მჯერა, რომ თუკი ჯანსაღ საზოგადოებაში ვიცხოვრებთ, სადაც ქალებს საკუთარი უფლებებისა და სიცოცხლის დასაცავად ფიზიკური ბრძოლა აღარ მოუწევთ, მაშინ ბევრი რამ ბუნებრივად სწორად იქნება. ადამიანები ერთმანეთს გზას აღარ ვუთმობთ, უკან მომავალს კარს იშვიათად ვუჭერთ და ზოგადად, პატივისცემას იშვიათად გამოვხატავთ. ამ ფაქტს კი გენდერული თანასწორობის იდეას აბრალებენ. თანასწორობა და პატივისცემა კი სხვადახვა მნიშვნელობის მატარებელია. გზის დათმობა, ზოგადად, ადამიანობა და ზრდილობაა, მარტივად რომ ვთქვათ და ამ ფაქტს, გენდერული საკუთრება არ უნდა მივანიჭოთ… საქართველოში ყოველთვის იყო ქალის კულტი, ეს სადღეგრძელოს ტექსტი არ გეგონოთ, ისტორიული ფაქტია. ჩვენ სულ პატარა გოგონამ, ნინომ გვაზიარა პროგრესს; სადაც ქეთევან წამებულმა თავდადების, სიმამაცისა და თავგანწირვის საოცარი მაგალითი გვაჩვენა და, სადაც დედოფალს მეფეს ვეძახდით. ჰოდა, მინდა მჯეროდეს, რომ ნინოს, ქეთევანისა და თამარის ქვეყანა – ძლიერი ქალებისა და სიყვარულით სავსე ქვეყანაა. სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ OK!-ის cover girl‑თან, ჩემთვის უსაყვარლეს რესპონდენტ ანკა ვასაძესთან.
ძლიერი ქალი, ანუ?
დღეს ძლიერი ქალი წარმატებული ქალის სინონიმია. წარმატებული თავის საქმეში, ოჯახში, სულაც ორივეგან ერთად. ისეთი, რომელმაც იცის რა უნდა; ისე ცხოვრობს, როგორც მას სურს; პოულობს გამოსავალს რთული სიტუაციებიდან.
როგორ ფიქრობთ, დღეს თანამედროვე სამყაროში ქალებს უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა?
დიახ, თანამედროვე სამყაროში, სამწუხაროდ, ქალებს კვლავ უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. ხშირად ვახსენებთ, რომ 21-ე საუკუნეა და რაღაც საკითხებზე, რაც ისედაც ცხადია, არც უნდა ვიდავოთ… მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველმა გენდერზე რაც დაწერა, ყველამ იცის ეს აფორიზმი, თუმცა პრაქტიკაში ისევ სადავოა თუნდაც ელემენტარული ყოფითი საკითხის თვალსაზრისით – სხვადასხვა სქესის შვილებზე – ქონების გაყოფა-გადანაწილების კუთხით. არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოს უამრავ წერტილში ქალების უფლებები შეზღუდულია, ან ისევ უწევთ დაამტკიცონ, რომ მათი და მამაკაცების უფლებები თანაბარია. ქალი – საჭესთან, ქალი – პოლიტიკაში, ქალი, როგორც საქმიანი პარტნიორი – ისევ იწვევს უნდობლობას ბევრ მამაკაცში და ამაში არა მარტო კაცი, ბევრი ქალიცაა დამნაშავე.
დედობა და კარიერა – რამდენად შესაძლებელია ამ ორი „პროფესიის“ თანაბრად და წარმატებით გაძღოლა?
სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია. ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ ჩანს ქართველი ქალის პრობლემები, როცა ოჯახი და კარიერა უნდა შეუთავსო ერთმანეთს. ცოტა ხნის წინ ვნახე სარა ჯესიკა პარკერის მონაწილეობით ფილმი „I dont know how she does it“ ( არ ვიცი, როგორ ახერხებს ამას?):) და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფილმი ასახავს თანამედროვე, 21-ე საუკუნის ქალის ცხოვრებას. როდესაც ოჯახი, ქმარი და შვილები შენთვის მნიშვნელოვანია, ამავდროულად, არ შეგიძლია არ იმუშაო და შენი საყვარელი საქმე არ აკეთო, განცდა გაქვს, რომ ვერაფერს ასწრებ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გინდა, რომ არ გამოტოვო შენი შვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტები. თანამედროვე ქალს „ჟონგლიორის“ როლი აქვს მორგებული, რომელიც ხან ბედნიერი, ხან სასოწარკვეთილი ცდილობს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
თქვენს ცხოვრებაში თუ ყოფილა შემთხვევა, როცა „დედობამ“ წარმატების მიღწევაში ხელი შეგიშალათ. სამწუხაროდ, ბევრი კომპანია თავს იკავებს მრავალშვილიანი ან პატარა ასაკის ბავშვების დედების დასაქმებაზე – ალბათ, ჰგონიათ, რომ ეს სამუშაოს შესრულების ხარისხს საფრთხეში აყენებს?..
საბედნიეროდ, ასეთი რამ ჩემთვის არ უთქვამთ, არც მსგავსი ფაქტი მოსულა ჩემამდე. ისე, მახსოვს, მეორე შვილი რომ გავაჩინე, რამდენიმე თვის იყო, რომ ჩემმა მეგობარმა რეჟისორმა მითხრა: „შენ მანამდეც დაკავებული იყავი და მეორე შვილის მერე საერთოდ, რეპეტიციაზე როგორ მოხვალ, რომ დაგაკავოო“. მას შემდეგ თეატრში სამი პრემიერა მქონდა, სერიალის გადაღებებისა და მეგაშოუს პროექტში მონაწილეობის პარალელურად. შესაბამისად, მგონია, რომ ადამიანს თუ უნდა, ყველაფერს მოასწრებს.
როგორ ფიქრობთ, ქალების გაძლიერებაში ქალებს აკისრიათ დიდი როლი თუ კაცებსაც ენიჭებათ მნიშვნელობა?
ჩემს შემთხვევაში ქალებს აკისრიათ გადამწყვეტი როლი. დედის და მამის მხრიდან ძალიან ძლიერი ქალები მყავს მაგალითებად – ბებიები, დიდი ბებიები. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ოჯახში მატრიარქატი გვაქვს. მამაჩემი სამ თაობაში ერთადერთი მამაკაცია და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ჩვენს ოჯახსა თუ სანათესაოში. იტალიურ ფილმს გაგახსენებთ. Bella-Mafia დაარქვა ჩემმა სიძემ ჩვენს „მატრიარქატს“ და ოჯახურ შეკრებებზე ბევრს ვხუმრობთ ამ თემაზე. მამაკაცები – ზოგჯერ გაუაზრებლად, ზოგჯერ გააზრებულადაც ხელს უშლიან ქალის გაძლიერებას, განვითარებას, ფინანსურ დამოუკიდებლობას. რატომ აკეთებს ამას მამაკაცი, ეს გასაგებია. თუმცა ჩემთვის იმ ქალების პოზიციაა გაუგებარი, რომლებიც ეთანხმებიან მათ. ვფიქრობ, თავდაჯერებული მამაკაცი არ უშინდება ძლიერი ქალის გვერდზე ყოფნას და კიდევ უფრო აძლიერებს მას.
ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგასო და პირიქით… თუ ეთანხმებით – ყველა ძლიერ ქალს ზურგს ძლიერი მამაკაცი უმაგრებს?
ნამდვილად ვეთანხმები ამ მოსაზრებას. მხოლოდ ძლიერ, საკუთარ თავში დარწმუნებულ მამაკაცს არ აშინებს ძლიერი ქალი და პირიქით.
ყველა ადამიანს არ აქვს თუნდაც დიდი პროფესიული გეგმები და მიჰყვება ცხოვრების დინებას. ურთიერთობაში მთავარია ბალანსი და ის, რომ პარტნიორებმა გაითვალისწინონ ერთმანეთის სურვილები. ჩვენც დაგვჭირდა მუშაობა საკუთარ თავზე, რომ არ დაგვეთრგუნა ერთმანეთი. ამაში წყვილებს გულწრფელი საუბარი ეხმარება. ძლიერი და ჭკვიანი პარტნიორი კი დიდი საყრდენი და წარმატების ერთგვარი გარანტია.
არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები აუნაზღაურებელ შრომას – სახლის საქმეებს, ბავშვებს გაცილებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე მამაკაცები. რამდენად რთულია ეს ყველაფერი?
ეს თითქოს ნორმაა და იმ შემთხვევაში, თუ ქალს დამხმარე ჰყავს, უდარდელის სტატუსი აქვს სხვების თვალში. თუ არ მუშაობ და სახლის საქმით ხარ დაკავებული, ასე ამბობენ: არაფერს არ აკეთებს, ზის სახლში. თუ მუშაობ, ოჯახსაც არ უნდა მოაკლო ყურადღება და შენი მოვალეობა შეასრულო. მე არ ვეწინააღმდეგები ადამიანის ბიოლოგიურ საწყისს. როდესაც პირველყოფილი მამაკაცი ნადირობდა, გასაგებია, რომ ცოლი ბავშვებს უვლიდა და საჭმელს ამზადებდა, თუმცა მაშინაც ხომ იყვნენ ამორძალი ქალები. ეს ორი წელია უარი ვთქვი ამ ყველაფერზე. ჩემი პროფესია დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. როდესაც სახლში ვარ, მინდა ბავშვებს დავუთმო დრო და არა დიასახლისობას. მათთან ურთიერთობით ვისიამოვნო. როგორც მე ვამზადებ იშვიათად სადილს, ასევე ჩემი ქმარი ამზადებს იშვიათად, მაგრამ ძალიან გემრიელ კერძებს. ჩემი ბაბუებიც ამზადებდნენ ხოლმე, თუმცა მათი ტრიალი სამზარეულოში ბებიებს არ უყვარდათ: ყველაფერს სვრიანო – ამბობდნენ.
დაბოლოს, თქვენი აზრით – რა სურთ ქალებს ბედნიერებისთვის?
ქალებს უყვართ სტაბილურობა და რომანტიკა… მაგრამ ჩემთვის ადამიანები არქეტიპულად განსხვავდებიან. შესაბამისად, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვა რამ აბედნიერებს. მთავარი კი ისაა, რომ ყველას უნდა ბედნიერება და ამ ბედნიერების აღმოჩენის ძიებაა საინტერესო…
ფოტო: მაკა მეგრელიძე
პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: მარიამ გაბედავა
ჩაცმულობა: Massimo Dutti
ლოკაცია: IQ Studio