უკვე მეოთხე წელია – საბავშვო ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტის “რანინა” გამარჯვებული მიემგზავრება. წელს ეს მისია 10 წლის ნიკო ქაჯაიას ერგო. სწორედ ნიკომ გაიმარჯვა პროექტში და ის წარადგენს საქართველოს Junior Eurovision 2021 კუნკურსზე პარიზში. ნიკოლოზ ქაჯაია, სიმღერით „Let’s Count The Smiles” წარსდგება ევროპის წინაშე. Junior Eurovision 2021 საფრანგეთის დედაქალაქში – პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება.
OK! გაესაუბრა Junior Eurovision 2021-ის მონაწილეს, ნიკო ქაჯაიას.
ნიკო, უპირველეს ყოვლისა, გილოცავ გამარჯვებას, მოგვიყევი შენს პირველ ემოციებზე, რა განცდა დაგეუფლა, როდესაც გაიაზრე, რომ Junior Eurovision-ში მიიღებდი მონაწილეობას?
ძალიან გახარებული ვარ, რომ გავიმარჯვე პროექტ „რანინაში“, ძალიან გახარებული ვარ იმითაც, რომ მივფრინავ პარიზში, ეს ჩემი პირველი ფრენაა საზღვარგარეთ ამიტომ ეს მოგზაურობა ჩემთვის განსაკუთრებულია. ასევე ძალიან მახარებს ისიც, რომ მე უნდა წარვადგინო საქართველო ევროვიზიაზე, ამით ძალიან ბედნიერი ვარ. პარიზში აუცილებლად ვნახავ ეიფელის კოშკს და დისნეილენდს, იმედი მაქვს, რომ ამის დრო დამრჩება.
შენ რომ იყო Junior Eurovision-ის მაყურებელი, ვის დაუჭერდი მხარს?
რა თქმა უნდა, მე მხარს ნიკო ქაჯაიას დავუჭერდი. ხოლო მონაწილე რომ არ ვიყო, საფრანგეთის წარმომადგენელს ვუგულშემატკივრებდი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორია Junior Eurovision-ში დიდი ხნის წინ დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების მუსიკალური ფესტივალია, რომელზეც ქვეყნის წარმომადგენელს საზოგადოებრივი მაუწყებლები სხვადასხვა შერჩევის გზით ავლენენ, ან თავად ასახელებენ. საქართველო აქტიურად მონაწილეობს ევროვიზიის კონკურსზე და აგრძელებს ქართული, კავკასიური ხმის ტემბრითა და უნიკალური ჟღერადობით მსოფლიოს გაოცებას. ამასთან საქართველო მონაწილეთა შორის რეკორდსმენიცაა, ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო მუსიკალური აღიარება სამჯერ მოიპოვა და საპატიო ადგილიც დაიკავა გლობალურ მუსიკალურ სივრცეში. პირველად, 2008 წელს, გიგა კუხიანიძის სიმღერით მსოფლიოს ყურადღება ჯგუფმა „ბზიკებმა“ მიიპყრო, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი შიოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი და მარიამ კიკუაშვილი. ბზიკები 2008 წლის საბავშვო ევროვიზიის კონკურსში მონაწილეთა შორის ყველაზე პატარები, ათი წლისები, იყვნენ. მათ საქართველოს პირველი გამარჯვება და სიამაყე აჩუქეს. მეორედ, 2011 წელს, საქართველოს პრეზენტაცია დიდ აუდიტორიასთან, ქართულმა ჯგუფმა „ქენდიმ“ სცადა და პირველ ადგილზეც გავიდა, 2016 წელს მალტაზე გამართული კონკურსი კი მარიამ მამადაშვილმა მოიგო. ამასთან, საქართველომ Junior Eurovision-ზე ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი და სამჯერ მოხვდა საუკეთესო ხუთეულში. საქართველოს ხმა, ამჯერად ნიკო ქაჯაია, შეეცდება მნიშვნელოვანი გლობალური ღონისძიების “ევროვიზიის“ მთავარი გმირი გახდეს და საკუთარი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელოს. უფრო ვრცლად პროექტზე და სამომავლო გეგმებზე, კომპოზიტორი და პროდიუსერი, გიგა კუხიანიძე ისაუბრებს.
OK! ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის კომპოზიტორსა და პროდიუსერს, გიგა კუხიანიძეს გაესაუბრა.
რა არის ის მთავარი საიდუმლო, რაც Junior Eurovision-ს ახლავს, როგორ ხდება ისე რომ ჩვენი პატარა კონკურსანტები ევროპიდან ხშირად გამარჯვებულები ბრუნდებიან?
წარმატების საიდუმლო ჩვენი პროექტისადმი სიყვარულია. ამდენად, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ის არის წარმატების საწინდარი, ამ ყველაფერს დიდ ენერგიას ვუთმობ და მიფასდება კიდეც ჩემი შრომა… ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ ჯადოქრები, რომ წინასწარ გავთვალოთ რაღაცები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წინასწარ გათვლა ან რაღაც ხედვა გაგვაჩნდეს.
რა როლს თამაშობს საბავშვო კონკურსები ბავშვების სამომავლო კარიერაში, ეს როგორც დიდ სიხარულთან, ასევე დიდ სტრესთანაცაა დაკავშირებული, ამაზე რას იტყვით?
სანამ ბავშვი ევროვიზიის სცენაზე დადგება, ის ჩვენი გუნდის მიერ ფსიქოლოგიურად არის მომზადებული. მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ ვერ გაიმარჯვებს, ამით არაფერი მთავრდება, ეს კი მხოლოდ სიტყვები არაა, ყველა ჩვენმა კონკურსანტმა იცის ეს. საკმაოდ მყარად აქვთ გააზრებული კონკურსის მნიშვნელობა. ჩვენი ევროვიზიელების ცხოვრებაში დიდ როლს თამაშობს ევროვიზია, ეს ერთგვარი პრესტიჟია. ყოფილი ევროვიზიელები საზღვარგარეთ დიდი ყურადღების ქვეშ ექცევიან, ისინი ყველასგან გამორჩეულები არიან, რადგან აქვთ ის ძალიან საჭირო გამოცდილება, რასაც ჰქვია ევროვიზია.
გაქვთ კომუნიკაცია ყოფილ ევროვიზიელებთან?
რა საკვირველია, ჩვენ მეგობრები ვართ. ასაკობრივი ზღვარიც კი არ გაგვაჩნია იმიტომ, რომ დიდები არიან, ზოგი 24 წლის, ზოგი 25-ის. არანორნალური სიყვარული დამრჩა მათგან, რისი გაწყვეტაც წარმოუდგენელია.
როგორ შეაფასებთ ნიკოს შესაძლებლობებს და რა აქვს ნიკოს ისეთი, რაც გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარება?
მე ნიკოს ადრეც ვიცნობდი. ძალიან გამიხარდა, რომ იგი გახდა „რანინას“ გამარჯვებული. მას აქვს ძალიან დიდი შანსი გამარჯვების, მგონია, რომ საუკეთესოა. თუ Junior Eurovision-ზე ისე შეაფასებენ კონკურსანტებს, როგორც ყველაზე ბავშვურებს, მაშინ ნიკო უპირობოდ გაიმარჯვებს, საბავშვო პროექტი არის საბავშვო პროექტი. ზოგჯერ კარგავს Junior Eurovision კრიტერიუმებს და დიდებისთვის შესაფერისი, ცოტა სხვა კომპონენტებით იწყებენ კონკურსანტის შეფასებას, ეს არ მოგვწონდა, იმიტომ, რომ ჩემთვის Junior Eurovision არის ბავშვურობა, რაც ნიკოს ნამდვილად აქვს. შარშან, როდესაც საფრანგეთმა გაიმარჯვა აბსოლუტურად ბავშვური პროექტი იყო და მივესალმები, თუ საკითხი ბავშვურობაზე მიდგება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკო იქნება უპირობო ლიდერი. მას აქვს ქარიზმა, არის ძალიან სიმპატიური, არის ძალიან თავისუფალი სცენაზე, სიმღერაზე არაფერს ვამბობ, ძალიან მყარია, როგორც მომღერალი, აქვს ორიგინალური პლასტიკა, რომელიც ნასწავლი არ არის, აქვს ბავშვის ენერგეტიკა და ბოლოს ინდივიდუალურია, რაც ხალხს ძალიან მოსწონს. ამდენად, გგვონია, რომ ნიკო გაიმაჯვებს.
როგორია თქვენი მოლოდინები 19 დეკემბრისთვის?
თუ გადავხედავთ კომენტარებს, ხალხის გამოხმაურებას, იგი აუცილებლად გაიმარჯვებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროვიზიაზე ხმის მიცემის წესებში ცვლილებაა, ახლა უკვე შესაძლებელია ხმის მიცემა საკუთარი ქვეყნისთვის. მაგალითად, უზარმაზარი ქვეყნები როგორიცაა იტალია, გერმანია ეს დიდი სახელმწიფოებია და ბევრ ხმასაც მიიღებენ, ჩვენ კი პატარა ერი ვართ… თუმცა გვაქვს ჩვენი მოქალაქეების იმედი, ასევე იმ უცოხელი მეოგობრების იმედიც, რომელნიც ჩვენი დიდი მეგობრები და გულშემატკივრები არიან. ჩვენ ვგრძნობთ უცხოელების მხრიდან სიყვარულსა და დადებით ემოციებს და ეს გვაფიქრებინებს, რომ დიდი შანსები გვაქვს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ გამარჯვებისთვის…
შეგახსენებთ, რომ ევროპის უდიდესი ფესტივალი Junior Eurovision ყოველწლიურად იმართება. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია 19 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. საფრანგეთი გასული წლის Junior Eurovision-ის გამარჯვებული ქვეყანა გახდა, როცა 11 წლის მომღერალმა, ვალენტინამ, თავის სამშობლოს პირველი წარმატება სიმღერით J’imagine მოუტანა, სწორედ ამიტომ წელს კონკურსი საფრანგეთში, პარიზში ჩატარდება და მისი სლოგანიც სიმბოლურად „Imagine” იქნება.
19 დეკემბერს, 19:00 საათზე მე-19 ევროვიზია საქართველოს პირველი არხის ეთერში – წარმატება ნიკო ქაჯაიას.