გიორგი ქოჩორაშვილის სახელი დღეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა „ქოჩორას ვენახების“ ისტორია მის სპორტულ კარიერაზე ბევრად ადრე იწყება. ბრენდის საფუძველი ოჯახის მრავალწლიანი გამოცდილება და მევენახეობის ტრადიციაა, რომელსაც სათავე რობიზონ ქოჩორაშვილმა – გიორგის პაპამ, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა და პროფესორმა დაუდო. მან მთელი ცხოვრება მევენახეობასა და მეღვინეობას მიუძღვნა და დაგროვილი ცოდნა დღეს უკვე ოჯახის მომდევნო თაობის ისტორიაში გრძელდება. როინ ქოჩორაშვილისთვის „ქოჩორას ვენახები“ სწორედ ამ მემკვიდრეობის გაგრძელებაა – ღვინო, რომლის უკანაც დგას არა მხოლოდ ოჯახური ტრადიცია, არამედ მეცნიერულ დონეზე მიღებული ცოდნა, კონკრეტული მიწა და თაობების გამოცდილება. OK!-სთან ინტერვიუში ბატონი როინი „ქოჩორას ვენახების“ შექმნის ისტორიაზე, ოჯახურ მემკვიდრეობაზე, ღვინის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

ბატონო როინ, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა „ქოჩორას ვენახების“ შექმნის იდეა?
„ქოჩორას ვენახების“ ისტორია ჩვენთვის, პირველ რიგში, ოჯახის ისტორიაა. მევენახეობა ეს არის ტრადიცია, რომელიც ჩვენი ოჯახის თაობებს ითვლის. ვაზი და ღვინო ყოველთვის იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრების, ჩვენი ყოფისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი. ბავშვობიდან მახსოვს ვენახთან დაკავშირებული შრომა, სეზონური სამუშაოები, რთველი და ის დამოკიდებულება, რომ ვენახი მხოლოდ მიწის ნაკვეთი არ არის – მას განსაკუთრებული მოფრთხილება და სიყვარული სჭირდება. სწორედ ამ მემკვიდრეობის გაგრძელების სურვილმა მოგვცა ბიძგი, შეგვექმნა „ქოჩორას ვენახები“. ჩვენთვის ეს არის რობიზონ ქოჩორაშვილის დანატოვარი საქმის გაგრძელება, რომელიც იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა სოფლის მეურნეობას, კერძოდ მევენახეობასა და მეღვინეობას. გვინდოდა ოჯახური გამოცდილება და ჩვენი მიწის ხასიათი ერთ ბრენდში გაგვეერთიანებინა.

როგორ შეარჩიეთ ბრენდის სახელწოდება და თავიდანვე გადაწყვეტილი იყო თუ არა „ქოჩორას ვენახები“?
სახელწოდება შემთხვევით არ შეგვირჩევია. „ქოჩორა“ ჩვენი ოჯახის ისტორიასა და იდენტობას უკავშირდება. გვინდოდა ბრენდის სახელშიც ყოფილიყო ჩვენი ოჯახისა და წინაპრების კვალი.
„ქოჩორას ვენახები“ ჩვენთვის მხოლოდ სახელწოდება არ არის – ეს არის ისტორიის გაგრძელება. როდესაც ღვინის ბოთლზე ამ სახელს ვხედავთ, გვინდა ადამიანებმა იგრძნონ, რომ მის უკან დგას ოჯახი, კონკრეტული მიწა, ვაზი და თაობების გამოცდილება.
დღეს „ქოჩორას ვენახების“ ასორტიმენტში სამი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. როგორ შეარჩიეთ ეს კონკრეტული ხაზი და რატომ გაკეთდა აქცენტი კონკრეტულად ამ ჯიშებზე?
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველ ეტაპზე ისეთი ღვინოები შეგვექმნა, რომლებიც ჩვენს ვენახებსა და კახეთის ტრადიციებს წარმოაჩენდა. მოკლედ გვინდოდა შეგვექმნა ღვინო, რომელიც ბოთლში მხოლოდ გემოს კი არა, ოჯახის ისტორიას ინახავს. სამი სახეობის არჩევისას ვცდილობდით, თითოეულ ღვინოს ჰქონოდა საკუთარი ხასიათი, მაგრამ ამავდროულად, სამივეში იგრძნობოდეს ის საერთო, რაც „ქოჩორას ვენახებს“ აერთიანებს – ჩვენი მიწა, ვაზი და ოჯახური დამოკიდებულება ღვინის მიმართ. „ღვინო ოჯახური და სამეგობრო სუფრისთვის“ – ჩვენ არ გვინდოდა მხოლოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნა. უფრო მნიშვნელოვანი იყო ხარისხი და ის, რომ თითოეულ ღვინოს თავისი სათქმელი ჰქონოდა.

სად მდებარეობს თქვენი ვენახები და რით არის გამორჩეული ეს კონკრეტული ადგილი?
ჩვენი ვენახები მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში, ახოებისა და წარაფის მიკროზონებში. ეს ადგილები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კარდენახი ქართული მევენახეობის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. ჩვენი ვენახების მდებარეობა, ნიადაგი, კლიმატი და, რა თქმა უნდა, წარაფისა და ახოების ზონა ქმნის იმ გარემოს, რომელიც ყურძნის ხარისხსა და საბოლოოდ ღვინის ხასიათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ქისი – ქართული იშვიათი ჯიში, რომელიც ისტორიას და თანამედროვე გემოს აერთიანებს.
ამ მიწასთან ჩვენს ოჯახს განსაკუთრებული კავშირი აქვს და სწორედ ამიტომ გვინდა ღვინოში ამ კონკრეტული ადგილის ხასიათი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ.

კარდენახის ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წარაფის ზონას. როგორ აისახება ეს ღვინის ხასიათზე?
წარაფის ზონა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. როდესაც საუბრობ ღვინოზე, შეუძლებელია მხოლოდ ყურძნის ჯიშზე ისაუბრო – ძალიან მნიშვნელოვანია ის ადგილი, სადაც ეს ყურძენი იზრდება. კარდენახის, ახოებისა და წარაფის ზონის თავისებურებები ჩვენთვის ის ბუნებრივი საფუძველია, რომელზეც ჩვენი ღვინო იქმნება. ჩვენი მიზანია, ღვინოში იგრძნობოდეს ამ მიწის ხასიათი და არ დაიკარგოს ის, რაც ბუნებრივად აქვს ადგილს. შეიძლება სწორედ ეს იყოს ჩვენი მთავარი განსხვავებაც – ჩვენ ვცდილობთ, ღვინომ საკუთარი წარმომავლობა და ისტორია შეინარჩუნოს.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა „ქოჩორას ვენახების“ შექმნისა და ბაზარზე პოზიციონირების პროცესში?
ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ის, რომ ოჯახური ტრადიცია თანამედროვე ღვინის ბაზრის მოთხოვნებთან დაგვეკავშირებინა ისე, რომ მთავარი – ტრადიცია და ხარისხი – არ დაგვეკარგა. დღეს უამრავი კარგი ქართული ღვინო არსებობს, ამიტომ მხოლოდ სახელის შექმნა საკმარისი არ არის. საჭიროა რეალურად გქონდეს სათქმელი და პროდუქტი, რომლის უკანაც შეგიძლია იდგე. ჩვენთვის ეს პასუხისმგებლობა განსაკუთრებით დიდია, რადგან როდესაც ოჯახურ ისტორიას აგრძელებ, თითქოს მხოლოდ საკუთარი სახელის წინაშე კი არა, წინაპრების წინაშეც ხარ პასუხისმგებელი.

როგორი ემოციის ან შთაბეჭდილების შექმნა გსურთ იმ ადამიანისთვის, რომელიც პირველად აგემოვნებს თქვენს ღვინოს?
გვინდა, რომ დაგემოვნების შემდეგ მომხმარებელმა იგრძნოს სითბო, სიამაყე, სიახლოვე და მოგონება!
გვინდა პირველივე ყლუპის შემდეგ ადამიანმა გაიგოს, რომ ეს არის ღვინო კონკრეტული ადგილიდან და კონკრეტული ისტორიით. ჩვენთვის ღვინო მხოლოდ სასმელი არ არის. ის არის საშუალება, ადამიანამდე მივიტანოთ ჩვენი ოჯახის ისტორია, კახეთის მიწის ხასიათი და ის სიყვარული, რომლითაც ვენახს ვუვლით.
თუ ადამიანი ღვინის დაგემოვნების შემდეგ დაინტერესდება, სად არის ეს ვენახი, ვინ ქმნის მას და რა ისტორია დგას ამ ბოთლის უკან, ვფიქრობ, ჩვენი მთავარი მიზანი შესრულებულია.
რა განასხვავებს „ქოჩორას ვენახების“ ღვინოს სხვა ქართული ღვინის ბრენდებისგან?
ჩვენი მთავარი განსხვავება, ალბათ, სწორედ იმაშია, რომ „ქოჩორას ვენახები“ ჩვენთვის თავიდანვე ოჯახის ისტორიის გაგრძელებაა. ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ბრენდს. ვაგრძელებთ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები თაობების განმავლობაში აკეთებდნენ. ამასთან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადგილის – კარდენახის, ახოებისა და წარაფის ზონის – წარმოჩენა. გვინდა, რომ ჩვენი ღვინო იყოს ქართული, კახური, მაგრამ ამავდროულად ჰქონდეს საკუთარი სახე და ხასიათი.
როგორია „ქოჩორას ვენახების“ სამომავლო ხედვა?
ჩვენი მთავარი სურვილია, გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც წინაპრებმა დაგვიტოვეს და ეს ტრადიცია მომავალ თაობებს გადავცეთ. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ განვითარებაზე, ახალი ღვინოების დამატებასა და ასორტიმენტის გაფართოებაზე, თუმცა ჩვენთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია.
გვინდა „ქოჩორას ვენახები“ წლების შემდეგაც ასოცირდებოდეს ოჯახთან, ტრადიციასთან, კარდენახსა და იმ მიწასთან, სადაც ჩვენი ვაზი იზრდება.

ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: პირადი არქივი












