ხშირად პროფესიული გამარჯვება გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე კონკრეტული ერთი ადამიანის წარმატება. ანგიოქირურგი, ფლებოლოგი, აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამედიცინო დირექტორი და მედიცინის აკადემიური დოქტორი ზაზა ლაზარაშვილი სწორედ ასეთი პროფესიული წარმატების მაგალითია. ის მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის (WUIP) არჩეული პრეზიდენტია. ამასთან, 2027 წელს თბილისი ფლებოლოგთა მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. ეს ორი ამბავი მნიშვნელოვანი აღიარებაა ქართული მედიცინისთვის და შესაძლებლობა, საქართველო სისხლძარღვთა და ვენური დაავადებების მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო თანამშრომლობის ერთ-ერთ რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.
OK! Doctors-ის მთავარი გმირი გვიყვება პროფესიულ გზაზე, მიღწევებზე, თანამედროვე ფლებოლოგიის გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართული მედიცინის საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო წარმოჩენას შეუწყობს ხელს.

ბატონო ზაზა, თქვენ მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირის არჩეული პრეზიდენტი ბრძანდებით, თბილისი მსოფლიო კონგრესის დედაქალაქი გახდა, უფრო ვრცლად გვესაუბრეთ ამ სიახლეებზე.
ზაზა ლაზარაშვილი: მსოფლიო ფლებოლოგთა კავშირი 1959 წელს დაარსდა. მე ამ ორგანიზაციას 2001 წლიდან ვიცნობ. პირველი ძალიან საინტერესო კონგრესი, რომელსაც დავესწარი, რომში იყო. ექიმები, მთელი მსოფლიოდან, გამოცდილებას და სიახლეებს უზიარებდნენ ერთმანეთს. მაშინ ამ ორგანიზაციაში დაახლოებით 40-მდე ქვეყნის ნაციონალური ასოციაცია იყო გაერთიანებული, დღეს კი 90-ზე მეტია.
2022 წელს ჩემმა კოლეგებმა შემომთავაზეს, რომ კენჭი მეყარა ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად. სულ ირჩევენ 6 ვიცე-პრეზიდენტს, რომლებსაც რეგიონები აქვთ განაწილებული. ჩემს, ასე ვთქვათ, საკურაციო სფეროდ განისაზღვრა სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპა. ვიცე-პრეზიდენტი არის გამგეობის წევრი, სადაც 11 ადამიანი შედის. ეს კოვიდის დასრულების პერიოდი გახლდათ და ბევრი აქტივობა იყო განსახორციელებელი, საქართველო ძალიან აქტიურად ჩაერთო ამ პროცესებში. ახალი პრეზიდენტის არჩევნები შარშან უნდა ჩატარებულიყო, ჩვენმა ასოციაციამ გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, ჩვენც, უცხო კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად, რომ ჩემი კანდიდატურა დაგვეყენებინა პრეზიდენტის პოსტზე. ვერ გეტყვით, რომ ფორმალური არჩევნები იყო, საკმაოდ დაძაბული პროცესი გახლდათ, ხმების 67% მივიღე. 2025-2027 წლების განმავლობაში, ვარ მსოფლიო კავშირის გამგეობის წევრი და არჩეული პრეზიდენტი, ხოლო 2027-დან 2031 წლის ჩათვლით შევასრულებ ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კოლეგებთან საუბარში გამოიკვეთა, რომ მხარს დაგვიჭერდნენ, თუ თბილისს 2027 წელს მსოფლიო კონგრესის დედაქალაქად წარმოვადგენდით. 2023 წლის კონგრესი მაიამიში ჩატარდა, სადაც ეს საკითხი განიხილეს; ორი ძალიან სოლიდური კონკურენტი გვყავდა: ამსტერდამი და ციურიხი. საქართველომ ძალიან სერიოზული და მასშტაბური კამპანია ჩაატარა, რადგან თავდაპირველად ბევრი ფიქრობდა, რომ ეს აშშ-ს ჯორჯიის შტატი იყო. ამიტომ აქტიურად გავაგრძელეთ როგორც სამეცნიერო ხასიათის პრეზენტაციები, ასევე თბილისში საგანმანათლებლო აქტივობები, რეგიონალური ღონისძიებების ჩატარება. აქტიური მხარდაჭერა გვქონდა სამთავრობო სტრუქტურებიდან (ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერია). საბოლოოდ კი, ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო და ჩვენ დაახლოებით 70%-ზე მეტი ხმა მივიღეთ. 2027 წლის კონგრესი თბილისში ჩატარდება, ეს უდიდესი ამბავია არა მხოლოდ ქართული მედიცინისთვის, არამედ სრულიად ქვეყნისთვის, ვინაიდან ამ მასშტაბის სამედიცინო თავყრილობა (1500 – 2000 დელეგატი მსოფლიოს 80 ქვეყნიდან) არათუ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონშიც არ ჩატარებულა. არაფორმალურ საუბრებში ვიღებთ გარკვეულ სიგნალებს, რომ ჩვენი კოლეგები, სხვა პროფესიული სამედიცინო გაერთიანებებიდან, ყურადღებით აკვირდებიან კონგრესის მზადებას, და თბილისს უკვე პოტენციურად განიხილავენ მსოფლიო რეგიონული ღონისძიებების ჩატარების ადგილად, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროფესიული სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკის სამინისტროსთან, კერძოდ კი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
ეს უდიდესი წარმატებაა ქართული მედიცინისთვის…
თბილისისთვის მსოფლიო კონგრესის მასპინძლობის მოპოვება, კონკურენციის პირობებში, ქართული პროფესიული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგია. 2027 წლის კონგრესი საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოდ გააცნოს, გააძლიეროს პროფესიული კავშირები და ახალგაზრდა ექიმებისთვის ცოდნისა და განვითარების ახალი სივრცე შექმნას.

ბატონო ზაზა, მოგვიყევით თქვენს პროფესიულ გზაზე.
სისხლძარღვთა ქირურგი ვარ. თავიდან ზოგადი ქირურგი ვიყავი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ სპეციალიზაცია მიმეღო სისხლძარღვთა ქირურგიაში, იმიტომ რომ, ეს არის ქირურგიის ყველაზე ფართო სფერო, რომელიც მოიცავს, ფაქტობრივად, მთელ ორგანიზმს. საქართველოში 90-იან წლებში კადრების მწვავე დეფიციტი იყო – სულ ორი სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი გვქონდა და სასწრაფო შემთხვევის დროს ამ ცენტრებიდან უნდა დალოდებოდები სპეციალისტის მოსვლას. 2000 წელს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, პირველად გაიხსნა სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება. სულ ორი სისხლძარღვთა ქირურგი ვიყავით. საკმაოდ დიდი დატვირთვა გვქონდა, პრაქტიკულად, არ არსებობდა დღე, უფრო სწორედ ღამე, რომ გამოძახება არ ყოფილიყო. შემდეგ, როდესაც ახალგაზრდა ექიმების ძალიან კარგი გუნდი წამოვიდა, ეს სფერო უფრო წინ წავიდა. უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში, სისხლძარღვთა ქირურგიამ გიგანტური ნაბიჯები გადადგა წინ, რაც, პირველ რიგში, ენდოვასკულური, მინიინვაზიური ტექნოლოგიების განვითარებამ განაპირობა. სწორედ ამ ტექნოლოგიების დამსახურებაა ისეთი რთულად დიაგნოსტირებადი დაავადებების ეფექტური მკურნალობა როგორიცაა მენჯის ვენების პათოლოგიები. ამ თვალსაზრისით ჩვენი კლინიკა, „ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“, ერთ-ერთი მსოფლიო რეფერენს-ცენტრია. როდესაც ჩვენ სასწავლო აქტივობებს ვაცხადებთ, ადგილობრივი და უცხოელი კოლეგების მხრიდან ძალიან დიდია დაინტერესება.
2024 წელს თბილისში ჩავატარეთ კონგრესი „Silk Vein Road“, რომელმაც გააერთიანა ჩვენი კოლეგები, დაწყებული ჩინეთიდან – დამთავრებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით; ასევე, ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიც ჩაერთო. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა გამოცდილების გაზიარება, იმდენად დიდი გამოხმაურება იყო, რომ მაშინვე დაისვა საკითხი, ეს ინიციატივა ხომ არ გვექცია რეგიონალურ ორგანიზაციად. ეს ინიციატივა წამოვიდა შუააზიელი კოლეგებისგან, ასევე ჩაერთო ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, იტალია, თურქეთი. ახლა ამ თემაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში მეცნიერება, განათლება, პრაქტიკული საქმიანობა ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული.
თქვენ ახსენეთ ე.წ. მენჯის ვენების პათოლოგიები. უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ ამის შესახებ.
ეს არის მენჯის ლოკალიზაციის ვენების დაავადებების ერთობლიობა, რომლებიც წარმოადგენენ მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს. თავისთავად მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი წარმოადგენს პაციენტთა ზოგად და გინეკოლოგიური პროფილის კლინიკებში მიმართვიანობის მიზეზს 8-11%-ში. ვენური წარმოშობის მენჯის ქრონიკული ტკივილის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათ არ აქვთ სპეციფიკური სიმპტომატიკა და, შესაბამისად, რთულია დიაგნოსტიკა. ეს დაავადებები წარმოადგენს მძიმე სოციალურ ტვირთს ქალისა და მისი ოჯახისთვის, ვინაიდან მცირე ფიზიკურ დატირთვაზეც კი პაციენტს ეწყება ტკივილი მენჯის მიდამოში, რაც მას ხშირად შრომისუუნაროს ხდის და მისი ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს. დიაგნოსტიკას ართულებს ის ფაქტიც, რომ სიმპტომატიკა შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მენჯის სხვა ორგანოების დაზიანების კლინიკური სურათით და, შესაბამისად, საჭიროა ამ დაავადებების მართვა განხორციელდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. სწორად მართული პაციენტის მკურნალობა მინიინვაზიურია და გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით – ფაქტობრივად, ქალი სრულად უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.

ახალგაზრდები ახსენეთ და რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა ირჩევს ამ პროფესიას.
უპირველესად, არ უნდა ჩაეფლონ რუტინაში. მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არსებობს პრაქტიკოსი ექიმისა და მკვლევარი ექიმის განცალკევება. ნებისმიერი ექიმი არის მკვლევარი, იმიტომ, რომ მედიცინაში სტანდარტული შემთხვევა არ არსებობს. თითოეული ადამიანის ორგანიზმი აბსოლუტურად განსხვავებული და ინდივიდუალურია, ასეა დაავადების მიმდინარეობაც, ორი ერთნაირი დაავადების მიმდინარეობა არ არსებობს. შეიძლება გართულება მოხდეს ერთნაირი, მაგრამ დაავადების მიმდინარეობა არ არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექიმი მუდმივად განვითარდეს, დარგის სიახლეებს გაეცნოს.
ექიმი კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყოს, უნდა ეცადოს გაუგოს პაციენტს, შეეცადოს, რომ პაციენტი განაწყოს დადებითად – ის ექიმს უნდა ენდობოდეს. ხშირად ვამბობ, არსებობს ავადმყოფობა და ექიმი, ვისკენაცაა პაციენტი, ის იმარჯვებს. ამიტომ პაციენტი ექიმისადმი ძალიან პოზიტიურად უნდა განეწყოს.

თავისუფალ დროს რას აკეთებთ?
ძალიან მიყვარს სპორტი, განსაკუთრებით ცურვა. ვინაიდან ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს, ვცდილობ, ეს დრო ჩემს შვილიშილებთან გავატარო, მათთან ურთიერთობა ერთი დიდი თავგადასავალია. უფრო იდეალურია, როცა ჩემს მეგობრებთან, მათ და ჩემს შვილიშვილებთან ერთად ვარ.
როგორი ბაბუა ხართ?
ძალიან გულჩვილი. ის, ვისაც შვილიშვილი არ ჰყავს, ბაბუასა და შვილიშვილის ურთიერთობას ვერ გაიგებს, შეუძლებელია.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი












