28 ნოემბერს ბრიტანელი დიზაინერი, ჯონ გალიანო 65 წლის გახდა. კიჩისა და ავანგარდის მეფემ სახელი თავისი ეპატაჟური კოლექციებით გაითქვა. მისი კარიერა მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე და დრამატულია.
ჯონ გალიანო პარიზის მაღალი მოდის სახლების Givenchy-ს, Christian Dior-ის და საკუთარი ბრენდის, John Galliano-ს მთავარი მხატვარ-მოდიელი იყო, თუმცა 2011 წელს მოდის სამყაროში პერსონა ნონ გრატად გამოცხადეს და რასისტული შენიშვნების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 2015 წელს მან პარიზის მოდის სახლის Maison Margiela-ს კრეატიულ დირექტორად დაიწყო მუშაობა, რომელიც 2024 წელს დატოვა, თუმცა ყველა აღიარებს, რომ სადაც არ უნდა იყოს, ჯონ გალიანო რჩება დიზაინერად, რომელმაც მაღალი მოდის განმარტება სამუდამოდ შეცვალა.
გთავაზობთ ჯონ გალიანოს 12 საუკეთესო ჩვენებას.
Les Incroyables, 1984
გალიანოს დებიუტი მოდაში მისი სადიპლომო პროექტით – „Les Incroyables (and Merveilleuses)“ შედგა, რომელიც შთაგონებული იყო საფრანგეთის რევოლუციითა და მოდის მოყვარული როიალისტი ახალგაზრდებით, რომლებიც თავიანთი მანერებითა და პროვოკაციული ტანსაცმლით გამოირჩეოდნენ.

Givenchy, Couture 1996 წელი
ბრიტანელი დიზაინერის დებიუტი ფრანგული მოდის სახლში ანდერსენის „პრინცესა მუხუდოს მარცვალზე“-ს გალიანოსეული ინტერპრეტაცია გახდა.


ჯონ გალიანო, 1997 წლის შემოდგომა
გალიანოს კოლეგებმა Vogue-დან შემოდგომა/ზამთრის კოლექცია აღწერეს, როგორც „ჰოლივუდის თვალით დანახული ძველი ეგვიპტის პაროდია“, სადაც გალიანოს სცენარით კლეოპატრა სიდისა და ნენსის ხვდება.

კრისტიან დიორი, 2000 წლის შემოდგომა
რეპ-შემსრულებლის სტილით შეზავებული გლამურის გზამკვლევი, სადაც სიასამური შინშილას ხვდება, ლეოპარდი – ჯინსს, ტრენჩქოტები კი გაზეთის პრინტიან საკულტო კაბებს.

კრისტიან დიორი, 2003 წლის შემოდგომა
სექს-რობოტებმა და ფეტიშის დედოფლებმა მეთვრამეტე საუკუნის ფერადი აზიური სამოსი კაბუკის მაკიაჟით წარმოადგინეს – კრისტალებითა და ორგანზას ფენებით მორთული ვარდისფერი ატლასის პალტო, ტანზე მომდგარი შარვალი ატმისფერ ჟაკეტთან ან ბეწვის მოკლე კაბასთან ერთად.

Christian Dior, Couture, 2005 წლის შემოდგომა
გალიანო მორიგ მოგზაურობას იწყებს, მაგრამ ამჯერად ფრანგული ბრენდის მდიდარ ისტორიაში, სადაც თითოეული ლუქი პრინცესა მარგარეტთან და ფრანგული მიუზიკ-ჰოლის ერთ-ერთ სიმბოლოსთან, ზიზი ჟანმერთან შეხვედრაა. ეს მე-20 საუკუნის გენიალური ფოტოგრაფის, ირვინგ პენის და დიდი ინგლისელი ფოტოგრაფის სესილ ბიტონის სამყაროში მოგზაურობაა, რომლებმაც მოდის ეპოქა აღბეჭდეს.


ჯონ გალიანო, 2007 წლის შემოდგომა
კოლექცია-ომაჟი საკუთარ თავსა და ვინტაჟთან ურთიერთობაზე. ეს არის კოლექცია, რომელიც იხსენებს ყველაფერს, რაც დიზაინერმა პარიზში ცხოვრების პირველ წლებში გააკეთა.

ჯონ გალიანო, 2009 წლის შემოდგომა
ექსპედიცია რუსეთ-ბალკანეთის ფოლკლორში – პოდიუმზე ქარბუქი მძვინვარებს, ლაზერული განათება კი ქმნის ილუზიას, რომ მოდელები გვირაბს გადიან და დღევანდელი ცხოვრების მკაცრ რეალობას გაურბიან.


Maison Margiela, 2015 წლის გაზაფხული
ეს ჩვენება გალიანოსა და მარტინ მარჯიელას მიდგომებს ერთმანეთთან აკავშირებს – ორივეს უყვარდა ძველმანების ბაზრობები და მეორადი ნივთების მაღაზიები, სადაც თავიანთი კოლექციებისთვის მასალებს პოულობდნენ.

Maison Margiela, 2020 წლის გაზაფხული
პოლიტიკური აქტივიზმი, თავისუფლება და იმედი 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის სამი საფუძველია, სადაც სამხედრო უნიფორმები და ექთნის ქუდები ტყავის ქურთუკებს, მეზღვაურის საყელოებს და პარაშუტის მსგავს კაბებს ეხამება. ჩვენება ლეონ დამის ენერგიული სიარულის წყალობით ვირუსულად გავრცელდა.


Maison Margiela, 2024 წლის გაზაფხული
გალიანოს ბოლო ჩვენებამ დიზაინერის გენიალურობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა და გვაჩვენა რატომ გვიყვარს ის. ალექსანდრე III-ის ხიდის ქვეშ მან პარიზული ღამის ცხოვრების ატმოსფერო შექმნა, სადაც შუქები ოდნავ ბჟუტავს, იატაკი ჭრიალებს და ჭრელი საზოგადოება მჭიდროდ შეკრულ კორსეტებში, დახეულ პალტოებში და დახეული წინდებში გამოწყობილა.


ასევე დაგაინტერესებთ












