მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში მილანის, ლონდონის და ნიუ-იორკის შემდეგ პარიზის მოდის კვირეულია.
რამდენიმე საათის წინ ბელგიელმა დიზაინერმა დრის ვან ნოტენმა ბრენდის უახლესი, 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის READY-TO-WEAR კოლექცია წარადგინა, რომლის ინსპირაციაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალები გახდა.
“მუსიკალურ ფესტივალებთან დაკავშირებული თემები სწორედ ის დეტალებია, რაც კოლექციის შექმნის დროს ყველაზე მეტად გვეხმარებოდა. ჩვენ ვიხსენებდით იმ მომენტებს, როდესაც სახლიდან ულევი ემოციებით გადიხარ, ხვდები ხალხს, უზიარებ შენს ნამდვილ ემოციას და ერთობი მათთან ერთად რომელიმე მშვენიერ ადგილას. არ აქვს მნიშვნელობა ეს პოპ თუ როკ ფესტივალია, კლუბი, თუ უბრალოდ დისკოთეკა, სიხარულის ეს მომენტი მართლაც რომ გამორჩეულია.”
როგორც ჩანს დრის ვან ნოტენის ერთ-ერთი ინსპირაცია სწორედ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ფესტივალი Tomorrowland გახდა.
“ის სამყაროს ყველაზე დიდი საცეკვაო ფესტივალია, რომელზეც მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნადი შემსრულებლები და მუსიკოსები გამოდიან. როდესაც მათ სურათებს ათვალიერებ, ზოგიერთი ადამიანი მართლაც რომ გრანდიოზული ღონისძიებისთვისაა გამოწყობილი, მათ საკუთარი გარეგნობით რაღაც გამორჩეულის თქმა სურთ.”
“ამ კოლექციით ზუსტად მსგავსი ემოციების გამოწვევა და ვიზუალური ფოიერვერკის გაჩაღება მსურდა.”