გიორგი პაპავას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. ის ჯერ კიდევ 18 წლის ასაკიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ცხოვრობს, 23 წლის ასაკში კი საბერძნეთში საქართველოს ელჩიც გახდა. ახლა გიორგი ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე გადადის, OK-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში ნახსენები მიზანი მან უკვე რეალობად აქცია და საავტორო გადაცემა შექმნა. ამ ინტერვიუში გიორგი უფრო ვრცლად მოგვიყვება მისი ახალი პროექტის შესახებ.
გიორგი მოგვიყევით თქვენი სიახლეების შესახებ, კერძოდ კი საავტორო გადაცემაზე, რატომ და როდის გადაწყვიტეთ მისი შექმნა?
გამარჯობა, პირველ რიგში უღრმესი მადლობა დაინტერესებისთვის და მივესალმები თქვენს ერთგულ მკითხველსაც. არსებულ გადაცემაზე ფიქრი 3 წელზე მეტია რაც დავიწყე და სხვათა შორის ახალგაზრდა ელჩობის მანდატის დროს, თქვენთან ინტერვიუშიც კი ვახსენე ეს თემა და აი ახლა სწორედ ამ პროცესებში ვარ, გადაცემა უკვე დავიწყე და პირველი სეზონის საპილოტე ეპიზოდის ნახვა ყველას შეუძლია. ზუსტად ეს არის ჩემი საავტორო გადაცემის მთავარი ნიშაც! არასდროს არ უნდა დავნებდეთ, ჩვენი მიზნების განსახორციელებლად ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც მე ვებრძოდი საკუთარ თავს და სამყაროს ამ პროექტის დასაწყებად.
რეალურად ეს იქნება პლატფორმა, საიდანაც საკმაოდ მასშტაბურ გეგმებს განვახორციელებ, არსებული გადაცემა კი პლატფორმის პირველი პროექტია, სადაც ბევრად საინტერესო რაღაცები გველის. იდეა მაშინ დაიბადა, როცა მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება უკვე სცენარია: რისკები, ქვეყნები, გამოწვევები, დიდი მიზნები. არ მინდოდა მხოლოდ სხვისი წარმატებების კომენტატორი ვყოფილვიყავი, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარვიყავი მთავარი გმირი საკუთარ ისტორიაში და ამას ხშირად ვიძახი, რომ ადამიანებს რატომღაც გვავიწყდება ხოლმე საკუთარი ისტორიის იდეის ავტორები, მწერლები და მთავარი გმირები რომ ჩვენ ვართ, ხო და მე უკვე ავირჩიე ჩემი ჟანრი და ვიცი რა სტილში გავაგრძელებ ჩემი ისტორიის წერას და ვიმედოვნებ მკითხველსაც დავაინტერესებ.

რამ მოგცათ მოტივაცია, რომ ეს პროექტი განგეხორციელებინათ?
პირველ რიგში ყველაფრის მოტივაციას ჩემი სამი პატარა ძმა მაძლევს, შეიძლება გარედან ყველაფერი საკმაოდ ლამაზად შეფუთული ჩანს, მაგრამ არ მინდა ის სირთულეები გაიარონ რასაც მე გავდიოდი, მინდა გზა გავუკვალო ჩემს ძმებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს და შემდეგ უკვე ყველა ბავშვს! ვხედავ ბევრ ახალგაზრდას, ვისაც აქვს პოტენციალი, მაგრამ აკლიათ მაგალითი.
შეიძლება ამბიციურად ჟღერს, მაგრამ მე მინდა ვიყო ეს მაგალითი, არ არის აუცილებელი ყველას მოვწონდე, არც ხალხის სიყვარულს არ ვითხოვ, მე მინდა რომ მიყურონ და ჩემს შეცდომებსა და წარმატებებზე მიიღონ გამოცდილება. ყველაფრის თავისუფლად გაზიარებას ვაპირებ აუდიტორიისთვის! მინდა, რომ ყველა ახალგაზრდას ამბიციური მიზანი ჰქონდეს და ამისთვის ძალიან ბევრი იშრომონ! საკუთარ თავს უნდა აჯობონ! შესაბამისად, ვარ ადამიანი, რომელიც არ ელოდება შესაძლებლობებს და თავად ქმნის მას.
რა სახისა და შინაარსის იქნება თქვენი გადაცემა?
ეს არ იქნება უბრალოდ ვლოგის სტილის გადაცემა. ეს იქნება ერთი ბიჭის რეალითი შოუ! ქვეყნები, ექსტრემი, კულტურა, ბიზნესის ძიება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური გამოწვევები. მაყურებელი ნახავს არა მხოლოდ ლამაზ კადრებს, არამედ პროცესს, როგორ ყალიბდება ადამიანი ძიების პროცესში. ყოველი ეპიზოდი იქნება საკუთარ მესთან დაახლოება, პიროვნული ზრდა და საკუთარ თავზე გამარჯვება! პარალელურად კი, რა თქმა უნდა, მაყურებელი მიიღებს ტურისტულ რჩევებსაც. ვიმედოვნებ შემეძლება ჩემი გადაცემის ყურებისას ჩემს გამომწერებს სუნი და გემოც კი ვაგრძნობინო, ამაზე ჯერ სამუშაოა და ვგონებ, რომ პროცესში ამ ყველაფერსაც ვისწავლი.

სად შეგვიძლია, რომ თვალი ვადევნოთ ამ ახალ პროექტს?
მე ზოგადად ტელევიზორის წინ გაზრდილი ბავშვი ვარ და ძალიან მიყვარს სატელევიზიო გადაცემები, შოუბიზნესი და ეს რაღაცნაირად თავისებური მოყვითალო პრესა, მაგრამ სადღეისოდ საქართველოში შოუბიზნესი აღარ გვაქვს და სატელევიზიო ეპოქაც დასასრულს მიუახლოვდა, ამიტომ გადავწყვიტე შევქმნა ჩემი პატარა სამყარო და YouTube არხი “PAPAVA” იქნება პლატფორმა, საიდანაც ყველა პროექტს გაგიზიარებთ.
დაბოლოს, რას ურჩევდით თქვენს მაყურებელს?
საკუთარ ეგოსთან ჭიდილს, შინაგან მეზე გამარჯვებას, ქვეცნობიერში ჩაღრმავებას და საბოლოოდ საკუთარ თავთან დაახლოებას და იმის გაცნობიერებას რომ ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, თუნდაც ახლა, ამ წამს არაფერი არ გაგაჩნდეთ, მთავარია თქვენი თავის გწამდეთ და ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.

ტექსტი: მარიამ შულაია
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! ELCHI.GE – პირველი ქართული საინფორმაციო პლატფორმა ემიგრანტებისთვის












