• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! წარმატებას თავად შენ ქმნი

April 11, 2026
საკითხავი დრო: 3 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

წარმატება ყოველდღიური შრომით, საკუთარი თავის რწმენითა და გამბედაობით მიიღწევა. წარმატება არ არის მხოლოდ მიღწეული შედეგი, ის არის პროცესი, რომელიც გვზრდის, გვაძლიერებს და გვასწავლის, როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი იმ გზაზე, რომელსაც თავად ვირჩევთ. ამ გზაზე შეცდომები და დაბრკოლებები თითქმის გარდაუვალია, თუმცა დაბრკოლება აქციო წარმატების საწყისად, ეს უდიდეს ენერგიასა და დისციპლინას მოითხოვს. დღეს გაგაცნობთ ქალებს, რომლებიც ამ დაბრკოლებებს არ შეუშინდნენ, არ დანებდნენ და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრეს სხვადასხვა სფეროში.

 

მონიკა როსტობაია – დიზაინერი და MON.EX_OFFICIAL-ის დამფუძნებელი.

ბავშვობიდან ვოცნებობდი მაღალი მოდის სამყაროში მოხვედრაზე. 13 წლის ასაკში მოვხვდი ერთ საოცარ გამოფენაზე, სადაც უამრავი ესკიზი დავინახე, სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ სფეროთი და დავიწყე ასობით ესკიზის გაკეთება. ღამეებს ვათენებდი და დილით დედ-მამა გაოცებული მხვდებოდა, ამდენ ესკიზს რომ ნახულობდნენ. შემდეგ დედამ მასწავლა კერვა და მეხმარებოდა ჩემი ჩანაფიქრების ასრულებაში. ზოგადად ოჯახი სულ მხარში მედგა, მახსოვს მამა მაშინ Fashion TV-ის ჩანაწერებს მიკეთებდა, რომ სკოლის მერე მქონოდა საშუალება, მენახა დიზაინერების ახალი კოლექციები.

ჯაფარიძის სამხატვრო კოლეჯისა და ა. შერვაშიძის მოდის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში უმაღლესი ქულით. მოდის დიზაინის ბაკალავრის დასრულების შემდეგ გადავედი გერმანიაში საცხოვრებლად. ამ გზაზე ბევრი გამოწვევა იყო, თუმცა შრომა მიფასდებოდა. თან ვსწავლობდი და თან ვმუშაობდი, თავისუფალ დროს კი (რომელიც ძალიან ცოტა მქონდა) ვცდილობდი პატარა კოლექციები მეკეთებინა, ეს ყველაფერი გათენებული ღამეების ფასად მიჯდებოდა და ნემსითა და ძაფით ხელში ხშირად ჩამძინებია. ამ ყველაფრის პარალელურად ვსწავლობდი ქ. შტუტგარტის თავისუფალი უნივერსიტეტის ხელთსაქმიანობის ფაკულტეტზე. სწავლის დროს მივიღე საკმაოდ კარგი შემოთავაზება მოდის სტილისტის პოზიციაზე უმსხვილეს კომპანია Breuningen-ში. სრულ განაკვეთზე მუშაობას ითხოვდნენ, რის გამოც სწავლის შეჩერებამ მომიწია. ამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ, რადგან ამ კომპანიაში მუშაობა იყო გარდამტეხი ფაზა, რამაც ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა. ამის შემდეგ დავინტერესდი E-Commerce მიმართულებით, რის დამკვიდრებასაც ვცდილობ ჩემსავე ბრენდში. სწორედ ამ პერიოდში შევქმენი ჩემი ბრენდი. 2017 წელს გავაკეთე კოლექცია, რომლის გამოფენა-გაყიდვაც ბერლინში, მაკოვსკის გალერეაში მოვაწყვე. კოლექცია ქართული ანბანის მიხედვით იყო მოხატული. გამოფენებზე ხშირად უკითხავთ ჩემი ბრენდის წარმოშობა, შემდეგ ინტერესდებიან საქართველოთი, მე კი სიამაყით ვუყვები ყველას საქართველოს შესახებ.

კოვიდის პერიოდში საქართველოში მომიწია ყოფნამ, მომხმარებლის დაინტერესებამ და მოთხოვნის ზრდამ ჩემი ბრენდის მიმართ უფრო დიდი მოტივაცია მომცა. ყველაფერს ვაკეთებდი განვითარებისთვის – კონსტრუირებიდან ბრენდინგამდე სათითაო ეტაპს გავდიოდი. პატარა ნაბიჯებით წინ და წინ მივიწევ. სეზონურად ვქმნი კოლექციებს, ვთანამშრომლობ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ბლოგერებთან, ტელეწამყვანებთან თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებთან. მაქვს სხვადასხვა შემოთავაზება და შეკვეთები სხვადასხვა ქვეყნიდან. აქტიურად ვთანამშრომლობ ბერლინში ტელევიზია Bild-ის თოქშოუების წამყვანების ჩაცმულობაზე, როგორიც არის სელინე ბეჰრინგერი, ალინა ქარა. ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინგლისელ ბლოგერ ესტელ ალიოტთან თანამშრომლობას.

დღეს მოდის ბიზნესი მხოლოდ კრეატიულობაზე არ არის დაფუძნებული, თითქმის 80% არის გაყიდვებზე დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მარკეტინგული სტრატეგია და სწორი განვითარება. იმისათვის, რომ ბრენდი გადარჩეს და გაუძლოს ბაზრის ცვლილებებს, ის უნდა იყოს მორგებული მასის დიდ ნაწილს და ამავდროულად, არ უნდა დაკარგოს თავისი ნიშა, რითიც სხვა ბრენდებისგან გამოირჩევა.

წელს MON.EX_OFFICIAL-ს დაემატა არასტანდარტული საპატარძლო კაბების ხაზი, სადაც იქმნება ექსკლუზიური მოდელები. ასევე მაქვს შემოთავაზება, პარიზში ჩავიტანო კოლექცია, რაზეც ვმუშაობ და მომავალში გაგიმხელთ.

წარმატება მოაქვს მოძრაობას,დისციპლინასა და ნებისყოფას. ბრენდებს და მითუმეტეს სტარტაპებს აქვს რთული პერიოდები, როცა პროცესი ისე არ ვითარდება, როგორც წარმოგიდგენია, ამ დროს გიწევს სრულიად გადაეწყო ბ გეგმაზე, მის არგამართლებაში ც გეგმა და ა.შ. სწორედ ეს დამოკიდებულება მიგიყვანს სტაბილურობასა და წარმატებასთან. პატარა ნაბიჯებით დიდ მიზნამდე.

 

 

 

ანა რაქვიაშვილი. ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ლექტორი და სამი შვილის დედა, რომელიც პარალელურად კერძო ბიზნესსაც ხელმძღვანელობს.

ქალის ცხოვრება ხშირად ერთდროულად ბევრ როლს აერთიანებს: პროფესიონალი, დედა, მენტორი და ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს განვითარებას. ჩემი ცხოვრებაც სწორედ ასეთია – აკადემიური საქმიანობა და ოჯახი ერთმანეთის პარალელურად, ერთმანეთის გაძლიერებით ვითარდება. ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში წლების განმავლობაში ვაგროვებდი გამოცდილებას, რათა ერთ დღეს მეც შემძლებოდა ცოდნის გაზიარება და ახალგაზრდა ადამიანების პროფესიულ გზაზე მხარდაჭერა.

ლექტორობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მომავალ თაობასთან, იმ ადამიანებთან, ვინც ხვალ შექმნის ბიზნესს, ეკონომიკას, საზოგადოებას და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. ამიტომაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან არა მხოლოდ ცოდნის, არამედ მოტივაციისა და ღირებულებების გაზიარებაც.

ქალისთვის აკადემიურ სივრცეში წარმატების მიღწევა ხშირად დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამას ემატება ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი – დედობა. სამი შვილის დედობა უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად პასუხისმგებლობაც, რომელიც ყოველდღიურად მოითხოვს ყურადღებას, სიყვარულსა და დროს. მქონია დღეები, როდესაც დრო თითქოს არ მყოფნიდა – მეცნიერული საქმიანობა, ლექციებისთვის მზადება და ოჯახის საჭიროებები ერთმანეთში იკვეთებოდა. თუმცა სწორედ ამ პროცესში ვისწავლე ყველაზე მნიშვნელოვანი დროის მართვა, მოთმინება და საკუთარი თავის რწმენა. თითოეული სირთულე და გადალახული გამოწვევა საბოლოოდ ქმნის იმ გამოცდილებას, რომელიც ადამიანს აძლიერებს.

დღეს, როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ეს გზა მხოლოდ პროფესიული წარმატებისკენ არ იყო მიმართული, ეს იყო პიროვნული ზრდის გზა, რომელმაც მასწავლა, როგორ შევინარჩუნო ბალანსი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მიამრთულებებს შორის.

წარმატება ერთდღიანი შედეგი არ არის. ის არის მრავალი პატარა ნაბიჯის, დაუღალავი შრომის, შეცდომებისგან სწავლისა და საკუთარი თავის რწმენის შედეგი. ხშირად წარმატებას მხოლოდ შედეგებით ვაფასებთ, თუმცა მის უკან დგას დიდი შრომა, უარი კომფორტზე, დაღლილობა და ძალისხმევა. წარმატება მოდის მაშინ, როდესაც ადამიანი არ ნებდება, მაშინაც კი, როდესაც გზა რთულდება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინაგანი ბალანსი. როდესაც ადამიანი ახერხებს პროფესიულ მიზნებსა და პირად ცხოვრებას შორის ჰარმონიის პოვნას, წარმატება უფრო ღრმა მნიშვნელობას იძენს.

ქალებს ვეტყოდი – ნუ შეგეშინდებათ საკუთარი შესაძლებლობების. ხშირად ქალები საკუთარ შესაძლებლობებზე უფრო მეტად ეჭვობენ, ვიდრე რეალურად საჭიროა. სინამდვილეში კი მათ აქვთ ლიდერობის, შემოქმედების, პასუხისმგებლობის უდიდესი პოტენციალი  და ემპათიის უნარი.

ძალიან მნიშვნელოვანია განათლება, მუდმივი განვითარება და საკუთარი თავის მიმართ სიყვარული. იქნება რთული პერიოდებიც, როდესაც საკუთარ ძალებში ეჭვს შეიტანთ, მაგრამ სწორედ ამ მომენტებში იბადება სიძლიერე.

გახსოვდეთ კარიერა და ოჯახი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დიახ, ეს მოითხოვს მეტ ენერგიას, მეტ ორგანიზებას და მოთმინებას, მაგრამ შესაძლებელია ორივე სფეროში სრულფასოვანი ყოფნა.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის – არ დაკარგოთ საკუთარი თავი. შეინარჩუნეთ თქვენი ღირებულებები, ოცნებები და მიზნები. ძლიერი ქალი არ არის მხოლოდ ის, ვინც წარმატებულია, ძლიერი ქალი არის ის, ვინც საკუთარ გზას თავად ქმნის. დაბოლოს, ყველაზე მეტად მაძლიერებს ადამიანების, პროფესიის და ოჯახის სიყვარული.

 

 

სოფიო ბერძენიშვილი – ადვოკატი: 2008 წელს გავხდი ადვოკატთა ასოციაციის წევრი, 18 წელია ვეწევი საადვოკატო საქმიანობას, დღეს უკვე მაქვს ჩემი საადვოკატო ბიურო. ეს სფერო და პროფესია ყოველთვის მაინტერესებდა და ვინც მე მიცნობს, ხშირად ამბობს, რომ ზუსტად ჩემს ხასიათს შეეფერება ჩემი პროფესია, რადგან ის პირდაპირ უკავშირდება სამართლიანობის დაცვას და ადამიანებისთვის რეალური დახმარების გაწევას.

კარიერის დასაწყისი, როგორც ნებისმიერ სფეროში, გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, საჭირო იყო გამოცდილების დაგროვება, მუდმივი სწავლა და პროფესიული განვითარება და ამავადროულად, უამრავი საქმის კეთება, დროთა განმავლობაში შრომამ, პასუხისმგებლობამ და საქმისადმი ერთგულებამ თავისი შედეგი გამოიღო და დღეს უკვე მაქვს შესაძლებლობა, ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით დავეხმარო ადამიანებს, რომელთა მადლიერებაც ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა.

ჩემი აზრით, წარმატებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: პროფესიონალიზმი, მუდმივი თვითგანვითარება, შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა. ადვოკატის პროფესია განსაკუთრებით დიდ ეთიკასა და სიზუსტეს მოითხოვს. როდესაც ადამიანი საკუთარ საქმეს გულწრფელად და კეთილსინდისიერად აკეთებს, ეს აუცილებლად აისახება შედეგებზეც. გარდა ამისა, ადვოკატის საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კანონის ცოდნა, არამედ ადამიანების მიმართ სწორი დამოკიდებულება. ადვოკატთან მოსული „კლიენტი“ ყოველთვის გრძნობს მისადმი დამოკიდებულებას, რაც შემდგომ უბიძგებს მას, დარჩეს შენთან თუ განაგრძოს ძიება უფლებადამცველის. სწორედ ამიტომ წარმატებისთვის ცოდნასთან ერთად აუცილებელია ნდობა.

ქალებს ვეტყოდი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და არ შეუშინდნენ სირთულეებს. კარიერის დასაწყისში გამოწვევები ყოველთვის არსებობს, თუმცა შრომა, ცოდნა და მიზანდასახულობა საბოლოოდ აუცილებლად მოიტანს შედეგს. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა მუდმივად იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე და თამამად დაიკავონ საკუთარი ადგილი პროფესიულ სივრცეში. ასევე ვფიქრობ, რომ ქალებს აქვთ განსაკუთრებული უნარი, იყვნენ როგორც ძლიერი პროფესიონალები, ასევე კარგი მეოჯახეები, ჩვენ ორივე ერთად ძალიან კარგად გამოგვდის, თუ მოვინდომეთ.

 

 

მარიამ მურღულია, ექიმი-კოსმეტოლოგი: სილამაზის სფეროში ორი წელია აქტიურად ვსაქმიანობ, თუმცა ჩემი პროფესიული გზა ბევრად ადრე დაიწყო. ბავშვობიდან ვოცნებობდი სამედიცინო განათლების მიღებაზე, ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებას აუცილებლად კოსმეტოლოგიას დავუკავშირებდი. ამ ოცნებაზე დედამ იქონია გავლენა, რადგან ხშირად დადიოდა კოსმეტოლოგებთან და ზოგჯერ მეც თან მივყვებოდი. ვაკვირდებოდი, როგორ იცვლებოდა მისი კანი, როგორ გარდაიქმნებოდა სახის გამომეტყველება პროცედურების შემდეგ, როგორ ემატებოდა თავდაჯერებულობა და შინაგანი ნათება. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ კოსმეტოლოგია მხოლოდ კანზე ზრუნვა არაა, ეს არის ჯანმრთელობა, თავდაჯერებულობა და ის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც ქალი სარკეში საკუთარ თავს სრულიად სხვაგვარად უყურებს.

დროთა განმავლობაში ეს ბავშვობის ოცნება გააზრებულ გზად იქცა. დავიწყე ესთეტიკური მედიცინის სფეროს უფრო სიღრმისეულად შესწავლა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გავმხდარიყავი ისეთი სპეციალისტი, ვისაც ადამიანები ყველაზე ძვირფასს – საკუთარ სახესა და კანის ჯანმრთელობას ანდობდნენ.

დღეს კოსმეტოლოგია ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის საქმე, რომელიც ნამდვილად მაძლევს შთაგონებას. ყველაზე დიდი ჯილდო კი პაციენტების ბედნიერი თვალების დანახვაა, ასეთ მომენტებში განსაკუთრებით მკაფიოდ ვგრძნობ, რომ სწორი პროფესიული არჩევანი გავაკეთე.

წარმატება საკუთარ მიზანზე მრავალწლიანი მუშაობის შედეგია. ეს არის ჰარმონია პროფესიულ ზრდასა და შინაგან მდგომარეობას შორის. ის მოდის მაშინ, როდესაც შენი ძალისხმევა ემთხვევა შენს ღირებულებებს, როდესაც საქმეში დებ არა მხოლოდ ცოდნასა და უნარებს, არამედ გულს, ზრუნვასა და ყურადღებასაც.

ჩემთვის წარმატება მხოლოდ გარეგანი მაჩვენებლებით: ჯილდოებით, ტიტულებით ან ციფრებით არ იზომება. ნამდვილი წარმატება ხშირად წვრილმანებში ვლინდება: პაციენტის გულწრფელ ღიმილში, მის მადლიერებასა და იმ შეგრძნებაში, რომ შენი შრომა მართლაც ცვლის ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ.

წარმატება არის ცნობიერება და თითოეული მომენტის ღირებულების შეგრძნების უნარი: ამ გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი, ყოველი გამარჯვება და ყოველი სირთულეც კი ყველაფერი დიდი სურათის ნაწილია, რომელიც საბოლოოდ აყალიბებს შენს პროფესიულ და პირად „მე“-ს. და, ალბათ, წარმატების ყველაზე დიდი ნაწილი არის მისი გაზიარების უნარი, სხვების გახარება და იმის დანახვა, თუ როგორ მოაქვს შენს ძალისხმევას სარგებელი და სიხარული ადამიანებისთვის.

ქალებს ვეტყოდი: დაიჯერეთ საკუთარ თავის და დააფასეთ ყოველი ნაბიჯი, თუნდაც პატარა. კარიერის დასაწყისი ის დროა, როდესაც ყალიბდება თქვენი უნარები, სამუშაოს სტილი და გაგება, ვინ გინდათ იყოთ, როგორც პროფესიონალი. სწორედ ამ პერიოდში იდება თქვენი მომავალი წარმატების საფუძველი.

არ შეგეშინდეთ კითხვების დასმის და შეცდომების. მუდმივი განვითარება არის გზა, რომ გახდეთ არა მხოლოდ სპეციალისტი, არამედ ნამდვილი ექსპერტი, რომელსაც ადამიანები რჩევისა და მხარდაჭერისთვის მიმართავენ.

დაბოლოს, გარშემო შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც გამხნევებენ, გაძლიერებენ და გიბიძგებენ, გახდეთ უკეთესი. ძლიერი გარემო ზრდის თქვენს ძალას და გეხმარებათ ყველაზე რთული მომენტების გადალახვაში.

იყავით თამამი, ამბიციური და მოთმინებით სავსე. თქვენი გზა ახლა იწყება და ის აუცილებლად მიგიყვანთ არა მხოლოდ წარმატებამდე, არამედ იმ შედეგამდე, რომ შეძლებთ სიამაყით თქვათ, – თქვენი კვალის დატოვება მოახერხეთ.

 

 

ქეთევან კვაჭანტირაძე, საპატარძლო და საღამოს კაბების დიზაინერი: იურიდიული პროფესიის დაუფლების მიუხედავად, 27 წლის ასაკში გადავწყვიტე ბავშვობის ოცნება რეალობად მექცია და შემესწავლა სამოსის კონსტრუირება, ნახაზების აგება, ჭრა და კერვა. ამ ნაბიჯის მთავარი მოტივაცია იყო ჩემი ახლო გარემოცვისთვის ბედნიერების მინიჭება მათთვის ლამაზი და განსაკუთრებული სამოსის შექმნით.

კმაყოფილი მომხმარებლების ზრდასთან ერთად უფრო მივისწრაფოდი – კიდევ უფრო დამეხვეწა ჩემი საქმე. სწორედ ამ პერიოდში ევროკავშირის ორგანიზაციები აქტიურად უჭერდნენ მხარს დამწყებ მეწარმე ქალებს. ჩვენს ოჯახში მეოთხე შვილის დაბადებასთან ერთად, დაფინანსების მიღების სიხარულიც დაგვემატა, რაც გულისხმობდა სამკერვალო საწარმოს დაარსებასა და აღჭურვას შესაბამისი ტექნიკით იმის სანაცვლოდ, რომ მომეძიებინა სამკერვალო საქმის შესწავლის მსურველი ქალბატონები, მესწავლებინა და დამესაქმებინა. 2021 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ჩემი პატარა გუნდით სხვადასხვა გამოფენასა და ღონისძიებებში, რამაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მოგვიტანა.

როგორც „ბამანეს“ დიზაინერი, განსაკუთრებულ მიღწევად მიმაჩნია ჩვენი ბრენდის ძლიერი მხარეების აღმოჩენა და იმ უნიკალური ნიშის პოვნა, რომელმაც სწრაფად მოგვიტანა აღიარება და მომხმარებლის სიყვარული. დღეს „ბამანე“ უკვე რამდენიმე საერთაშორისო და არაერთ გამორჩეულ ქართულ პროექტში მონაწილეობს. თანდათან დავხვეწეთ მომსახურებები და სერვისები, რამაც განსაკუთრებით უპირობო ნდობა ჩამოაყალიბა პატარძლების მხრიდან. დღეს ფალიაშვილის 13 ნომერში სიამაყით ველოდებით მათ, მეჯვარეებსა და ყველა იმ ქალს, ვისაც სურს არა მხოლოდ სასურველი კაბის შეკერვა, არამედ დიზაინერთან კომუნიკაცია და სამკერვალო პროცესში უშუალო ჩართულობა.

„ბამანე“ დაფუძნებულია სილამაზის სამსახურში ყოფნის კონცეფციაზე და თამამად ვამბობ, რომ ყველა ქალი ლამაზია, საჭიროა მხოლოდ სათანადო გამოხატულების პოვნა. „ბამანეს“ კაბები სწორედ ქალის სიძლიერის, შარმის, ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის ხაზგასმას ემსახურება და ეს პრინციპი უცვლელია დღემდე.

წარმატება ათწლეულების შრომის შედეგი მეგონა, თუმცა ტექნოლოგიურმა პროგრესმა ეს დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. მიუხედავად ამისა, ერთი რამ უცვლელია – წარმატების საფუძველი საქმის უპირობო სიყვარულია. თუმცა, განვითარების მაღალ საფეხურზე ასასვლელად სიყვარული არ კმარა, უნდა იმოქმედო, განვითარდე, გაუძლო კონკურენციას, შეიძინო ახალი ცოდნა და იპოვო სანდო ადამიანები.

ამ ეტაპიდან ნათლად ჩანს, რომ წარმატება ცოცხალი პროცესია, ის შენთან ერთად იზრდება, ვითარდება და მუდმივად მოითხოვს მეტ რესურსსა და ახალ საფეხურებზე გადასვლას. ამიტომ ვფიქრობ, წარმატებას აქვს თავისი ეტაპები და თითოეულ ეტაპზე ის განსხვავებულად გამოიყურება. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სად ხარ და რას ხედავ ამ მომენტში. მთავარია, ყველა ნაბიჯი სიყვარულით გადადგა და ყურადღება მხოლოდ პოზიტიურზე გაამახვილო.

თანამედროვე ქალისთვის მრავალფუნქციურობა უკვე ბუნებრივი მდგომარეობაა. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქალი შეძლებს ამ როლების წარმატებით შეთავსებას, თუ ამას გულწრფელად მოინდომებს. მონდომება კი აუცილებლად უნდა გამოიხატებოდეს დისციპლინაში მაშინაც კი, როცა არავინ გაკონტროლებს. დისციპლინა ქმნის მაღალ პროდუქტიულობას, ხოლო პროდუქტიულობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი მაგნიტია.

შესაძლოა, შენს მიზანს სხვები ვერ ხედავდნენ ისე მკაფიოდ, როგორც შენ, და ეს ბუნებრივია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ დანებდე.

დაბოლოს, ადამიანი ბედნიერებისთვისაა შექმნილი. თითოეულ ჩვენგანს თავისი წილი ბედნიერება აქვს ამ სამყაროში. გისურვებთ ამ ბედნიერების პოვნას. ჩვენ კი გელით სრულიად ახალ შოურუმში, ახალი, გამორჩეული კოლექციის გასაცნობად.

 

ნია ხინთიბიძე – „მედიბრიჯ გლობალის“ დამფუძნებელი: ჩემი ისტორია საკმაოდ ბანალურია და ბევრისთვის ნაცნობიც. ადამიანის ცხოვრებაში დაბრკოლებები და ტრავმები ხშირად იქცევა ინსპირაციად და დიდი საქმეების დასაწყისად. ამ მხრივ, ვფიქრობ, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი. ყველაფერი დაიწყო 9 წლის წინ, როცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და სტამბოლის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში მოვხვდი. სწორედ მაშინ გამიჩნდა სურვილი, ამ კლინიკებში სტაჟირება გამევლო. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი ოჯახი ოთხი წლის განმავლობაში აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით თურქეთის კლინიკებთან, ექიმებსა და სხვადასხვა წარმომადგენელთან, მაინც ვერ შევძელით ამ შესაძლებლობის მიღება. ჩემთან ერთად ბევრი მეგობარიც გამოხატავდა სურვილს, შეგვექმნა ჯგუფი და ერთად წავსულიყავით სტაჟირებაზე.

ისტორიის მეორე ეტაპი 2021 წელს იწყება, როცა ეს ძველი, შეუსრულებელი სურვილი რეალურ პროექტად ვაქციე, არა ჩემთვის, არამედ სხვებისთვის. სწორედ ამ პერიოდში გავუშვით 5 სტუდენტისა და 1 ექიმისგან შემდგარი ჯგუფი სტამბოლის Medical Park-ის კლინიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ამ ეტაპზე ჩემ გვერდით იდგნენ და მხარს მიჭერდნენ.

ისტორიის მთავარი ნაწილი კი 2025 წლის იანვრიდან იწყება, როდესაც ოფიციალურად დაფუძნდა Medibridge Global. ეს იყო ენთუზიაზმით, იმედითა და გარკვეული შიშით მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც მოჰყვა დიდი შრომა, სტრესი, წარმატების სიხარული და უამრავი ემოცია.

Medibridge Global შეიქმნა ადამიანებისთვის, ის ეკუთვნის ყველას, ვისაც სურს ამ პლატფორმით სარგებლის მიღება. სწორედ ამას ემსახურება ის სტიპენდიებიც, რომლებსაც ახალგაზრდებს ვთავაზობთ.

ზოგჯერ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი კარიერა, თავის დროზე რომ მიმეღო ის მხარდაჭერა, რომელიც მჭირდებოდა, მაგრამ ვერ მივიღე. ზუსტად ვიცი, ამ გზას ბევრი ახალგაზრდა გადის. ჩემი მიზანი მარტივია, მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ, რომ დაიმკვიდრონ თავი საკუთარ პროფესიაში. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს ვაკეთებთ და ასე გავაგრძელებთ მანამ, სანამ გვეყოფა ძალა და ენთუზიაზმი, ვაკეთოთ ის, რაც გვიყვარს.

ჩემი საყვარელი ფრაზაა: „Do it tired, do it scared, do it anyway“. ახალგაზრდებს ვურჩევ ზუსტად იმას, რასაც წლების განმავლობაში საკუთარ თავს ვეუბნებოდი – არ გაჩერდეთ. ნებისმიერ ემოციურ თუ ფიზიკურ მდგომარეობაში გააგრძელეთ წინსვლა, თუნდაც მცირე ნაბიჯებით.

ნუ შეგეშინდებათ იმ ადამიანების, ვინც შესაძლოა ხელი შეგიშალოთ. გახსოვდეთ, თუ თქვენი საქმიანობა ვინმეში აგრესიას იწვევს, პარალელურად არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც თქვენ მოტივაცია ხართ.

აკეთეთ თქვენი საქმე პატიოსნად, შრომითა და კეთილი გულით – და ღმერთი აუცილებლად გამოგიჩენთ თანამოაზრეებს.

დაბოლოს, ნუ შეგეშინდებათ თავიდან დაწყების. თუ ოდესმე დანებება მოგინდებათ, გახსოვდეთ: Medibridge ჩემი მესამე კომპანიაა. იმდენჯერ წამიგია, იმდენჯერ მიშრომია და არ გამოსულა, რომ ზოგჯერ თავადაც მიკვირს, რატომ არ გავჩერდი.

მიჰყევით თქვენს სურვილებსა და ოცნებებს. აიხდინეთ ისინი თავად, ნუ დაელოდებით სხვას. არავინ მოვა და არ დაიწყებს თქვენი ოცნებების ახდენას. თქვენ თავად ქმნით საკუთარ ცხოვრებას, ბედნიერებასა და წარმატებას. ჩაეჭიდეთ მას და იზრუნეთ მასზე.

 

სალიტა მერკვილაძე, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი, საერთაშორისო ბრენდის „ველვესის“ ბრენდამბასადორი:

ჩემი პროფესიული გზა საკმაოდ დინამიკური და საინტერესო იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ მედიცინა იქნებოდა ის სფერო, სადაც საკუთარ თავს სრულად გამოვავლენდი. დერმატოლოგიის არჩევა კი განპირობებული იყო იმით, რომ ეს არის სფერო, სადაც შეგიძლია ერთდროულად იზრუნო როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე, ისე მის გარეგნობასა და თვითშეფასებაზე.

გზა წარმატებამდე არ ყოფილა მარტივი. ის მოიცავდა უწყვეტ სწავლას, საერთაშორისო ტრენინგებში მონაწილეობას და თანამედროვე მეთოდების მუდმივ დანერგვას.

ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო, პაციენტებისთვის შემეთავაზებინა უსაფრთხო, ეფექტური და ინდივიდუალურად მორგებული სერვისები. საკუთარი კლინიკის შექმნის იდეაც სწორედ ამ ხედვიდან დაიბადა. მინდოდა შემექმნა სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი, ინოვაცია და პაციენტზე ზრუნვა ერთმანეთთან თანხვედრაში იქნებოდა. ადგილი, სადაც თითოეული ადამიანი იგრძნობდა ყურადღებასა და ნდობას.

გარდა ამისა, აქტიურად ვარ ჩართული რეგიონებში ქალთა გაძლიერების მიმართულებით. პერიოდულად, გუნდთან ერთად ვახორციელებ ვიზიტებს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ ექიმებს ვუზიარებთ პროფესიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ჩემი აზრით, წარმატება მიზანდასახულობის, შრომისმოყვარეობისა და მუდმივი განვითარების შედეგია. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის სიყვარული, რადგან ეს გაძლევს მოტივაციას, არ გაჩერდე და მუდმივად ეძებო სიახლეები.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პასუხისმგებლობას, როგორც საკუთარ თავთან, ისე პაციენტებთან. როდესაც ათასობით პაციენტი გენდობა არა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, არამედ საზღვრებს გარეთაც, ეს არის ყველაზე დიდი მოტივაცია, რომ ყოველთვის საუკეთესო შედეგზე იყო ორიენტირებული.

ყველა ქალს, ვინც კარიერას იწყებს, ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, ირწმუნონ საკუთარი თავის. ხშირად ყველაზე დიდი დაბრკოლება შინაგანი შიშია და არა რეალური გარემოებები. არ შეგეშინდეთ გამოწვევების, არ დანებდეთ სირთულეებს და ყოველთვის ეცადეთ განვითარდეთ. განათლება, პრაქტიკა და საკუთარ თავზე მუშაობა არის ის საფუძველი, რომელიც საბოლოოდ წარმატებამდე მიგიყვანთ.

და, რაც მთავარია, შეინარჩუნეთ ინდივიდუალიზმი, სწორედ ეს გამოგარჩევთ და გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენს სფეროში თქვენი უნიკალური კვალი დატოვოთ.

 

 

ხათუნა დოჭვირი, DRESSCODE-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

ჩემი გზა წარმატებამდე იყო ეტაპობრივი, გამოცდილებით სავსე და მუდმივ განვითარებაზე დაფუძნებული. არასოდეს მიძებნია მარტივი გზები. მჯეროდა, რომ რეალური შედეგი მხოლოდ შრომით, დისციპლინითა და საკუთარ საქმეზე სრული კონცენტრაციით მიიღწევა.

DRESSCODE შევქმენი მკაფიო ხედვით – მინდოდა შემექმნა ბრენდი, რომელიც ქალს მხოლოდ სამოსს კი არ სთავაზობს, არამედ ემოციას, თავდაჯერებულობასა და განსაკუთრებულ განცდას ანიჭებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა პატარძალმა DRESSCODE-ში საკუთარი უნიკალურობა იგრძნოს. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ჩვენი ბრენდი დღესაც.

ვფიქრობ, წარმატება მოაქვს შრომას, მიზნისადმი ერთგულებას და შინაგან სიძლიერეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული პერიოდებია, მნიშვნელოვანია არ გაჩერდე და არ დაკარგო მიმართულება. ჩემთვის წარმატება არის პროცესი – ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ საქმესა და ხარისხზე.

ქალებს ვურჩევდი, პირველ რიგში, ირწმუნონ საკუთარი თავის. არ დაელოდონ იდეალურ დროს – დაიწყონ იმით, რაც აქვთ. შეცდომები გზის ნაწილია და არა დაბრკოლება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არ დაკარგონ საკუთარი იდენტობა, ღირსება და შინაგანი სიმშვიდე – სწორედ ეს ქმნის ნამდვილ ძალას.

 

ქრისტინე  კაპანაძე – ინოვაციების სკოლის დირექტორი: 10 წელზე მეტია განათლების სფეროში ვარ ჩართული. ვმუშაობდი როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო სტრუქტურებში. აქტიურად ვიყავი ჩართული ახალგაზრდულ პოლიტიკასა და ზრდასრულთა განათლებაში. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ადამიანის განვითარებასა და წარმატებაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს ის ფუნდამენტური საფუძველი, რომელსაც სკოლა უნდა აძლევდეს.

დღეს სკოლის როლი საგრძნობლად შეცვლილია. თანამედროვე სამყაროში ინფორმაციაზე წვდომა აღარ წარმოადგენს სირთულეს, ამიტომ არ მიმაჩნია, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის გადაცემასა და მაღალი ქულების მიღებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. პირიქით, სკოლა უნდა იყოს გარემო, სადაც მოსწავლეებს არ შეეშინდებათ შეცდომების დაშვების, პირიქით, ამ შეცდომებზე ისწავლიან, განივითარებენ საკვანძო უნარებს და იმუშავებენ ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაზე.

სწორედ ეს იყო ჩემი მიზანი, – შემექმნა ისეთი გარემო, სადაც მონაწილეობრივი პროცესები არის პრიორიტეტი და თითოეული მოსწავლის ხმა მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ ცხოვრებისთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებაზე დამოუკიდებელი ცხოვრების უნარებიდან დაწყებული, ტექნოლოგიური კომპეტენციებით დამთავრებული.

ჩემთვის წარმატება ასოცირდება ჩემი მოსწავლეების მიღწევებთან, რასაც დაუღალავი შრომა და დიდი ნებისყოფა სჭირდება. როგორც ახალშობილი, – სანამ სიარულს ისწავლის, ბევრჯერ დაეცემა. მას დახმარება სჭირდება წამოდგომისას და სწავლა სწორი ნაბიჯების გადადგმაში და არა ჩხუბი და ყვირილი. განათლებაც სწორედ ასეთი პროცესია. ეს არის გზა, სადაც განმანათლებლებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და წარმატებას მაშინ ვაღწევთ, როცა ყველა სირთულის მიუხედავად, ვახერხებთ სწორი ღირებულებებისა და კომპეტენციის მქონე ახალგაზრდების აღზრდას.

ყოველ ეტაპზე, როგორც კი ვვითარდებოდი და ჩემი სტატუსი იზრდებოდა, პარალელურად იზრდებოდა აგრესიაც და ნეგატიური დამოკიდებულებაც. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების წარმატება ბევრს აღიზიანებს, მითუმეტეს, როცა საქმე ახალგაზრდა ქალებს ეხება. თუმცა, თუ გაქვს ამბიცია, იყო წარმატებული და ჩამოყალიბდე ნამდვილ ლიდერად, უნდა გაიაზრო ის, რომ ხელმძღვანელობა დიდი პასუხისმგებლობა და თმენის ვალდებულებაა. საჭიროა, მშვიდად აკეთო ის, რისიც გჯერა, არ მიაქციო ყურადღება უარყოფით დამოკიდებულებებს და პირიქით, იმუშაო ამ გარემოებების შეცვლაზე, რადგან საბოლოოდ შედეგი აუცილებლად მოვა – და ამას თავად გარემოცვაც აღიარებს.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია
Slider Area

OK! ქეთევან ბოჭორიშვილის პროფესიული გზა – უწყვეტი განვითარებით შექმნილი წარმატების ისტორია

August 24, 2026
#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი
OK! ქუთაისი

#OK! Hotel Babu Kutaisi – ოჯახური სითბოსა და სტუმარმასპინძლობის მისამართი

August 25, 2026
OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს
Slider Area

OK! ბელა როგავა – ლიდერი, რომელიც განვითარებას ადამიანების გაძლიერებად აქცევს

August 20, 2026
#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე
Slider Area

#OK! გიორგი ხატიაშვილის აკადემიური წარმატება: საერთაშორისო განათლებიდან George Washington University-მდე

August 20, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

#OK! „ცვალებადი ნიშნები“ ახალი სეზონით და ნამდვილი ვარსკვლავთცვენით ბრუნდება

February 2, 2024
#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

#OK! სალომე ჯაში ბერლინის ხელოვნების აკადემიის ჯილდოს მფლობელი გახდა!

March 13, 2024
#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! 1-7 ივნისის კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

May 31, 2026
#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

#OK! პირველი კადრები Emily in Paris-ის მეორე სეზონიდან

September 28, 2021

კვირის ჰიტები

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

ახალი მეფე, ეპშტეინის სკანდალი და გაუპატიურების საქმე – რა ელის ნორვეგიის სამეფო ოჯახს?

August 29, 2026
„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

„How to Lose a Guy in 10 Days” 23 წლის შემდეგ ბრუნდება – რა არის ცნობილი ახალი პროექტის შესახებ

August 28, 2026
#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

#OK! რუპერტ გრინტი რონ უისლის როლს უბრუნდება

August 28, 2026
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

August 28, 2026
PANDAWA4D
SALDOKU777
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
SLOT THAILAND
PANDAWA4D
177winbet
pandawa177
saldoku777
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები