გიამბობთ კაფე „სუროს“ შესახებ, რომელიც თავს შეგაყვარებთ, სიჯანსაღით აგავსებთ და გემრიელ კერძებთან ერთად თქვენს დღეს კიდევ უფრო გაალამაზებს. ეს არის ადგილი, რომლის დაფუძნების იდეაც მცენარეების სიყვარულმა განაპირობა. აქედან გამომდინარე, გარემო, რომელიც აქ მოსულ სტუმრებს ხვდებათ, სულ სხვა სამყაროში გაგრძნობინებთ თავს. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, უფრო დეტალური და ვრცელი ინფორმაციისთვის გთავაზობთ ინტერვიუს „სუროს“ მენეჯერ თამარ ხეხელაშვილთან.
უპირველესად, გაგვაცანით რესტორნის დაფუძნების ისტორია. რამდენი ხანია რაც ბაზარზე გამოჩნდა?
„სუროს“ დაფუძნების იდეა მცენარეების სიყვარულმა შთაგვაგონა, მათი მოვლა და მათზე ზრუნვა იმდენად დიდ სიამოვნებას გვგვრიდა, მათი ცქერა კი სულიერ სიმშვიდეს გვანიჭებდა, გადავწყვიტეთ ეს სიამოვნება სხვებისთვისაც გაგვეზიარებინა, სწორედ ასე შეიქმნა „სურო“, რომლის მთავარი მამოძრავებელი იდეა მცენარეების სიყვარული და ორგანული და ჯანსაღი კერძები და დესერტებია.
მიუხედავად ბაზარზე არსებობის მოკლე პერიოდისა, სტუმრებმა ზუსტად ისევე შეიყვარეს ჩვენი კაფე და მცენარეები, როგორც ეს ჩვენ მოვახერხეთ და მათთან ერთად ვქმნით და ვხვეწთ ჩვენს გარემოს.
რას სთავაზობთ საზოგადოებას?
„სურო“ სტუმრებს ჰპირდება ჯადოსნურ, მცენარეებით სავსე გარემოს, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზადაა სიჯანსაღით აგავსოთ და დამღლელი დღე შეგიმსუბუქოთ.
სიყვარულით დამზადებული კერძები და არომატული ყავა თუ ჩაი კი გაწბილებულს არცერთ ჩვენს სტუმარს არ დატოვებს.
მაგრამ, როგორც ამბობენ, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო, ამიტომაც ყველანაირი ინტერესისა თუ გემოვნების ადამიანს გეპატიჟებით, რომ თავად დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში.
სად მდებარეობს რესტორანი?
„სურო“ ცოტნე დადიანის 12-ში მდებარეობს. ჩვენი მიზანი, ჩვენს უბანში ახალი სივრცის შექმნა იყო, რომელიც ჩვენს მეზობლებსა და სხვა მცხოვრებლებს განტვირთვისა და დროის მშვიდად გატარების საშუალებას სახლთან ახლოს მისცემდა.
გვესაუბრეთ გარემოზე, რომელიც რესტორანში მოსულ სტუმრებს ხვდებათ.
ახლა ორიოდე სიტყვა იმ თვალწარმტაც გარემოზეც უნდა ვთქვათ, ხმაურისგან დაღლილ ქალაქში რომ ზურმუხტისფრად აკიაფებულ სიმშვიდედ გევლინებათ და ახალი გასტრონომიული აღმოჩენებისკენ დიდი სიყვარულით გიხმობთ.
სიმყუდროვეში ჩაფლული შიდა სივრცითა და მზის სინათლით გასხივოსნებული ვერანდით, „სურო“ ის ადგილია, დამღლელი დღის შემდეგ სიმყუდროვის მაგიურობას მთელი სიცხადით რომ შეგაგრძნობინებთ და ერთი ნახვით შეყვარებაშიც სამუდამოდ დაგარწმუნებთ.
სამზარეულოზეც გვიამბეთ.
„სურო“ ბრენდშეფი გიორგი ჭულუხაძეა, ასევე საქართველოს სხვა წამყვანი რესტორნების ბრენდშეფი.
„ამას თავისი შემოქმედება რომ უყვარს, ისე ცოტას – მისი შვილიო“, ამბობენ და არცთუ უსაფუძვლოდ.
სწორედ ის ზრუნავს „სუროს“ მენიუზე, არც ძველს ივიწყებს და არც სიახლეების ეშინია, ამიტომ ევროპული ტექნოლოგიების დახმარებით ქმნის ისეთ შედევრებს, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხეს გემრიელად მოგატარებთ.
რა მიგაჩნიათ რესტორნის ნიშად?
„სუროს“ ნიშაზე რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, საბოლოო სიტყვა ალბათ მაინც ჩვენს სტუმრებს ეთქმით, რომლებიც განსაკუთრებულად ჩვენს გარემოს, მეგობრულობას და კერძებს გამოარჩევენ.
სამომავლო გეგმები გაგვიზიარეთ.
„სუროს“ მიზანი საკუთარი თავისა და ჩვენი მცენარეების შემეცნებაა, სწორედ ამიტომ არასდროს შევწყვეტთ ძიებასა და განვითარებას. ყველა ახალ სეზონს „სურო“ ახალი, განახლებული მენიუთი შეხვდება, რათა მუდამ საინტერესო და გემრიელი შეთავაზებების კორიანტელი დავატრიალოთ, ასევე ვგეგმავთ ჩვენი მასპინძელი მცენარეების გაცნობით საღამოებს, სადაც უფრო მეტს მოგიყვებით მათ მოვლასა და პატრონობაზე.