დიდი სიხარულის დროს ხან ეცინება, ხან ეტირება, ამბობს, რომ ამის გამო ერიდება კიდეც. თუმცა ყველამ ვიცით, რომ სწორედ ეს არის გულწრფელობის ყველაზე ფეიერვერკული გამოხატულება, როცა ემოციას აძლევ საშუალებას, ბოლომდე ამოიფრქვეს. თავისუფლება მისი შინაგანი მდგომარეობაა და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს, ამიტომაცაა, რომ ყველგან და ყოველთვის არის ის, ვინც არის, ყოველგვარი შელამაზებისა და საზოგადოებასთან კეკლუცობის გარეშე. „OK! ბათუმის“ სტუმარი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილია, რომლის მონაწილეობითაც რეჟისორ ელენე ნავერიანის ფილმმა „შაშვი შაშვი მაყვალი“ სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა, მან კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ამბობს, რომ ამ ეტაპზე როგორც კინოს, ასევე თეატრისგან დასვენება სურს, სამაგიეროდ დიდი სიამოვნებით ექნებოდა ერთი ფაცხა ტყის პირას, იმუშავებდა მიწაზე და შეიგრძნობდა ბუნებასთან სიახლოვის ყველა სიამეს.
ყველაფერი ბავშვობიდან იწყება… როგორი ბავშვი იყავით, რა ინტერესები გქონდათ?
ძალიან მოწესრიგებული ბავშვი ვიყავი. მართალია, სწავლაზე არ ვგიჟდებოდი, თუმცა რამდენიმე საგანი მაინც მიყვარდა, მაგალითად, ქართული ენა და ლიტერატურა, რუსული ენაც, რადგან ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ასევე, მიყვარდა ფიზკულტურა და მუსიკა. თვეში ერთხელ კარგად ვისწავლიდი ხოლმე გაკვეთილს, რათა ნიშანი მიმეღო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, ფორმას იმ წუთში გავიხდიდი, გავწმენდდი, დავკიდებდი. პირსახოცით ხელს რომ გავიმშრალებდი, კარადაში ვმალავდი ხოლმე, რომ სხვასაც არ გამოეყენებინა. დროსთან ერთად ამ ტიკებმაც გამიარა, უკვე აღარ მაქვს მსგავსი არანორმალური დალაგების მოთხოვნილება.
მოგონება ბავშვობიდან, რომელიც ყველაზე მეტად გათბობთ…
დედა მყავდა რაჭველი, მაგრამ დედის დედულეთი ლეჩხუმშია. ზაფხულის არდადეგებზე მთელი ოჯახი ჩავდიოდით ჩვენს სოფელში, რომელსაც სურმუში ჰქვია. იქ გატარებული დღეები ჩემთვის ყველაზე ლამაზი მოგონებაა დღემდე. შეიძლება ითქვას, ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, ცუდი არაფერი მახსენდება, მაგრამ ყველაზე ბედნიერი მაინც ჩემს სურმუშში ვიყავი. ბავშვები ვაგროვებდით შინდს, მაყვალს, ვთამაშობდით, ვერთობოდით, მართლა მათბობს ამ ყველაფრის გახსენება. 7 წელია ვერ ჩავედი და ძალიან მტკივა გული, მაგრამ სულ იქ მინდა ვიყო, ფიქრებით სულ ჩემს სოფელში ვარ. საერთოდ, სოფელში კარგია ყოფნა, ბავშვი მარტო ქალაქში არ უნდა იზრდებოდეს. ძროხაც მომიწველია, პურიც ჩამიკრავს. მახსოვს, ბაბუამ ხისგან პატარა თოხები გაგვიკეთა, თავიდანვე გვაჩვევდა შრომის სიყვარულს. ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრი რამე მესმის, მაგალითად, ბოსტანს როგორ უნდა მოვუარო. რაც უფრო მემატება ასაკი, მეტად მეძახის ბუნება, მეტად მინდა მიწასთან კავშირი, რაღაცნაირი სიმშვიდე და ჰარმონია მოაქვს ჩემთვის.
რამ განაპირობა, რომ პროფესიად მსახიობობა აირჩიეთ?
მგონი, იმან განაპირობა, რომ ჩემს დროს აბონემენტური სისტემა იყო, აუცილებლად უნდა გევლო თეატრში. რა თქმა უნდა, მშობლები იღებდნენ აბონემენტს. ძირითადად, ბათუმის დრამატულ თეატრში სიარულმა შემაყვარა თეატრი. თითქმის ყველა სპექტაკლზე დავდიოდი. არდადეგებზე თბილისში ჩავყავდით დედას, იქაც სულ ვესწრებოდი სპექტაკლებს. ზუსტად ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი, ეს ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა.
მაინც როდის გააცნობიერეთ ბოლომდე, რომ მსახიობობა იყო ის პროფესია, რომელსაც მთელ ცხოვრებას მიუძღვნიდით?
როცა ბათუმის დრამატულ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი თავაძე დაინიშნა. სწორედ მან მიმახვედრა, თუ რა იყო მსახიობობა. შეიძლება თამამად ვთქვა, რომ თეატრალურზე მეტად გიორგიმ მაქცია მსახიობად. საკუთარ თავში აღმომაჩენინა ის თვისებები, რაც აუცილებელია მსახიობისთვის.
რა დამატებითი პასუხისმგებლობაა თქვენთვის მსახიობობა?
არის შეხედულება, თითქოს მსახიობს საზოგადოებაში გარკვეული ქცევის წესები მოეთხოვება. მართალი გითხრათ, სულ არ მაინტერესებს, ვინ როგორ მიყურებს, როგორიც ვიყავი ადრე, ისეთი ვარ დღესაც, არაფერი არ მცვლის, რაც ძალიან მახარებს. ყველა ადამიანი თანასწორია. თუ დღეს რაღაც წარმატება გხვდა წილად და კიბის მაღალ საფეხურზე ახვედი, ხვალ შეიძლება ფსკერზე დაეშვა. ამიტომ არაფრით არ უნდა ვიყელყელაოთ, არ უნდა მივიჩნიოთ, რომ ვინმეზე მაღლა ვდგავართ. მართლა არაფერი არ ხარ ადამიანი, ჭიანჭველა ხარ… არასდროს მიფიქრია, რომ რადგან მსახიობი ვარ, მაგალითად, კოხტად უნდა ჩავიცვა, თითოეული სიტყვა უნდა ავწონ-დავწონო. თუ მინდა, დახეულითაც ვივლი და რაც მომინდება, იმას ვიტყვი. მაგალითად, ვამბობ, რომ „არა რუსულ კანონს“, მაგრამ თუ ამის თქმას ვინმე სხვა მომთხოვს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი. მე მსახიობი იმიტომ კი არ ვარ, რომ ხალხი ითხოვს, მე მსიამოვნებს და იმიტომ ვარ. შეიძლება არ არის სწორი ეს აზრი, მაგრამ ასე ვფიქრობ და რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე.
მოგვიყევით ფილმზე „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელმაც დიდი წარმატება მოგიტანათ. საკუთარ სოციალურ გვერდზე წერდით, რომ სიზმარში გგონიათ თავი და არ იცოდით, ამხელა სიხარულს როგორ გადაიტანდით…
ცხოვრებაში ერთმანეთს რომ იპოვის მსახიობი და რეჟისორი, ასეთი რამ მოხდა ჩემს შემთხვევაში. მე ელენე ვიპოვე, ელენემ მე მიპოვა და იმიტომ გამოვიდა ასეთი წარმატებული ფილმი. ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭა ელენესთან მუშაობამ. მეტსაც გეტყვით, ჩემი ოცნებაა მუდმივად ელენესთან ვიმუშაო. ფუფუნებაა ისეთ რეჟისორთან მუშაობა, ის რომ გაიფიქრებს და შენ რომ ხვდები ან პირიქით. შეიძლება მუშაობის იქით საერთოდ აღარ ვიყოთ მეგობრები, საერთოდ არ ვნახულობდეთ ერთმანეთს, მაგრამ ფილმზე მუშაობის პერიოდში ერთ სულ და ერთ ხორცად ვიქეცით. ულაპარაკოდ რომ ხვდებით ერთმანეთისას, იმხელა ბედნიერებაა. ვერ აღგიწერთ. თეატრშიც, ისევე როგორც კინოში, მე პროცესი მანიჭებდა სიამოვნებას. მერე მართლა ნაკლებად მაინტერესებს, რა შედეგს მივიღებთ. რა თქმა უნდა, გსურს, რომ რისთვისაც იშრომე, კარგი გამოვიდეს, თუმცა შედეგზე ორიენტირებული არ ვარ. ვიღაცა გიჟდება, სპექტაკლის ბოლოს ტაშს რომ დაუკრავენ, აი, მე კიდევ უხერხულად ვარ, იმიტომ, რომ ბუნებით ვარ ძალიან მორიდებული ადამიანი. როცა ყურადღების ცენტრში ვარ, მართლა ცუდად ვგრძნობ თავს. რაც ელენესთან მოხდა, იგივე მოხდა გოგა თავაძესთან თეატრის შემთხვევაში. ძალიან ბევრ რეჟისორთან მიმუშავია, მაგრამ გოგასთან მოხდა ეს უსიტყვო შერწყმა. ვფიქრობ, ეს ნიჭსა და უნიჭობაზე არ არის, თუ შენი რეჟისორი იპოვე, გაგიმართლებს და გამიმართლა ამ შემთხვევაში.
რა მოგცათ ამ ფილმმა, რა აღმოგაჩენინათ საკუთარ თავში?
ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებული არ გამიკეთებია ამ ფილმში, ისეთი, რომ ვიფიქრო, ვაიმე, ეს როგორ შევძელი-მეთქი. ბევრი კომპონენტისგან შედგება ის, რითაც ფილმი გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. ერთ-ერთ მათგანზე უკვე ვისაუბრე, რეჟისორისა და მსახიობის სწორ ტანდემზე. ისე მოხდა, რომ ფილმზე მომუშავე ყველა ადამიანი ერთნაირად აღმოვჩნდით დისციპლინის მოყვარული. თუ ვხედავ, რომ მაგალითად, ოპერატორი არ ეკიდება საქმეს მთელი სერიოზულობით, ან რომელიმე მსახიობი, შინაგანი ფორიაქი მეწყება. ამ ფილმის წარმატება იმანაც განაპირობა, რომ ერთნაირად მოწესრიგებილი ადამიანები შეგვკრიბა ელენემ. ფილმის გადაღებისას ყველა კომპონენტი უნდა იყოს 100 პროცენტით გამართული და მაშინ მიიღება შედეგი.
საინტერესო როლი შექმენით, თითქოს მარტივად, მაგრამ მთელი სიზუსტით გადმოეცით სწორი ემოცია. ეთეროს პერსონაჟი ხომ გარკვეულწილად კრებსითი სახეა და ბევრი ქალის სათქმელს თუ უთქმელს გადმოსცემს…
რაღაც დოზით ყველა ადამიანი ვირგებთ ნიღაბს, ეთეროსაც ჰქონდა ნიღაბი, მაგრამ ფილმის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი გულწრფელობაა. ხშირად შვილებს იმას ვასწავლი და ვუმეორებ, რასაც 50 წლის შემდეგ მივხვდი. თავს არ უნდა დავაძალოთ არაფერი. თუ სადღაც არ გვინდა ყოფნა, უნდა ავდგეთ და წამოვიდეთ. საკუთარ ემოციებზე, განცდებზე წინ არაფერი არ უნდა დააყენო და უნდა გააკეთო ის, რაც შენ თავისუფლების განცდას მოგანიჭებს. აი, მაგალითად, მე მინდა, რომ თბილისთან ახლოს პატარა მიწა ვიყიდო, სოფელში მინდა ცხოვრება. მინდა თხა მყავდეს, პატარა ქოჩრიანი ქათმები მომწონს ძალიან. პირველ რიგში, იმიტომ მინდა ეს, რომ სოფელში სიმშვიდეა, მიწასთან მუშაობაც ძალიან მაბედნიერებს. მინდა, როცა შვილიშვილები მეყოლება, ჩემი ხელით მოწეული ნატურალური პროდუქტი მივართვა. მართალი რომ გითხრათ, დიდად აღარც თეატრი მაინტერესებს და აღარც კინო.
რატომ…
დგება პერიოდი, როცა სურვილი აღარ გაქვს, ხალხს გაუზიარო შენი სათქმელი, შენი შემოქმედება. ჩემი მთავარი სათქმელი ახლა ის არის, რომ სიმშვიდეში ყოფნა მინდა და თუ რომელიმე რეჟისორი დამინახავს, კარგ როლს შემომთავაზებს და გავიაზრებ, რომ მე ეს მჭირდება, მაშინ ვიფიქრებ. არ გამოვრიცხავ, რომ ფინანსური ინტერესის გამოც დავთანხმდე შემოთავაზებას, მაგრამ დღეს ჩემთვის მინდა ყოფნა.
სარაევოს კინოფესტივალზე, როცა თქვენი ფილმი გამოაცხადეს გამარჯვებულად, თქვენ კი ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადმოგცეს ჯილდო, რა ემოცია გქონდათ?
ვტიროდი… ძალიან ემოციური ვიყავი ყოველთვის, რაც რაღაც მომენტში არ მომწონს ჩემს თავში. თითქოს თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ძალიან რომ მიხარია ან ვტირი, ან ვიცინი, ასეთ დროს დიდად ლაპარაკი არ შემიძლია.
თქვენს წილ ბათუმზე გვიამბეთ…
ჩემთვის ბათუმი ნიშნავს ყველაფერს. დედა თბილისელი მყავდა, მამა – ბათუმელი. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, მატარებლის გამცილებლად ხომ არ დამეწყო მუშაობა, რადგან ერთი კვირა იქ ვიყავი, ერთი კვირა აქ. თბილისიდან რომ მოვდიოდი, მახინჯაურის გვირაბს რომ გამოვცდებოდი, მართლა სხვანაირად ვიწყებდი სუნთქვას. სიგიჟემდე მინდა სულ ბათუმში ვცხოვრობდე, უბრალოდ, ვერ მოვახერხე. თბილისში გავაჩინე შვილები, ამიტომ, იძულებული ვარ, იქ ვიყო. დავაყენებ თავიანთ გზაზე და მერე ან ბათუმში წამოვალ, ან ისევ ჩემს სოფელში. ყველაფერს ნიშნავს, თავისუფალ სუნთქვას ნიშნავს ჩემთვის ბათუმი. მიყვარს ბათუმის თეატრი, ჩემი სახლიდან თეატრისკენ რომ მივდივარ, ის გზა. კაფე „ცეროდენა“ მიყვარს, რომელთანაც ძალიან ბევრი მოგონება მაკავშირებს. და, რა თქმა უნდა, ზღვა. ისეთ ქალაქში რომ დაიბადები, სადაც ზღვაა, მე მგონი, მერე ძალიან გიჭირს ისეთ ქალაქში ცხოვრება, სადაც ზღვა არ არის. ზღვასთან ახლოს რომ ვარ, ზღვის ხმა რომ მესმის, ძალიან მსიამოვნებს. შეიძლება ზღვაზე არ გადახვიდე, მაგრამ ხმა რომ გესმის, უკვე გამშვიდებს.
გაგვაცანით თქვენი შვილები…
ჩემი უფროსი გოგო 20 წლისაა და კესანე ჰქვია. ხელოვნების სფეროთია დაინტერესებული, ჯერ ძიების პროცესშია, ვერ გადაწყვიტა, საბოლოოდ რომელ პროფესიას დაეუფლება. პატარას ლილინო ჰქვია და 13 წლისაა. ძალიან უნდა, რომ ტანსაცმლის დიზაინერი გახდეს. ძალიან ზრდილობიანი, მოღიმარი გოგონები არიან, ჩემს საუკეთესო მეგობრებად მივიჩნევ და როგორც ყველა დედას, მეც მსურს, რომ ბედნიერები იყვნენ.
როგორ წარმოგიდგენიათ რამდენიმე წლის შემდგომ თქვენი თავი?
ბუნებაში პატარა ფაცხა მექნება. რომ ვამბობ, იცინიან, ჰგონიათ, რომ ვხუმრობ, მაგრამ სერიოზულად მინდა დურგლობის შესწავლა. ძალიან მიხმობს მიწა და ხე. ხეები შემიყვარდა მეტად, ვიდრე ადამიანები…
რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო…
რა თქმა უნდა, შვილები. გვიან გავაჩინე ისინი, არადა, სულ მინდოდა 5 შვილი მყოლოდა. ყველაზე დიდი ბედნიერება შვილებშია.
რა არის თქვენთვის თავისუფლება?
საკუთარ თავს მოუსმინო და მისცე უფლება, იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა. თავისუფლება არის შენი თავის მოსმენა და იმ სურვილების გათვალისწინება, რაც შენს სულს სურს.
თეატრი თუ კინო?
აბსოლუტურად სხვადასხვაა. ხან სპექტაკლისგან იღებ მეტ სიამოვნებას, ხან ფილმისგან. ეს ყოველთვის დამოკიდებულია რეჟისორზე, შენ ირგვლივ რამდენად ნიჭიერი და პასუხისმგებლიანი ადამიანები არიან იმაზე.
სათქმელი…
ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ თავს. ეძიეთ და აღმოაჩინეთ, რა გსურთ, რა განიჭებთ ბედნიერებას. იშვიათია, ზუსტად იცოდე, რა გინდა და თუ იმ საქმეს აკეთებ, რაც შენია, ეს დიდი სიამოვნება და ფუფუნებაა. იღლები, მაგრამ ისევ მიდიხარ. ყველას ვუსურვებ, შეხვდეს თავის ადამიანს, მსახიობობის შემთხვევაში – თავის რეჟისორს. მინდა გისურვოთ ყველას, რომ ცხოვრების გზაზე შეგხვდეთ სწორი ადამიანები და მერე ყველაფერი იქნება კარგად.