„კარგი მეგობარი ოთხფოთლიან სამყურას ჰგავს, ძნელად საპოვნელია და მისი მპოვნელი იღბლიანია“ – ირანული ანდაზა
ჩვენს ცხოვრებაში ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ხან ცხოვრების ბოლომდე ჩვენ გვერდით რჩებიან, ხან კი მალევე ქრებიან. თუმცა, ჩემი ღრმა რწმენით, ადამიანები ერთმანეთს შემთხვევით არ უკავშირდებიან. მათი გზების გადაკვეთის უკან ყოველთვის არსებობს რაღაც ღრმა მიზეზი, რომელიც ჩვენს სამომავლო მოძრაობას განსაზღვრავს. მეგობრები კი ჩვენს ცხოვრებას სხვადასხვა ფერით ავსებენ, ალამაზებენ, აფერადებენ და ჩვენს პატარა სივრცეს ამ დიდ სამყაროში უკეთესობისკენ ცვლიან. და მაშინ, როდესაც ვფიქრობთ, რომ ცხოვრების ტრავმებს ვერ გავუძლებთ და სამყაროს კიდეში აღმოვჩნდებით, მეგობრები სირთულეების გადასალახ გზებს გვანახვებენ. ამ გზაზე კი მათთან ერთად ყოველი ნაბიჯი უფრო მსუბუქი ხდება… როცა რეალობა რთულია, მეგობარი ის სარკე ხდება, რომელშიც იმედი აირეკლება.
ბატონო ნუგზარ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ბატონ ვახტანგ ტატიშვილის მეგობრობა?
ნუგზარ კვაშალი: ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის მეგობრობა მაშინ დაიწყო, როდესაც ანსამბლ „ივერიაში“ მოვხვდი. ეს იყო 1972 წელი და მაშინ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ ნიჭიერი ადამიანების გვერდით ვიმღერებდი. ეს არ იყო მხოლოდ ჩემი და ვახტანგ ტატიშვილის ან მხოლოდ ჩემი და თემურ წიკლაურის მეგობრობა, ეს იყო ანსამბლის 12-ვე წევრის გამორჩეული მეგობრობის ისტორია. როდესაც ჩვენმა ანსამბლმა იუმორისტულ ნაწილშიც დაიწყო განვითარება, მაშინ მე, ვახტანგ ტატიშვილი და თემურ წიკლაური უფრო მეტად დავახლოვდით. 1985 წელს კი შეიქმნა მიუზიკლი, სახელწოდებით „თოვლის ბებოს ზღაპარი“, სადაც ჯუჯების როლი შემოგვთავაზეს. როლზე უარის თქმას ვაპირებდით, მაგრამ საბოლოოდ პროექტი გამოვიდა. სიკეთე, სიყვარული და სილამაზე საზოგადოებაში გავავრცელეთ და 160-ზე მეტი კონცერტი ჩავატარეთ თანმიმდევრობით. ეს იმ დროისთვის რეკორდი იყო. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და სიმღერამაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. 10 წლითა და 2 დღით არის ვახო ჩემზე დიდი, თუმცა ეს ხელს არ გვიშლიდა, საუკეთესო მეგობრები ვყოფილიყავით. ორი ჯუჯის სიმღერას მოჰყვა მეორე და მესამე სიმღერაც და მისი პოპულარობა ჩვენ ყველაზე მეტად გვახარებდა. ვახო მეუბნება, ჩემი მეორე ნახევარი ხარო. კონცერტებს ახლაც ვმართავთ ხოლმე საქართველოს რეგიონებში. ბოლო 5 წელიწადში 300-მდე კონცერტი ჩავატარეთ. სანამ ფეხზე ვდგავართ და შესაძლებლობა გვაქვს, სიყვარული, სიკეთე და სილამაზე ყველგან მოვაფრქვიოთ, ამას ყოველთვის გავაკეთებთ.
როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს, რაიმე გამორჩეული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
ახალგაზრდობაში ახალი წლის პერიოდში, ძირითადად, გასტროლები გვქონდა ხოლმე. ხშირად აღმოვჩენილვართ უცნაურ და საინტერესო თავგადასავლებში. ვეცნობოდით იმ ქვეყნის ტრადიციებს, სადაც მივდიოდით. ახალ წელს კი ჯერ ქართული დროითა და წეს-ჩვეულებებით აღვნიშნავდით, შემდეგ კი იმ ქვეყნის დროითა და ტრადიციებით, სადაც იმწუთას ვიმყოფებოდით. ახლა ასე აღარ არის, თუ კონცერტი გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთად აღვნიშნავთ, მაგრამ შემდეგ ორივეს შინ მიგვეჩქარება, ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან.
ბატონო ვახტანგ, თუ გახსოვთ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ნუგზარ კვაშალის მეგობრობა?
ვახტანგ ტატიშვილი: 16-17 წლის იყო ნუგზარ კვაშალი, როდესაც ანსამბლ „ივერიაში“ მოვიდა. მაშინ შევხვდით ერთმანეთს პირველად. თუმცა ორი ჯუჯის პერსონაჟმა უფრო მეტად დაგვაახლოვა და ეს ჯუჯები დღემდე მოგვყვებიან. უკვე 40 წელზე მეტია ვართ ჯუჯებიც და მეგობრებიც. ძალიან მხიარული წლები გავატარეთ ერთად.
რა არის ამდენწლიანი მეგობრობის საიდუმლო ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად?
მეგობრობაში მთავარი მეგობრობაა. მეგობრები ერთი გობიდან ჭამენ და ერთნაირად იყოფენ ყველაფერს – ავსაც და კარგსაც.
როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს?
ადრე ახალი წელი კონცერტებით გვქონდა დატვირთული. ახლა შედარებით ნაკლებად ვართ დაკავებულები, თუმცა ბავშვების გასახარებლად ყოველთვის ვმღერით ორი ჯუჯის სიმღერას. ახლა ძირითადად შინ ვხვდებით ახალ წელს, ოჯახის წევრების გარემოცვაში.
ია, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ციცინო შურღაიას მეგობრობა?
ია ფარულავა: ეს იყო ბევრი წლის წინ. ჩვენი მეგობრობა 20 წელზე მეტს ითვლის. მახსოვს, სანამ ციცინო შურღაიას გავიცნობდი, ვნახე მასზე მომზადებული დოკუმენტური ფილმი და აღვფრთოვანდი ამ ადამიანით. შემდეგ ერთმანეთს ერთ-ერთ წვეულებაზე შევხვდით და დავმეგობრდით. ჩემი და ციცოს დამეგობრების შესახებ მითი შევქმენი, რომ ჩვენ დაგვაახლოვა ღომმა, ფელამუშმმა და მეგრულმა ძირებმა. როდესაც ციცინომ პირველად დამპატიჟა მის მიერ მომზადებული ფელამუშის გასასინჯად და როდესაც მე ეს ფელამუში დავაგემოვნე, სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ის ჩემი სულიერი და იყო )). ჩვენი მეგობრობა იწყება ფილამუშით, ღომითა და ტრადიციული მეგრული სამზარეულოთი. ციცინო საუკეთესო მზარეულია. მისი სუფრა და სტუმარმასპინძლობა ეს კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემაა.
რა არის საჭირო 20-წლიანი მეგობრობის შესანარჩუნებლად?
მეგობრობაში აუცილებელია, რომ ორივე ადამიანმა ერთმანეთს დაუთმოს. მე და ციცინო არ ვართ მარტივი ადამიანები, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ყოველთვის ვუგებთ. ერთმანეთის ხასიათი და ბუნება კარგად ვიცით და ეს გვეხმარება სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია თქვენი ვიდეოები, რატომ დაიწყეთ ერთობლივი ვიდეოების გაზიარება საზოგადოებისთვის?
ჩვენ სერიოზული ადამიანები ვართ, მძიმე ხასიათებით და რაღაცით ხომ უნდა გავირთოთ თავი? ჩვენც ვერთობით და თქვენც გართობთ.
ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების წინა ხაზზე გიხილეთ. ფაქტობრივად, თქვენ იყავით ის ადამიანი, ვინც მომიტინგეებს „პირველი არხის“ შენობაში შეუძღვა. რამ განაპირობა თქვენი ასეთი შემართება და გამბედაობა?
არ მიმაჩნია, რომ რაიმე განსაკუთრებული ქმედება ჩავიდინე. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად მიყვარს საქმე ლაპარაკის ნაცვლად. როდესაც იქ ვიდექი და ვხედავდი, რომ ხალხი შესვლას ითხოვდა, ავდექი და შევედი. ძალიან კარგი ვქენი, რადგან სწორედ ამ შესვლის შემდეგ დაგვითმეს ეთერი.
ახალ წელს როგორ ხვდებით ხოლმე? რაიმე საინტერესო საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
ერთადერთი, რასაც ყოველწლიურად ერთად ვაკეთებთ, ეს გოზინაყია. ციცოს განსაკუთრებული რეცეპტი აქვს, მე ნიგოზს ვჭრი და დანარჩენს ციცო უძღვება. ბოლოს გეტყვით, რომ გავუფრთხილდეთ მეგობრებს და მეგობრობას. ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო რამაა ჩვენს ცხოვრებაში და გახსოვდეთ, რომ მეგობრობა არის გზად და ხიდად. გაუფრთხილდით და გიყვარდეთ მეგობრები.
ციცინო, გახსოვთ, როდის დაიწყო თქვენი და ია ფარულავას მეგობრობა?
ციცინო შურღაია: ერთმანეთი დაახლოებით 20 წლის წინ გავიცანით. მე საქართველოში არ ვცხოვრობდი, თუმცა როდესაც თბილისში ჩამოვდიოდი, ერთად არაჩვეულებრივად ვატარებდით დროს.
როდის მიხვდით, რომ თქვენი მეგობრობა განსაკუთრებული და ღირებული გახდა?
როდესაც საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი, ეს ურთიერთობა მაშინაც კი ძვირფასი იყო ჩემთვის. იას ჩემს ცხოვრებაში სიცოცხლე შემოაქვს, მისტიკური ქალია, რომელთან მეგობრობაც ყველას უხარია. იასთან ერთად სულ მხიარულ ნოტებზე ხარ, ჩემი ანტიდეპრესანტია. როდესაც ვნახულობ, მიხარია. მეგობრობა ადამიანების ისეთი ურთიერთობაა, რომელიც ბევრ საკითხს აერთიანებს – ეს ადამიანი გიყვარს, ამ ადამიანის გესმის, ეს ადამიანი არის შენიანი, შენნაირად აზროვნებს, შეიძლება გეწინააღმდეგებოდეს კიდეც, თუმცა ურთიერთგაგება მაინც არსებობს.
რას გვეტყვით იმ ვიდეოებზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ავრცელებთ ხოლმე?
ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ბევრი სტრესია. მე ქირურგი ვარ და საქმე ადამიანის გარეგნობასთან მაქვს, რაც მისი სავიზიტო ბარათია. მე რომ რაიმე შემეშალოს, სხვის ცხოვრებასაც ვცვლი, ამიტომ ყოველდღიურად დაძაბული დღის რეჟიმი მაქვს. გარდა ამისა, გულის ოპერაცია გავიკეთე და ოფიციალურად მაქვს აკრძალული ცუდ გუნება-განწყობაზე ყოფნა. ამიტომ მე და ია ყველა მიზეზით ვმხიარულობთ. ამ ვიდეოებში სულ ვხუმრობთ და ხალხიც ერთობა, როგორც ჩანს. სულ სერიოზული ჩემი მტერი იყოს.))
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მეგობრობაში?
ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ერთ სიმაღლეზე ფრენა. სხვადასხვა სიმაღლეზე მყოფი ადამაინები დიდხანს ვერ იმეგობრებენ. მე მინდა ყველას ვუსურვო ისეთი მეგობარი, როგორც ია არის ჩემთვის. ასევე, ყველას ვუსურვებ ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს, ბევრ ყვავილს, ბევრ სიყვარულსა და სიმდიდრეს.
ნინო, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ზუზუს მეგობრობა?
ნინო დარასელი: ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობა მეორე არხიდან დაიწყო. მე რომ ტელევიზიაში მივედი, ზუზუ უკვე სტაჟიანი მეორეარხელი იყო, გადაცემა „დუ შაში“ მიჰყავდა. ისიც კი მახსოვს, როგორ გამოიყურებოდა მისი სტუდია. სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი და მალევე დავმეგობრდით კიდეც.
როდის მიხვდით, რომ თქვენი მეგობრობა განსაკუთრებული იყო?
ჩვენი დამეგობრების შემდეგ ჩვენი შვილები ერთ სკოლაში და ერთ კლასში აღმოჩნდნენ და ისინიც მაშინვე დამეგობრდნენ. მაშინ მივხვდი, რომ ჩვენი მეგობრობა უკვე გენეტიკურად გრძელდება.
როგორ ატარებთ საახალწლო და სადღესასწაულო დღეებს ერთად. რაიმე განსაკუთრებული ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
ყველაზე მნიშვნელოვანია სადღესასწაულო დღეებში ჩვენს შვილებთან ერთად სადმე წასვლა და მათი მოსმენა, მათთვის კი ჩვენი ამბების მოყოლა. ეს განსაკუთრებულად სასიამოვნო მომენტია. ასეთი არაერთი დღე გვქონია და ვფიქრობ, რომ მომავალშიც ბევრი კარგი საერთო ამბავი გველოდება წინ.
ნინო, თუ გახსოვთ, როდის დაიწყო თქვენი და ნინოს მეგობრობა?
ნინო ნოდია (ზუზუ): ზუსტად როდის დაიწყო ჩვენი მეგობრობა, სიმართლე გითხრათ, არ მახსოვს. ჯერ დარსოს მამა, შემდეგ კი ნინოს ყოფილი მეუღლე, ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. როდესაც მე ტელევიზიაში ვმუშაობდი, ნინოს მამა, ზაზა დარასელი იყო ჩემი დირექტორი და მე მისგან ყოველთვის ვგრძნობდი თანადგომასა და მხარდაჭერას. შემდეგ კი, როდესაც მე და ნინო დავმეგობრდით, ჩვენი შვილებიც კლასელები აღმოჩნდნენ და ისინიც საუკეთესო მეგობრები გახდნენ.
როდის მიხვდით, რომ თქვენი მეგობრობა განსაკუთრებული და ღირებული გახდა?
მეგობრობა ჩემთვის, გარდა იმისა, რომ არის ბევრი ერთად გატარებული წელი და საერთო ემოციები, პირველ რიგში, ურთიერთობა და პატივისცემაა. მე ამას ყოველთვის ვგრძნობ ნინოსგან და იმედია, ისიც გრძნობს ჩემგან. ეს ურთიერთობა და პატივისცემა ორმხრივია. ჩვენ შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს, მაგრამ ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებსაც შეგვიძლია ამ ყველაფერზე წყნარად ვისაუბროთ, ერთმანეთის აზრს პატივი ვცეთ და არ მივაყენოთ ერთმანეთს ტკივილი და შეურაცხყოფა. მეგობრები იმიტომ არიან მეგობრები, რომ ერთმანეთის ჭირ-ვარამი გაიზიარონ. ერთმანეთის გვერდში იდგნენ ყველა სიტუაციაში. რაც მთავარია, ჩვენ სიყვარული უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს, რადგან სიყვარულია ის, რაც ამოძრავებს მეგობრობასაც და ყველანაირ ურთიერთობას სამყაროში.
რაიმე განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
სადღესასწაულო დღეებში ვცდილობთ ჩვენს შვილებთან ერთად გავატაროთ დრო, ტელეფონებს გვერდით გადავდებთ ხოლმე და ვსაუბრობთ ყველაფერზე – მეგობრობაზე, გართობაზე, სურვილებსა თუ ოცნებებზე.
მარიამ, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ნათიას მეგობრობა?
მარიამ კუხალაშვილი: ჩემი და ნათიას მეგობრობა დაიწყო დაახლოებით 3 წლის წინ. ნათია ერთ-ერთი კომპანიის პიარმენეჯერი იყო, მე კი ბლოგერი. საქმიანი შემოთავაზებით დამიკავშირდა, ჩემთან კოლაბორაციას გეგმავდა. სანამ ნათიას შევხვდებოდი, მის მიმართ უკვე კეთილგანწყობილი ვიყავი, რადგან ტელეფონით საუბრის დროსაც ვგრძნობდი მის საოცარ დადებით ენერგეტიკას. როდესაც შევხვდით ერთმანეთს, გაოცებული დავრჩი. მოვიდა ძალიან ლამაზი და პოზიტიური გოგო. არ არსებობს, ნათიას ერთხელ შეხვდე და მის მიმართ დადებითი ემოცია არ გაგიჩნდეს. ასეთი ადამიანია, მუდამ იღიმის, მოწესრიგებული და ესთეტიკურია. ის, რამაც ჩემი ყურადღება ყველაზე მეტად მიიქცია, მისი გემოვნებიანი ჩაცმულობა იყო. ამ წამიდან ჩვენ შორის სხვანაირი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. თანამშრომლობამ წარმატებით ჩაიარა, თუმცა მეგობრობა მაშინვე არ დაწყებულა. დროთა განმავლობაში გადაიზარდა ეს ურთიერთობა დიდ მეგობრობაში.
მართალია, ჩვენი მეგობრობა 3 წელს ითვლის, თუმცა განცდა მაქვს, რომ ერთმანეთს მთელი ცხოვრებაა ვიცნობთ. ერთმანეთს პროფესიულ ნაწილშიც ვეხმარებით, ვუზიარებთ გამოცდილებას და ეს ორივეს გვეხმარება წარმატების მიღწევაში. მგონია, რომ ეს ურთიერთობაში დიდი კომფორტია.
როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს? რაიმე ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
მე და ნათიას ხშირად გვიწევს წინასაახალწლო ღონისძიებებზე ერთად დასწრება, რაც ორივეს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს. რას ჩავიცვამთ ახალი წლის ღამეს – ეს ორივესთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა, შესაბამისად, სამოსის შერჩევასაც ერთობლივად ვცდილობთ. წელს ნათია გეგმავს, თავის სახლში მოაწყოს წინასაახალწლო ვახშამი და ამ დღეს ორივე განსაკუთრებულად ველოდებით.
როდის და როგორ დაიწყო თქვენი და მარიამის მეგობრობა?
ნათია ფარცხალაძე: ჩვენი მეგობრობა საქმიანი ურთიერთობით დაიწყო, თუმცა მალევე გადაიზარდა მეგობრობაში. პირველივე შეხვედრაზე მარიამმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მას შეუძლია ერთი ჩვეულებრივი დღე დღესასწაულად გადააქციოს. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის შინაგან სამყაროს, მარიამს კი უამრავი დადებითი თვისება აქვს, რაც მასთან ურთიერთობაში ნათლად იგრძნობა. ეს არის ადამიანი, რომელიც იზიარებს შენს სიხარულს და შეგიძლია მისი იმედი ყოველთვის გქონდეს.
როგორ ხვდებით ხოლმე ახალ წელს, რაიმე ერთობლივი საახალწლო ტრადიცია ხომ არ გაქვთ?
ტრადიცია ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა წელს პირველად ვგეგმავთ ჯადოსნური დღესასწაულის მოწყობას. ვიმედოვნებ, სწორედ ეს გახდება ჩვენი საახალწლო ტრადიცია სამომავლოდ.
ფოტო: ალექსეი სეროვი
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ტექსტი: თაკო დარახველიძე
ვიზაჟი: სოფია საენკო
ლოკაცია: VangalStudio