2026-2027 სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთიანი ჩაცმულობა ბავშვებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებასა და უფრო მოწესრიგებული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს, ნაწილი კი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თავად სავალდებულო ფორმის იდეას, მის ფასს, მასალას, წარმოების პროცესსა და ყოველდღიურ კომფორტს.
დისკუსია განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილ ფორმებს ჩინეთში აწარმოებენ. ყურადღების მიღმა არც ქსოვილის შემადგენლობა დარჩენილა – ფორმის ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერს, 25% ვისკოზასა და 3% ელასტინს შეიცავს.

სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როგორ შეირჩა ეს მასალა და რამდენად იყო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული ბავშვების ჯანმრთელობა და ყოველდღიური კომფორტი?
სინთეტიკური ქსოვილის გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს, რომ ტანსაცმელი ბავშვისთვის საშიშია. თუმცა, როდესაც საქმე მცირეწლოვან ბავშვებს ეხება, მნიშვნელოვანი ხდება ისეთი საკითხები, როგორიცაა ქსოვილის ჰაერგამტარობა, ოფლისა და ტენის შეკავება, კანის ხახუნი და შესაძლო გაღიზიანება. განსაკუთრებით საყურადღებო არიან ბავშვები, რომლებსაც მგრძნობიარე კანი ან დერმატოლოგიური პრობლემები აქვთ.

განათლების სამინისტრო ამბობს, რომ ფორმების ყველა მოდელმა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გაიარა ტესტირება და კვლევამ მათი უსაფრთხოება დაადასტურა. ასევე, სამინისტროს პოზიციით, ქსოვილის შემადგენლობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. თუმცა, უსაფრთხოების ლაბორატორიული ტესტის გავლა და ბავშვისთვის ყოველდღიური მოხმარებისას საუკეთესო მასალის შერჩევა ერთი და იგივე საკითხი არ არის.
მასალის შესაძლო გავლენისა და ბავშვების კანისთვის მისი უსაფრთხოების შესახებ დერმატოლოგ ნინო ნიშნიანიძეს ვესაუბრეთ:

რამდენად უსაფრთხოა სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული სასკოლო ფორმის ყოველდღიურად, ხანგრძლივი დროით ტარება ბავშვისთვის?
ზოგადად, სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებული სასკოლო ფორმა ჯანმრთელი ბავშვისთვის საშიშად არ ითვლება. თუმცა, მისი ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, კანის გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს ან უკვე არსებული მდგომარეობა გააძლიეროს.
ამიტომ მნიშვნელოვანია, კონკრეტულად რა ქსოვილისგან არის ფორმა დამზადებული -რა ტიპის სინთეტიკურ ბოჭკოებს შეიცავს, რამდენად ჰაერგამტარია და როგორია მისი კანისთვის „გამტარობა“. ასევე, მნიშვნელობა აქვს, რა საღებავებითა და ქიმიური ნივთიერებებით არის ქსოვილი დამუშავებული.
რა ტიპის კანის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ან გაამწვავოს სინთეტიკურმა ქსოვილმა ბავშვებში?
ნეილონი, აკრილი, პოლიესტერი და სხვა მსგავსი მასალები ხელს უწყობს კანის ზედაპირზე სითბოსა და ოფლის დაგროვებას. ამასთან, ქსოვილისა და კანის ერთმანეთზე ხახუნი უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო ოფლის აორთქლება ფერხდება.
შედეგად, იქმნება გარემო, სადაც კანი ნაკლებად კომფორტულად „სუნთქავს“ და უფრო მარტივად ღიზიანდება. ამ პირობებმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ქავილი, სიწითლე, კანის გაღიზიანება და გამონაყარი.
რომელი ბავშვები არიან რისკის ქვეშ? რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს სინთეტიკური ქსოვილი ტარება?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ბავშვების გათვალისწინება, რომლებსაც ძალიან მგრძნობიარე კანი აქვთ, არიან ალერგიისკენ მიდრეკილნი ან უკვე აქვთ გარკვეული დერმატოლოგიური პრობლემები.
რისკის ჯგუფში, პირველ რიგში, შედიან ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვები, ასევე ისინი, ვისაც კანის ძლიერი მგრძნობელობა, ხშირი გამონაყარი, ალერგიული ან კონტაქტური დერმატიტის ისტორია აქვთ. მნიშვნელოვანია იმ ბავშვების შემთხვევებიც, რომლებსაც წარსულში სხვადასხვა ნივთიერებაზე, საღებავზე ან სხვა მასალასთან შეხებისას ალერგიული რეაქცია ან კანის გაღიზიანება განვითარებიათ.
ამიტომ, როდესაც საქმე მგრძნობიარე კანის მქონე ბავშვს ეხება, სწორი ქსოვილის არჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევებში უპირატესობა, როგორც წესი, ბუნებრივ და ჰაერგამტარ ქსოვილებს, განსაკუთრებით კი ბამბას უნდა მივანიჭოთ.
რამდენად მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს ფორმის ზუსტი შემადგენლობა და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი?
მშობელმა აუცილებლად უნდა შეამოწმოს ეტიკეტი, სადაც მითითებული უნდა იყოს ქსოვილის ბოჭკოების პროცენტული შემადგენლობა – მაგალითად, რა რაოდენობით შეიცავს პოლიესტერს, ბამბას ან სხვა მასალას. მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ქსოვილი „ბუნებრივი“ ან „სინთეტიკურია“, მისი ხარისხის შესაფასებლად საკმარისი არ არის.
ზოგიერთ შემთხვევაში ხარისხიან სინთეტიკურ მასალას ტენის მართვის თვალსაზრისით უკეთესი თვისებებიც კი შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე დაბალი ხარისხის ბამბას. შესაბამისად, მხოლოდ სიტყვები „ბამბა“ ან „სინთეტიკა“ ვერ იქნება ქსოვილის ხარისხის ერთადერთი განმსაზღვრელი. პრობლემა შესაძლოა შექმნას უხარისხო ან ზედმეტად ქიმიურად დამუშავებულმა როგორც სინთეტიკურმა, ისე ბუნებრივმა ქსოვილმა.
სასურველია, ქსოვილი შემოწმებული იყოს ისეთი ნივთიერებების შემცველობაზე, რომლებმაც შესაძლოა ბავშვის კანის გაღიზიანება ან სხვა არასასურველი რეაქცია გამოიწვიოს. მათ შორის მნიშვნელოვანია გარკვეული საღებავების, ფორმალდეჰიდისა და მძიმე მეტალების კონტროლი.
რატომ გახდა ფორმა სავალდებულო?
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის — I-VI კლასების — მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულოა. სამინისტროს განმარტებით, ცვლილების მიზანი უფრო თანასწორი, ორგანიზებული და მოწესრიგებული სასწავლო გარემოს შექმნაა. ხელისუფლება ასევე ამბობს, რომ ერთიანი ფორმა მოსწავლეებს შორის სოციალური და ეკონომიკური განსხვავებების ვიზუალურად გამოხატვას შეამცირებს.
ფორმის შემოღების მხარდამჭერები სწორედ ამ არგუმენტებს ასახელებენ – მათი აზრით, როდესაც ბავშვები სკოლაში ერთნაირი ტანსაცმლით დადიან, მცირდება ბრენდული ტანსაცმლის, ძვირადღირებული ნივთებისა და ოჯახის ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით ერთმანეთის შეფასების შესაძლებლობა.
თუმცა, ამ საკითხს მეორე მხარეც აქვს – ბავშვის ინდივიდუალურობისა და არჩევანის თავისუფლება.
საერთაშორისო კვლევებიც არ ადასტურებს, რომ მხოლოდ ფორმის დაწესება ავტომატურად აუმჯობესებს ბავშვების ქცევას, ამცირებს ბულინგს ან აძლიერებს სკოლასთან მიკუთვნებულობის განცდას.
ამიტომ ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: შეუძლია თუ არა ერთიან ჩაცმულობას რეალურად შექმნას უფრო თანასწორი გარემო, თუ სოციალური განსხვავებები უბრალოდ სხვა ფორმით განაგრძობს არსებობას? სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით OK! Magazine სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრსა და ბავშვთა და მოზარდთა არტთერაპევტ თინათინ აიწურაძეს ესაუბრა:

რა ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლებას და რა ხდება მაშინ, როდესაც მას ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთ-ერთ ასეთ არჩევანს – ჩაცმულობას – მთლიანად უზღუდავენ?
ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარებისთვის არჩევანის შესაძლებლობა მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა არჩევანის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ყველა სიტუაციაში თავად შეუძლია განსაზღვროს წესები. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას სჭირდება როგორც დამოუკიდებლობის განცდა და არჩევანის შესაძლებლობა, ისე ასაკის შესაბამისი საზღვრები და სტრუქტურა.
ადრეულ ასაკში არჩევანი ძირითადად ყოველდღიურ საკითხებს ეხება, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, იზრდება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის საჭიროება.
ამასთან, ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ საკუთარი აზრისა და სურვილების არსებობა არ გამორიცხავს საერთო წესების დაცვას. სკოლა სწორედ ის სოციალური გარემოა, სადაც ის სწავლობს ნორმების, შეთანხმებებისა და წესების პატივისცემას.
ამ თვალსაზრისით, სასკოლო ფორმა თავისთავად არ ნიშნავს ბავშვის ფსიქოლოგიური თავისუფლების შეზღუდვას. თავისუფლება არ გულისხმობს წესების არარსებობას – ჯანსაღი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი აზრის გამოხატვისა და საერთო წესების დაცვის ბალანსი.
თუ მიზანი ისაა, რომ ბავშვები ერთმანეთისგან ტანსაცმლით არ განსხვავდებოდნენ, ხომ არ არსებობს რისკი, რომ თანასწორობის მიღწევის მცდელობისას ინდივიდუალურობის გამოხატვის საჭიროება უგულებელვყოთ?
არ ვფიქრობ, რომ სასკოლო ფორმის შემოღება თავისთავად ინდივიდუალურობის უგულებელყოფას ნიშნავს. ამ შემთხვევაში საუბარია კონკრეტულ გარემოზე — სკოლაზე, სადაც ფორმის ტარება საერთო წესის ნაწილი იქნება. შეზღუდვა მოქმედებს კონკრეტულ გარემოში და კონკრეტული მიზნისთვის და არ აუქმებს ბავშვის ინდივიდუალურობასა და თვითგამოხატვის შესაძლებლობას.
სკოლის მიღმა ბავშვს კვლავ აქვს შესაძლებლობა, ჩაიცვას ის, რაც მოსწონს და საკუთარი გემოვნება და სტილი გამოხატოს.
თქვენი აზრით, როგორი მიდგომა იქნებოდა ფსიქოლოგიურად ჯანსაღი — მკაცრად სავალდებულო ფორმა თუ ისეთი მოდელი, სადაც ბავშვს გარკვეული არჩევანის თავისუფლებაც ექნება?
მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რა არის საერთო და სავალდებულო წესი და სად შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს წესების პატივისცემის, პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლობის განცდის განვითარებას.
დისციპლინაც სწორედ თანმიმდევრული წესებისა და პასუხისმგებლობის გამოცდილებით ყალიბდება.
მაგალითად: სპორტსმენი ყოველდღიურად ვარჯიშზე იმიტომ კი არ დადის, რომ არჩევანის უფლება არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ იცის — შედეგი თანმიმდევრულ შრომასა და დისციპლინას მოაქვს. თუ ვარჯიშს ხშირად გამოტოვებს, სასურველ შედეგსაც ვერ მიიღებს.
ამიტომ ჩემი პოზიცია არ არის არც სრული სიმკაცრე და არც სრული თავისუფლება – მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი მკაფიო წესებსა და ასაკის შესაბამისი არჩევანის შესაძლებლობას შორის.
სასკოლო ფორმის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად სახელდება ის, რომ ბავშვები ნაკლებად შეადარებენ ერთმანეთს ტანსაცმელს, ბრენდებსა და ოჯახების ფინანსურ შესაძლებლობებს. რამდენად რეალურია ეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და შეუძლია თუ არა ერთიან ფორმას ბულინგის ან სოციალური განსხვავებების შემცირება?
ამ არგუმენტს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გარკვეული საფუძველი ნამდვილად აქვს. ტანსაცმელი, ბრენდები და გარეგნული ატრიბუტები ბავშვებს შორის სოციალური განსხვავების ხილულ ნიშნებად შეიძლება იქცეს, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც თანატოლების შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ერთიანმა სასკოლო ფორმამ შესაძლოა შეამციროს ასეთი განსხვავებების ყოველდღიური ხილვადობა და მატერიალური მდგომარეობის საფუძველზე ერთმანეთის შეფასების გარკვეული შემთხვევები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ფორმა თავისთავად ბულინგის პრობლემას ვერ აღმოფხვრის. ბულინგს მრავალი ფსიქოლოგიური და სოციალური მიზეზი აქვს და მხოლოდ ტანსაცმლით არ არის განპირობებული.
ამიტომ ფორმა შეიძლება იყოს ერთ-ერთი პრევენციული მექანიზმი, მაგრამ არა ბულინგის წინააღმდეგ საკმარისი საშუალება. ბულინგის პრევენცია მთელი სასკოლო საზოგადოების პასუხისმგებლობაა – სკოლა, პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები და თავად მოსწავლეები. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ფსიქოლოგის ჩართულობა – როგორც პრევენციის, ისე ბულინგის ნიშნების დროული იდენტიფიცირების, ბავშვებთან მუშაობისა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მხარდაჭერის ორგანიზების მიმართულებით.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია ისეთი სასკოლო კულტურის შექმნა, რომელიც ეფუძნება თანასწორობას, ურთიერთპატივისცემასა და განსხვავებულობის მიღებას.
რა ღირს სასკოლო ფორმა?
სასკოლო ფორმების ფასიც მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. სახელმწიფოსა და კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასტრის“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 45.6 მილიონ ლარს შეადგენს და ის 1.8 მილიონზე მეტი ერთეული ფორმის წარმოებასა და მიწოდებას ითვალისწინებს. ფორმების შესაძენად სახელმწიფომ თავდაპირველად დაახლოებით 44.9 მილიონი ლარი განსაზღვრა, თუმცა საბოლოო ღირებულება 45 658 840 ლარამდე გაიზარდა.
მშობლებისთვის კი ფორმის ცალკეული ნივთების ფასი ასეთია:
- სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
- სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
- სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
- სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
- სასკოლო ქვედაკაბა:
- მოკლე: 25 ლარი;
- გრძელი: 25 ლარი.
ფორმის ღირებულება გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. დანარჩენი ოჯახებისთვის კი მისი შეძენა დამატებით ხარჯად რჩება – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოჯახში ერთზე მეტი მოსწავლეა.
ტექსტი: ანი შავიშვილი












