ინოვაცია მაშინ იბადება, როცა იდეას პროფესიონალიზმი და გულით გაკეთებული საქმე ერთვის. სწორედ ასე დაიწყო „სმარტ ფიქსის“ ისტორიაც – ორი მეგობრის გადაწყვეტილებით, შეექმნათ ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე „ჭკვიანი სახლის“ კულტურას ახალ სტანდარტზე აიყვანდა. მათთვის ეს ბიზნესი მხოლოდ ტექნიკური სერვისი არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა მომხმარებლის ყოველდღიური კომფორტის, უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტურობის მიმართ. რუდუნებით, სრულ ჩართულობითა და ხარისხზე ორიენტაციით, „სმარტ ფიქსი“ უკვე იქცა იმ კომპანიად, რომელიც თანამედროვე საცხოვრებელ სივრცეს სრულიად ახალ გამოცდილებად გარდაქმნის.
როგორ გაჩნდა იდეა, რამდენად რთულია ინოვაციური ტექნოლოგიური ბიზნესის განვითარება საქართველოში და რას უნდა ველოდოთ მომავლის სახლისგან — ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალი OK! „სმარტ ფიქსის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლაშა გრიგოლიას გაესაუბრა.
ლაშა, როგორ გაჩნდა “სმარტ ფიქსის” შექმნის იდეა და რა იყო მთავარი მოტივაცია, რომელმაც ამ სფეროში შესვლა გადაგაწყვეტინათ?
იდეა ჩემი 17-წლიანი IT გამოცდილებისა და იმ პროფესიული წრის გადაკვეთაზე გაჩნდა, რომელშიც ვმოღვაწეობ. „სმარტ ფიქსის“ შენება დავიწყე ჩემს პარტნიორთან ერთად, რომელიც საერთაშორისობრენდების მიერ სერტიფიცირებული ექსპერტია საქართველოში. ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, შეგვექმნა საინჟინრო პლატფორმა, სადაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე ინჟინრები იმუშავებდნენ. გვინდოდა, ქართულ ბაზარზე „ჭკვიანი სახლი“ გამართული და საიმედო სისტემა ყოფილიყო. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა პროფესიონალური პასუხისმგებლობით აწყობილი სერვისი მიიღოს — Smart Fix შემთხვევითი ბიზნესი არ არის, ეს ჩემი და ჩემი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილების ლოგიკური გაგრძელებაა.

დღეს „ჭკვიანი სახლი“ ბევრისთვის ფუფუნებად აღიქმება, როგორ ფიქრობთ, რეალურად რა მნიშვნელობა აქვს მას ყოველდღიურ ცხოვრებაში და როგორ ცვლის ის კომფორტის სტანდარტს საქართველოში?
საქართველოში კომფორტის სტანდარტი დიდხანს მხოლოდ ვიზუალური რემონტით შემოიფარგლებოდა. რეალურად კი, “ჭკვიანი სახლი” ფუფუნებაზე მეტად, უსაფრთხოება და რესურსების გონივრული მართვაა. როცა სახლი თავად აღკვეთს წყლის გაჟონვას, გეუბნება, რომ დაგრჩა ჩართული ელექტრომოწყობილობა, ან
საშუალებას გაძლევს დისტანციურად მართო შენი ოჯახის სიმშვიდე – ეს უკვე ყოველდღიური აუცილებლობაა. ჩვენი მიზანია, დავამკვიდროთ სტანდარტი, სადაც ტექნოლოგია შეუმჩნევლად მუშაობს ადამიანის სასარგებლოდ. კომფორტი ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ სახლი გითავისუფლებს გონებრივ რესურსს უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.
რა არის ყველაზე მოთხოვნადი სერვისი ან ტექნოლოგია, რომელსაც თქვენი კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს?
ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ არა ცალკეულ გაჯეტებს, არამედ სახლის სრულ ინტეგრირებულ ეკოსისტემას. პრიორიტეტული მოთხოვნა ასე ლაგდება: პირველ რიგში ჭკვიანი საკეტები, რასაც მოჰყვება თერმოსტატები, საფარდე სისტემები და ვიდეომეთვალყურეობა. თუმცა, სრული სისტემა მოიცავს უსაფრთხოების სენსორების მთელ სპექტრს: კვამლისა და ბუნებრივი აირის დეტექტორებს, წყლის გაჟონვის სენსორებსა და ძაბვის კონტროლს. ამ მასშტაბურ საინჟინრო კომპეტენციას ენდობა „ალტა“ (Alta) — ჩვენ ვართ მათი ოფიციალური სერვის-პარტნიორები კონკრეტულად ჭკვიანი სახლის მიმართულებით და ვუზრუნველყოფთ ამ სისტემების დაპროექტებას, მონტაჟსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.

რამდენად რთულია ქართულ ბაზარზე ინოვაციური ტექნოლოგიური ბიზნესის განვითარება? რა გამოწვევებს აწყდებით და როგორ უმკლავდებით მათ?
მთავარი გამოწვევა საქართველოში ხშირად გაუმართავი შიდა ქსელები და არასტაბილური ინტერნეტ-ინფრასტრუქტურაა. მომხმარებელი ხშირად უკმაყოფილოა, რადგან ჰგონია, რომ ჭკვიანი მოწყობილობა მუშაობს ხარვეზით, თუმცა რეალური მიზეზი დაბალი ხარისხის კავშირია. ხშირად ეს დამატებით ხარჯად აღიქმება, თუმცა რეალურად ეს არის ის ფუნდამენტი, რაც პირველ რიგშია მოსაგვარებელი. ჩვენი 17-წლიანი IT გამოცდილება გვაძლევს საშუალებას, პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ: გადაწყვეტილების მიღებისას ხდება ობიექტის ინსპექტირება და სრული პროექტის გაწერა შესაბამისი სიმძლავრის ქსელური მოწყობილობებით. ჩვენი გუნდი თავად უზრუნველყოფს შიდა ქსელის უსაფრთხოებასა და მონაცემთა შეუფერხებელ გადაცემას, რადგან სისტემამ იდეალურად მხოლოდ გამართულ საინჟინრო ფუნდამენტზე შეიძლება იმუშაოს.
როგორია თქვენი ხედვა მომავლის სახლზე, რას უნდა ველოდოთ მომდევნო 5-10 წელში?
მომავლის სახლი გახდება თვითსწავლებადი სისტემა. ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაცია საშუალებას მოგვცემს, რომ სახლმა რეალურ დროში გააანალიზოს ჩვენი ჩვევები და საჭიროებები — თავად მიხვდეს, როდის გჭირდებათ მეტი განათება ან ტემპერატურის ცვლილება. ჩვენი ხედვით, ტექნოლოგია გახდება სრულიად შეუმჩნეველი, მაგრამ მაქსიმალურად ეფექტური. Smart Fix-ის მიზანია, მომხმარებელს დღესვე მიაწოდოს ისეთი საინჟინრო ბაზა, რომელიც მომავალში ამ AI შესაძლებლობებს ყოველგვარი სირთულის გარეშე მიიღებს.

როგორც დამფუძნებელი, რა არის თქვენი მთავარი პრინციპი ბიზნესში და რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ტექნოლოგიურ სფეროში ახლა იწყებს საქმიანობას?
ჩემი პრინციპი სისტემური მიდგომაა: ინჟინერიაში ყოველთვის არსებობს ხარვეზის ან სხვადასხვა სცენარის ალბათობა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, არა ამის უგულებელყოფა, არამედ სისტემის ისეთი კომპლექსურობით აწყობა, რომ ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შეფერხების პირობებში მან სტაბილურობა შეინარჩუნოს. 17-წლიანმა IT გამოცდილებამ მასწავლა, რომ ნდობა მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა მომხმარებელი ხედავს — შენ წინასწარ გაქვს გათვლილი ყველა შესაძლო სირთულე. მათ კი, ვინც ახლა იწყებს, ვურჩევდი: ნუ შემოიფარგლებით მხოლოდ ზედაპირული გადაწყვეტილებებით. ტექნოლოგიურ ბიზნესში მთავარია პროცესების სიღრმისეული ცოდნა და იმ ტექნიკური დეტალების მართვა, რაც თითოეული სენსორის თუ ქსელური კვანძის მიღმა დგას. ბაზარზე მხოლოდ ის პროექტები რჩება, სადაც ინჟინრული ხარისხი კომპრომისის გარეშეა დაცული.













