წარმოიდგინეთ მყუდრო, ვინტაჟური სამკერვალო ოთახი, სადაც ხის დიდი ფანჯრებიდან მზის სხივები იღვრება, ფონად კი საგალობლები, მატარებლის ხმა, ბავშვების ჟრიამული და ჩიტების ჭიკჭიკი ისმის. ოთახში საკერავი მანქანა დგას – მის გარშემო კი ოჯახური სითბო და ძველი მოგონებებია…
სწორედ ასეთ გარემოში, სიყვარულითა და განსაკუთრებული ყურადღებით, იქმნება ქართული ბრენდის, „ნანინას“ ხელნაკეთი თეთრეული. მისი თითოეული კომპლექტი ბავშვობის მოგონებებს, სიმყუდროვესა და ძველ ქართულ ესთეტიკას აერთიანებს.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი, ნანი ქვაჩახია (ბაღათურია) OK! Magazine – თან საუბრისას განმარტავს, ეს საქმიანობა მხოლოდ თეთრეულის შექმნა არ არის – ეს დედისგან ნასწავლი ტრადიციის გაგრძელება და ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტის შექმნის სურვილია.

მოგვიყევით „ნანინას“ შესახებ – რას წარმოადგენს ბრენდი და რა მიმართულებით საქმიანობს?
„ნანინა“ ქართული ბრენდია, რომელიც ხელნაკეთ თეთრეულს აწარმოებს.

როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა და ვინ დგას „ნანინას“ შექმნის უკან?
მე აფხაზეთიდან, კერძოდ, ოქუმიდან ვარ. ბავშვობიდან მახსოვს ბამბის ქსოვილისგან დამზადებული, ხელით ნაქარგი ლამაზი თეთრეულები – განსაკუთრებული სინაზითა და გემოვნებით შექმნილი. დედაჩემი კერვისა და ქარგვის ოსტატი იყო. ხშირად ვუყურებდი, როგორ ქმნიდა საკუთარი ხელებითა და ფანტაზიით ახალ და საოცარ ნაქარგობებს. სწორედ მისგან ვისწავლე ხარისხიანი ქსოვილის შერჩევა, ქარგვა, კერვა და ყველაფერი, რაც ამ საქმიანობას უკავშირდება.
წლების განმავლობაში ქართულ ბაზარზე ხარისხიანი თეთრეულის წარმოებამ იკლო. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, გამეცოცხლებინა ის ტრადიცია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ჩვენი დედები ქმნიდნენ. მსურდა, თავად შემექმნა ძველი ესთეტიკისა და სისადავის მქონე, ხარისხიანი ვინტაჟური თეთრეული.
რაც შეეხება „ნანინას“, ეს ჩვენი ოჯახის ერთობლივი შრომის შედეგია. ყველას განაწილებული გვაქვს ის საქმე, რასაც ჩვენი პროდუქციის შექმნა მოითხოვს. შემიძლია ვთქვა, რომ „ნანინას“ უკან მარტო მე არ ვდგავარ – ყველა ჩვენგანს ბრენდის წინსვლაში საკუთარი წვლილი შეაქვს.

რატომ შეარჩიეთ ბრენდისთვის სახელი „ნანინა“? აქვს თუ არა მას განსაკუთრებული ისტორია?
ბრენდის სახელზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ. გვინდოდა, ყოფილიყო როგორც მარტივი, ისე ბრენდის თემატიკასთან დაკავშირებული. „ნანინა“ ნაწილობრივ ჩემს სახელს უკავშირდება და, პარალელურად, ძილის სიმბოლოცაა. ინსპირაცია „იავნანადან“ და „ნანინა-ნანადან“ ავიღეთ – ეს ყველაფერი ხომ ტკბილ ძილს უკავშირდება.
რას სთავაზობს „ნანინა“ მომხმარებელს და რა არის თქვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?
ჩვენი ბრენდი ორიენტირებულია მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე. ვმუშაობთ მხოლოდ ნატურალურ ქსოვილებთან, რაც ხარისხის გარანტიას გვაძლევს. „ნანინას“ მთავარი საიდუმლოც სწორედ იმაშია, რომ თითოეული კომპლექტი ინდივიდუალური სტილისაა და მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იქმნება. ანუ ორი იდენტური თეთრეული არ არსებობს – თითოეულს აუცილებლად ექნება რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, მაგალითად, დიზაინი (ფერი და ქსოვილის ორნამენტები), მაქმანები, ღილების ნაცვლად გამოყენებული თასმები და ა.შ.

რა იდეა და ღირებულებები დგას ბრენდის უკან? რისი თქმა გსურთ თქვენი ნამუშევრებით?
ყველასთვის ცნობილია, რამდენად დამღლელია ყოველდღიურად სამსახურში სიარული, მუდმივი სტრესი და უამრავი პასუხისმგებლობა. სახლში დაბრუნებულებს კი ერთი სული გვაქვს, როდის შევძლებთ დასვენებასა და დაძინებას.
სწორედ საძინებელია ის ოთახი, სადაც სიმშვიდის პოვნა შეგვიძლია.
მინდა, ჩემმა თეთრეულმა, როგორც ვიზუალური თვალსაზრისით, ისე შინაგანი სიმყუდროვით, ადამიანებს შესაძლებლობა მისცეს, საკუთარი სახლი უფრო კომფორტული და ესთეტიკური გახადონ.
ჩემი ნამუშევრებით მსურს ვთქვა, რომ საქართველოს ბაზარზეც შესაძლებელია ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქტის შექმნა.

მოგვიყევით თქვენი სამუშაო სივრცის შესახებ – როგორია გარემო, სადაც თითოეული ნამუშევარი იქმნება?
სამკერვალო ოთახი ჩემს სახლში, მეორე სართულზე მაქვს. ეს მყუდრო და ვინტაჟური გარემოა, რომლის ძველი კედლებიც უამრავ მოგონებასა და ისტორიას ინახავს. საკერავი მანქანა ფანჯარასთან მიდგას. ხის დიდი ფანჯრებიდან მზის სხივები პირდაპირ ანათებს.
რკინიგზის წინ ვცხოვრობთ და მატარებლის ხმაური უკვე წლებია ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სამკერვალოს გვერდით სამლოცველო მაქვს, საიდანაც საკმევლის საოცარი სურნელი იფრქვევა. დიდი ოჯახი გვაქვს, ჩვენთან ვერ მოიწყენ. ჩემი პატარა შვილიშვილები სულ ჩემთან არიან. რიგრიგობით მომეპარებიან ხოლმე და ჩემთან ერთად კერავენ…
აი, ასეთ სიყვარულით სავსე გარემოში იქმნება „ნანინას“ თეთრეული – საგალობლების, ბავშვების ჟრიამულისა და ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე…

რას გრძნობთ კერვის პროცესში? რა ემოცია ახლავს თითოეული ნივთის შექმნას?
თითოეული კომპლექტის შექმნის პროცესში დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო – მიმაჩნია, რომ ყოველი ნივთი ჩვენს ხასიათს ინახავს. უშუალოდ კერვისას წარმოვიდგენ ხოლმე მფლობელის დადებით ემოციებსა და აღფრთოვანებას…
რა არის თქვენს საქმიანობაში ყველაზე დიდი გამოწვევა და რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას?
ყველაზე დიდი გამოწვევაა იმის გარკვევა, გავამართლებ თუ არა მომხმარებლის მოლოდინებს.
ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ჩემი ჩანაფიქრის რეალიზება და ახალი ნამუშევრის შექმნა მანიჭებს.

რა გაძლევთ მოტივაციას, რომ მუდმივად განავითაროთ საკუთარი საქმე?
ჩემი მოტივაცია თითოეული კმაყოფილი მომხმარებელია. დიდი სურვილი მაქვს, არც ერთი ნიუანსი არ გამომრჩეს და ყოველი შემდეგი პროდუქტი კიდევ უფრო ხარისხიანად შევქმნა.
როგორია მომხმარებლების უკუკავშირი და რამდენად მნიშვნელოვანია ის თქვენთვის?
თითქმის ყველასგან ვისმენ, რომ ჩემი თეთრეული ბავშვობას, ბებიასთან გატარებულ დროსა და ტკბილ მოგონებებს ახსენებს. სწორედ ეს სიტყვები მარწმუნებს, რომ ჩანაფიქრი, რომლითაც „ნანინა“ შეიქმნა, თავის მისიას სწორად ასრულებს.
რა მიზნები აქვს „ნანინას“ და როგორ წარმოგიდგენიათ ბრენდის მომავალი?
ჩვენი მიზანია, უფრო მსხვილი კომპანია შევქმნათ, გავფართოვდეთ, დავასაქმოთ ადამიანები და ხარისხი შევინარჩუნოთ. სამომავლოდ გვინდა, ექსპორტზე გავიდეთ და ჩვენი ბრენდის პროდუქცია საზღვარგარეთაც გავყიდოთ.
ტექსტი: ანი შავიშვილი












