The Devil Wears Prada-ს საკულტო წარმატებიდან ორი ათწლეულის შემდეგ, ენ ჰეთევეი საკუთარ ყველაზე ცნობილ როლს სრულიად ახალი პერსპექტივიდან უბრუნდება. 43 წლის ვარსკვლავი Vogue Australia-სთან ინტერვიუში იხსენებს შიშითა და ამბიციით სავსე კარიერულ დასაწყისს, გარდამტეხ მომენტებსა და განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებმაც მის განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს, კონკრეტულად კი ვალენტინო გარავანს – ლეგენდარულ დიზაინერს, რომელთანაც მეგობრობამ არა მხოლოდ მისი სტილი, არამედ ცხოვრების ხედვაც შეცვალა.
Vogue Australia: დავბრუნდეთ წარსულში. 2005 წელია. 22 წლის ხარ. The Devil Wears Prada-ს გადასაღებ მოედანზე იმყოფები. ვინ იყო ის გოგო?
ენ ჰეთევეი:
„მას ეშინოდა. უბრალოდ ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო. ჯერ კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი. ნერვიული იყო, მაგრამ კეთილი გულის, კარგად ესმოდა რამდენად იღბლიანი იყო და ძალიან ეშინოდა შეცდომის დაშვების. მაგრამ გარშემო ჰყავდა საოცარი ადამიანები, რომლებიც არ მისცემდნენ საშუალებას, რომ შეცდომა დაეშვა და წარმოუდგენელი მოთმინებითა და კეთილგანწყობით ეპყრობოდნენ. და მერე, 20 წლის შემდეგ, ძალიან ბედნიერი იყო მათთან დაბრუნებით – უკვე უფრო საკუთარი თავის გაზრდილი ვერსიით – რათა ეთქვა: მადლობა.“
შენ ძალიან გინდოდა ეს როლი და მისთვის იბრძოდი. არსებობს ამბავი, თითქოს სტუდიაში ვიღაცის კაბინეტში შეხვედი და სამუშაო მაგიდაზე დატოვე ფურცელი წარწერით – „Hire me“ („ამიყვანეთ“). მართლა გააკეთე ეს?
„დიახ, ნამდვილად გავაკეთე. იმდენჯერ დამიბარეს ხელახლა კასტინგზე. შევხვდი ტომ როთმანს, რომელმაც ფილმს მწვანე შუქი აუნთო, და ვიღაცამ მითხრა: ‘მას ოდრი ჰეპბერნი უყვარს, შეგიძლია ისე მიხვიდე, როგორც ოდრი ჰეპბერნი?’ მაშინვე Nordstrom-ში გავიქეცი და ყველაზე ოდრი ჰეპბერნის სტილის სამოსი ვიყიდე, რაც ვიპოვე. ისევ და ისევ ვბრუნდებოდი. შემდეგ აღმასრულებელ პროდიუსერს დაურეკეს, მე კი ქვემოთ დავიხედე და ის მაგიდა დავინახე. არ ვიცი რა ძალამ მაიძულა, მაგრამ დავწერე. და იმუშავა!“
ეს მოტივაცია, ეს ამბიცია – საიდან მოდიოდა?
„სხვა როგორ უნდა მიმეღწია რამესთვის ცხოვრებაში? არაფერი მოხდებოდა, თუ თავად არ ვაიძულებდი, რომ მომხდარიყო… სკოლიდან ყოველდღე სადგურისკენ გავრბოდი, მატარებლით ნიუ-იორკში მივდიოდი, სამ კასტინგში ვმონაწილეობდი და სახლში დაბრუნებისას მატარებელში ვაკეთებდი დავალებებს. სხვანაირად უბრალოდ არ გამოვიდოდა.“
ახლა რა გინდა ისე ძლიერად, როგორც მაშინ The Devil Wears Prada გინდოდა?
„არის რამდენიმე რეჟისორი… სახელებს ვერ ვიტყვი, რომ არ აღმოჩნდეს, თითქოს მათთვის ‘არ ვარ შესაფერისი’. უბრალოდ მინდა შემამჩნიონ და თავიანთ ფილმებში ადგილი დამითმონ. რა ტიპის როლი იქნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. Brokeback Mountain-ში პატარა როლიდანაც ძალიან ბევრი მივიღე – მხოლოდ იმიტომ, რომ 21 წლის ასაკში ენგ ლისთან მუშაობის შესაძლებლობა მქონდა. ეს ცხოვრების შემცვლელი გამოცდილება იყო.“
ვალენტინოს სწორედ The Devil Wears Prada-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდი და იქ დაიწყო თქვენი ხანგრძლივი მეგობრობა. რა იყო მასში განსაკუთრებული?
„ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი მეგობარი იყო. ვენეციის კინოფესტივალზე ჩვენთვის თავის იახტაზე საოცარი წვეულება გამართა – ადგილი, რომელიც მერე ძალიან კარგად გავიცანი. ეს იყო სიყვარული. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რომ ასეთი ქიმია ადამიანებს შორის იშვიათია. მან განათლება მომცა, დამეხმარა საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი – მეგობრობა მაჩუქა და სიხარულის მნიშვნელობა მასწავლა. ის თავადაც საოცრად ლამაზი და ბრწყინვალე ადამიანი იყო. მისთვის სილამაზე მთავარი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ სამყაროში მეტი სილამაზე შეექმნა. ჩემი ცხოვრების ნახევარი დრო მეც ვიყავი ერთ-ერთი იმ ‘ნივთთაგანი’, რომელსაც ის უკეთესს ხდიდა. ყოველთვის მგონია, რომ ცოტათი მისი ელაიზა დულიტლი ვიყავი.“ [ტირილს იწყებს.]
ბოდიში. ასეთი ურთიერთობა იშვიათია.
„ცხოვრებაში ასე ხდება, როცა სხვა თაობის ადამიანთან გიყვარდება ურთიერთობა. რამდენიმე ასეთი დანაკარგი უკვე გამოვიარე. ზოგი რეჟისორი და ადამიანი, ვისთანაც ისევ მუშაობა მინდოდა, აღარ არის ჩვენს შორის. დაკარგვა გცვლის, ხვდები, რატომ არის მნიშვნელოვანი სიმშვიდის არჩევა, სიყვარულის არსებობა ყველა ურთიერთობაში. სწავლობ როგორ დამშვიდდე და აღარ იყო ზედმეტად რეაქციული წვრილმანებზე. ძალიან დიდი დრო დავკარგე ასეთ მდგომარეობაში. ახლა უკეთ ვარ. ცხოვრება ძალიან მოკლეა და დიდი საჩუქარია. ამიტომ იყავი შენს ადამიანებთან და შექმენი ყველაზე ბედნიერი მოგონებები. ბოდიში, ინტერვიუ ცრემლებით დავასველე.“
The Devil Wears Prada მუშაობს იმიტომ, რომ სერიოზულად უყურებს დიდებისკენ სწრაფვას – და იმასაც, რად შეიძლება დაგიჯდეს ეს გზა.
„და არის ეს ის დიდება, რომელიც შენ გინდა?“
შენც ასე აღიქვამ ამ ისტორიას?
„ფილმი გვიჩვენებს, რომ მირანდა პრისტლი საუკეთესო მთავარი რედაქტორია და მისი გზა წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმატების ერთადერთი გზაა. გაგრძელებაზე ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ მთავარი კითხვა სწორედ ისაა – აკეთებს ამას ადამიანი მარტო, თუ სხვადასხვა ადამიანები სხვადასხვა ნიჭს აერთიანებენ და რეალური ძალა გუნდის შექმნაშია.“
შენი აზრით, დიდებას აუცილებლად აქვს ფასი?
„არ ვიცი, ვიტყოდი თუ არა, რომ ‘ფასი აქვს’. ვფიქრობ, მზად უნდა იყო რაღაც შესთავაზო. დიდება უემოციო პროცესი არ არის. ყველა ადამიანი, ვინც დიდებას მიაღწია, ძალიან მოტივირებული იყო და დიდ დროს უთმობდა საქმეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ გექნება ჯანსაღი საზღვრები ან პირადი ცხოვრება. და ნამდვილად არ ნიშნავს, რომ უნდა იყო უსიამოვნო ადამიანი. პირიქით – ყველაზე დიდი ადამიანები, ვისაც ვიცნობ, ყველაზე კეთილებიც არიან.“
ალბათ წლების განმავლობაში ბევრჯერ შემოგთავაზეს გაგრძელებაში მონაწილეობა.
„არა! საერთოდ არა. 2024 წელს ფილმ Mother Mary-ს ვიღებდი, როცა დამირეკეს… მგონია, რომ უბრალოდ ფანებმა არასდროს შეეშვნენ ეს ფილმს. ცუდი სამუშაო დღის შემდეგ უყურებენ The Devil Wears Prada-ს. კარგი დღის შემდეგაც – ისევ მას უყურებენ.“
როდის მიხვდი, რომ ფილმს კულტური სტატუსი ჰქონდა მიღწეული?
„ორი ასეთი ფილმი მაქვს – Princess Diaries და The Devil Wears Prada. ფანები უკვე 20 წელია სიყვარულს გამოხატავენ. გაგრძელების გადაღებებისას ხალხის მასშტაბურმა შეკრებამ დამარწმუნა. პროდიუსერებს ვეუბნებოდი – მგონი ხალხი ძალიან აღფრთოვანებულია-მეთქი. ვფიქრობდი, თუ ვცდები, სასაცილოდ გამოვჩნდები. მაგრამ ხალხი მართლაც უზარმაზარი რაოდენობით მოდიოდა. ერთხელ იტალიაში მოდის ჩვენებაზე ვიყავი და სასტუმრომ უზარმაზარი ტორტი მომართვა წარწერით: ‘Can you spell Gabbana?’ ვიფიქრე — ტორტიც კი გააკეთეთ? ხალხს მართლა უყვარს ეს ფილმი.“
მერილ სტრიპის, სტენლი ტუჩისა და ემილი ბლანტის ხელახლა ნახვას თითქოს „ეს შენი ცხოვრებაა“ ეფექტი ჰქონდა?
„პირველი რამდენიმე კვირა შოკში ვიყავი. კამერის ტესტის დროს გავიგონე: ‘მირანდა პრისტლი მოდის’. დერეფანში მივდიოდი და მერილი ზურგიდან დავინახე მირანდას ვარცხნილობით. მაშინ ვიფიქრე – ღმერთო, დავბრუნდით! ეს თითქმის ფსიქოდელიური გამოცდილება იყო – ერთდროულად 22 წლისაც ვიყავი და 42-ისაც. მაშინ არაფერი ვიცოდი, ახლა კი უკვე შვილებიც მყავს. ამ ორ მომენტს შორის მთელი ცხოვრება გავიდა. ეს მართლაც საოცარი იყო.“
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ორი განსხვავებული როლი, ერთი სტილი – ენ ჰეთევეის „Naked Dress“ ეპოქა წითელ ხალიჩაზე












