მეგან მარკლის მამას, 82 წლის თომას მარკლს, ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალის ფლობაში ადანაშაულებენ.
საქმის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის ოქტომბერში გავრცელდა. გამოცემა Entertainment Weekly-ს ცნობით, მეგან მარკლის ნახევარძმამ, თომასმა, მამის ყოფილ საცხოვრებელში, ფილიპინების ქალაქ სებუში, ნივთების დათვალიერებისას რამდენიმე ყუთი აღმოაჩინა. მისი მტკიცებით, ყუთებში ელექტრონული მოწყობილობები და ციფრული თუ სხვა ტიპის მასალები ინახებოდა, რომლებშიც ბავშვთა სექსუალური ძალადობის ამსახველი სავარაუდო ფოტოები იყო.

სავარაუდო უკანონო მასალა რამდენიმე კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონში იყო შენახული. მან საქმის შესახებ ფილიპინების პოლიციას შეატყობინა და ინფორმაცია აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც (FBI) მიაწოდა.
გამოძიების მიმდინარეობისას ხელისუფლებამ ელექტრონულ მოწყობილობებში შენახული მონაცემების შესასწავლად შესაბამისი სამართლებრივი ნებართვის მოპოვებაც განიხილა. ფილიპინების პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველებთან ითანამშრომლებს.

გამოცემა ITV News-ისა და სხვა საერთაშორისო მედიასაშუალებების ცნობით, თომას მარკლის პირველი მეუღლე, როსლინ ლავლესი, 2024 წელს გარდაიცვალა. 2019 წელს იგი ლონდონის პოლიციას წერილით დაუკავშირდა. წერილში ის ყოფილ ქმარს არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდა.
როსლინის განცხადებით, თომასი მას ტაილანდსა და ფილიპინებში მოგზაურობის შესახებ ესაუბრა და უთხრა, რომ იქ არასრულწლოვნებთან სექსუალური კავშირი კანონიერი იყო.
რას პასუხობს თომას მარკლი ბრალდებებს?

მეგან მარკლის მამა ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. Daily Mail-თან საუბრისას მან მომხდარს სიცრუე უწოდა.
თომას მარკლი ამტკიცებს, რომ კომპიუტერები, რომლებშიც სავარაუდო უკანონო მასალა აღმოაჩინეს, 2025 წლიდან მის მფლობელობაში აღარ არის. ამბობს იმასაც, რომ მოწყობილობები მექსიკაში ყუთებში მოათავსეს, შემდეგ კი ფილიპინებში გადაიტანეს. მარკლის თქმით, მან არ იცის, ვის ჰქონდა მათზე წვდომა ამ პერიოდში.

როგორ გამოეხმაურა მეგან მარკლი მამის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს?
მამის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს თავად სასექსის ჰერცოგინიაც გამოეხმაურა:
„ღრმად დამწუხრებული ვარ ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციით. ჩემი ფიქრები ყველა იმ ბავშვთანაა, რომელსაც ზიანი მიადგა“, -განაცხადა მან.

მეგანის თქმით, მან მამის წინააღმდეგ არსებული შემაშფოთებელი ბრალდებების შესახებ წლების წინ შეიტყო.
„იმედი მაქვს, ახლა გასაგები იქნება, რომ მამაჩემთან დისტანციის შენარჩუნებასა და ჩვენი შვილებისთვის მასთან ურთიერთობის შეზღუდვას ერთი მიზეზი ჰქონდა -მათი დაცვა“, – აღნიშნა მეგანმა.
თავად ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.









