მზარდი კონკურენციის პირობებში სილამაზის ინდუსტრიის წარმატებას დღეს მხოლოდ სერვისი აღარ განსაზღვრავს, გადამწყვეტი ხდება კონცეფცია, გამოცდილება და ის ისტორია, რომელიც სივრცეს უნიკალურს ხდის. ახალი ესთეტიკური სივრცე Ta Belle Vie სწორედ ამ ხედვაზეა დაფუძნებული. იგი, როგორც პროფესიულ გამოცდილებას, ისე ინდივიდუალურ მიდგომასა და თანამედროვე მოთხოვნებს აერთიანებს. Ta Belle Vie მომხმარებელს სთავაზობს სრულ სერვისს: თმის, ფრჩხილის, კოსმეტოლოგიისა და სხეულის მოვლის მიმართულებით. მალე სივრცეს დაემატება Lumenis-ის Geneo X, რაც კანის მოვლის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს. სალონს ტექნიკურ რესურსთან ერთად გამოარჩევს გამოცდილებაზე ორიენტირებული გარემო. პროფესიონალიზმი, დეტალებზე ორიენტირებულობა და ძლიერი გუნდი კი სრულყოფილ მომსახურებას უზრუნველყოფს. გთავაზობთ ინტერვიუს, Ta Belle Vie-ის დამფუძნებელ ხათუნა ცაბუტაშვილთან.

ხშირად სალონს მხოლოდ როგორც სერვისის სივრცედ ვაფასებთ, თუმცა მის უკან ყოველთვის კონკრეტული ადამიანის ისტორია დგას. როგორია თქვენი გზა ამ სფეროში?
Ta Belle Vie-ს უკან ნამდვილად დგას ისტორია, რომელიც 2005 წლიდან დაიწყო. ჩემი პირველი გადაკვეთა სილამაზის სფეროსთან ყოფითი საჭიროებიდან გამომდინარეობდა. ბავშვობიდან მქონდა ნიჭი, რასაც მხოლოდ ვიწრო წრეში ვავლენდი, მოგვიანებით გავბედე და ჩემი შესაძლებლობები სტილისტის რანგში მოვსინჯე, რამაც ნამდვილად გაამართლა. აღმომაჩენინა საქმე, რომლის კეთებაც დღეს ბედნიერებას მანიჭებს. წლების განმავლობაში ამ სფეროში ჯერ როგორც რიგითი დაქირავებული პირი ვმუშაობდი, შემდგომ საკუთარი მენეჯმენტით გავაგრძელე, რამაც გაამართლა. შემოვიკრიბე ერთგული თანამშრომლები და ნელ-ნელა ვაღწევდით წარმატებას, ერთად, გუნდურად. ბევრი ვიშრომეთ, გზადაგზა ვიხვეწებოდით და ვიზრდებოდით. შედეგმაც არ დააყოვნა. შემოვიკრიბეთ ერთგული მომხმარებლები, პარტნიორები და ასე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. სამწუხაროდ, გარკვეული დროის შემდეგ ვიგრძენი, რომ საღებავზე ალერგია გამიჩნდა. მოგეხსენებათ, კოლორისტსა და სტილისტს ყოველდღიურ რეჟიმში უწევს საღებავთან მუშაობა, რაც ჩემს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახებოდა. ამიტომ, ჩემდა სამწუხაროდ, მომიწია სფეროს დატოვებამ, თუმცა განვითარება არ შემიწყვეტია, საქმიანობა დიზაინერის რანგში გავაგრძელე.
დაბრუნდით, თან როგორ! მრავალი პროფესიონალი დასაქმებულია სხვის სივრცეში. თქვენ გადაწყვიტეთ საკუთარი სალონის დაარსება. რა იყო მთავარი მიზეზი, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინათ?
მიუხედავად იმისა, რომ თავს თვითრეალიზებულად ვთვლიდი დიზაინერის რანგში, ჩემი შინაგანი სამყარო მაინც ყოველთვის მიბიძგებდა უკან, ამ სფეროში დაბრუნებისკენ. ფერებიც კი ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო იმ სივრცეში, რომელიც მეც და ჩემი სივრცის ყველა სტუმარს მოგვცემდა განტვირთვის საშუალებასა და მეტად გაგვილამაზებდა ცხოვრებას. აი, დადგა დრო, როდესაც შევძელი ფრთები შემესხა ამ ოცნებისთვის. დაიბადა Ta Belle Vie – შენი (ჩემი) ლამაზი ცხოვრება, რომელიც მჯერა, ყველა სტუმარს აუცილებლად გაულამაზებს ცხოვრების დღეებსა თუ წლებს. მოტივაცია ჩემი შინაგანი სამყარო იყო, ჩემი მისწრაფება და ოცნება რეალობად მექცია. წლების განმავლობაში ვემზადებოდი ამ მომენტისთვის. ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა, ქვაზე ქვის დადებით მოვედი ამ დღემდე, როდესაც გადავდგი პირველი ნაბიჯი და დავიწყე სივრცის შექმნა.
დღეს სილამაზის ინდუსტრია საკმაოდ კონკურენტულია. რა არის ის მიდგომა, რაც თქვენს სალონს სხვებისგან განასხვავებს?
ჯანსაღი კონკურენცია აუცილებელია ნებისმიერ სფეროში. ეს არის მოტივაცია, მეტად გაიზარდო, უკეთესი შექმნა, განვითარდე, უყვარდე, მოიპოვო ნდობა, კეთილგანწყობა და ა.შ. ჩვენ მზად ვართ ყოველგვარი გამოწვევებისთვის, შრომისთვის, სწავლისთვის. სფერო დღითიდღე ვითარდება და ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი. ვისწავლოთ, დავნერგოთ ინოვაციები, გადავამზადოთ გუნდის წევრები, დავესწროთ საერთაშორისო ფორუმებს, საინფორმაციო ღონისძიებებს, შევისწავლოთ ახალი ტექნიკები და ა.შ.

რა მომსახურებებსა და მიმართულებებს სთავაზობთ მომხმარებლებს ახალ სივრცეში?
Ta Belle Vie თავის მომხმარებლებს სთავაზობს როგორც თმისა და ფრჩხილის, ასევე სხეულის მოვლის, მკურნალობისა და გაჯანსაღების სერვისების ფართო სპექტრს, რაც უზრუნველყოფილია თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ტექნოლოგიებითა და მეთოდებით, უახლესი და თანამედროვე, როგორც ლაზერული ეპილაციის, ასევე კოსმეტოლოგიური და სარეაბილიტაციო აპარატურით. უახლეს პერიოდში ცენტრს დაემატება Lumenis ცნობილი ლიდერი კომპანიის, Geneo X კანის მოვლის სისტემაც. ჩვენი სივრცე წარმოდგენილი იქნება როგორც ბრენდის ამბასადორი და ამასთან, ჩვენს სივრცეში მოხდება კადრების პროფესიული გადამზადებაც.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის გუნდი და როგორ არჩევთ გუნდის წევრებს, რომლებიც თქვენს სივრცეში იმუშავებენ?
ჩვენი გუნდი არის პირველი და მთავარი რგოლი ამ სივრცეში. სათანადო გუნდის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ღირებულის შექმნა. გარდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდისა, ჩვენთვის უმთავრესი საკითხია გუნდის წევრების როგორც ერთმანეთთან, ასევე სტუმრებთან მიმართებით კეთილგანწყობა, ღიმილი, მეგობრული დამოკიდებულება, ურთიერთპატივისცემა და დაფასება. ანუ ყველაფერი ის, რაც მხოლოდ პოზიტივთან არის დაკავშირებული.
როცა გადახედავთ ამ მიზნის მიღწევისკენ განვლილ გზას, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ პროცესმა გასწავლათ?
როდესაც ვუყურებ განვლილ გზას, იდეის დაბადებიდან მის რეალიზებამდე, ვხვდები, რომ შეუძლებელი არაფერია. ცხადია, ბევრი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში, რაც მხოლოდ დასაწყისია. მხოლოდ შექმნა არ ნიშნავს მიზნის მიღწევას, მთავარი მისი განვითარება, დახვეწა და გამოწვევების წარმატებით დაძლევაა. ამ პროცესებმა მასწავლა, რომ არასდროს უნდა თქვა უარი შენს ოცნებაზე.

დაბოლოს, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ საქმეზე ოცნებობენ, მაგრამ ჯერ ვერ გაბედეს პირველი ნაბიჯების გადადგმა?
მარტივად არაფერი მოდის ცხოვრებაში, მაგრამ თუ იშრომებთ, გზა აუცილებლად გამოჩნდება. მთავარია არ დანებდეთ და შედეგის მოლოდინით არ დაიღალოთ. ადრე თუ გვიან აუცილებლად შეძლებთ ყველაფერს. მე თქვენი მჯერა. მჯერა ყველა კეთილი და სასარგებლო ნაბიჯისა, რომელსაც ცალკეული ადამიანი თავის ცხოვრებაში დგამს. სიკეთე არასდროს იკარგება. კეთილი საქმე უკვალოდ არ ქრება…
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












