განრისხება გამოიწვია. სტატიაში რეინერმა აღწერა კანაპე, როგორც „ბარბის ზომის სილიკონის მკერდის იმპლანტი“. მან მიმოხილვა დაასრულა იმით, რომ „მიშლენის“ ვარსკვლავის მფლობელმა რესტორანმა დაუტოვა ბნელი და შემაშფოთებელი მოგონებები.
„მე ვწერ კერძებზე, რომლებსაც პროფესიული სამზარეულოები კარგად ამზადებენ, ან საშინლად ცუდად. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საკვები და კვება უფრო მეტია, ვიდრე სხეულის ფუნქცია. ეს არის სოციალური დინამიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც გვაქცევს ისეთებად, როგორებიც ვართ. ეს არის ერთ-ერთი ლამაზი რამ, რაც ადამიანის სახეს გვაძლევს. მივხვდი, რომ შეკითხვა, რას მივირთმევთ, მხოლოდ გემოვნებას არ ეხება. ეს ეხება მეხსიერებას და ემოციებს, სასიყვარულო ურთიერთობებს, სექსს, და ორივეს ერთად. ეს ეხება ოჯახსა და განათლებას; გარემოსა და სოფლის მეურნეობას“, − ამბობს ჯეი რეინერი.
ფრენკ ბრუნი − ამერიკელი ჟურნალისტი. გახლდათ The New York Times-ის დიდი ხნის თანამშრომელი. იყო რესტორნის მთავარი კრიტიკოსი 2004 წლიდან 2009 წლამდე. ის ამჟამად CNN-ის თანამშრომელია.
კეტრინ ლი − კულინარიული წიგნის ამერიკელი ავტორი, კვების ტელევიზიის კრიტიკოსი და მწერალი.
ენდრიუ ზიმერნი − კულინარიის ამერიკელი სპეციალისტი, მზარეული, რესტორატორი, ტელეწამყვანი, რადიოწამყვანი, კვების კრიტიკოსი და მწერალი. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, ცნობილ შეფმზარეულად მიიჩნევა. ზიმერნი ცნობილია სატელევიზიო შოუთი Bizarre Foods with Andrew Zimmern, Bizarre Foods America და სხვ.
ენდი ჰეილერი − თუ გსურთ მდიდრულ რესტორნებზე მეტ ინფორმაციას გაეცნოთ, მაშინ ეს კრიტიკოსი დაგაინტერესებთ. ჰეილერი ცნობილია იმით, რომ „მიშლენის“ ვარსკვლავის მქონე რესტორნებში მიირთმევს. მან Elite Traveler Magazine-სთვის დააჯგუფა რესტორნები მდებარეობის მიხედვით და შექმნა შესანიშნავი სახელმძღვანელო საზღვარგარეთ მდებარე რესტორნებისთვის. ჰეილერი არის სამი წიგნის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის წიგნისა „1001 რესტორანი, რომელსაც უნდა ეწვიოთ სიკვდილამდე“.
გეილ სიმონსი − კულინარიის კანადელი სპეციალისტი და კულინარიული წიგნების ავტორი. 2016 წლიდან ის იყო კულინარიული მსაჯი შოუში Top Chef. Top Chef Duels-ის მთავარი კრიტიკოსი და Top Chef: Just Desserts-ის წამყვანი. მისი პუბლიკაციები იბეჭდება ისეთ გამოცემებში, როგორიცაა New York Magazine, Travel + Leisure, GQ, People, Los Angeles Times და სხვ.
რჩევები, თუ როგორ გავხდეთ კვების კრიტიკოსი
თუ თქვენ ხართ პროფესიით ჟურნალისტი ან უბრალოდ შეგიძლიათ კარგად წერა, ან თუ გაქვთ კულინარიული განათლება, უფრო მეტი შანსი გაქვთ გახდეთ კვების კრიტიკოსი. ასევე, შეგიძლიათ ისწავლოთ ან უბრალოდ ეწვიოთ კულინარიული ხელოვნების სკოლას, რათა გააფართოოთ თქვენი ცოდნა საკვებისა და მათი მომზადების შესახებ.
მოიძიეთ მეტი ინფორმაცია, გაეცანით კულინარიულ ტერმინებს და რესტორნების პრაქტიკას, ისევე, როგორც ზოგადად, რესტორნების ინდუსტრიას. თავისუფალ დროს სცადეთ სხვადასხვა ინგრედიენტი, რათა გააფართოოთ თქვენი პალიტრა და გახდეთ უფრო მცოდნე. თავიდან შესაძლოა, სცადოთ გახდეთ რესტორნის თავისუფალი მიმომხილველი სხვადასხვა ციფრული პუბლიკაციისთვის.