ამ ადამიანებმა ჯერ კიდევ სამშობლოში მოიპოვეს პროფესიული აღიარება, წარმატება და საზოგადოების სიყვარული. თუმცა დადგა დრო, როდესაც რთული გადაწყვეტილების მიღებამ მოუწიათ. დღეს ისინი უცხო ქვეყანაში აგრძელებენ ბრძოლას, ქმნიან, სწავლობენ, ასწავლიან, წერენ, თამაშობენ სცენაზე და თავიანთ გამოცდილებას ახალ რეალობაში გარდაქმნიან. ამ ქალებს ერთი რამ აერთიანებთ – შინაგანი ძალა, რომელიც უცხო ქვეყანაში ცხოვრებას ამსუბუქებს. ზოგიერთი მათგანისთვის ემიგრაცია ახალი შესაძლებლობების, კულტურული მისიის გაგრძელებისა და პროფესიული თვითრეალიზაციის გზაა, რომელიც სავსეა გამოცდებით. ემიგრაცია ხშირად არა არჩევანი, არამედ იძულებაა. პასუხია უსამართლობაზე, დაუფასებლობასა და გამოწვევებზე, და პასუხისმგებლობაა ოჯახის თუ საკუთარი თავის წინაშე. როგორც ემიგრანტები აღნიშნავენ, მათთვის წარმატება მაშინ იქნება სრულყოფილი, როცა შეძლებენ, ის საკუთარ ქვეყანას მოახმარონ. მთელი გულით ვუსურვებთ, რომ დაბრუნება სამშობლოში იყოს არჩევანი და არა იძულება – დაბრუნება ქვეყანაში, სადაც შეძლებენ ფრთების გაშლას და იმ წარმატების გაგრძელებას, რომელიც ოდესღაც სწორედ აქ დაიწყეს.

ნატო სულხანიშვილი: მე ნატო სულხანიშვილი ვარ – ბაბილინა. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ამერიკაში, ნიუ-იორკში ვცხოვრობ. რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, დიდხანს ვფიქრობდი, ვიზა მქონდა და გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო ოჯახის კეთილდღეობის გამო. ამერიკა ნამდვილად დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა, ბრწყინავს, მაგრამ ისე არ ათბობს, როგორც გვგონია. ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ასაკში გიწევს მშობლიური კუთხის დატოვება და რა მიზეზით. უცხო გარემოში რთულია თავის დამკვიდრებაც, მაგრამ თუ გაქვს ბრძოლის უნარი და მიზანი, ბევრ რამეს სწავლობ, ახალ გამოცდილებას იღებ, ახალ მეგობრებსაც იძენ და ძველებსაც პოულობ, რაც სტაბილურობის შენარჩუნებასა და ძალების აღდგენაში გეხმარება. ბევრი სამუშო ადგილი გამოვიცვალე. ახლა ვმუშაობ ბავშვებთან, ყველაზე მეტად ეს მიყვარს. თუმცა, ძალიან რთულია შინიდან ასე შორს ყოფნა. მენატრება ყველაფერი: სახლი, შვილიშვილი, შვილები, ოჯახი, მეგობრები, ქუჩები… ამ დროს ძალიან დიდ ძალას, მოტივაციას ჩემი ოჯახი და მეგობრები მაძლევენ, უამრავ სიყვარულსა და სითბოს მიგზავნიან 9 მთასა და 9 ზღვას იქით. ჰოდა, დავბრუნდები აუცილებლად.

ხათუნა იოსელიანი: ყოველთვის მინდოდა ამერიკაში მოგზაურობა, მაგრამ დარჩენა „თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე“ აღებულმა ჰონორარმა გადამაწყვეტინა. ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი, ეს იყო ბოლო წერტილი. ჩემი ბოლო ბოლო სპექტაკლით „შთამომავლობა“ დავემშვიდობე ჩემს საყვარელ მაყურებელს და უცხო ქვეყანაში წავედი. სექტემბერში 20 წელი გახდება, რაც აქ ვცხოვრობ. მოქალაქეობა ძალიან მალე მივიღე, როგორც „ექსტრაორდინარმა“ და ყოველ წელს ჩამოვდიოდი თბილისში.
რა ძალა მაძლებინებს? უპირველესად დაცულობის შეგრძნება, ეს ქვეყანა მივლის, მპატრონობს – ბინა მომცა მანჰეტენზე, სამედიცინო მომსახურება და პრეპარატები უფასოდ და დროულად მაქვს. მარტო არ ვარ, ჩემი ქალიშვილიც ჩემთან ცხოვრობს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამას გარდა, აქ ყოფნა სტუდია Dancing crane-ში მუშაობამაც შემიმსუბუქა, სპექტაკლებს ვდგამდი, ვთამაშობდი და ბავშვებსაც ვასწავლიდი.
გონებით სულ ჩემს თბილისში ვარ. მე და ჩემი ქალიშვილი ვაპირებთ დაბრუნებას. სამ წელიწადში 85 წლის იუბილე თბილისში უნდა აღვნიშნო.

ნინი შერმადინი: ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. მაშინ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ თუ საკუთარ თავს ამ შანსს არ მივცემდი, მთელი ცხოვრება შემაწუხებდა ფიქრები – „რა მოხდებოდა, რომ გამებედა?“. წასვლის მთავარი მოტივაცია იყო „ამერიკული ოცნება“ – სურვილი, აღმომეჩინა ჩემი პოტენციალი, ახალი შესაძლებლობები და შემექმნა რეალური საფუძველი პროფესიული და პირადი განვითარებისათვის.
ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკეთესი მომავლის იმედი. ჩემი შვილისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც შესაძლებლობები არ იზღუდება ასაკის, ვიზუალისა და სხვადასხვა ფაქტორის გამო.
უკვე 13 წელია ემიგრაციაში ვცხოვრობ და ამ წლებმა არა მხოლოდ ჩემი კარიერა, არამედ ჩემი ხასიათი, ხედვა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება მთლიანად ჩამოაყალიბა.
ემიგრაციაში ყველაზე რთული სწორედ პირველი წლები იყო – მარტო, უცხო ქვეყანაში, სრულიად სხვა მენტალიტეტში. ამერიკაში 300 დოლარით ჩამოვედი 23 წლის გოგონა, რომელიც უზარმაზარ კონტინენტზე აღმოჩნდა ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ბევრი ჩემს ადგილას აუცილებლად დანებდებოდა, მაგრამ მაშინ, უბრალოდ,სხვა არჩევანი არ მქონდა – უნდა გამეძლო.
რაც მაძლებინებდა, იყო უფლის რწმენა, იმედი და შინაგანი ძალა, რომელიც ბრძოლაში გითრევს მაშინაც კი, როცა გგონია, რომ ძალა აღარ გაქვს. ამასთან ერთად, ჩემმა ხასიათმა: მიზანდასახულობამ და შრომის სიყვარულმა გადამარჩინა.
წლებთან ერთად ცხოვრება უცხო ქვეყანაში თითქოს მარტივდება, ეჩვევი წესებს, ადამიანებს, და რიტმს. თუმცა, ემოციურად ნოსტალგია მაინც რჩება. დღეს უკვე სამ შტატში მაქვს ჩემი ვოკალის სტუდია, სადაც ახალ თაობებს ვუზიარებ არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც – როგორ არ დანებდნენ და ირწმუნონ საკუთარი თავის. დღეს ამერიკა ჩემი მეორე სამშობლოა და უდიდესი მადლიერება მაქვს იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც მომცა შანსი, საკუთარი თავი თავიდან შემექმნა.
დაბრუნებაზე ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩემი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილია, სამშობლო ყოველთვის გულში რჩება. სულ უფრო მეტად მიჩნდება სურვილი, რომ დავბრუნდე და საქართველოში გავაგრძელო ჩემი საქმიანობა – აქ დავეხმარო ახალ თაობას საკუთარი გზის პოვნაში, გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში უცხო ქვეყანაში დამიგროვდა.
მჯერა, რომ ცოდნა და გამოცდილება მხოლოდ მაშინ იძენს ნამდვილ მნიშვნელობას, როცა შეგიძლია ის შენს ქვეყანას დაუბრუნო. ამასთანავე, ვგეგმავ ჩემს საავტორო სოლო კონცერტს 17 მაისს ნიუ-იორკში, რომელიც ჩემი ცხოვრებისა და გზის ერთგვარი შეჯამება იქნება, და შემდეგ ამ კონცერტის საქართველოში გამართვაც ძალიან მინდა – როგორც სიმბოლური დაბრუნება სცენაზე, სამშობლოში.

ცუცა კაპანაძე: ჩემი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ტელევიზიაში, სადაც ვმუშაობდი, გადაცემა „პასიანსი“ ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. შემდეგ გადავედი „იმედში“, სადაც ვმონაწილეობდი სერიალებში „კექსი დიდ ქალაქში“ და „ყავა და ლუდი“. ასამდე სერია გადავიღეთ, მაგრამ ორივე პროექტი გაჩერდა და, ფაქტობრივად, ჰაერში დავრჩი. ერთადერთი საყრდენი თეატრი იყო – ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრი „მოდი ნახე“, რომელთან ერთადაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვიმოგზაურე. თუმცა თეატრში ხელფასი იმდენად მცირე იყო, რომ არსებობა გამიჭირდა. ამას დაემატა პირადი ტრაგედიაც და საბოლოოდ იძულებული გავხდი, წასვლაზე მეფიქრა. ამერიკასთან ჩემი პირველი პროფესიული შეხება ჯერ კიდევ 1988 წელს მქონდა, როდესაც რეზო გაბრიაძის პიესით ამერიკაში ვიყავით გასტროლებზე. მოგვიანებით, მეგობრების რჩევით, 2006 წელს ნიუ-იორკში ჩამოვედი. აქ დიდად დამეხმარნენ ვიქტორი და ლიკა სირელსონები, რომლებმაც დააარსეს პირველი ქართული კულტურის ცენტრი Dancing Crane Company. ძლიერი პროფესიული ბიოგრაფიის, ჯილდოებისა და სახელმწიფო აღიარების საფუძველზე, ექვს თვეში მივიღე მწვანე ბარათი, ხოლო რამდენიმე წელიწადში – ამერიკის მოქალაქეობა. ნიუ-იორკში ჩავერთე ქართული კულტურის საქმიანობაში და 2007 წელს შევქმენით ნიუ-იორკის ქართული თეატრი. პირველი სპექტაკლი იყო ოტია იოსელიანის „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“. პრემიერა დაემთხვა 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს. მაშინ სპექტაკლი უბრალოდ წარმოდგენა აღარ იყო – ეს იყო ემიგრანტი ქართველების ერთიანობა, ტკივილი და ლოცვა საქართველოსთვის. დარბაზი სავსე იყო დროშებით მოსული ქართველებით და ის საღამო დღემდე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ დღედ რჩება. ამერიკაში შემოქმედება არ შემიწყვეტია. ვითამაშე ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც საერთაშორისო აღიარება და არაერთი ჯილდო მოიპოვა. ბრაიტონის გარდა ვმონაწილეობდი ქეთი ორჯონიკიძის ფილმში „ნანა“, რომელსაც აღიარება ჰქონდა როგორც ნიუ-იორკში, ისე კანადაში. ახლახან ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე გაიმარჯვა მარშანიშვილის ფილმმა „კარს მიღმა“, სადაც მეც მივიღე პატარა როლი. პარალელურად ვმუშაობ საბავშვო თეატრთან – უკვე მესამე თაობა იზრდება ქართულ გარემოში, ქართულ ენასა და კულტურაზე.
ამერიკა ძალიან მიყვარს და მადლობელი ვარ ამ ქვეყნის, რადგან მან მომცა შესაძლებლობა, გამეგრძელებინა პროფესიული ცხოვრება. თუმცა საქართველო ჩემთვის დედაა. ემიგრაციაში ყოფნა სხვანაირად გაფასებინებს სამშობლოს. დაბრუნებას აუცილებლად ვგეგმავ – ეს ჩემთვის დროის საკითხია.

ცისნამი საყვარლიშვილი: ემიგრაციაში წასვლის მთავარი მიზეზი იყო გაჭირვება. ახალი ომგამომვლილი იყო ქვეყანა და მასაც პრობლემები ჰქონდა ჩემსავით. მე ორი თვის ბავშვით მეუღლემ ქუჩაში დამტოვა, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ჩემს ქვეყანას კი რუსეთი ბომბავდა. არაფერი აღარ იყო დარჩენილი მანდ ჩემთვის. მე კი უნდა მებრძოლა, მეშრომა, რომ გადავრჩენილიყავი, ჩემ უკან ჩემი ოჯახი იდგა. მე ვიყავი მათი მთავარი საყრდენი. დღემდე არ მჯერა, თუ რა ძალამ, ენერგიამ და რა სახის გაჭირვებამ მაიძულა დამეტოვებინა ერთი წლის შვილი დედასთან და იტალიაში საშოვარზე წავსულიყავი. ვერსად ვერ ვნახე სამსახური მანდ, ჰოდა, ასე გავხდი ემიგრანტი. 4 წელი იტალიაში ვიცხოვრე, ფლორენციაში, დავამთავრე ფლორენციის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, პოლიტიკური მეცნიერებები და 13 წელია ამერიკაში, ნიუ-იორკში ვცხოვრობ. ყველაზე დიდ მოტივაციასა და ძალას მაძლევს განათლება, მუდმივად ახალის ძიება და წერა. ახლა პირველად გამოდის ჩემი მესამე წიგნი ამერიკაში, რომელიც საქართველოზეა. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერ ავტორებთან ერთად წარვდგები და ეს ჩემთვის დიდი პატივია. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი წარმატებული და ბედნიერი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ ვცხოვრობ ტრავმით, არაღიარებული შვილის ტკივილით. ჩემი მოტივაცია ჩემი წიგნები, სწავლა-განათლება და ჩემი შვილია. აუცილებლად დავბრუნდები. ყველა ემიგრანტის ბოლო მაინც მშობლიური მიწაა. მე სულ მზად ვარ დასაბრუნებლად, მთავარია საქართველოს ვჭირდებოდე და მიმიღოს თავისი შვილი. გამარჯვება და თავისუფლება საშობლოს.
ტექსტი: სოფიო მალანია, თათია ხარაიშვილი
ფოტო: პირადი არქივი












