უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენს ქვეყანაში პროფესიულად უკვე წარმატებული ხარ, დიდ გამბედაობასა და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. ახალი გამოწვევები, რომელიც ახალ შესაძლებლობებად იქცევა – ასეთია დღევანდელი ჩემი რესპონდენტის, ირმა ნიგურიანის ამბავი, მიზანდასახული და ძლიერი ქალისა, რომელიც დღეს ამერიკაში წარმატებულ ქეითერინგს ხელმძღვანელობს და ქართული კულინარიის ღირსეულ ელჩად გვევლინება. ირმა თითოეულ კერძში ქართულ გემოსა და კულტურას აცოცხლებს. საკუთარ გამოცდილებაზე, ემიგრაციის გამოწვევებსა და წარმატების გზაზე ის თავად გვესაუბრება.
როდესაც საქართველოში უკვე წარმატებული საქმე გაქვთ, ალბათ განსაკუთრებით რთულია ყველაფრის დატოვება და უცხო ქვეყანაში წასვლა.
ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო. საქართველოში მქონდა საყვარელი საქმე, პროფესიული გამოცდილება, მეგობრები და გარემო, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობდი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მქონდა სურვილი, საკუთარი შესაძლებლობები უფრო ფართო სივრცეში გამომეცადა და ჩემი შვილებისთვის უკეთესი მომავალი შემექმნა.
ეს იყო არჩევანი განვითარების, ახალი გამოცდილებისა და მომავლის სასარგებლოდ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არაერთი სირთულე ახლავს, ახალ ქვეყანაში გიწევს არა მხოლოდ ახალი გარემოსა და კულტურის გაცნობა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების თავიდან დამტკიცებაც. ხშირად ის გამოცდილება და წარმატება, რომელიც საქართველოში დააგროვე, აქ თავიდან უნდა წარმოაჩინო. თუმცა სწორედ ეს სირთულეები გვაძლევს მოტივაციას, ყოველდღე ვისწავლოთ, გავიზარდოთ და წინ წავიდეთ. დღეს, მიუხედავად გამოწვევებისა, ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი სწორი იყო.

დღეს სხვადასხვა რესტორანთან თანამშრომლობთ და პარალელურად ქეითერინგის მიმართულებაც გაქვთ. როგორ განვითარდა თქვენი საქმიანობა ეტაპობრივად და სად ხართ დღეს პროფესიული თვალსაზრისით?
კვების სფერო ყოველთვის იყო ჩემი პროფესიული ინტერესისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოში წლების განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება დღესაც ძალიან მეხმარება. ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ ყველაფერი თავიდან დავიწყე, თუმცა ეს გამოწვევად კი არა, ახალ შესაძლებლობად მივიღე.
დავიწყე ადგილობრივ რესტორნებთან თანამშრომლობა, უკეთ გავიცანი ამერიკული ბაზარი, მომხმარებლის მოთხოვნები და მომსახურების სტანდარტები. ამ გამოცდილებამ მომცა თავდაჯერებულობა, რომ ჩემი ცოდნა და ხედვა საკუთარ საქმიანობაშიც გადამეტანა. ასე შეიქმნა ჩემი ქეითერინგის მიმართულება, რომელიც დღეს ემსახურება როგორც ამერიკელ, ისე ქართველ და სხვა ეროვნების მომხმარებლებს.
განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც მანდობენ მნიშვნელოვანი და მაღალი დონის ღონისძიებების კვების ორგანიზებას. ვფიქრობ, წარმატების მთავარი საფუძველი ხარისხი, პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური მიდგომა და საქმის სიყვარულია. სწორედ ამ პრინციპების ერთგულებამ მომცა საშუალება, ეტაპობრივად განმევითარებინა ბიზნესი და მომეპოვებინა მომხმარებლების ნდობა.

თქვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაა. რომელი ქართული კერძი მოსწონთ ყველაზე მეტად?
ქართული სამზარეულო ჩემი საქმიანობისა და იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა, როდესაც უცხოელ სტუმრებს ქართული გემოებისა და კულინარიული ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობას ვაძლევ. ყველაზე ხშირად მათ ხაჭაპური, ხინკალი, ჩაქაფული და საცივი მოსწონთ. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კერძი ტრადიციული რეცეპტის პატივისცემით მომზადდეს და ამავდროულად თანამედროვე, დახვეწილი ფორმით იყოს წარმოდგენილი. ყოველთვის ღია ვარ ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის.
რამდენად ცდილობთ ტრადიციული ქართული გემოების შენარჩუნებას და როგორ გიწევთ მათი ამერიკელი მომხმარებლის გემოვნებასთან ადაპტირება?
როდესაც ქართულ კერძებს ვამზადებ, ვცდილობ, თითოეულმა სტუმარმა ნამდვილი ქართული გემო შეიგრძნოს. ჩემთვის ეს მხოლოდ კერძის მომზადება არ არის – ეს ქართული კულტურის გაცნობა და გაზიარებაა.
ქართული სამზარეულოს გარდა, სიამოვნებით ვამზადებ სხვადასხვა საერთაშორისო კერძსაც. ვცდილობ, სხვადასხვა კულინარიული კულტურა ერთმანეთს ჰარმონიულად შევუხამო ისე, რომ ქართული გემო, ხასიათი და ტრადიცია ყოველთვის შენარჩუნებული იყოს. ვფიქრობ, სწორედ ეს ბალანსი – ტრადიციის პატივისცემა და თანამედროვე, კრეატიული ხედვა გამოარჩევს ჩემს საქმიანობას და მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.
რა თქმა უნდა, ყურადღებით ვუსმენ ჩემს მომხმარებლებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდე მათი გემოვნება, სურვილები და მოლოდინები. ზოგჯერ მცირე ადაპტაციაც საჭიროა, თუმცა ამას ისე ვაკეთებ, რომ კერძის ავთენტიკური ხასიათი და ქართული გემო არ დაიკარგოს.
ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის ის არის, როდესაც უცხოელი სტუმრები ქართული კერძებით აღფრთოვანებულები რჩებიან, ინტერესდებიან ჩვენი კულტურით და დადებით შეფასებებს გვაძლევენ. სწორედ მათი ემოციები მაძლევს მოტივაციას, ყოველდღე კიდევ უფრო მეტი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით ვაკეთო ჩემი საქმე.

ემიგრაციამ რა კუთხით შეგცვალათ? რა არის ემიგრაციაში ყველაზე რთული?
ემიგრაციამ მასწავლა მეტი მოთმინება, გამძლეობა და იმის დაფასება, რაც ადრე შესაძლოა ჩვეულებრივად მიმაჩნდა. ყველაზე რთული კი ოჯახთან განშორებაა. ხშირად მიწევს მეუღლისა და შვილებისგან შორს ყოფნა, რაც დიდ ემოციურ ტკივილსა და მონატრებასთან არის დაკავშირებული. თუმცა, სწორედ ეს სირთულეები მაძლევს ძალას, არ დავნებდე და ჩემი საქმე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობით ვაკეთო.
როდესაც ქართულ კერძებს ვამზადებ და უცხოელ სტუმრებს ჩვენს კულტურას ვაცნობ, ვგრძნობ, რომ ჩემს ქვეყანას ღირსეულად წარმოვადგენ. ჩემთვის კულინარია მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის გზა, რომ სამშობლოსთან კავშირი შევინარჩუნო. როდესაც ჩემი შრომა დადებით შეფასებას იღებს, ვხვდები, რომ ყველა სირთულეს თავისი აზრი აქვს.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე…
ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი ძალა და მოტივაციაა. მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, ოთხი შვილი: ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი, სამი შვილიშვილი, რომლებიც ჩემი უდიდესი სიხარული არიან. შვილებისა და შვილიშვილების მონატრება ყოველდღიურად თან მდევს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვეკონტაქტებით ერთმანეთს და ვცდილობთ, ეს დისტანცია სიყვარულითა და ყურადღებით შევავსოთ, მათგან შორს ყოფნა მაინც ძალიან რთულია.
ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემ გვერდით დგას, განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლე. მათი სიყვარული, ნდობა და მორალური მხარდაჭერა მაძლევს ძალას, არ დავნებდე და ჩემი პროფესიული გზა თავდაჯერებით გავაგრძელო.

რამდენად მნიშვნელოვანია, როცა მეუღლე თქვენი პირველი მხარდამჭერია?
ნამდვილად გამიმართლა, რომ ჩემ გვერდით ისეთი ადამიანი მყავს, რომელსაც ჩემი სჯერა, მამხნევებს და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში მხარს მიჭერს. ჩემი მეუღლე თავადაც კარგად იცნობს კულინარიის სფეროს, უყვარს ქართული სამზარეულო და სწორედ ამიტომ მისი რჩევები ჩემთვის ყოველთვის ძალიან ღირებულია. ბევრი იდეაც სწორედ ჩვენს ყოველდღიურ საუბრებში იბადება.
როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც შენი სჯერა და შენს წარმატებას საკუთარ წარმატებად აღიქვამს, ნებისმიერი სირთულის გადალახვა გაცილებით მარტივია. ვფიქრობ, ჩემი მიღწევების უკან მხოლოდ ჩემი შრომა არ დგას, ამაში ჩემი მეუღლის მხარდაჭერას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის.
სამომავლო გეგმები
ბუნებრივია, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ მომავალში ჩემი ქეითერინგის კომპანია კიდევ უფრო განვავითარო – იქნება ეს ამერიკაში, საქართველოსა თუ ევროპაში. ეს ჩემთვის მხოლოდ პროფესიული მიზანი არ არის; ეს არის შესაძლებლობა, ქართული კულტურა და გასტრონომია კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო.
და ბოლოს, რას ეტყოდით ადამიანს, რომელსაც საქართველოში უკვე აქვს აწყობილი კარიერა და ცხოვრება, თუმცა ახალი შესაძლებლობისთვის ყველაფრის თავიდან დაწყების ეშინია?
ყველას, ვინც ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს, პირველ რიგში ვეტყოდი, რომ შიში ბუნებრივია, მაგრამ არ უნდა მივცეთ უფლება, ჩვენს არჩევანს სწორედ შიში განსაზღვრავდეს. ცხოვრებაში ყველაზე დიდი შესაძლებლობები ხშირად მაშინ ჩნდება, როდესაც კომფორტის ზონიდან გამოსვლას ვბედავთ. თუ საკუთარი თავის გჯერათ, შრომას არ ერიდებით და მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა შეგიძლიათ, არცერთი სირთულე არ არის გადაულახავი.
წარმატება ერთ დღეში არ მოდის – ის ყოველდღიური შრომის, დისციპლინის, მოთმინებისა და საკუთარი საქმის სიყვარულის შედეგია. მე ყოველთვის მჯეროდა, რომ რისკის გარეშე დიდი შედეგიც იშვიათად მოდის.
თუ გაქვთ ოცნება, ნუ გადადებთ მის განხორციელებას მხოლოდ იმიტომ, რომ გზა უცნობია. ზოგჯერ ერთი თამამი გადაწყვეტილებაც კი მთლიანად ცვლის ცხოვრებას. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ არასოდეს დაკარგოთ საკუთარი ღირებულებები, ადამიანობა და კეთილგანწყობა. წარმატებას მაშინ აქვს ნამდვილი ფასი, როდესაც ის პატიოსანი შრომით, სიყვარულითა და სხვების პატივისცემით არის მიღწეული.

ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: თამარ ცომაია












