კავშირი ადამიანსა და ცხოველს შორის ყოველთვის ძალიან ძლიერი იყო. მათგან დიდ სიყვარულსა და ერთგულებას ვიღებთ, პოზიტივს, რომელიც კარგად აისახება ჩვენს მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომაა, რომ დღეს შინაური ცხოველი ბევრი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანების მსგავსად, მათ სიყვარული, ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ. ამ მიმართულებით კი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან როლს მათი კვება ასრულებს. სწორედ ამიტომ ჟურნალი OK! ჩვენი მკითხველისთვის კარგან ნაცნობი კომპანიის შესახებ გიამბობთ, რომელსაც ამჯერად არაერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. მაშ ასე, გთავაზობთ ინტერვიუს „ზოოსტანდარტის“ დირექტორ, ზურაბ ძიძიგურთან, რომელიც კომპანიის სიახლეებთან, მომსახურებებსა და სამომავლო გეგმებთან ერთად MONGE-ს (მონჯე), მასში შემავალი ხაზების პროდუქციისა და სხვა წარმოდგენილი ბრენდების შესახებ უფრო ვრცლად გვიამბობს.
ბატონო ზურაბ, ჟურნალი OK!-ის მკითხველი კარგად იცნობს თქვენს კომპანიას და მის საქმიანობას. ამჯერად რა სიახლეები გაქვთ მომხმარებლებისთვის?
„ზოოსტანდარტი“ საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან და წლიდან წლამდე ვაფართოებთ პორტფელში არსებულ პროდუქციას შინაური ცხოველებისთვის მსოფლიოში ცნობილი და მომხმარებლებისთვის სანდოობით გამორჩეული ბრენდებით. გარდა იმისა, რომ 2024 წელს MONGE (მონჯე) და მასში შემავალი ხაზების პროდუქცია წარმოდგენილია მეტად ფართო სახით, ასევე დავამატეთ ახალი ცნობილი და გამორჩეული ბრენდები, ამჯერად უკვე აშშ-ის გიგანტი კომპანიების მფლობელობაში არსებული მწარმოებლებისგან. 2025 წელი სავსე იქნება საიამოვნო სიახლეებით არა მარტო წარმოდგენილი ბრენდების პროდუქციის სახით, არამედ ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მიმართულებით, როგორიცაა სასწავლო სემინარები და ყველა დაინტერესებული პირისთვის შემეცნებითი პროგრამები. „ზოოსტანდარტი“ განაგრძობს ინვესტირებას მომხმარებლების ცოდნასა და ინფორმირებულობაში.
უფრო ვრცლად გვიამბეთ თქვენთან წარმოდგენილ მრავალფეროვან საკვებსა და აქსესუარებზე.
დღეის მდგომარეობით გვაქვს ძაღლების, კატების, ეგზოტიკური ფრინველებისა და მღრღნელების საკვები და ვეტერინარული ხაზები, ფუნქციური სნექები, სათამაშოები, აქსესუარები, მოვლისა და ჰიგენური საშუალებები, 7 მწარმოებლის 25 სავაჭრო ნიშანი და 1750 დასახელების პროდუქცია. ზოომაღაზიების მფლობელებს ვთავაზობთ პრაქტიკულად სრულ გამას, რათა მათ თავიანთ სავაჭრო ობიექტებზე სრულფასოვანი მუშაობა წარმართონ. წარმოდგენილ ბრენდებს შორისაა: MONGE; GRANDORF-ი; SCHESIR-ი; TiTBiT-ი; Farm Company; Mealberry; COLLAR-ი.
როგორ შეაფასებდით გასულ წელს კომპანიის საქმიანობისთვის?
2024 წელი გამოირჩევა 120-%-იანი ზრდით, რაც ჩვენს კომპანიაში დასაქმებული მაღალი დონის პროფესიონალებისა და გუნდური მუშაობის შედეგია. წელს კომპანია დაჯილდოვდა ნომინაციაში – „N1 ცხოველთა საკვები“ და ბრენდი Monge გახდა ოქროს ბრენდის მფლობელი. ამა წლის ზაფხულში თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ B2B სეგმენტისთვის ჩავატარეთ სემინარი კომპანია „მონჯეს“ მოწვეული იტალიელი სპეციალისტების მიერ. ეს იყო უაღრესად საინტერესო და სამუშაო პროცესით დატვირთული შეხვედრა. მსგავსი შეხვედრები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქნება სისტემატური ხასიათის, რაც თავისთავად გააჯანსაღებს ზოოინდუსტრიაში დასაქმებული იურიდიული და ფიზიკური პირების გარემოს.
კიდევ რა სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?
მომხმარებლებს, გარდა იმისა, რომ ვთავაზობთ სიახლეებს პროდუქციის, სწავლებისა და სარეკლამო მასალის სახით, ასევე შევთავაზებთ ფართო მერჩენდაიზინგის მომსახურებას. ვფიქრობთ, რომ ეს მათ დაეხმარებათ პროდუქციის უკეთ წარმოჩინებისთვის და მზად ვართ გამოვიჩინოთ ნებისმიერი საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა საბოლოოდ მომხმარებლამდე მიიტანონ ის აუცილებელი ინფორმაცია ამა თუ იმ პროდუქციის შესახებ, რამაც კი შეიძლება დააინტერესოს კონკრეტული შინაური ცხოველის პატრონი.
რატომ უნდა ავირჩიოთ „მონჯე“?
ამ საკითხზე დიდი სიამაყითა და დადებითი ემოციებით შემიძლია გესაუბროთ. რატომ „მონჯე“?
უპირველეს ყოვლისა, „მონჯეს“ სლოგანი არის – მთელი ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა.
ეს ფილოსოფია იყო ჩადებული ბრენდში მისი ისტორიის დასაწყისიდანვე. „მონჯე“ გახლავთ იტალიური გვარი და აგერ უკვე 61 წელიწადია, დაუღალავად შრომობს, რომ პროდუქცია, რომელსაც აწერია მათი გვარი, იყოს საუკეთესო, რაც კი რამ შეიძლება იყოს შეთავაზებული ჩვენი ოჯახის წევრებისთვის, ძაღლებისა და კატების სახით და ხარისხზე უსაზღვრო პასუხისმგებლობის საუკეთესო გარანტიაა. Monge ეს არ არის მხოლოდ ბიზნესი. ეს ოჯახური საქმეა და მონჯების ოჯახის თითოეული წევრი ყოველდღიურად უძღვნის საკუთარ ემოციასა და სამუშაო გამოცდილებას წარმოებაში გატარებულ დროს. ყველა საკვების შეფუთვაზე დასახელება Monge არის ხარისხზე შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საუკეთესო გარანტია. N1 იტალიაში – ამჟამად Monge გახლავთ ნომერ პირველი მწარმოებელი იტალიაში ძაღლებისა და კატების საკვების კატეგორიაში. Monge-ს ქარხანა არის ყველაზე ინოვაციური წარმოება ძაღლებისა და კატების საკვებისა ევროპაში. „მონჯე“ – ეს არის ოჯახი!
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი მთავარი გეგმა – ვიზრუნოთ შინაური ცხოველების კეთილდღეობაზე, რომლებიც ოჯახების მნიშვნელოვანი წევრები არიან. „ზოოსტანდარტი“ გააგრძელებს B2B სეგმენტს. ასევე, გვსურს, თითოეულ მომხმარებელს მივაწოდოთ მაღალი ხარისხის პროდუქტები, შევუქმნათ არჩევანი დაბალანსებული, სასარგებლო და გემრიელი საკვების არჩევაში როგორც კატებისა და ძაღლების, ასევე ფრინველებისა და დეკორატიული მღრღნელებისთვის, რაც შეეფერება ყველა ჯიშის, ზომის, ასაკისა და ცხოვრების სტილს. შეთავაზებული პროდუქცია საქართველოში სამომავლოდ წარმოდგენილი იქნება უფრო მეტი ბრენდის უფრო ფართო ასორტიმენტით და მისი შეძენა შესაძლებელი გახდება მეტ სავაჭრო ობიექტებში თუ გაყიდვის სხვა არხების საშუალებით.
ნათია ხაბეიშვილი და ტაშკა
ტაშკა ჩემი პირველი ფისოა. ჩემს ბავშვობაში და მერეც ოჯახში ყოველთვის ძაღლი გვყავდა, ჩემს შვილსაც გულით უნდოდა ძაღლი ჰყოლოდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ სახლში მარტოს ვერ დატოვებ, გადავწყვიტეთ კატა აგვეყვანა. სამი თვის არ იყო, რომ მოვიყვანეთ და უკვე 4 წელი ხდება, ოჯახის წევრი და სახლის მფლობელია. საშინლად არ უყვარს გარეთ გასვლა, მაგრამ „მიაუ“-თი გვსაყვედურობს, თუ დიდხანს დავტოვეთ მარტო.
ონისე ონიანი და პაკი
ზოგადად, შინაურ ცხოველს, რომელსაც სახლში მოიყვანთ და გადაწყვეტთ, რომ თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან თუ ადამიანს ბუნებასა და ცხოველებთან სიყვარული აკავშირებს, სრულიად განსხვავებული დამოკიდებულებები აქვს სამყაროს მიმართ. გარდა ამისა, ბევრი კვლევის თანახმად, ბავშვი, რომელიც შინაურ ცხოველთან ერთად იზრდება, ბევრად უფრო მზრუნველ და გულკეთილ პიროვნებად ყალიბდება. ასევე არის ჩემს ცხოვრებაშიც. ბავშვობაში, როდესაც არ გვყავდა არც შინაური ცხოველი და არც ფრინველი, გადავწყვიტე მომეყვანა თუთიყუშები, რომლებზეც დიდი მონდომებით ვზრუნავდი, შემდეგ მიემატნენ იადონები. რაც შეეხება ძაღლსა და კატას, მას შემდეგ შემოვიდნენ ჩვენს ცხოვრებაში, რაც ჩემი შვილები დაიბადნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, სპანიელმა პეგიმ 9 წელი გაატარა ჩვენთან ერთად, შემდეგი იყო როკი, რომელმაც ჩვენთან 16 წელიწადი იცხოვრა და ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო. ძალიან ჩამოყალიბებული და ჭკვიანი ძაღლი, რომელსაც ფილმებშიც იღებდნენ და ბევრ ინტერვიუშიც მონაწილეობდა. როდესაც მან დაგვტოვა, ვთქვით, რომ არასდროს აღარ შემოვიდოდა ცხოველი ჩვენს ცხოვრებაში, რადგან ძალიან განვიცადეთ, თუმცა წელიწად-ნახევრის წინ სახლში დამხვდა ფუმფულა არსება, რომელიც სათამაშო მეგონა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შოტლანდიური ფისო – პაკი, რომელიც ასევე გახდა ჩვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
როდესაც სახლში მოგყავს შინაური ცხოველი, უნდა იფიქრო იმაზე, რომ მას სჭირდება ძალიან ბევრი ზრუნვა და მზად უნდა იყო ამ პასუხისმგებლობისთვის. ვფიქრობ, ცხოველის სახლში ყოლა ძალიან დიდი სიამოვნება და ფუფუნებაც კი არის.
თიკა ჯამბურია, ტოკიო და ზოი
მე და ჩემი ოჯახი მივეკუთვნებით ადამიანების იმ კატეგორიას, რომელთათვისაც ცხოველი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია. შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ცხოველის მიმართ, ეს იქნება ჩემი, სხვისი თუ, უბრალოდ, ქუჩის, ზედმეტადაც კი გამოვხატავ სიყვარულს. ბავშვობიდან მყავდა შინაური ცხოველები, ახლა მყავს შიცუები – ტოკიო, რომელიც 5 წლისაა და მისი შვილი ზოი. სულ მეჩქარება შინ მოსვლა, რადგნ ვიცი, როგორ მელოდებიან და როგორი მოწყენილები არიან ჩემ გარეშე. ჩემთან ერთად სძინავთ და თუ სადმე მივდივარ, ყველგან თან დამყავს. ესენი არიან ჩემი ანტიდეპრესანტები, რადგან მათნაირი სიყვარული არავის და არაფერს არ შეუძლია. ვერცერთი წუთი ვერ წარმომიდგენია მათ გარეშე.
ყველანაირი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული მათ მოვლაზე, გაწერილი აქვთ სრული დღის რეჟიმი და ყველანაირი საჭიროება, მათ შორის სპეციალური საკვები, რადგან ალერგიულები არიან და მეც, დედაჩემიც და ნინაც მაქსიმალურად ვუფრთხილდებით.
ძალიან მწყინს, რომ ბევრი ადამიანია ჩვენ გარშემო, ვისაც არ გააჩნია პასუხისმგებლობა ცოცხალი არსებების მიმართ. რეალურად ამ არსებებს საკუთარ თავზე მეტად უყვართ პატრონები. სულ ვცდილობ ჩემ გარშემო ყველა ძაღლს მოვუარო, დავაპურო ან თუნდაც ზამთარში სადარბაზოს კარი ღია დავუტოვო, რათა თავი შეაფარონ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ძაღლი ასოცირდება ბევრ პასუხისმგებლობასთან, რადგან ძალიან დიდი ყურადღება სჭირდებათ მათაც.
ტატო ჩახუნაშვილი და დობი
მან უკვე ერთი თვეა თავდაყირა დააყენა ჩემი ცხოვრება. როლს რაც შეეხება, მთავარი გმირია ჩვენს ცხოვრებაში. არის უსაზღვრო ენერგიის მქონე დობერმანი, სულ რაღაც ოთხი თვის, რაც ასე, ერთი შეხედვით, ვიზუალურად არ ეტყობა და ყველას ზრდასრული ცუგა ჰგონია. არადა, ჯერ კიბეზე ასვლა-ჩასვლის შიში აქვს. დღე დილის 07:00 საათიდან გვეწყება, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. რას ვიფიქრებდი, რომ ყოველ ცისმარე დღეს ჩემი ნებით ავდგებოდი, ერთი საათი სირბილს ვუნდებით და მერე დღის განმავლობაში ბრძანებების სწავლას, გამეორებას…
ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ოთხფეხა მეგობრის ყოლა. ჩვეულებრივ, ოჯახის წევრია თავისი ხასიათით, სურვილებით. თუ ადამიანი არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ შეძლებს იყოლიოს იგი და ემეგობროს, ჯობია საერთოდ არც გაიფიქროს, ცხოველი გასართობად მიიყვანოს სახლში.
ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე
ფოტო: ალექსეი სეროვი
ასევე, დაგაინტერესებთ:
#OK! Monge Georgia – თქვენი შინაური ცხოველის საიმედო მეგობარი