გზა, რომელიც 24 წლის ამერიკელმა მსახიობმა წარმატების მისაღწევად განვლო – მრავალფეროვანი, შრომატევადი და მოულოდნელობებით სავსეა. მას შემდეგ, რაც 14 წლის ზენდეია პირველად გამოჩნდა ეკრანზე, მსახიობობის პარალელურად წლების განმავლობაში სხვა საქმიანობებითაც კავდებოდა, მან გამოუშვა ალბომი, დაწერა წიგნი, შექმნა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი და მარველის კინემატიკურ სამყაროს შეუერთდა.
ზენდეიამ HBO-ს სატელევიზიო სერიალში Euphoria შესრულებული როლისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში პირველი „ემი“ მოიპოვა და გახდა ყველაზე ახალგზარდა მსახიობი, რომელმაც მსგავი ჯილდო მიიღო.
“ვიცი, რომ შეუფერებელი დროა გამარჯვების აღსანიშნავად, უბრალოდ ერთი რამ მინდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სატელევიზიო შოუები შესანიშნავი მაგალითი არაა იმის საჩვენებლად, რომ ახალგაზრდებს ამ ცხოვრებაში იმედი აქვთ, ეს ყველაფერი მაინც ჩანს. მე გხედავთ და მადლობას გიხდით, რადგან თქვენით აღფრთოვანებული ვართ.” – განაცხადა Emmy-ის დაჯილდოების ვირტუალური ცერემონიის დროს მსახიობმა, რომელსაც შემსრულებელი ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
ზენდეიამ W magazine-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მსახიობობა ადრეულ ასაკში მისი ოცნება ნამდვილად არ ყოფილა.
“ბავშვობაში ჩემი მთავარი ინტერესი ცეკვა იყო. როდესაც 8 წლის ვიყავი ჰიპ-ჰოპ ჯგუფში ვცეკვავდი.” პირველი სამუშაოც სწორედ ამ საქმიანობას უკავშირდება, როდესაც სელენა გომეზთან ვითანამშრომლე და Sears-ის სარეკლამო რგოლში ბექაფ მოცეკვავე ვიყავი.”
ჰოლივუდის ვარსკვლავის ტიტულის მისაღებად ზენდეიამ ძალიან ბევრი იშრომა. მისი დებიუტი ეკრანზე პირველად 14 წლის ასაკში დისნეის სატელევიზიო სერიალ Shake It Up-ში შედგა. სამსახიობო საქმიანობის შთაგონებით ზენდეიამ ინსპირაციის წყარო იპოვნა და გულშემატკივრებისთვის წიგნი დაწერა. ის იმედოვნებს, რომ საკუთარი გამოცდილება ახალგაზრდა გოგონებს პირადი სირთულეების გადალახვაში, ყოველდღიური პრობლემების დაძლევასა და მნიშვნელოვანი მომენტების დაფასებაში დაეხმარებათ.
“ახალგაზრდა გოგონების ცხოვრებაში გარდატეხის ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია, სახალისო ერთდროულად ამაღელვებელი, ამ დროს ადამიანები ცდილობენ იპოვნონ საკუთარი ხმა და აღმოაჩინონ პიროვნული სტილი. რთულდება ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობა. ამიტომაც ვიმედოვნებ, ეს წიგნი გოგონებს ცხოვრებაში არსებული პრობლემების გადალახვაში დაეხმარებათ, რათა დააფასონ მნიშვნელოვანი მომენტები და ცხოვრებისგან სიამოვნება მაქსიმალურად მიიღონ.”
მიუხედავად წარმატებული სამსახიობო კარიერისა, შემსრულებლის მუსიკალური საქმიანობის შესახებ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის. ზენდეიას სადებიუტო ალბომი 2013 წელს გამოვიდა, რომელმაც Billboard-ის 200-ეულში 51-ე ადგილი დაიკავა, მასში მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიტი Replay-იც შევიდა. 2019 წელს ზენდეიამ Paper Magazine-თან საუბრისას განაცხადა, რომ მუსიკალური ინდუსტრიისგან ცოტა ხნით დასვენებას აპირებდა და სამსახიობო კარიერაზე სურდა კონცენტრირება.
“ვფიქრობ, მუსიკალურ ინდუსტრიაში მუშაობა გართმევს ვნებას, თითქოს გაცარიელებს და გიქრობს მოტივაციას. რაც მეგონა, რომ აქამდე მსურდა, ახლა აღარ მინდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მახსენდება თუ რამდენ რამესთან მომიწია გამკლავება. მე შევიცვალე მიზნები და შესაბამისად განსხვავებული სურვილები მაქვს. ერთადერთი რჩევა, რაც ამ საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს შემიძლია მივცე, არის ის, რომ კარგად დაფიქრდნენ. გასართობ, განსაკუთრებით მუსიკალურ ინდუსტრიაში ყოველთვის დეტალურად უნდა გადახედონ კონტრაქტებს, თითოეულ სიტყვას. არაფერს არ მოაწეროთ ხელი, რაც არ გიღირთ გასაკეთებლად. თქვენ იმაზე მეტი ხართ, ვიდრე გეტყვიან.”
მუსიკალურ საქმიანობაში წინსვლის პარალელურად ზენდეიამ მოდის ინდუსტრიაშიც მიაღწია წარმატებას, მან ტანსაცმლის საკუთარი ხაზი Daya by Zendaya შექმნა, 2018 წელს კი ფრანგული ბრენდის Lancome-ის ამბასადორი გახდა. მიუხედავად მრავალფეროვანი საქმიანობისა, ზენდეიას ცხოვრებისეული მიზანი სამსახიობო კარიერაში პროფესიული განვითარებაა. კინოსა და თეატრის სიყვარული ახალგაზრდა ვარსკვლავმა მშობლებისგან ისწავლა, რომლებიც ბავშვობაში გამუდმებით მოუწოდებდნენ მსახიობი გამხდარიყო.
ალბათ რთული დასაჯერებელია, თუმცა ვარსკვლავი, რომელიც დღეს მილიონობით ადამიანის წინაშე თამაშობს, ერთ დროს ძალიან მორცხვი იყო, იმდენად მორიდებული, რომ ადამიანებთან კომუნიკაციაც კი უჭირდა.
“ყოველთვის მქონდა იმის შიში, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, ძალიან მორცხვი ვიყავი, არაფრის ცდა არ მინდოდა, სულ მეგონა, რომ რაღაც არ გამომივიდოდა და ჩავფლავდებოდი.”
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების შიში დაძლია, თუმცა მისი თქმით ერთი უცნაური თვისება მაინც აქვს, მსახიობს არ მოსწონს, როდესაც ხალხი მის ტირილს უყურებს. ირონიაა ის, რომ სერიალ Euphoria-ში მისი პერსონაჟი გამუდმებით ტირის.
Euphoria წარმოადგენს კალეიდოსკოპურ, ჰიპერბოკურ გამოსახულებას თანამედროვე ამერიკული სკოლების ცხოვრებაზე, სადაც ახალგაზრდები სოციალური მედიისა და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ფონზე ყალიბდებიან.
“ჩემი პერსონაჟი არ არის ყალბი. ვფიქრობ, ის მე ვარ, უბრალოდ ჩემი ცხოვრების სხვა ვერსიაში. სერიალმა ბევრი რამ მასწავლა საკუთარი თავის შესახებ და უფრო თავდაჯერებული გამხადა ჩემს შესაძლებლობებთან მიმართებაში, რომლებშიც ეჭვი ძალიან ხშირად მეპარებოდა. მე ინტროვერტი ვარ, ამიტომ მინდა საკუთარი თავი კარგად შევისწავლო და ვაიძულო, გააკეთოს ისეთი რაღაცები, რასაც აქამდე არასდროს გააკეთებდა.”
ახალგაზრდა მსახიობი ხშირად გამოხატავს საკუთარ აზრს სოციალური პლატფორმების საშუალებით, ის პატივს სცემს ადამიანების მრავალფეროვმებას და მხარს უჭერს მათ ინდივიდუალურ აზროვნებას.
“როგორც ფერადკანიანი ქალბატონი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვიყენო პრივილეგია, ანუ ჩემი პლატფორმა, იმის საჩვენებლად, თუ რამხელა სილამაზეა აფრო-ამერიკელ საზოგადოებაში.”
“ვიცი, რომ ყველაფერი არ ვიცი, ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ არსებული განათლებით საუკეთესო შევძლო, მე ხომ მილიონიბით ადამიანის წინაშე მაქვს პასუხისმგებლობა. ვიცი, რომ საზოგადოება მიყურებს და ზოგიერთი მათგანი ჩემგან მაგალითსაც იღებს. მინდა შთავაგონო ჩემი გულშემატკივრები, საუკეთესო ცხოვრებით იცხოვრონ და თითოეული შანსი გამოიყენონ. არ მინდა, ეს ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ მათ ეგონოთ კონკრეტულ აზროვნებას ვუნერგავ ან რამის გაკეთებას ვთხოვ.”
ზენდეიასთვის წარმატება კარიერულ საქმიანობასთან ასოცირდება. მას აქვს სამომავლო გეგმები, რომლებსაც გარკვეული ეტაპების გავლა სჭირდება. ვარსკვლავი საკუთარ თავს იღბლიანად თვლის, რადგან სხვა საქმის კეთებაში თავი ვერასდროს წარმოედგინა.
“ეს ის ცხოვრებაა, რომელზეც ადრეული ასაკიდან ვიცნებობდი, ძალიან იღბლიანი ვარ, რადგან ეს სწორედ ისაა, რაც ბავშვობიდან მსურს. ერთადერთი რამ, რაზეც შეიძლებოდა მეფიქრა ეს მასწავლებლობაა.”
“როგორ გამოიყურება ჩემთვის წარმატება? მინდა მქონდეს ხანგრძლივი კარიერა, ვფიქრობ, როგორ მივაღწიო ამას. როდესაც საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა მექნება მინდა თანხა კეთილ საქმეს მოვახმარო. ჩემთვის, მშობლიურ მხარეში მცხოვრები ბავშვების მომავალი ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა თითიოეულმა მათგანმა საუკეთესო განათლება მიიღოს.”
იყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია – ეს ვარსკვლავის დევიზია. შეცდომების დაშვებას აღარ უშინდება და ცდილობს ნეგატიური მოვლენებიდან პოზიტიური გაკვეთილები მიიღოს. ის ძალიან მიზანდასახული და მოწესრიგებული ადამიანია, რომელსაც არ უყვარს არეულობა და გეუგებრობა. ზენდეიამ შეიმუშავა ცხოვრებისეული სტრატეგია, რომლის მიხედვითაც წარმატების გზა მარცხზე გადის, ამიტომ შეცდომებს არ უშინდება.
“ცხოვრებისეულ სირთულეებთან და პრობლემებთან გამკლავება ერთ დროს ჩემთვის პრობლემას წარმოადგენდა. ყოველთვის მეშინოდა შეცდომების დაშვების, რადგან სრულყოფილი ადამიანი მინდოდა ვყოფილიყავი, რომელიც მხოლოდ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებდა. დროთა განმავლობაში შევიცვალე, საკუთარ თავს აღარ ვაძლევ იმის საშუალებას, რომ მეშინოდეს, რადგან ვიცი, გამუდმებით ვერ შევძლებ სწორად მოვიქცე. მთავარია, შემიძლია გამოვსწორდე და მაქსიმალურად ვეცადო საკუთარი შეცდომებისგან ვისწავლო.”