მოხალისეობა ეს არის უანგარო, ნებაყოფლობითი საქმიანობა საზოგადოების საკეთილდღეოდ. იგი შესანიშნავი შესაძლებლობაა, გამოიყენო შენი დრო და უნარ-ჩვევები ადამიანების დასახმარებლად. მოხალისეობის უპრეცედენტო მაგალითი ქართულმა საზოგადოებამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ იხილა, როცა ათასობით მოხალისე თბილისის ქუჩებში სტიქიისგან მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად გამოვიდა.
მოხალისეობის, თანადგომის, მორალური გაძლიერების საუკეთესო მაგალითი სულ ახლახან შოვში ვიხილეთ. შოვში, სადაც 3 აგვისტოს საშინელი ტრაგედია დატრიალდა. სტიქია, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ვიკა ფილფანი, თამარ კანკავა, ეთო არსენიძე, მათე ჭანტურია და გლოლელი ქეთი მამულაშვილი იყვნენ
ერთ-ერთი პირველნი, ვინც შოვში მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩაერთნენ.
მათთვის მოხალისეობა მათი წილი პასუხისმგებლობა, ადამიანების სიყვარული და ქვეყნის სიყვარულია.
სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი.
მჯერა, რომ ასეთი ახალგაზრდები გახდიან ამ ქვეყანას ისეთს, როგორსაც ის ნამდვილად იმსახურებს, ერთიანს, დამოუკიდებელსა და ძლიერს.
მანამდე კი ყველამ გულწრფელად და უდიდესი პატივისცემით უნდა ვუთხრათ მოხალისეებს მადლობა.
მადლობა იმისთვის, რომ არიან იქ, სადაც მათ ქვეყანას სჭირდება. არიან იქ, სადაც არ ვართ ჩვენ და აკეთებენ იმას, რასაც ვერ ვაკეთებთ ჩვენ…
ვიკა ფილფანი – მოხალისე სვანეთიდან, სამოქალაქო აქტივისტი, არაფორმალური განათლების ტრენერი, დაკავებულია რამდენიმე ექსტრემალური სპორტით – პარაგლაიდინგი, სნოუბორდი, ცხენით ჯირითი. არის მოყვარული ალპინისტი და პროფესიონალი საფეხმავლო გამყოლი. იკვლევს სვანურ კულტურულ მემკვიდრეობას და მეგობრებთან ერთად აკეთებს სამაგიდო თამაშს სვანურ მითოლოგიაზე.
როდის და როგორ გახდით მოხალისე?
მოხალისეობრივი საქმიანობა ძალიან პატარამ, სკოლის პერიოდში დავიწყე. ბავშობიდანვე ვფიქრობდი, რომ თითოეული მოქალაქის ვალი და პასუხისმგებლობაა მისი რესურსის გამოყენება საჭირო დროს საჭირო ადგილას. სკოლის პერიოდიდან მოყოლებული მიყვარდა ჩემი რესურსის უსასყიდლოდ გამოყენება და სადაც და როგორც შემეძლო, სულ ამით ვიყავი დაკავებული. პანდემიის დროსაც სვანეთში ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით ვიყავით ჩართული ახალგაზრდებთან ონლიანსწავლების კუთხით, უზრუნველვყოფდით კომპიუტერებით, ინტერნეტით და ვეხმარებოდით, სრულყოფილად ჩართულიყვნენ ონლაინ სასწავლო პროცესში.
ადამიანებს ჩემ ირგვლივ ყოველთვის უკვირდათ და დღემდე უკვირთ, რატომ შეიძლება იყო მოხალისე, ხშირად ისმის ხოლმე კითხვა: „მოიცა, ამ ყველაფერს უფასოდ აკეთებ?“:
ამაზე ერთი ამბავი მახსენდება: როდესაც ჩემი მეზობელი მხედავდა, რომ ეზოში ნაგავს ვაგროვებდი, მკითხა, ამაში ფულს გიხდიანო? ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ არავინ ამ დასუფთავებაში ფულს არ მიხდიდა, მეორე დღეს თვითონაც აგროვებდა ნაგავს და ეს ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო ჩემთვის, ზუსტად ეს არის მთავარი, როცა ხედავ, რომ შენ შენი მოხალისეობით სხვასაც მოხალისეს ხდი.
როგორ მოხვდით შოვში?
6 დღით ტურში ვიყავით ტობავარჩხილის ტბებზე უცხოელ ტურისტებთან ერთად, სადაც ტელეფონი არ იჭერს. ტური დავასრულეთ 4 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარში და როდესაც დავბრუნდით მუხურში, იქ გვითხრეს მეცხენეებმა, შოვში მეწყერიაო, შემდეგ ტელეფონმაც დაიჭირა და ვნახეთ, რაც მოხდა…
როდესაც წავიკითხეთ, ხალხი დაიკარგა და ეძებენო, ყველანი მივხვდით, რომ სახლში არ უნდა წავსულიყავით და ზუგდიდიდან პირდაპირ რაჭაში გავემგზავრეთ. ფაქტობრივად, იმ მომენტში არავითარი სხვა მობილიზება არ იყო, ერთადერთი, ვინც ვნახეთ, იყვნენ რაჭველი სამოქალაქო აქტივისტები: ეთო არსენიძე, თამარ კანკავა და გლოლელი ქეთი მამულაშვილი, ასევე ჩემი რამდენიმე ადგილობრივი მეგობარი პირველივე წუთებიდან იყო ჩართული სამაშველო საქმიანობაში. მათ დავეკოტაქტეთ, გამოვიკვლიეთ საჭიროებები, რაც შეიძლებოდა ადგილზე ყოფილიყო და რაჭისკენ დავიძარით.
ის ადგილი, სადაც ვიდექით, დღვიორის ხიდი იყო, საკმაოდ საკვანძო ადგილი, ჩვენგან 300 მეტრში ოპერირებდა წითელი ჯვარიც და შემდეგ უკვე სამაშველო სამუშაოები მიდიოდა.
რა არის ის მთავარი უნარები თუ თვისებები, რაც მოხალისეობრივ საქმიანობას სჭირდება?
ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამოიკვეთა მთავარი. ბევრი იყო მოხალისეობის მსურველი, მაგრამ სურვილი ერთია და მეორეა, რამდენად სწორად აღიქვამ რეალობასა და საჭიროებას. თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ, მეც და ჩემმა მეგობარმა გიდებმაც ვიფიქრეთ, რომ შეგვეძლო ფიზიკურად დავხმარებოდით მაშველებს, თოკებთან მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს, ასე თუ ისე, ფიზიკური ძალაც, მაგრამ როდესაც ადგილზე მივედით, მივხვდით, რომ მსგავსი ჩარევა არ შეიძლებოდა და უცებ გადავპორტირდით სხვა საჭიროებებზე. ძალიან მნიშვნელოვანია მიხვდე, რაში ხარ საჭირო, შესაძლოა შენი უნარი, რაშიც გგონია, რომ გამოდგები, იმ მომენტში ვიღაცისთვის ხელის შემშლელი იყოს, უნდა შეგეძლოს დაინახო და სწორად განსაზღვრო საჭიროებები.
რა არის მოხალისეობა? შეცვალო უკეთესობისკენ საზოგადოება, თუ თვითკმაყოფილება იმით, რომ ადამიანებს ეხმარები?
როდესაც შენს ქვეყანაში რაღაც ხდება, სადაც ადამიანებს შენი დახმარება სჭირდება, როდესაც მშვიდად ჯდომა არ შეგიძლია, ეს განაპირობებს, რომ ადგე, წახვიდე და გააკეთო ის, რაც ადამიანებს იმ კონკრეტულ მომენტში სჭირდებათ. ავტომატურად მოდის ის ენერგია და ძალა, რაც ამ ყველაფერს გაკეთებინებს და დაღლის საშუალებას არ გაძლევს.
კიდევ უფრო რომ გავშალოთ, ჩემთვის ქვეყნის სიყვარული იწვევს ჩემს მოხალისეობას. მგონია, რომ ყველა მოქალაქის ვალია, თავისი წვლილი შეიტანოს არსებული ნეგატიური მოვლენის შემსუბუქებაში.
ყოველთვის, როდესაც ვცდილობ მოხალისედ რაღაც გავაკეთო, მთავარი მოტივაცია არის ის, რომ გარემო ჩვენ გარშემო გავხადო ცოტათი უფრო უკეთესი, თუნდაც ის ადამიანები შევცვალოთ, ვინც ჩვენ გვერდით არიან.
ჩვენ ყველას გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება, გვინდა ეს ქვეყანა იყოს ისეთი, როგორსაც რეალურად იმსახურებს. არ მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა. ბოლო წელი განსაკუთრებით რთული იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ ბევრმა ჩემმა რეალიზებულმა მეგობარმა დატოვა ქვეყანა.
ვფიქრობ, საქართველო ახლა ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე დგას, ახლა წყდება, საით და რა გზით უნდა წავიდეს. დარწმუნებული ვარ, ახალი თაობა ამ ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის, ის წასული ახალგაზრდებიც ძალიან მალე დაბრუნდებიან და თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ისევ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ.
ჩემი მოხალისეობა სიყვარულია ჩემი სამშობლოსი და იმ ბუნების, რომელშიც გავიზარდე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ მომცა. პასუხისმგებლობას ვგრძნობ მის მიმართ და თითქოს ამით მინდა რაღაცნაირად უკან დავუბრუნო ის სიკეთე, რაც მისგან მივიღე.
ესაა ჩემი მადლობა ჩემი ქვეყნის მიმართ.
თამარ კანკავა – სამოქალაქო აქტივისტი, ბოლო რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად რაჭაში დასახლდა.
მოხალისეობრივი საქმიანობა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე, სკოლის პერიოდშიც და შემდეგ სტუდენტობის დროსაც სულ ვიყავი ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთანაც ვთანამშრომლობდი, საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეს უფრო იყო განმავითარებელი, საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტები.
იმ ტიპის მოხალისეობრივი საქმიანობა, რასაც ახლა რაჭაში ვეწევით, უფრო უკრაინაში ომის დაწყებას უკავშირდება, სადაც ჰუმანიტარულ აქტივობებში ვიყავი ჩართული. ახლა კი, სამწუხაროდ, იმ რეგიონს დასჭირდა ჩემი აქტივობა, სადაც მე ვცხოვრობ და რომელიც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადგილია ჩემთვის.
როდესაც სურვილი გამიჩნდა, რამე გამეკეთებინა, თავიდან უფრო – ჩემი თავის დასაწყნარებლად. ასეთ დროს, უბრალოდ, ერთ ადგილას ვერ ჩერდები, ვერ ზიხარ სახლში მშვიდად.
თავიდან ვიყავით მე და ჩემი მეგობარი ეთო, იმავე საღამოს შემოგვიერთდა ვიკა და ერთი ადგილობრივი გოგონა, რომელსაც ქუჩაში რაღაც ვკითხეთ. მან მაშინვე გამოთქვა დახმარების სურვილი და საქმეს შევუდექით. ეს იყოს საკვებისა და წყლის განაწილება, შემდეგ სხვა საჭიროებებიც გაჩნდა, მაგალითად, საკვების მომზადება და ცხელი სადილით სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ჩართული ადამიანების დაპურება.
დავიწყეთ ოთხმა ადამიანმა, მაგრამ შემდეგ იმდენი შემოგვიერთდა, რომ საკმაოდ დიდი მოხალისეობრივი ბანაკი გავხდით. ამ დღებში აქ ყველა მოხალისეა, ვისაც როგორ შეუძლია ისე.
იმისთვის, რომ იყო მოხალისე, პირველ რიგში, საჭიროა სურვილი, მზაობა, იყო თანამონაწილე იმ პროცესებისა, რაც შენ გარშემო ვითარდება, სურვილი, რომ შენი თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანო ადამიანების დახმარებაში. ვფიქრობ, განსაკუთრებით ასეთ დროს, როცა შენს ქვეყანას უჭირს, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად ძალიან მძიმე ემოციური ფონისა, ის ერთიანობის განცდა, რაც იქ ვნახე, ჩემთვის საოცრად ამაღელვებელი და სამაგალითო იყო. ეს დღეები თითოეულმა ჩვენგანმა ერთმანეთს გადავატანინეთ, ერთმანეთს მივეცით ძალა, გავმკლავებოდით ამ სტრესს. იმედი მაქვს, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად თუ ცალ-ცალკე ჩვენს რესურსს, უნარებსა და ენერგიას მხოლოდ მშვიდობის დროს და კეთილ საქმეებში გამოვიყენებთ.
ეთო არსენიძე – ააიპ „რაჭის სათემო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელი, სამოქალაქო აქტივისტი
მოხალისეობა ჩემი ცხოვრების სტილია. წლებია სხვადასხვა მიმართულებით ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, თუმცა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოხალისეობა სწორედ შოვის ტრაგედიას უკავშირდება.
ტრაგედიის დღიდან, უწყვეტ რეჟიმში, მე და ჩემი ახალგაცნობილი მეგობრები გავერთიანდით ერთი იდეის გარშემო, როგორმე შეგვემსუბუქებინა შრომა ადამიანებისთვის, ვინც სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში იყო ჩართული; ადამიანებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უმძიმეს სტრესში უწევდათ მუშაობა.
ჩემთვის მოხალისეობა არის საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება. რაშიც მთავარი მოტივაცია არის შედეგი, რომელიც დგება საჭიროების შესწავლის შემდგომ რეაგირებისას და ქმედებისას.
მოხალისეობისთვის მთავარია სურვილი, დანარჩენ რესურსს აუცილებლად იპოვი, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესში, პირიქით, ხელის შემშლელი არ გახდე და მოძებნო ისეთი საქმე, რაშიც დარწმუნებული ხარ, რომ საჭირო და გამოსადეგი იქნები.
მათე ჭანტურია – ბავშვთა ფსიქოლოგი
ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა დაიწყო უკრაინაში ომის დაწყების დროს, უკრაინაში მოხალისედ ვიყავი.
ძალიან მალე კი მივდივარ პოლონეთში მოხალისეთა გაცვლითი პროგრამით.
მოხალისეობა ჩემი წილი პასუხისმგებლობაა, ჩემი ადგილი არის ზუსტად იქ, სადაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება ჩემს ქვეყანას და სადაც ჩემი რესურსი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ქვეყნის ან ადამიანების სასიკეთოდ. ეს იქნება ფიზიკური აქტივობა თუ, უბრალოდ, ერთმანეთის გამხნევება, ჩემთვის მნიშვნელოვანია სახლში არ ვიჯდე და ვიმოქმედო.
აღმოჩნდა, რომ ადამიანებს, მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, შეგვიძლია ერთად დგომა, გაერთიანება, ერთ ორგანიზმად გადაქცევა და საერთო საქმის ეფექტურად კეთება.
არამხოლოდ ჩვენ, მოხალისეები, ჩვენ გვერდით მაშველები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ყველა, ვინც იქ იყო, ერთმანეთს აძლიერებდა. ეს იყო ამბავი თანადგომის, მორალური გაძლიერებისა და საოცარი სიმტკიცის.
ნიკა გუგეშაშვილი
ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა ოჯახმა ონში საოჯახო სასტუმრო „მხატვრის სახლი“ გახსნა. ტურისტებთან ხშირი კონტაქტისას მალევე, სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესდა და ახლა უკვე ათი წელია გიდია. რაჭის გარშემო ტურებს სხვადასხვა სეზონზე აწყობს. სწორედ ერთ-ერთ ტურში იყო 3 აგვისტოს დილით, ტურისტები მთაზე ჰყავდა აყვანილი. ონში სადილის დროს დაბრუნდა და მალევე შოვში მომხდარი ტრაგედიის შესახებ გაიგო. იხსენებს, რომ დაჯერება გაუჭირდა, რადგან ამინდი ცხელი და მზიანი იყო. მალევე საკუთარი თვალით ნახა, როგორ მოჰქონდა მდინარეს სხვადასხვა ტიპის კონსტრუქციები, საიდანაც ბევრჯერ ნანახი კოტეჯების ამოცნობაც შეძლო. შოვში ასულს კი უკვე უმძიმესი სურათი დახვდა. ჰყვება, რომ ჩამოწოლილი მეწყრის მიწის მასაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, ამიტომ მან და მისმა მეგობრებმა ფეხზე ფიცრები დაიმაგრეს და ხეობაში ასე დაიწყეს გადაადგილება.
„რაჭა ყველაფერია, მისგან შორს ვერასოდეს ვიცხოვრებ!“ – 29 წლის ბიჭი, რომელიც საკუთარ კუთხეზე ასეთი შეყვარებულია, ტრაგედიებისას უბრალო ადამიანების როლის მნიშვნელობაზე გვესაუბრა.
„იმ მომენტში ყველაფერს წამები წყვეტს. გადაწყვეტილებასაც მომენტალურად იღებ და იცი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, რადგან შეიძლება შენს ქმედებაზე სხვისი სიცოცხლე იყოს დამოკიდებული. ერთობას უდიდესი ძალა აქვს… იქნებ სტიქიაზე ძლიერიც კი“.
ზაალ წერეთელი
ორ წელზე მეტია ლიცენზირებული სათხილამურო გამყოლია. მთაში აქტიურად სიარული კი ბევრად ადრე, დაახლოებით 8 წლის წინ დაიწყო. ბუნების სიყვარული მის მიმართ მზრუნველობაში მალევე გადაიზარდა და, საქმის პარალელურად, უკვე 6 წელია მოხალისეობრივი აქტივიზმითაც არის დაკავებული. რაჭის სტიქიის დროს თბილისში იყო. მაშინვე დაიწყო სპეციალური, თერმოდრონის ძიება, რადგან იცოდა, ეს დაკარგულების პოვნის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იყო. შოვში 4 აგვისტოს, სტიქიის მეორე დილით ჩავიდა და ადგილობრივებთან ერთად დამეწყრილ ტერიტორიასთან მიახლოება სამთო ბილიკების საშუალებით შეძლო. მაშველებს საჭიროებისამებრ, პირველადი საჭიროების ნივთებსა და საკვებსაც აწვდიდა.
„მაშველები ნამდვილად თავდაუზოგავად შრომობენ, მაგრამ ხშირად პრობლემაა სამაშველო ოპერაციის ორგანიზება. ვფიქრობ, საქართველოს რელიეფიდან და ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ სამთო-სამაშველო სამსახური, რომელსაც ყველაფერი საუკეთესო უნდა ჰქონდეს – იქნება ეს აღჭურვილობა თუ თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა. პირადად მე, დიდი ხანია საქართველოს მასშტაბით ვმოგზაურობ, ბევრი ადგილი დეტალურად ვიცი და ისიც ვიცი, როგორ შეიძლება მიუდგე ამ თუ იმ ტერიტორიას. ვფიქრობ, ასეთი გამოცდილება გამოსადეგია. ამხელა მასშტაბის ტრაგედია როცა ხდება, ზედმეტი ხელი არასდროს არის ხელის შემშლელი. ერთობა მნიშვნელოვანია“.
თორნიკე მაცაბერიძე
მთა მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და როგორც იხსენებს, ყოველთვის ასე იყო. პროფესიაც სწორედ მთას დაუკავშირა და სამთო გიდი გახდა. წლის განმავლობაში ხან ყაზბეგში ცხოვრობს, ხანაც სვანეთში. ყველაზე მეტ დროს კი რაჭაში ატარებს. სტიქიის დღეს ძმასთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ ბეღელში იყო, სადაც მომხდარის შესახებ სატელეფონო ზარით შეატყობინეს. გვიყვება, რომ ავტომობილი შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთეს და შოვისკენ მალევე გაემართნენ. გზებზე დაწესებული შეზღუდვის მიუხედავად, სტიქიის ზონასთან მიახლოება მაინც შეძლეს, რადგან პოლიციას საკუთარი ცოდნა და გამოცდილება შესთავაზეს. პირველივე დღეს რამდენიმე საათი გაატარეს შოვში და მიმდებარე ტერიტორიები შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ მთებში ადამიანები იყვნენ, თუმცა უსაფრთხოდ.
„ზოგადად ერთობა და ემპათიის გრძნობის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა აგვერიოს ერთი რამ – კრიტიკულ მომენტსა და ექსტრემალურ სიტუაციაში იმ მოხალისეების ჩართვა, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, შესაძლოა დიდი საფრთხის შემცველი იყოს. რამდენიმე სამაშველო ოპერაციაში მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის წელს, ზამთარშიც და ყოველთვის ჩემი მთავარი მოტივაცია ხალხის დახმარებაა. ვისურვებდი, რომ ჩვენთან, როგორც ევროპაში, არსებობდეს მოხალისეობრივი სისტემა. უნდა შეიქმნას სპეციალური ბაზა, მოხდეს მოხალისეების აღრიცხვა და მათი გადამზადება, რის შემდეგაც მნიშვნელოვანია მათ დაურიგდეთ შესაბამისი აღჭურვილობა იმისთვის, რომ სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად, ნებისმიერ დროს იყვნენ მზად“.
ტექსტი: სალომე სიხარულიძე, მარიამ სუთურიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი, მარიამ არჯევანიძე