ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 21 წლის ქალიშვილმა, ზაჰარამ, მამის გვარზე ოფიციალურად განაცხადა უარი – კალიფორნიის სასამართლომ მისი მოთხოვნა 28 სექტემბერს დააკმაყოფილა.
ზაჰარამ გვარის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს ჯერ კიდევ ივნისში მიმართა. თუმცა, „პიტის“ გვარს საჯარო სივრცეში უკვე აღარ იყენებდა. 2023 წელს, Spelman College-ის სტუდენტურ გაერთიანება Alpha Kappa Alpha-ს შეუერთდა და თავი ზაჰარა მარლი ჯოლის სახელით წარადგინა.

სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში არ არის დაკონკრეტებული, კონკრეტულად რა გახდა გვარის შეცვლის მიზეზი.
მანამდე მამის გვარი ოფიციალურად შაილომაც მოიშორა, სექტემბერში კი სასამართლოს მსგავსი მოთხოვნით მედოქსმაც მიმართა, 18 წლის ვივიენიც საჯაროდ მხოლოდ დედის გვარს იყენებს.

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი
პიტსა და ჯოლის ექვსი შვილი ჰყავთ – მედოქსი, პაქსი, ზაჰარა, შაილო და ტყუპები, ნოქსი და ვივიენი. წყვილმა ურთიერთობა 2005 წელს დაიწყო, 2014 წელს დაქორწინდა, ხოლო ჯოლიმ განქორწინებაზე განაცხადი 2016 წელს შეიტანა. ყოფილ მეუღლეებს შორის სამართლებრივი დავები, მათ შორის საფრანგეთში მდებარე Château Miraval-ის საკითხზე, კვლავ გრძელდება.
პიტისა და ჯოლის ურთიერთობის ყველაზე მძიმე ეპიზოდად 2016 წლის სექტემბერში მომხდარი ინციდენტი რჩება.
2016 წლის 14 სექტემბერს, საფრანგეთიდან ლოს-ანჯელესში მიმავალ კერძო თვითმფრინავში, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ექვს შვილთან ერთად იმყოფებოდნენ. მოგვიანებით ჯოლიმ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტებში განაცხადა, რომ ფრენის დროს პიტი აგრესიულად იქცეოდა, მას ფიზიკურად შეეხო და ბავშვების მიმართაც ძალადობრივი ქცევა გამოავლინა.
დოკუმენტებში ასევე ეწერა, რომ პიტმა ერთ-ერთ ბავშვს ყელში ხელი წაუჭირა, ხოლო მეორეს სახეში დაარტყა.
მსახიობის წარმომადგენლებმა ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ჯოლი წლების წინ მომხდარი ინციდენტის აღწერას ცვლიდა და „არასწორ ინფორმაციას“ ავრცელებდა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2016 წლის ინციდენტი FBI-მ და ლოს-ანჯელესის ბავშვთა და ოჯახის სერვისების დეპარტამენტმა გამოიძიეს. FBI-მ საბოლოოდ განაცხადა, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდების წარდგენას არ აპირებდა, ხოლო ბავშვთა დაცვის უწყებამ გამოძიება დახურა.
ასევე დაგაინტერესებთ:












