საქართველოში ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა და მათი უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მისიაა, რასაც აქტიურად ემსახურებიან ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Europa Donna Georgia და Caucasian Onco Society Hope.
„ევროპა დონა ჯორჯია“ 2006 წელს შეუერთდა ქალაქ მილანში 20 წლით ადრე დაარსებულ ევროპულ კოალიციას EUROPA DONNA, რომლის მთავარი მიზანი ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაა. დაარსების დღიდან ორგანიზაცია იღვწის აღნიშნული დიაგნოზით დაავადებული ქალბატონების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.
როგორც ანა მაზანიშვილი (ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ პრეზიდენტი) ჩვენთან საუბარში აღნშნავს: EUROPA DONNA-ს ორგანიზაციის წევრები არიან როგორც ევროპული კოალიციის მიერ სერტიფიცირებული პაციენტთა ადვოკატები, ასევე ამ დაავადებისგან გამოჯანმრთელებული ქალბატონები, რაც მის საქმიანობას განსაკუთრებულ ადამიანურ და გამოცდილებით გამყარებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მათი ერთ-ერთი უმთავრესი მისიაა არა მხოლოდ ძუძუს კიბოთი დაავადებული პაციენტების დახმარება, არამედ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება, რათა დაავადების პრევენცია და დროული დიაგნოსტიკა გახდეს უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი.
Caucasian Onco Society Hope-ის დაფუძნების იდეა სწორედ იმ საჭიროებიდან გაჩნდა, რომ თითოეული ონკოპაციენტის უფლება დაცული და მათი ხმა გაძლიერებული ყოფილიყო. ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პაციენტების ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას, რაც ონკოლოგიური დაავადების მართვის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ ორი ორგანიზაციის პარტნიორ ქალებს, ისინი აქტიურად ჩართულები არიან როგორც ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელებაში, ისე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის ზრდაში. სწორედ ამ ერთობლივი ძალისხმევით ხდება სისტემური ცვლილებების მიღწევა, რომელიც რეალურ გავლენას ახდენს პაციენტების ცხოვრებაზე. ჟურნალი OK! სწორედ ამ ადამიანებს გაგაცნობთ დღეს.

ლოლიტა აბრამოვა, Phoenix International Institute of Rebirth-ის დამფუძნებელი და Caucasian Onco Society HOPE-ის ვიცე-პრეზიდენტი.
ორივე ორგანიზაციაში ხელმძღვანელ თანამდებობებს ვიკავებ, განვსაზღვრავ სტრატეგიულ მიმართულებებს და ვქმნი პირობებს ჰუმანიტარული და რეაბილიტაციური ინიციატივების განხორციელებისთვის.
ჩემი ხელმძღვანელობით, კოლეგებთან ერთად, განვახორციელე პირველი ჰუმანიტარული ინიციატივები. ერთ-ერთი მათგანი იყო საქველმოქმედო პროფილაქტიკური პროგრამა – აფხაზეთში მცხოვრები ქალებისთვის უფასო სამედიცინო შემოწმებები, რომელიც ჩატარდა ზუგდიდში.
მიმდინარე პროექტები: ამჟამად ფენიქსის ინსტიტუტი აფინანსებს და ახორციელებს სამთვიან ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც თბილისში ტარდება პაციენტებისა და მათი ოჯახებისთვის.
ჩემი მონაწილეობა ორივე ორგანიზაციის საქმიანობაში გულისხმობს აქტიურ მუშაობას ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და ერთობლივი პროგრამების განვითარებაზე. ორგანიზაციები ღიაა თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებთან, ჰუმანიტარული და რეაბილიტაციური ინიციატივების გაფართოების მიზნით.
Phoenix International Institute of Rebirth-ისთვის, მნიშვნელოვანია არამხოლოდ მხარდაჭერაზე საუბარი, არამედ მოქმედება და რეალური შედეგის მიღწევა.
ჩვენი მიზანია ვხედავდეთ, რომ განხორციელებული პროგრამები ნამდვილად ეხმარება ადამიანებს და პაციენტებისთვის ქმნის პრაქტიკულ სარგებელს.
ორგანიზაცია განვითარების საწყის ეტაპზეა და ეტაპობრივად ავითარებს საქმიანობას, იწყებს ახალ ინიციატივებს საჭიროებისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

სოფო ჯაფარიძე, კლინიკა „პირველის“ დამფუძნებელი: არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის – ჩუმად, ღირსეულად, იმედის იმ პატარა ნაპერწკლით, რომელსაც ვერავინ წაართმევთ. სწორედ ამ ადამიანებისთვის „ერთად, სიცოცხლისთვის“ მხოლოდ სიტყვები არ არის.
ონკოპაციენტების მხარდაჭერა და „ევროპა დონასთან“ ერთად დგომა ჩემთვის შინაგანი პასუხისმგებლობაა. ეს არის სურვილი, ვიყო იქ, სადაც ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ჩემი მხარდაჭერა, ხმა და იმედი. როდესაც ვუყურებ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან, ვხვდები, რომ არ მაქვს უფლება, გვერდით არ დავუდგე. მათი ძალა გვაკისრებს ვალდებულებას – არ დავრჩეთ გულგრილები.
„ევროპა დონა“ მათთვის მხოლოდ ორგანიზაცია არ არის, ეს არის ადამიანები, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისთვის, რომ პაციენტებს ჰქონდეთ მეტი შანსი, უფრო ძლიერი ხმა და მეტი ხვალინდელი დღე. მინდა, ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო იმისთვის, რომ ეს ბრძოლა უფრო ხილული გახდეს და არცერთი ადამიანი არ დარჩეს მარტო.
კამპანია, რომელსაც ისინი ერთად ქმნიან, მხოლოდ ინფორმაციის გავრცელება არ არის. ეს არის საუბარი იმაზე, რაც ხშირად გვაშინებს – დიაგნოზზე, დროულ აღმოჩენასა და პრევენციაზე.
ყველაზე რთულ პროცესშიც კი ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, განცდა იმისა, რომ მარტო არ არის.
თითოეული ისტორია, თითოეული შეხვედრა არის მოწოდება, ვიყოთ მათ გვერდით, მოვუსმინოთ და გავაძლიეროთ.
მჯერა, რომ ერთიანობით, ყურადღებითა და სიყვარულით ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ძალიან ბევრი რამ.

მალინა ბერეკაშვილი, Florence Healthcare International საქართველოს რეგიონული სამედიცინო მენეჯერი:
Florence Healthcare International-ის გუნდის წევრობა ერთდროულად საამაყო და საპასუხისმგებლოა. 13 წელიწადია ამ კლინიკაში ვმუშაობ და უდიდესი გამოცდილება მივიღე ამ სფეროში. მედიცინის ნებისმიერი მიმართულებით დამოუკიდებლად შემიძლია მოკლე ანამნეზის მიღებიდან ოპერაციის ბოლო დონემდე პაციენტს ავუხსნა და ინფორმაცია მივაწოდო.
რაც შეეხება ჩემსა და ანა მაზანიშვილის თანამშრომლობას, სწორედ ჩემი საავადმყოფოდან გამომდინარე მოხდა. Florence Healthcare International-ს მომართავდნენ მკერდის დაავადებების დროს – სწორი დიაგნოსტიკისთვის, მკურნალობისთვის და ოპერაციის დასაგეგმად. ჩვენს საავადმყოფოს ჰყავს ძალიან ძლიერი განყოფილება და წამყვანი სპეციალისტები, ამ განხრით – ბატონი მურათ ათაი და ბატონი სეზარ საალამი.
ყველა პაციენტს, ვისაც არ ჰქონდა საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა, ერთობლივად ვეხმარებოდით ონლაინკონსულტაციების საშუალებით. ეს მოიცავდა სწორი მიმართულების მიცემას და მკურნალობის დაგეგმვას. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის ჩამოსვლა აუცილებელი იყო, უზრუნველვყოფდით მათ საქართველოში ჩამოსვლას. სწორედ ამ პროცესში დაიწყო ჩემი და ანას მეგობრობა და თანამშრომლობა. პირადად მე აქტიურად ვუჭერდი მხარს ფონდს, მათ შორის – ფინანსურადაც.
ყველას, ვინც ამ დიაგნოზს ებრძვის, მინდა ვუთხრა: 21-ე საუკუნეში მკერდის კიბო აღარ არის განაჩენი. თანამედროვე ტექნოლოგიებით, დროული და ზუსტი დიაგნოსტიკით, ასევე სწორად შერჩეული მკურნალობით ვიღებთ შედეგს.
ამასთანავე, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სკრინინგი, რომელიც დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ჩემი, როგორც სამედიცინო მენეჯერის, მთავარი გზავნილია – ყველა ქალმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს ყოველწლიური სკრინინგი, მკერდის დაავადებების დროული გამოვლენისა და პრევენციისთვის. გთხოვთ, იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე და არ გადადოთ რეგულარული შემოწმება.

ნინი ჯულაყიძე, ბრენდის LIMAS ANGELS-ის დიზაინერი: მე ვარ დიზაინერი, რომლისთვისაც მოდა მხოლოდ ესთეტიკა არ არის, ეს არის ძალა, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აბრუნებს. რამდენიმე წელია პაციენტთა ადვოკატირებას ვეწევი Europa Donna-სა და Hope-თან ერთად. ყველაფერი დაიწყო იმ მომენტიდან, როდესაც ჩვენს „ვარდისფერ სივრცეს“, ადგილს, სადაც პაციენტებისთვის ყველაზე საჭირო, თბილი და ადამიანური შეხვედრები იმართებოდა, დაფინანსება შეუწყდა. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, ჩემი ნიჭი პასუხისმგებლობად მექცია. შევქმენი ბრენდი, რომელიც არ იქნებოდა მხოლოდ ვიზუალური, არამედ იქნებოდა მხარდაჭერის, იმედისა და სიცოცხლის გაგრძელების ფორმა.
არ შემიძლია არ აღვნიშნო, ამ ყველაფერში დედაჩემის მხარდაჭერა იყო ჩემთვის უდიდესი ძალა. ასე დაიბადა LIMAS ANGELS, რომელიც არა მხოლოდ უბრალოდ ბრენდი, არამედ მოძრაობის სიმბოლო გახდა. ერთ წელიწადში შევქმენით ასობით ლუქი და ჩავატარეთ არაერთი საქველმოქმედო ჩვენება, სადაც სცენაზე ერთად იდგნენ პაციენტები, ექიმები, არტისტები, მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. ეს არ იყო მხოლოდ მოდის ჩვენება, ეს იყო ტრანსფორმაცია. წარმოიდგინეთ ქალი, რომელიც ყველაზე რთულ დიაგნოზთან ბრძოლაშია და ერთ დღეს ის დგას პოდიუმზე, განათებულ სცენაზე, ატარებს მისთვის შექმნილ უნიკალურ სამოსს, იღებენ კამერები, წერენ მასზე სტატიებს, ისმის აპლოდისმენტები… იმ წამს ის აღარ არის პაციენტი, ის არის ძლიერი, ლამაზი და ცოცხალი ქალი. სწორედ ამ განცდისთვის იქმნება LIMAS ANGELS-ის თითოეული სამოსი – სხეულისა და სულის სიღრმისეული შეგრძნებით.
ეს არის პასუხისმგებლობა, გაამხნევოს და შეახსენოს ადამიანს საკუთარი თავი.
ასეთი საოცარი ისტორიები იქმნება ანა მაზანიშვილის ხელმძღვანელობით იმ ქალების ცხოვრებაში, რომლებიც ამ ორგანიზაციების ნაწილი არიან. ამავდროულად, ბრენდმა შექმნა მაღალი მოდის კოლექციები, მონაწილეობდა საქართველოს მოდის კვირეულზე, სადაც დიდი მოწონება დაიმსახურა და სწორედ მისი დახმარებით მალევე მოვიდა საერთაშორისო აღიარებაც, მოწვევები პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებზე, ახალი პარტნიორობები და ინტერესის მუდმივი ზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან.
დღეს LIMAS ANGELS-ს საზღვრები აღარ აქვს. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს გზა მარტო არ გამივლია. ამ ყველაფრის უკან დგას უამრავი ადამიანი და განსაკუთრებით ის ქალები, რომლებმაც საკუთარი სიმამაცით, სილამაზითა და ისტორიებით თავად შექმნეს ეს ბრენდი.
საბოლოოდ LIMAS ANGELS მათ ეკუთვნით.
მე არ ვქმნი უბრალოდ სამოსს, მე ვქმნი განცდას, სადაც ქალი საკუთარ თავს თავიდან პოულობს.

დიანა ლაჭყეპიანი Memories-ის დამფუძნებელი: ფოტოგრაფია ჩემთვის უბრალოდ სურათების გადაღება არ არის, ეს არის ცხოვრებისეული მატიანე. მომენტები, რომლებიც თითქოს მალევე უნდა გაქრეს, მაგრამ ერთ პატარა კადრში სამუდამოდ რჩება.
ფოტოგრაფია არის გრძნობა – სიცილი, რომელიც უკვე დასრულდა, მაგრამ ფოტოში ისევ ცოცხალია; ემოცია, რომელიც სიტყვებით ვერ გადმოიცემა, თუმცა ერთ კადრში ყველაფერს გიყვება. ისტორიების შენახვის გზაა ფოტოგრაფია – ნამდვილი, დაუმუშავებელი სახით, ისეთი, როგორიც არის. ყოველი ფოტო არის მოგონება, რომელიც დროს არ ემორჩილება.
Memories არის ქართული სტარტაპი, რომელიც ადამიანების ემოციებს ისტორიად გარდაქმნის. დღეს უკვე ვოპერირებთ მსოფლიოს 5 ქვეყანაში და ჩვენი მიზანია გავფართოვდეთ გლობალურად და შევეხოთ ადამიანების ცხოვრებას მსოფლიოს მასშტაბით.
სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს სოციალურ პროექტებს, რადგან გვჯერა, რომ მნიშვნელოვანი მომენტები იმსახურებს არდავიწყებას.
ჩვენი ღირებულებების ლოგიკური გაგრძელება იყო Europa Donna Georgia-სა და Onco Society Hope-თან თანამშრომლობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ იქ, სადაც ადამიანებს სჭირდებათ არა მხოლოდ დახმარება, არამედ ემოციური მხარდაჭერა და იმედი. ფოტოგრაფია ამ პროცესში იქცევა სარკედ, რომელიც ადამიანს აჩვენებს მის სიძლიერეს, სილამაზესა და ისტორიას, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი.
ჩვენი ერთობლივი კამპანია იყო ძალიან ემოციური და ძალის მომცემი. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება და იმ ადამიანების გაძლიერება, რომლებიც ონკოლოგიურ გამოწვევებს აწყდებიან. ამ პროცესში ფოტოგრაფია იქცა ემოციის ენად, თითოეული კადრი იყო სიძლიერის, იმედისა და ცხოვრების გაგრძელების ისტორია.
ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც ადამიანები საკუთარ თავს უნდა ხედავდნენ არა მხოლოდ გამოწვევის, არამედ სიძლიერის პერსპექტივიდან.

თინათინ მსხვილიძე, ვიზაჟისტი: სილამაზის სფერო არ არის მხოლოდ გარეგნული ბრწყინვალება, ეს არის შთაგონების, მხარდაჭერისა და შინაგანი ძალის გაღვიძების საშუალება. „ევროპა დონა“ და „ჰოუფი“ აკეთებენ უმნიშვნელოვანეს საქმეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბრძოლის გრძელ გზას გადიან.
ჩემი და ჩემი გუნდის გადაწყვეტილება, დავდგომოდით მათ გვერდით, ეფუძნებოდა სურვილს, რომ ამ ქალბატონებისთვის გვეჩუქებინა პოზიტიური ემოციები. გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ დიაგნოზის მიუხედავად, ისინი რჩებიან მშვენიერები და ძლიერები. როდესაც გაქვს რესურსი, გააბედნიერო ადამიანი და დაუბრუნო მას საკუთარი თავის რწმენა, უკვე აღარ არის მხოლოდ პროფესიული არჩევანი, ეს მორალური ვალდებულებაა.
ჩვენი თანამშრომლობა შედგა პროექტის „Fashion Day“ ფარგლებში, რომელიც ნამდვილ დღესასწაულად იქცა. ამ დღეს ჩემმა გუნდმა იზრუნა ონკოპაციენტების ვიზაჟსა და ვარცხნილობაზე. ეს არ იყო უბრალოდ მაკიაჟის გაკეთება, ეს იყო პროცესი, სადაც თითოეულ მონაწილესთან ინდივიდუალური კავშირი დამყარდა. დავინახეთ, როგორ იცვლებოდა მათი განწყობა, როგორ უბრუნდებოდათ თვალებში ნაპერწკალი. ამ კამპანიამ დაგვანახა, რომ სილამაზეს აქვს თერაპიული ძალა და მოხარული ვარ, რომ ჩვენს სტუდიას ჰქონდა შესაძლებლობა, მცირედი წვლილი შეეტანა მათ გაბედნიერებაში.

თიკა (თინათინ) აიწურაძე, ფსიქოლოგი, საქველმოქმედო ორგანიზაცია Thyroid Cancer Butterfly-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, Europa Donna Georgia-ს აქტიური წევრი, ონკოფსიქოლოგი და კავკასიის ონკოსაზოგადოება HOPE-ის საბჭოს წევრი.
ჩემი საქმიანობა მიმართულია ონკოპაციენტთა უფლებების დაცვაზე, მათ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. 2026 წლის 26 თებერვალს ვიმყოფებოდი ვენაში, სადაც საქართველოს წარმოვადგენდი საერთაშორისო დონეზე. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი Thyroid Cancer Butterfly-სა და ევროპის ბიზნესალიანსს შორის, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს ევროპული ონკოლოგიური ორგანიზაციების კონსორციუმთან თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებისთვის საქართველოში.
ჩემთვის ეს საქმიანობა ნიშნავს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ვიყო ხმა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ერთობლივად განხორციელებული კამპანია მიეძღვნა მსოფლიო კიბოს დღეს (4 თებერვალი) და გაიმართა 2026 წლის 8 თებერვალს Tbilisi Marriott-ში, სადაც ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი Thyroid Cancer Butterfly-სა და კავკასიის ონკოსაზოგადოება HOPE-ს შორის.
ღონისძიების ფარგლებში გაჟღერდა ჩვენი პეტიცია, რომლის მთავარი მიზანია ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ინოვაციური მედიკამენტების დაფინანსების აუცილებლობაზე, რომლებიც ამ ეტაპზე ჯერჯერობით არ არის ჩართული სახელმწიფო პროგრამაში, ასევე, ონკოპაციენტთა მკურნალობის შემდგომი ფსიქორეაბილიტაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.
კამპანია მიზნად ისახავდა ონკოპაციენტთა მხარდაჭერის გაძლიერებას, მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობის წარმოჩენასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინიციატივები აძლიერებს არა მხოლოდ ინდივიდუალურ ისტორიებს, არამედ მთლიანად სისტემას, ქმნის უფრო ჰუმანურ და ეფექტურ გარემოს პაციენტზე ზრუნვისთვის.
პროექტის ავტორი: ანა მაზანიშვილი, ქეთა დაუშვილი
ტექსტი: სოფიო მალანია












