2 სექტემბერს ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დაიწყო – იტალიის ქალაქი მომდევნო 10 დღის განმავლობაში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იქნება. 12 სექტემბრამდე მაყურებელი არაერთ მნიშვნელოვან პრემიერას იხილავს, მთავარი კონკურსის 21 ფილმი კი „ოქროს ლომისთვის“ იბრძოლებს.

წლევანდელი მოწვეული ვარსკვლავების სია საკმაოდ შთამბეჭდავია. ვენეციაში ელოდებიან რობერტ პატინსონს, რუნი მარას, პენელოპე კრუსს, ხავიერ ბარდემს, სემ როკუელს, ჯონ მალკოვიჩს, ქეით მარას, ორლანდო ბლუმს, პოლ დანოს, კლერ ფოის, ჯეკ ო’კონელს და სხვა ცნობილ მსახიობებს. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნოელ და ლიამ გალაჰერების გამოჩენაც – ძმები ვენეციაში Oasis-ის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის წარდგენას დაესწრებიან.

ფესტივალი დენი ბოილის „Ink“-ით გაიხსნება. ფილმი ჯეიმს გრეჰემის ცნობილი პიესის კინოადაპტაციაა და 1969 წელს განვითარებულ მოვლენებზე – რუპერტ მერდოკის მიერ ბრიტანული გაზეთის, „The Sun“-ის შეძენასა და გამოცემის ახალი ეპოქის დაწყებაზე მოგვითხრობს.
მერდოკის როლს გაი პირსი ასრულებს, ჯეკ ო’კონელი კი გაზეთის რედაქტორ ლარი ლემს განასახიერებს.
მთავარ კონკურსში წელს 21 ფილმია წარმოდგენილი. პროგრამაში რამდენიმე ცნობილი რეჟისორის დაბრუნებასაც ვიხილავთ.

მარტინ მაკდონა ვენეციაში „Wild Horse Nine“-ით ბრუნდება. ფილმში მონაწილეობენ ჯონ მალკოვიჩი, სემ როკუელი, სტივ ბუშემი, მარიანა დი ჯიროლამო, აილინ სალასი, ტომ უეიტსი და პარკერ პოუზი. ნამუშევარი 1970-იანი წლების CIA-ს აგენტების ისტორიას ეხება.
მაყურებელი ნახავს კეისი აფლეკის „Company“-საც. ფილმში ნიკ ნოლტი, ბენ მენდელსონი, ადელაიდ კლემენსი, სკუტ მაკნეირი, ემილი ალინ ლინდი და აფლეკის ოჯახის წევრები, მათ შორის კეილის, ატიკუს და ინდიანა აფლეკები მონაწილეობენ. ისტორია სხვადასხვა თაობისა და ერთმანეთში გადახლართული ამბების ფონზე ვითარდება და მწუხარების, შურისძიების, პატიებისა და თანაგრძნობის თემებს ეხება.
სამხრეთკორეელი რეჟისორი ლი ჩანგ-დონი კი „Possible Love“-ით ბრუნდება. ფილმში ორი დაქორწინებული წყვილის ურთიერთობები და შრომის, თავისუფლებისა და პირადი სურვილების თემებია წამოწეული.

კონკურსშია ასევე ლენს ოპენჰაიმის „Primetime“, რომელშიც რობერტ პატინსონი ტელეწამყვან კრის ჰანსენს განასახიერებს.
მთავარ პროგრამაშია ირანელი რეჟისორის ალი ასგარის „Kami nour (A Bit of Light)“, მარკო ბეჩისის „Ritorno a Buenos Aires“, სტეფან ბრიზეს „Un bon petit soldat“, ედოარდო დე ანჯელისის „Il fuoco che ti porti dentro (The Fire Within You)“, მაი ელ-ტუხის „Kvinde Ukendt (Woman Unknown)“, ილია ხრჟანოვსკის „Dau“, ნიკოლა პარიზერის „Un peu avant minuit“, ანდრეა პალაოროს „The Echo Chamber“, პაოლო სტრიპოლის „L’estranea“, შინია ცუკამოტოს „Mr. Nelson, Did You Kill People?“ და სხვები.
ჟიური

ჟიურის შემადგენლობაში ასევე შედიან ტუნისელი რეჟისორი და სცენარისტი კაუთერ ბენ ჰანია, ინგლისელი კომპოზიტორი და არტისტი დენიელ ბლუმბერგი, იტალიელი პროფესორი და კინოს მკვლევარი ფრანჩესკო კასეტი, ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ქსავიე ჯანოლი, ავღანელი რეჟისორი და სცენარისტი შარბანუ სადათი და ჰონგ-კონგელი რეჟისორი და პროდიუსერი ჯონი ტო.
ჟიურის პრეზიდენტი წელს მეგი ჯილენჰოლია – ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.
საპატიო ჯილდოები

ცხოვრებისეული მიღწევისთვის “ოქროს ლომს” წელს ორი მსახიობი მიიღებს – ჯორჯ კლუნი და ელენ ბერსტინი.
კლუნი ჯილდოს ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე, 2 სექტემბერს, მიიღებს. მას პრიზს მსახიობი ლორა დერნი გადასცემს. ცერემონია Sala Grande-ში გაიმართება – ორგანიზატორებს სურთ ყურადღება გაამახვილონ არა მხოლოდ კლუნის ვარსკვლავურ იმიჯზე, არამედ მის, როგორც მსახიობისა და რეჟისორის, მრავალწლიან კარიერაზე.
კიდევ ერთი „ოქროს ლომი“ ცხოვრებისეული მიღწევისთვის 93 წლის მსახიობ ელენ ბერსტინს გადაეცემა. მისი დაჯილდოება მეგი ჯილენჰოლის მოკლემეტრაჟიან ფილმს, „Flesh Impact“-ს უკავშირდება, რომელიც მერლინ მონროს დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

რეჟისორი ლუკა გუადანინო წელს Cartier Glory to the Filmmaker 2026 Award-ს მიიღებს. ჯილდოს გადაცემის ცერემონია 8 სექტემბერს გაიმართება. ამის შემდეგ მაყურებელი მის ახალ დოკუმენტურ ფილმს, „Joie de vivre“-ს იხილავს – 435-წუთიან ნამუშევარს, რომელიც ბერნარდო ბერტოლუჩისა და XX საუკუნის კინოს ეძღვნება. ფილმში მარტინ სკორსეზე, ჯერემი თომასი, ჯეიმს გრეი, დევიდ კრონენბერგი, ალფონსო კუარონი, კატრინ ბრეია და დებრა ვინგერი მონაწილეობენ.
10 სექტემბერს კი იტალიელ მსახიობ სერენა როსის Campari Passion for Film Award-ს გადასცემენ. ჯილდოს ცერემონია მარიო მარტონეს ფილმის „Scherzetto“ ჩვენებამდე გაიმართება.
პოლიტიკა და ომი ეკრანზე
2026 წლის პროგრამაში თანამედროვე პოლიტიკური და სოციალური საკითხები განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება.
მთავარ კონკურსში წარმოდგენილია „NAZA“ – იუვალ აბრაამისა და რეიჩელ სორის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ღაზაში მიმდინარე ომსა და მის ადამიანურ შედეგებს ეხება. ნამუშევარი ფესტივალის პროგრამას მოგვიანებით დაემატა და მისმა ვენეციაში მონაწილეობამ პალესტინის მხარდამჭერი ჯგუფების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ილია ხრჟანოვსკის ფილმმა „Dau“ – ნამუშევარი მაყურებელს საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტის ჩაკეტილ სამყაროში ამოგზაურებს, სადაც ცოდნა, ძალაუფლება და კონტროლი ერთმანეთისგან თითქმის განუყოფელია. მისი სიუჟეტური და ატმოსფერული ხაზი კი საბჭოთა ფიზიკოსების, მათ შორის ატომური ბომბის შექმნაზე მომუშავე მეცნიერების ისტორიებით არის შთაგონებული.
ფილმის ვენეციის პროგრამაში მოხვედრას უკრაინული მხარის კრიტიკა მოჰყვა. რეჟისორმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ნამუშევარი რუსეთის პროპაგანდას არ ემსახურება და თავად რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს ეწინააღმდეგება.
ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი 12 სექტემბრამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დღეს გამოვლინდებიან მთავარი კონკურსის გამარჯვებულები. მანამდე კი არაერთი პრემიერა, წითელი ხალიჩა, ვარსკვლავური გამოჩენა და მნიშვნელოვანი კინოპრემიერაა დაგეგმილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
#OK! დევიდ ფინჩერის კინოსამყარო – ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
#OK! დაკოტა ჯონსონი მერილინ მონროს როლში – ფილმი ჰოლივუდის ლეგენდის აქამდე უცნობ მხარეს გვაჩვენებს












