არსებობენ ადამიანები, რომლებიც ლიდერებად იბადებიან, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით, პროფესიონალიზმით, ბრძოლისუნარიანობით მაგალითს აძლევენ ირგვლივ მყოფებს და სტიმულს, რომ, რაც არ უნდა რთული გამოწვევა შეგხვდეს ცხოვრებაში, თუ გწამს და გჯერა, აუცილებლად მიაღწევ სასურველ შედეგს, აუცილებლად გაიმარჯვებ ყველა გამოწვევაზე. მისი ხასიათის სიძლიერეზე მიგვანიშნებს ისიც, რომ დიაგნოზს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაუდგინეს, უშიშრად შეხვდა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, ადამიანებს დაეხმაროს, დაანახვოს მათ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. „OK! ბათუმის“ სტუმარი „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფონდის „სიცოცხლის გადასარჩენად“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თეა ადუაშვილია, რომელიც მუდმივად იბრძვის საქართველოში ქალთა წინსვლისა და გაძლიერებისათვის.
ხმა და ემოცია ბავშვობიდან, რომელიც არასდროს გტოვებთ…
ვარ დედისერთა და ბავშვობიდან ვიყავი მშვიდი, თუმცა აქტიური ბავშვი. კარგად ვსწავლობდი, პარალელურად დავდიოდი სხვადასხვა წრეზე. ბავშვობიდან ლიდერი ვიყავი და მახსოვს, მე და ჩემმა მეგობარმა ვითავეთ ჩვენი სკოლის ხუთდღიან სწავლებაზე გადასვლის ორგანიზება. 89 წელი იყო და მიტინგი მოვაწყვეთ სკოლაში, მიზანს მაინც მივაღწიეთ.
თქვენი პროფესიით, საქმიანობით, მუდმივად დგახართ ქალების გაძლიერების სადარაჯოზე. როგორ ფიქრობთ, რა როლი აკისრიათ დღეს ქალებს ქვეყნის განვითარებაში?
ვფიქრობ, ქალები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამიტომ ყოველთვის ვდგავარ ქალების გვერდით. მგონია, რომ ქალი უფრო ემპათიურია, პასუხისმგებლიანია, არაკონფლიქტური და მენეჯერულ პოზიციაზე უფრო კარგად ესმის ქალი თანამშრომლების სხვადასხვა საჭიროების. მიხარია ის, რომ ამ ბოლო პერიოდში უფრო მეტი ქალი გამოჩნდა მაღალ თანამდებობებზე, ასევე პოლიტიკაშიც, თუმცა ვფიქრობ, კიდევ ბევრია სამუშაო. ძალიან რთულად არის საქმე ფინანსურ სფეროში, ქალებს უჭირთ სესხის აღება ბიზნესის დასაწყებად, ვინაიდან მათ სახელზე არ ფიქსირდება ქონება. აღნიშნული მიმართულებითაც მიმაჩნია, რომ ბევრია სამუშაო. ქალთა ეკონომიკურად გაძლიერების მიმართულებით არაერთი პროექტი დამიგეგმავს, ასევე, მონაწილეობა მიმიღია სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში.
მოგვიყევით „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაციაზე“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ. რა სერვისს სთავაზობს ასოციაცია აღნიშნული მიმართულებით დაინტერესებულ პირებს. რა არის ასოციაციის მთავარი მისია და მიზანი?
2020 წელს მე და ქალბატონმა მარინა აბულაძემ დავაფუძნეთ „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“, რომლის მთავარი მიზანი ქალების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათთვის პროფესიული ზრდის მიმართულებით ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების დაგეგმვაა. ასევე, ჩვენი ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზანია როგორც ქალი მეწარმეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. მათი სამეწარმეო საქმიანობის კუთხით ხელშეწყობა, საგადასახადო კონსულტაციებისა და სხვადასხვა სამეწარმეო კანონმდებლობის ცვლილებების დროულად მიწოდება, საგადასახადო რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ასოციაცია უკვე მესამე წელია მეწარმე ქალებისთვის ყოველი წლის მარტში მართავს პროექტს „100 მეწარმე ქალის მხარდაჭერა“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საგადასახადო, ფინანსურ თუ იურიდიულ მომსახურებას უსასყიდლოდ და ასევე, წლიური საშემოსავლო დეკლარაციის მომზადებასა და დეკლარირებას. ეს პროექტი ძალიან მეამაყება, მას საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, მეწარმე ქალების მხრიდან, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს.
იყო პროფესიულად წარმატებული ქალი, ამავდროულად, საუკეთესო დედა, ბებია, მეგობარი, გულშემატკივარი, გამოიყურებოდე არაჩვეულებრივად, ალბათ, დიდ ძალისხმევას საჭიროებს. მაინც რა გაძლევთ ძალას, არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი, ყოველთვის ისწრაფოდეთ როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარებისკენ?
წარმატებისთვის აუცილებელია დიდი შრომა, მე ასე მივაღწიე ყველაფერს. ალბათ, ამ ყველაფერში დიდ როლს ასრულებს ჩემი ხასიათი, პასუხისმგებლიანობა, მიზანდასახულობა, ლიდერული და პრინციპული ხასიათი. ოჯახი ჩემთვის ყველაფერია. მყავს მეუღლე, ოთხი შვილი და შვილიშვილი. ოჯახის თითოეული წევრი ჩემი ძალა და ენერგიაა, მოტივაცია და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი. 90-იანებში ძალიან რთული პერიოდი გავიარე, ისე როგორც ყველამ. პატარამ შევქმენი ოჯახი. იმ პერიოდში ვმუშაობდი ფინანსთა სამინისტროში, ყველაზე პატარა თანამშრომელი ვიყავი. მახსოვს, თანამშრომელი ქალბატონები „დიდი სახლის პატარა დიასახლისს“ მეძახდნენ. ძალიან თბილად და სასიამოვნოდ მახსენდება ის დრო. ძალიან რთული იყო სწავლა და ოჯახი ერთად, ამას ზედ ერთვოდა უშუქობა, უსახსრობა. პატარა ბიზნესიც კი წამოვიწყე მაგ დროს, რომ ოჯახისთვის მცირე ფინანსური დახმარება გამეწია. მაგრამ ჩემი შვილები და ახლა უკვე შვილიშვილები იმხელა ბედნიერებასა და სიხარულს მანიჭებენ, რომ მიმაჩნია, მარტო მათთვის ღირდა ცხოვრება. შვილების აღზრდაში ძალიან მეხმარებოდა მეუღლე და დედა. ფაქტობრივად, დედამ გვერდზე გადადო თავისი პროფესია და მთელი ცხოვრება მე და ჩემს ოჯახს მოგვიძღვნა. უდიდესია მისი წვლილი ჩემს წარმატებაში. თუმცა მთავარი, ალბათ, მიზანია. ყველაფერს უძლებს ადამიანი და იმ პერიოდის გამოწვევებმა მე პირადად გამაძლიერა. ჩემი წარმატების ფორმულა კი მგონია, არის ის, ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს. ბავშობიდან ძალიან მიყვარდა მათემატიკა, რაც შემდგომ ჩემს პროფესიაში ძალიან დამეხმარა. წლების განმავლობაში ვმუშაობდი საჯარო სამსახურში, კერძოდ, შემოსავლების სამსახურში, 2005 წლიდან ვიყავი მაღალ თანამდებობებზე კერძო ბიზნესში, აუდიტორულ კომპანიებში. 2012 წლიდან კი წამოვიწყე საკუთარი ბიზნესი. მარიამ ჯიბუტთან და მარიამ ჩოქურთან ერთად დავაარსე საქართველოს აუდიტორული კომპანია GAC, რომლის მმართველი პარტნიორი და დირექტორი დღემდე ვარ. ეს კომპანია მიყვარს როგორც ჩემი მეხუთე შვილი. ასევე, 2022 წლიდან ვხელმძღვანელობ საკონსულტაციო კომპანიას BCC-ის. მაქვს დიდი გამოცდილება, ვიცი ყველა დეტალი და ვერკვევი ჩემი კომპანიის ყველა რგოლის სამუშაოს შესრულების პროცესში, რაც მეხმარება ვმართო კომპანია ისე, რომ საქმე პროფესიონალურ დონეზე გაკეთდეს და არ შეილახოს თანამშრომლის, ასევე ჩვენი პარტნიორი კომპანიების უფლებები. ჩვენს სამსახურში ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორი კომპანიებისგან ნდობა და დღემდე ასე მოვდივართ. კომპანიის საქმიანობა მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრს მოიცავს, კერძოდ: საგადასახადო და ფინანსური აუდიტი, საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო საკითხებში, იურიდიული მომსახურება, ფინანსური ანგარიშგების მომზადება, ბუღალტრული ბაზის აწყობა, საგადასახადო დავებში მხარდაჭერა.
ხმამაღლა საუბრობთ თქვენს დიაგნოზზე, თითოეული ონკოპაციენტისთვის და არამარტო მათთვის, ბრძოლისა და შემართების ნამდვილი მაგალითი ხართ. გვსურს ჩვენს მკითხველს გაუზიაროთ ემოციები და ერთგვარი გზავნილი, რატომ არ უნდა დანებდნენ და რატომ უნდა იბრძოლონ სიცოცხლისათვის…
მადლობა ამ კითხვისთვის. 2023 წლის იანვრის თვეში დამიდგინდა დიაგნოზი – მე-3 სტადია სიმსივნე. ალბათ, ყველა ფიქრობს, რომ ეს მას არ დაემართება, მათ რიგებში ვიყავი მეც. არ მიფიქრია მანამდე ამ ყველაფერზე, თუმცა ასე ჩუმად და მოულოდნელად მოვიდა ჩემთან ეს დაავადება. პირველი, რამაც ემოციურად იმოქმედა ჩემზე, იყო ჩემი ქალიშვილის ცრემლები დიაგნოზის გაგების დროს. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, ორი ოპერაცია და ექვსი ქიმიოთერაპია გავიკეთე ამ ცხრა თვის განმავლობაში. თუმცა უდიდეს ძალას მაძლევდა ჩემი ოჯახისა და იმ ზღვა რაოდენობის ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც გვერდით მედგნენ. უდიდესი ძალა ვიგრძენი ჩემი შვილებისგან. ჩემი რძალი და სიძე პირველი დღიდან გვერდით მედგნენ. ჩემმა ქალიშვილმა კი თითქოს რკინის ქალამნები ჩაიცვა, იმხელა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა და გვერდიდან არ მომშორებია. პირველი დღიდან საჯარო გავხადე ჩემი დიაგნოზი, ყველა ეტაპს ჩემს გულშემატკივრებთან ერთად გავდიოდი, რაც უდიდეს ძალას მმატებდა. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს, რომ მათთვის გავხდი მაგალითი და აღარ ეშინიათ ამ დიაგნოზის. თავიდანვე მტკიცედ შევხვდი ამ გამოწვევას, ჩემი მთავარი მესიჯი იყო #კიბოგანაჩენიარარის და #ბრძოლაბოლომდე. ძალიან ბევრი გამოწვევა იყო ამ პერიოდში და მე უდიდესი ძალა ვიგრძენი ჩემი ძვირფასი გულშემატკივრებისგან. აღნიშნულმა განაპირობა ის, რომ მაისის თვეში დავაფუძნეთ საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“. ამ ფონდის დაარსების იდეა გამიჩნდა მას შემდგომ, რაც დავინახე და პირადად შემეხო ყველა ის პრობლემა თუ ხარვეზი, რაც არსებობს ონკოპაციენტებისთვის. ფონდის დამფუძნებლები ვართ მე და ჩემი ქალიშვილი მარიამ ჩოქური, რომელსაც ჩემთან ერთად თავადაც შეეხო ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რაც ამ გზაზე გავიარე. მან ჩემს იდეას მხარი აუბა და ვფიქრობთ, ერთად მომავალშიც ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ. ფონდის დამფუძნებელია ასევე ჩემი ონკოქირურგი, რომელმაც გერმანიაში ურთულესი ოპერაცია გამიკეთა. დავით ბოხუა, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, თავისი საქმის დიდი პროფესიონალი, ქირურგი, იენას საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი უფროსი ექიმი და კლინიკური ხელმძღვანელი. მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა ჩემი ასე მხნედ ყოფნა. იგი პირველ რიგში უდიდესი ადამიანია და მერე ძალიან კარგი ექიმი. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები. მისი ჩვენ გვერდით ყოფნა უდიდესი ძალაა როგორც ჩემთვის, ასევე ჩვენი ფონდის ბენეფიციარებისთვის. ყველაზე მეტად მაბედნიერებს სხვების დახმარება, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ფონდი თავის სახელს გაამართლებს და ჩვენ ერთად გადავარჩენთ ადამიანების სიცოცხლეს. აქვე აუცილებლად მინდა ვისაუბრო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ქალებისთვის შეიქმნა და რომელსაც „ბედნიერების ვექტორი“ ჰქვია. მიხარია, რომ პროექტში სხვადასხვა პროფესიისა და შეხედულების ადამიანები არიან ჩართული. ჯგუფში 530- მდე ქალია გაერთიანებული, მათგან 96 კი უშუალოდ არის ჩართული პროექტში. პროექტის მთავარი მიზანი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. წონის კლების მიმართულებითაც გვაქვს სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ვაწყობთ მარათონებს, როგორც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე, ასევე ქალაქგარეთ.გვაქვს პროექტი #ერთადშემოვიაროთსაქართველო. პირველი გასვლა სამცხე-ჯავახეთში გვქონდა, სულ მალე გურია-სამეგრელოში ვიმოგზაურებთ. ვგეგმავთ სალონურ შეხვედრებს #ჩემიამბავი, სადაც პროექტის მონაწილეები ფინჯანი ყავის თანხლებით, საკუთარ გამოცდილებას გავუზიარებთ აუდიტორიას. ვფიქრობ, ქალებისთვის პროექტი „ბედნიერების ვექტორი“ არის მრავალმხრივ საინტერესო და სასარგებლო, რომელიც ჩამოვაყალიბე ზუსტად იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც ქალბატონებს გვჭირდება.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი…
2010 წელს მივიღე ჩემთვის რთული, თუმცა ძალიან სარისკო გადაწყვეტილება. ჩემს პრინციპებს, ღირებულებებსა და სინდისს არ ვუღალატე და წამოვედი საკმაოდ მსხვილი კომპანიდან, დავტოვე საკმაოდ მაღალი თანამდებობა. თუმცა დღესაც ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და ნაბიჯი წარმატებისკენ. მალევე დავიწყე საკუთარი ბიზნესი და ჩვენი კომპანია დავაფუძნეთ.
ცხოვრება ჰგავს…
ცხოვრება ძალიან უცნაური რამ არის, ვის რას გვიმზადებს, არ ვიცით, მთავარი კი ის არის, რომ ღირსეულად გაიარო ეს გზა. ისე იცხოვრო, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს.
ერთი წინადადებით, როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს…
ჩემში იმალება ნაზი, თბილი ბავშვი, რომელსაც ძალიან უყვარს ადამიანები. თუმცა განვლილი ცხოვრებით, დღევანდელი მდგომარეობით ვარ ძალიან ძლიერი ქალი, რომელსაც შესწევს უნარი, თავისი გამოცდილება და ცოდნა სხვებს გაუზიაროს.
მწამს და მჯერა, რომ…
ვფიქრობ, ეს დიაგნოზი ჩემთან ასე უმიზეზოდ არ მოსულა და იმიტომ დამიდგინდა, რომ მე სხვებს დავეხმარო. მჯერა და მწამს, რომ ასე იქნება.
მენატრება…
ლაღი და ბედნიერი ბავშვობა. მენატრება მამა, ბებია-ბაბუები და ბევრი ამ ქვეყნიდან წასული ადამიანი.
რა ხდის ადამიანს საინტერესოს…
ჩემი აზრით, ყველა ადამიანი უნიკალურია თავისი ინდივიდუალიზმით. ადამიანს მეტად საინტერესოს ხდის მისი აზროვნება, ინტელექტი, კარგი საუბარი და გამოცდილება.
ფრაზა, რომელიც თქვენი ცხოვრების დევიზად აქციეთ…
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ბრძოლა ბოლომდე ( ამ ბოლო დროს განსაკუთრებით).
საკუთარ თავზე წიგნს რომ წერდეთ, რა იქნებოდა მისი სათაური…
პატარა დიასახლისის ახდენილი ოცნება…
ადამიანებს ვეტყოდი, რომ…
იყვნენ მიზანდასახულები, არ დანებდნენ არცერთ გამოწვევას და აუცილებლად მიაღწევენ მიზანს. შრომასა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ უფრო მეტად შეიყვარონ ადამიანებმა ერთმანეთი.
დაბოლოს…
რამდენიმე დღეში 50 წლის ვხდები, მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღია, ყველაზე მეტად, ალბათ, დედას უხარია, რადგან გადავრჩი! ამ ინტერვიუმ მომცა საშუალება, გადამეხედა ჩემი განვლილი გზისთვის. მიუხედავად ამდენი გამოწვევისა და ბრძოლისა, ვფიქრობ, ღირსეულად გავიარე ეს ცხოვრება, რითიც შემიძლია გვერდით ვუდგავარ ჩემს სამშობლოს და ჩემს ძვირფას ხალხს, ასეც გაგრძელდება… ცხოვრება გრძელდება…
ფოტო: ალექსეი სეროვ
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე