ქართული კომპანია „ჰამა“ მომხმარებელს ხისგან დამზადებულ უმაღლესი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქციას სთავაზობს. იგი საუკეთესო არჩევანია როგორც თქვენთვის − ძვირფასი ადამიანების გასახარად, ისე ყოველდღიურობის გასალამაზებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ „ჰამას“ პროფესიონალთა გუნდი თავისი მომხმარებლებისთვის მუდმივად ცდილობს ყოველ ჯერზე ახალ-ახალი დიზაინის შექმნას, რისი მეშვეობითაც იგი ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად მიიჩნევა. დეტალური ინფორმაციისთვის OK! გაესაუბრა „ჰამას“ თანადამფუძნებელსა და დირექტორს, გიორგი ჯიქიას და თანადამფუძნებელ ზურაბ წიქარიშვილს.
გვიამბეთ „ჰამას“ შექმნის ისტორია.
(გიორგი): ჩვენი კომპანია ქართულ ბაზარზე პირველად 2015 წლის დეკემბერში გამოჩნდა. ჩვენ ქართველ ინტერნეტმომხმარებლებს ერთ-ერთმა პირველებმა შევთავაზეთ, საკუთარი დიზაინით შეექმნათ ხისგან დამზადებული პროდუქცია უმოკლეს დროში (2-3 დღე). საწყის ეტაპზე, პროდუქციას ვამზადებდით ილიაუნის ფაბლაბის ბაზაზე არსებული ლაზერმჭრელი დანადგარით. საწყისი 5-6 თვის განმავლობაში იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა აქამდე უჩვეულო სახის პროდუქციამ/სერვისმა, რომ 2016 წელს შევიძინეთ საკუთარი აპარატი, რისი საშუალებითაც შევამცირეთ შეკვეთის დამზადების დროც, დავამატეთ ახალი პროდუქციაც და დიზაინიც.
ყოველი ახალი პროდუქციის, გამორჩეული და ახალი დიზაინის დამატებით, სხვადასხვა გამოფენა/გაყიდვასა თუ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობით და მომხმარებელზე მორგებული მომსახურებით, დროდადრო იზრდებოდა ჩვენი პროდუქციისადმი ინტერესი და დღეს 125 000 გამომწერი გვყავს ჩვენს Facebook-გვერდზე, რომლის საშუალებითაც ხდება შეკვეთების მიღება. გარდა Facebook-გვერდისა, სრული პროდუქციის ნახვა/შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი საიტიდანაც.
დავიწყეთ ბლოკნოტებისგან, რომელსაც ჰქონდა ხის ყდა, აკინძული იყო ტყავის თოკებით და ფურცლები წარმოდგენილი იყო დაძველების ეფექტით. ეს გახლდათ ქართულ ბაზარზე სიახლე, რომელსაც გამოუჩნდა მომწონებლებიც და მიმბაძველებიც. საჭირო იყო რაღაც, რაც გამოგვარჩევდა სხვებისგან. დაახლოებით 6 თვეში ჩვენ დავიწყეთ ყდის დამუშავება ხის დაფერვით (წყლის საღებავით), ვინტაჟური დაძველების ეფექტითა და დამცავი ფენის ლაქით, რომელიც იცავს ყდას ფერის გადასვლისგან, დაზიანებისგან, და ინარჩუნებს საწყის სახეს დიდი ხნის განმავლობაში, რაც ლაქის გარეშე შეუძლებელია.
შექმენი საკუთარი უნიკალური დიზაინები და აქციე სურვილი ხელნაკეთ რეალობად − ჩვენი კომპანიის სლოგანია, რომელსაც მუდმივად ვცდილობთ შევუნარჩუნოთ საკუთარი მნიშვნელობა. ჩვენი კომპანია მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ მომხმარებელმა მიიღოს ისეთი დიზაინი, როგორიც სურს, ხოლო საბოლოო პროდუქტი იმაზე მეტი, ვიდრე ელოდა ან წარმოედგინა.
ამჟამად კომპანია აწარმოებს 10-მდე სახის პროდუქციას სხვადასხვა ფორმითა და დიზაინით. ჩვენი პროდუქცია იყიდება თბილისსა და რეგიონებში, ჯამში 30-მდე მაღაზიაში. იზრდება როგორც მომხმარებელთა, ასევე მაღაზიაში ჩვენი პროდუქციის გაყიდვის მსურველთა რიცხვიც. ყოველივე ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ჩვენც ვცდილობთ ხშირად გავანებივროთ საკუთარი მომხმარებელი ახალი პროდუქციითა თუ დიზაინით.
„ჰამაში“ ამ ეტაპზე 8 ადამიანია დასაქმებული (მუდმივად), რომელთა უმეტესობა სტუდენტია. ახალი პროდუქციისა და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ემატება თანამშრომელთა რაოდენობაც.
რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?
(ზურა): ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ შემდეგი სახის პროდუქციას: ბლოკნოტი (ხის ყდით), ფოტოალბომი (ხის ყდით), სანათი (ხის), საათი (ხის), ფოტოჩარჩო, სასაჩუქრე ყუთები, ღვინის ბოთლის სასაჩუქრე ყუთი, ბეიჯი, ე.წ. ბრელოკი, ყელსაბამი, ჭიქის სადგამები, სადღესასწაულო/საქორწინო მოსაწვევები, მენიუები, კაფე/ბარ/რესტორნისთვის სხვადასხვა სახის აქსესუარი, სერტიფიკატები, სასტუმროს აქსესუარები.
გარდა ჩემ მიერ ჩამოთვლილი პროდუქციისა, კომპანია ამზადებს თითქმის ყველა სახის პროდუქციას (მომხმარებლის შეკვეთის მიხედვით), რომლის დამზადებაც შესაძლებელია ლაზერმჭრელისა და UV-პრინტერის მეშვეობით. ბოლო დროს გახშირდა თხოვნები სხვა სახის პროდუქციასთან დაკავშირებითაც და გადავწყვიტეთ დავამატოთ შემდეგი სახეობები: ხის კალამი ყუთით, ხის ბაფთა ტყავის შესაკრავით, ბლოკნოტი ნატურალური ტყავის ყდით, ნატურალური ტყავის ნივთები და აქსესუარები, ტყავის ჩანთა (ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა), ყელსაბამი, სამაჯური, ქამარი, საფულე, ბაფთა.
მთავარი ნიშა, რომელიც თქვენს პროდუქციას გამოარჩევს…
(გიორგი): ისევე, როგორც განვითარებისკენ მოტივირებული ნებისმიერი კომპანია, ჩვენც ვცდილობთ მომხმარებლის თითოეული სურვილი მაქსიმალურად იქნას რეალიზებული პროდუქციაში. უმოკლეს ვადებში (1-3 სამუშაო დღის განმავლობაში) ვამზადებთ სასურველ პროდუქციას სასურველი დიზაინით. „ჰამას“ პროდუქციის ტექნიკური უნიკალურობა ხის დამუშავების პრინციპებშია: ხე თავდაპირველად იფერება წყლის საღებავით, რომელსაც დამცავი ფენის სახით აქვს ლაქი და ხის ზეთები, რომლებიც დამცავი ეფექტის გარდა, ოდნავ ბზინვარებას ანიჭებს ზედაპირს. ხეზე გრავირება კი არის დაძველების (ვინტაჟური) ეფექტით გადატანილი, რაც მკვეთრად ჩანს დამუშავებული ხის ფონზე. გარდა ამისა, მომხმარებელს არ ვზღუდავთ რაოდენობაში. ნებისმიერი პროდუქცია მზადდება როგორც საცალო, ასევე კორპორაციული რაოდენობით. სასურველი დიზაინის შექმნაში, „ჰამას“ დიზაინერი ეხმარება, რომლის მომსახურება არ ზრდის პროდუქციის ღირებულებას. ვინაიდან ჩვენ ვზრუნავთ კომფორტული გარემოს შექმნაზე, პროდუქციის ფასები განსხვავდება მხოლოდ ზომების მიხედვით და არ იზრდება მომხმარებლის სასურველი დიზაინის მიუხედავად. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ პროდუქტს ახლავს სასაჩუქრე ყუთი „ჰამას“ ბრენდირებით, რომელიც საჩუქრად გადაეცემა ყველა მომხმარებელს.
სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?
(ზურა): „ჰამას“ პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია საიტზე hama.ge სადაც მოცემულია სრული ასორტიმენტი და თითოეული პროდუქციის ვიზუალური და ტექნიკური მხარეებიც. გარდა ვებგვერდისა, სრული პროდუქციის ნახვა/შეკვეთა შესაძლებელია ჩვენი Facebook და Instagram-გვერდიდანაც.
ჩვენი პროდუქცია იყიდება თბილისისა და რეგიონების 30-მდე მაღაზიაში. იზრდება როგორც მომხმარებელთა, ასევე მაღაზიაში ჩვენი პროდუქციის გაყიდვის მსურველთა რიცხვიც. ყოველივე ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და ჩვენც ვცდილობთ ხშირად გავანებივროთ საკუთარი მომხმარებელი ახალი პროდუქციითა თუ დიზაინით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზარზე არსებული 4-5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 40 000-მდე ინდივიდუალური დიზაინის პროდუქცია და 200-მდე კორპორაციული შეკვეთაა ჩვენ მიერ დამზადებული. ჩვენ გამოვიარეთ ოთხი წინასაახალწლო ყველაზე დატვირთული სასაჩუქრე პერიოდი, რომელთაგან ბოლო ორი წელი, მიუხედავად თანამშრომლებისა და აპარატურის მატებისა, მაქსიმალურად ვეცადეთ 31 დეკემბრამდე არ დაგვეწყვიტა გული „ჰამას“ მომხმარებლისთვის.
ვთანამშრომლობთ სასტუმროებთან, სადღესასწაულო კომპანიებთან, კაფე/ბარ/რესტორნებთან, რომელთაც ვუმზადებთ არსებული მასიური მასალა/დიზაინებისგან განსხვავებულ პროდუქციას სასურველი დიზაინითა და გაფორმებით. თუმცა მიზერულად მცირე რაოდენობის კომპანიამ იცის ჩვენი საქმიანობის შესახებ.
სამომავლო გეგმები.
(გიორგი): უპირველეს ყოვლისა, წარმოების ზრდა, რაც თავისთავად გულისხმობს სამუშაო მასალის, პროდუქციის სახეობებისა და დიზაინების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას. ყოველივე ეს აისახება თანამშრომელთა რაოდენობის ზრდაზეც, რაც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. აგრეთვე, იგეგმება პროდუქციის საერთაშორისო გაყიდვის პლატფორმებზე განთავსება, როგორიცაა Etsy.com, Amazon.com. აღსანიშნავია ისიც, რომ მოთხოვნა არის უცხოური ქვეყნებიდან (ჩვენი პროდუქცია კორპორაციული შეკვეთებისა თუ გაყიდვების სახით, გაიტანეს რუსეთში, გერმანიაში, ჩინეთში და სხვა რამდენიმე ქვეყანაში), ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს (ტურისტულ ლოკაციებზე არსებულ მაღაზიებში იყიდება), თუმცა, უპირველესად, გვსურს ავითვისოთ ქართული ბაზარი, რომლის დაახლოებით 95% ასათვისებელი გვაქვს (Facebook Audience, age 13-65).
სამომავლო პერსპექტივაა საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანა, რომელიც რამდენიმე ქვეყანაში გატესტილია და დაიმსახურა მოწონება ადგილობრივი მოსახლეობისგან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება უცხოელ წარმომადგენლებთან, რომელთაც ინტერესი გამოთქვეს „ჰამას“ პროდუქციის ევროპის ქვეყნებში რეალიზაციაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
Facebook: https://www.facebook.com/hama.georgia
Instagram: hama.georgia
Web: https://hama.ge/
Tel: 579 177 178
ტექსტი: მარიამ მთივლიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი