ქაოსურ დროში თვითგადარჩენის ავტომატურ რეჟიმში ვცხოვრობთ. ინფორმაცია ტრანსფორმაციასა და ცვლილებების აუცილებლობაზე ნაკადად მოედინება და გაუცნობიერებელი ადამიანისთვის ძნელია ორიენტირება. რა არის ფემინური ენერგია და რატომ არის მისი ბალანსი ქალისთვის მნიშვნელოვანი, ამაზე პიროვნული განახლების ფასილიტატორი, ანი ანთაძე გვესაუბრება.
ანი ანთაძე: აქტუალური თემაა. ჩვენ, ადამიანები, სუფთა ცნობიერით ვიბადებით და ენერგეტიკულად ორივე ნაწილი ჩვენშია – ქალურიც და მამაკაცურიც. იმისთვის, რომ ფემინური ენერგია უფრო აქტიური იყოს ჩვენში, მეტი დრო უნდა დავუთმოთ ქალურ საწყისს. ქალშიც და მამაკაცშიც არის ორივე ენერგია. ქალებს უფრო მეტად გვჭირდება ფემინური ენერგიის გააქტიურება და გამოტანა სამყაროში. ქალური ენერგია ეს არის მდგომარეობა, როდესაც ღია და გახსნილი ხარ სამყაროს მიმართ. შენი გულის ცენტრი და შენი ავთენტიკური „მე“ არის გამოტანილი და მასთან ხარ კავშირში. როდესაც ღია და გახსნილი ხარ, რა ენერგიებსაც უშვებ გარე სამყაროში, ის ენერგია ბრუნდება უკან. თუ ქალური საწყისის ენერგია არაა დაბალანსებული, ამ დროს გვიჭირს მიღება. თვითშეწირვის ინსტინქტით გაიზარდა თაობები – შენი ყველაფერი უნდა გადადო შვილისთვის, მეუღლისთვის, ოჯახისთვის. გაცემა-მიღება უნდა ცირკულირებდეს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. როდესაც ქალური ენერგია დაბალანსებულია, ბუნებრივად ხარ ამ მდგომარეობაში. როცა ნდობა არ გაქვს, სამყაროც შენს შინაგან მდგომარეობას არეკლავს. თუ ვიღაცას არ ვენდობით და ეჭვის თვალით ვუყურებთ, ეს ყველაფერი შიდა პროცესებიდან მოდის – ჩვენ რომელიღაც ნაწილებს არ ვიღებთ. ფემინური ენერგია არის სიყვარულის შეგრძნება. ქალი არის მიმღები. ის ერთდროულად შეიძლება იყოს სუსტიც და ძლიერიც. ქალური ენერგიის მთავარი გამოხატულებაა საკუთარი თავის პატიება, ჩრდილოვანი ნაწილებისთვის თვალის გასწორება და მიღება. თუ ქალი არის ძლიერი, წარმატებული კარიერაში, ფინანსურად უზრუნველყოფილი, სულაც არ ნიშნავს, რომ მასში მხოლოდ მამაკაცური ენერგიაა. ქალური ენერგია მაშინაა გააქტიურებული, როცა ქალი იმ საქმისგან, რასაც აკეთებს, იღებს სიამოვნებას, ცხოვრებით ტკბება და ამას აკეთებს ნდობით.

ბალანსი
ფემინური ენერგია დასაბალენსებელია, თუ მიმღებლობა არ გვაქვს. ამის ამოცნობას მარტივად შევძლებთ – დააკვირდით, როგორ იღებთ კომპლიმენტს. იღებთ თუ ისხლეტთ?
შეგიძლიათ თუ არა მიიღოთ ფულის ენერგია? სიუხვის ენერგია ქალური ენერგიაა. როცა ეს ენერგია მოდის, მარტივად იღებ თუ გაურბიხარ?
როცა ქალი ფემინურ ენერგიაშია, ეტყობა მოძრაობაში, ჩაცმაში, თვალებში.
მნიშვნელოვანია თვითზრუნვა – სხეულის მოვლა, თვითგანვითარება. ბოლო დროს ძალიან ტრენდულია ვარჯიში, თუმცა დატვირთვით ვარჯიში ძალიან ააქტიურებს მამაკაცურ ენერგიას. მერე უკვირთ, ვვარჯიშობ, კარგად გამოვიყურები და მაინც მარტო რატომ ვარო. მთავარი მაინც ჩვენი შინაგანი მდგომარეობაა. წონებით და დიდი დატვირთვით ვარჯიში კეტავს ქალურ ენერგიას. თუმცა ძალისმიერი ვარჯიში ძალიან კარგია სტრესისგან გასათავისუფლებლად, განსაკუთრებით კრივი, სირბილი, ხტუნვა. ჯობია, ისეთი ფიზიკური დატვირთვა აირჩიოთ, სადაც მეტი თავისუფალი მოძრაობაა, სადაც ცეკვაა. იოგა, პილატესი, დინამიკური მედიტაცია ფანტასტიკური საშუალებაა უკეთ გაიცნო საკუთარი სხეული. როცა ქალური ენერგია დაბალანსებული გაქვს, სასარგებლოა არა მხოლოდ შენთვის, არამედ გარშემო მყოფებისთვისაც – რეზერვუარი ხარ, სიყვარულსა და ქალურ ენერგიას ატრიალებ. ძალიან სასარგებლოა, ასევე, შემოქმედებითი აქტივობები – ხელსაქმე, ხატვა, ქსოვა, ძერწვა. ამ დროს გონება გათიშულია და სხეულს მიჰყვები. უნდა მოირღვეს სტერეოტიპი, რომ ჯერ სხვაზე უნდა იზრუნო და თუ დაგრჩება ენერგია, მერე საკუთარ თავზე. დედა თუ არაა ბედნიერი, შვილი თავს კარგად ვერ იგრძნობს. ქალი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ ის არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავისთვის. როცა ეს ასეა, გარემო ამას მოცემულობად იღებს. როცა საკუთარ თავზე ზრუნავ, იღებ და იყვარებ ისეთს, როგორიც არის, გარემოც იღებს. არაა საკუთარ თავზე ზრუნვა პრემიუმ ბრენდების მოვლის საშუალებების გამოყენება და ძვირადღირებულ სპაში სიარული. ჩაეხსენით ტოქსიკურ გარემოს და ადამიანებს, მიჯაჭვულობებს. საკუთარ თავზე ზრუნვაა, როცა შიგნით ხარ სავსე სიყვარულით, ბედნიერებისა და მადლიერების განცდით, როცა ირჩევ საკუთარ თავს და ეუბნები კი-ს.

ტექსტი: ქეთო ლომსაძე
ფოტო: ალექსეი სეროვი












