როგორია თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის სტანდარტები, რა ოპერაციებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა, როგორი გემოვნება აქვს თანამედროვე პაციენტს და რომელ ოპერაციას იკეთებენ დღეს მამაკაცები ყველაზე ხშირად?
ამ და ზოგადად, ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგიის პროცედურების თანამედროვე ტენდენციებზე სასაუბროდ ვის მივაკითხავდი, თუ არა ყველასათვის ნაცნობ და პატივსაცემ, უნაკლო რეპუტაციის, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პლასტიკურ ქირურგ გია გვარამიას.
წაიკითხეთ ბატონ გიასთან ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ვფიქრობ, ბევრ თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციას გაეცნობით.
ბატონო გია, რამდენად შეიცვალა ესთეტიკურ პროცედურებსა და პლასტიკურ ქირურგიულ ოპერაციებზე მოთხოვნა ბოლო წლებში, როგორია მიმართვიანობა?
მიმართვიანობამ მოიმატა და იმატებს ყოველ წელს, დაახლოებით 15%-ით. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით თუ დავყოფთ, პაციენტების ასაკი გაახალგაზრდავდა. ადრე საშუალო და მეტი ასაკის ქალბატონები მოგვმართავდნენ, ახლა მეტად მოდიან ახალგაზრდები. ასევე, აღსანიშნავია, რომ უფრო ინტენსიურად მოგვმართავენ მამაკაცები, ვიდრე წინა წლებში. ბევრი პაციენტი უკვე ახალგაზრდა ასაკიდან ცდილობს ინტენსიურად მოუაროს თავს და შეინარჩუნოს გარეგნობა. მოგეხსენებათ, შენარჩუნება უფრო ადვილია, ვიდრე მერე პრობლემის გამოსწორება. ადამიანები იმის გამოსასწორებლად, რაც დეფექტად და ნაკლად მიაჩნიათ, გადაწყვეტილებას უფრო მარტივად იღებენ დღეს, რადგან გამოცდილება გაიზარდა, გართულებები ნაკლებია და ჩვენი საქმე, ჩარევის ტექნოლოგიები იხვეწება.
რაც დრო გადის, უფრო ჭრელდება მომართვის მიზეზები. თუ ადრე უმეტესად უფრო ცხვირის, ძუძუს პლასტიკაზე, ლიპოსაქციაზე იყო მოთხოვნა, დღეს უფრო მრავალფეროვანი გახდა ესთეტიკური პროცედურები და პაციენტებიც შესაბამისი სურვილებით მოდიან. მაგალითად, შეიძლება ლიპოსაქციის ნაცვლად ცხიმის გადანერგვა მოითხოვონ. თანამედროვე პაციენტი განათლებული და გათვითცნობიერებულია და ხშირად თავად ირჩევს პროცედურის ტექნიკასაც კი. ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ დაუფიქრებლად იღებენ გადაწყვეტილებას და ისეთ მოთხოვნებს აყენებენ, რისი საჭიროებაც რეალურად არ არის, მაგრამ უმეტესად პაციენტი გათვითცნობიერებულია, რაც ძალიან კარგია. ეს გვეხმარება ჩვენ, სპეციალისტებს, უკეთესი შედეგი მივიღოთ, უფრო ადვილად ავუხსნათ თითოეული დეტალი და შესაბამისად, მასაც კარგად ესმის, რა შედეგს მიიღებს ამა თუ იმ ჩარევის მერე.

თქვენს რჩევებს ყოველთვის ითვალისწინებენ? რა ხდება, როცა პაციენტის სურვილი და ექიმის მოლოდინი ერთმანეთს არ ემთხვევა?
პაციენტი ძირითადად რჩევებისთვის მოდის. იცის, რა ნაკლი უნდა გამოისწოროს, მაგრამ ჩვენს აზრს აუცილებლად ისმენს. ზოგჯერ პაციენტს სულ სხვა მოლოდინი აქვს, რაც რეალობისგან განსხვავებულია და ჩვენი მოვალეობაა, სწორი მოლოდინები შევუქმნათ. ვთქვათ, პაციენტს უნდა თვალის ქუთუთოს პრობლემის გამოსწორება, მაგრამ ზუსტად ვერ აღიქვამს, რა ვიზუალური შედეგი შეიძლება ამას მოჰყვეს. მაგალითად, როცა არის ოდნავ წინ წამოწეული თვალის კაკლები, ჩვენ თუ ბლეფაროპლასტიკის დროს ზედმეტ კანს სრულად მოვაშორებთ, ამგვარი თვალები ვიზუალურად უფრო წინ წამოწეული გამოჩნდება და მას ეს უნდა ესმოდეს. ხანდახან ისეც ხდება, რომ მოდიან პირდაპირი მოთხოვნით იმ პროცედურაზე, რომელიც ვიცი, რომ წარმატებული არ იქნება. ასეთ დროს ჯობს, არ ვითანამშრომლოთ მე და ამ ადამიანმა. ექიმებმა წინასწარ ვიცით, რა შედეგი იქნება და პაციენტისთვის, სანამ კარგად არ გაერკვევა დეტალებში, უფრო ვარდისფერში მოჩანს შედეგი. ასეთ პაციენტთან არ უნდა გააგრძელო თანამშრომლობა, რადგან ეს არაკეთილსინდისიერი საქციელი იქნება. იმის ფიქრი, რომ ეს ადამიანი მაინც რომელიმე სხვა ექიმთან გაიკეთებს ამ ოპერაციას და მოდი, ბარემ მე გავუკეთებ, ცალსახად არასწორია. ჯობს ეწყინოს, რომ პროცედურაზე უარი უთხარი, ვიდრე ცუდი შედეგი მიიღოს.
დაახლოებით 5 წლის წინ რომელ ოპერაციებსა და ჩარევებზე იყო დიდი მოთხოვნა და რა შეიცვალა ამ მხრივ დღეს, ახლა რა პროცედურებია პოპულარული?
დიდი სხვაობა არაა მაგ მხრივ. ცხვირისა და მკერდის ოპერაცია სულ იყო და არის მოთხოვნადი. ქალებში მოიმატა ძალიან ინტიმურმა პლასტიკამ, რომელშიც შედის გარეთა სასქესო ორგანოების ფორმების მოწესრიგება. ხშირია საშოს პლასტიკის ოპერაციები, განსაკუთრებით 2-3 ჯერ ნამშობიარებ ქალებში. დიდი მოთხოვნაა არაქირურგიულ ჩარევებზეც, რაც ადრე არ არსებობდა და დღეს უკვე არის ამის შესაძლებლობა. საშოს პლატიკისთვის პაციენტების 80%-ში ოპერაციის საჭიროება არ არის, საკმარისია გაკეთდეს ლაზერული ვაგინალური გაახალგაზრდავება, რომელიც 3-4 დღეში იძლევა ისეთ შეკუმშვას, რომელიც ოპერაციის შედეგს უტოლდება. თუმცა ცხადია, ექიმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ პაციენტზე გაამართლებს არაოპერაციული ჩარევა და რომელს სჭირდება უშუალოდ ოპერაცია.
ხშირად ხდება რაღაც პროცედურების საყოველთაო ატაცება და გატრენდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ იყო ბიშექტომიის ბუმი და ყველას უნდოდა ბიშეს ცხიმის მოშორება ლოყებიდან. მოვიდოდა ადამიანი, ვისაც ეს არ სჭირდებოდა და უკმაყოფილო მიდიოდა, როცა უარს ვეუბნებოდით ჩარევაზე. ამ პროცედურას თავისი უარყოფითი შედეგები მოჰყვება. ახლა კი გაკეთდება, მაგრამ 10 წლის შემდეგ სახე მეტად დანაოჭდება, მეტად დაეშვება და პროცედურას გრძელვადიან პერიოდში ნეგატიური შედეგი ექნება, რაც გასათვალისწინებელია.
ბატონო გია, რა მოთხოვნები აქვთ მამაკაცებს?
მამაკაცებს ადრე მხოლოდ ღიპი აწუხებდათ, ან ზოგადად, სხეულზე ზედმეტი ცხიმი. მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდა ჯიმში ინტენსიურად ვარჯიში, მამაკაცებს არ მოსწონთ ის, რომ მომდგარ მაისურებში ძუძუ მეტად გამოკვეთილია და შესაბამისად, იმატა გინეკომასტიის ოპერაციაზე მოთხოვნამ. ეს არის ცხიმისა და ჯირკვლის მოშორება ძუძუს მიდამოებში. მამაკაცებმა პრობლემის მოგვარების ეს გზა იპოვეს და ძალიან ხშირად მოგვმართავენ. ხშირად გვაკითხავენ მამაკაცები არაქირურგიულ პროცედურებზეც, ბოტოქსზე, ფილერზე.
რამდენად ეფექტურია აპარატურული პროცედურები? რამდენად შეიძლება, რომ ისინი განვიხილოთ ქირურგიული ჩარევების ჩამნაცვლებლად?
აპარატურული პროცედურები ძალიან ეფექტურია და შედეგიანი, თუმცა, ცხადია ყველა პაციენტს ინდივიდუალური საჭიროება აქვს და მხოლოდ მასზე მორგებული პროცედურის ჩატარებაა მიზანშეწონილი. როცა არის იმის შესაძლებლობა, რომ პაციენტს დამზოგავი აპარატურული პროცედურით მოვუგვაროთ პრობლემა, რასაკვირველია, ასეც ვიქცევით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ქირურგიული ოპერაცია აუცილებელია. ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აპარატურული პროცედურები მავნეა, რაც არასწორია. ყველაფერს თავის ჩვენება აქვს.
ბატონო გია, რომელია თქვენი საყვარელი პროცედურა?
ყველა პროცედურა საყვარელია, როცა იცი, რომ კარგ შედეგს მიიღებ. რა თქმა უნდა, მირჩევნია ნაკლებად გართულებადი ოპერაციები ჩავატარო. ერთი რაც ვიცი, ძალიან ვინდომებ ყოველი ოპერაციის წინ და თუ ვიცი, რომ რაღაც ვერ გამომივა, პირდაპირ ვეუბნები პაციენტს, ბოდიშს ვუხდი და ვწყვეტ თანამშრომლობას.

გვესაუბრეთ ესთეტიკური მედიცინის უახლეს მიღწევებზე, რაც თქვენს კლინიკაშიც არის დანერგილი.
ჩვენი დარგი ძალიან დაიხვეწა. ადრე იყო, მაგალითად, მხოლოდ ცხიმის გადანერგვა, ახლა კი უახლესი პროცედურაა Nano Fat – ნანო ტექნოლოგიით დამუშავებული ცხიმი, რომელიც არ ასუქებს, მაგრამ კანის ხარისხს დრამატულად ზრდის. პროცედურის შემდეგ ბზინავს პაციენტის კანი. რა შედეგსაც ბიორევიტალიზაციის შედეგად ვიღებთ, რომელიც საშუალოდ 2-3 კვირის განმავლობაში ნარჩუნდება, ისეთივე შედეგს ვიღებთ „ნანოფეტით“ თვეების განმავლობაში. პროცედურაზე რომ მოგიყვეთ, პაციენტის სხეულიდან ვიღებთ მცირე რაოდენობის, დაახლოებით 20 მლ ცხიმს, გამოვყოფთ ღეროვან უჯრედებს და ეგზოსომებს და მიღებული მასალა ბიორევიტალიზაციის ტექნიკით შეგვყავს კანში. პროცედურის მეორე დღესვე პაციენტი სამსახურში წავა და ვერავინ მიხვდება, თუ რაიმე აქვს გაკეთებული. ეს არის უახლესი პროცედურა, რომელიც ჩვენთან ინტენსიურად კეთდება, რადგან ძალიან მოსწონთ პაციენტებს მისი შედეგი. ეს პროცედურა დახვეწილი ტექნოლოგიის ეფექტია.
ძალიან კარგი პროცედურაა ასევე ულთერაპია, რომელიც ახლოს არის სახის ლიფტინგის ქირურგიულ ჩარევასთან. როცა ვიცით, რომ პაციენტთან გაამართლებს ულთერაპია და სათანადო ეფექტს მოგვცემს, აუცილებლად ვთავაზობთ. რა თქმა უნდა, ის ოპერაციას ვერ ცვლის, მაგრამ ძალიან ეფექტურია, როცა ძლიერად გამოხატული ფტოზი არ არის.
რამდენად დიდი მოთხოვნაა სახის ლიფტინგზე?
საკმაოდ მოთხოვნადი ოპერაციაა. სახის ლიფტინგი სერიოზული ოპერაციაა და მოითხოვს საკმაოდ მაღალ კვალიფიკაციას. ოპერაცია გრძელდება 3-4 საათს, რეაბილიტაციას დაახლოებით ერთი თვე სჭირდება, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს შედეგად, რომელიც 10-12 წელს ნარჩუნდება. ამ მიმართულებით შეიცვალა ტენდენცია, თუ ადრე მკვეთრად გადაჭიმული სახე იყო მოთხოვნადი, ახლა უფრო დაბალანსებულად კეთდება პროცედურა. ოპერაციის შემდეგ სახე მკვეთრად გაახალგაზრდავებულია, მაგრამ არ არის არაბუნებრივად გადაჭიმული. ზოგჯერ არის არარეალური მოთხოვნები პაციენტებისგან, რომ ოპერაციის შემდეგ გამოიყურებოდნენ 17 წლის ადამიანივით, რაც შეუძლებელია.
დღეს ძალიან დიდია ინფლუენსერების, ცნობილი ადამიანების გავლენა სილამაზის სტანდარტებზე. თქვენთან თუ მოსულან კონკრეტული ადამიანის მსგავსი ნაკვთის სურვილით?
კი, რა თქმა უნდა, ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევა, თუმცა რაც დრო გადის, უფრო ნაკლებად. პაციენტს ესმის, რომ ყველას ინდივიდუალური გარეგნობა აქვს და ესა თუ ის ნაკვთი ყველა სახეს ერთნაირად ვერ მოუხდება. ხანდახან აქვთ მსგავსი სურვილები, მაგრამ ეს ჩვენი მოვალეობაა, ავუხსნათ ამა თუ იმ პროცედურის ან ოპერაციის შემდეგ შედეგი როგორი იქნება.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი












