იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები კაცობრიობის საერთო კულტურულ და ბუნებრივ საგანძურს წარმოადგენს. ამ სიაში მოხვედრილი ობიექტები განსაკუთრებული ისტორიული, არქიტექტურული ან ბუნებრივი მნიშვნელობით გამოირჩევა და მათი დაცვა საერთაშორისო მნიშვნელობის საქმედ ითვლება. საქართველო, თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, ამ მნიშვნელოვან ნუსხაში რამდენიმე გამორჩეული ძეგლით არის წარმოდგენილი.
საქართველოში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ოთხი მთავარი ძეგლი შედის, ესენია:
- მცხეთის ისტორიული ძეგლები – სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, სამთავროს მონასტერი
- გელათის მონასტერი
- ზემო სვანეთი
- კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები

მცხეთის ისტორიული ძეგლები
პირველი ქართული ძეგლები, რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1994 წელს შეიტანეს, მცხეთის ისტორიული ძეგლებია. მათ შორისაა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, ჯვრის მონასტერი და სამთავროს მონასტერი. მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქი და ქართული ქრისტიანული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. აღნიშნული ძეგლები ქართული შუა საუკუნეების არქიტექტურის უმაღლეს ნიმუშებად მიიჩნევა და ქვეყნის რელიგიურ და ისტორიულ იდენტობას ასახავს.
![]()
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს — XI საუკუნის არქიტექტურულ შედევრს, რომელიც 1010–1029 წლებში არქიტექტორ არსუკიძის ხელმძღვანელობით აშენდა. გადმოცემის მიხედვით, ტაძარი ქრისტეს კვართის დამარხვის ადგილზეა აგებული, რის გამოც იგი საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძრის სტატუსს ატარებდა. საუკუნეების განმავლობაში აქ მეფეები იკურთხებოდნენ და იკრძალებოდნენ.
.jpg)
ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ძეგლი, რომელიც მთის წვერზე დგას და მცხეთის პანორამულ ხედს გადაჰყურებს. მონასტერი იქ აშენდა, სადაც წმინდა ნინომ ქრისტიანობის გავრცელების ნიშნად ხის ჯვარი აღმართა. ჯვრის ტაძარი ადრეული ქართული ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი მაგალითია და მოგვიანებით მრავალი ეკლესიის არქიტექტურულ მოდელად იქცა.

სამთავროს მონასტერი — IV საუკუნიდან დაკავშირებულია მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელებთან, რომლებმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადეს. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში სამონასტრო და სასულიერო ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო.

გელათის მონასტერი
გელათის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1994 წელს შევიდა. იგი 1106 წელს საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებელმა დააარსა. გელათი მხოლოდ მონასტერი არ ყოფილა — აქ ფუნქციონირებდა ცნობილი გელათის აკადემია, რომელსაც ხშირად „ახალ ათენს“ უწოდებდნენ. მონასტერი შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრი იყო, სადაც მოღვაწეობდნენ ფილოსოფოსები, თეოლოგები და მეცნიერები.
ტაძარი გამოირჩევა უნიკალური ფრესკებითა და მოზაიკებით. განსაკუთრებით ცნობილია ღვთისმშობლის მოზაიკა, რომელიც XII საუკუნიდან შემორჩა. დავით აღმაშენებელი სწორედ გელათშია დაკრძალული – მონასტრის შესასვლელში, მისი სურვილის მიხედვით, რათა მონასტერში შემსვლელ ყოველ ადამიანს მეფის საფლავზე გაევლო.

თავდაპირველად იუნესკოს სიაში ბაგრატის ტაძარიც შედიოდა, თუმცა მასზე ჩატარებული მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ 2017 წელს ნუსხიდან ამოიღეს, რადგან ავთენტურობის ნაწილი დაკარგულად ჩაითვალა.
![]()
დღეისათვის გელათის მონასტერ განადგურების პირასაა, ის ბოლო წლებში სერიოზული დაზიანებებისა და რესტავრაციის პრობლემების გამო საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. პრობლემა ტაძრის სახურავის რეაბილიტაციის შემდეგ გამწვავდა – უხვი ნალექის წყალი შიდა სივრცეში აღწევს, რამაც უნიკალური ფრესკებისა და მოზაიკების დაზიანება გამოიწვია. გაზრდილმა ტენიანობამ კედლის მხატვრობაზე ლაქები გააჩინა, ფრესკები კი ქრება, რაც კულტურული მემკვიდრეობისათვის მნიშვნელოვან საფრთხედ მიიჩნევა. მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესში იუნესკოსა და საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთნენ. ტაძარზე დროებითი გადახურვა მოეწყო და ის ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის ნაწილობრივ დაკეტილია.


ზემო სვანეთი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კიდევ ერთი ქართული ძეგლია ზემო სვანეთი, რომელიც სიაში 1996 წელს შევიდა. ეს რეგიონი გამორჩეულია შუა საუკუნეების თავდაცვითი კოშკებით, უნიკალური ლანდშაფტითა და ტრადიციული დასახლებებით. სვანური კოშკები არა მხოლოდ არქიტექტურული მნიშვნელობის მატარებელია, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის ისტორიულ ცხოვრების წესსაც ასახავს.

კოლხეთის ტროპიკული ტყეები და ჭაობები
საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობის პირველი ობიექტი კოლხეთის ტენიანი ტყეები და ჭაობებია, რომელიც იუნესკოს სიას 2021 წელს დაემატა. ეს უნიკალური ეკოსისტემა დასავლეთ საქართველოში მდებარეობს და იშვიათი მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. კოლხეთის ტყეები მსოფლიო მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად მიიჩნევა.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მოხვედრა მხოლოდ აღიარება არ არის – ეს პასუხისმგებლობაცაა. თითოეული ძეგლი საერთაშორისო დაცვის ქვეშ ექცევა, რაც მის შენარჩუნებას, კვლევასა და მომავალ თაობებისთვის გადაცემას ემსახურება. საქართველოსთვის ეს ძეგლები ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ბუნებრივი სიმდიდრის მნიშვნელოვანი ნაწილი და მსოფლიო ცივილიზაციაში მისი ადგილის დამადასტურებელი მემკვიდრეობაა.
![]()












