თვლის, რომ რეჟისორობა მიწიერის არამიწერად გარდაქმნის ცოდნაა, შესაძლებლობაა ის სათქმელები გააჟღერო ხმამაღლა, რაც საზოგადოებას აწუხებს, სტკივა. თეატრის მაგიურ სამყაროში ბევრი წელია მოგზაურობს, მუდმივად ცდილობს თავისი შემოქმედება ზუსტი ემოციებით მიიტანოს ადამიანებამდე. სურს ისეთ საზოგადოებაში იცხოვროს, სადაც „მეზე“ უპირატესი „ჩვენ“ იქნება, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ერთი მიზნისთვის, საქართველოს ძლიერი მომავლის შენებისთვის გაერთიანება. რა ეამაყება ყველაზე მეტად, ამბობს თუ ვერა ქართული თეატრი თავის სათქმელს დღეს და თანამედროვე პერიოდის გარდა,
რომელ პერიოდში გადავიდოდა საცხოვრებლად რეჟისორი ვახტანგ ბერიძე – პასუხებს გაეცანით OK! ბათუმის ფურცლებიდან.
ყველაფერი შემდეგნაირად დაიწყო…
ყველაფერი დაიწყო დაბადებით, რომელიც რეალურად ჩვენს ცხოვრებაში პირველი დიდი გამარჯვებაა… ბავშვობა სოფელში გავატარე, ბუნებისა და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში… რთული წლები იყო, შიმშილი, ომი, ზამთრის გრძელი ღამეები და საათში ერთხელ ანთებული ლამპა, რომ ნავთი დაგვეზოგა… ნედლი სიმინდის მჭადი დღეში ერთხელ… განათლების ხელმიუწვდომლობა და თითქმის ბედის ანაბარა მიტოვებული ჩვენი ყოფა. ეს ის რეალობა იყო, რომელსაც გადავურჩით! მაგრამ ამ ყველაფერს აბალანსებდა სიყვარული და ადამიანები, რომლებიც აღარ არიან…
ყველაზე მძაფრი მონატრება…
ყველაზე დიდი მონატრება არის მამაჩემი, რომელმაც საავადმყოფოში შეყვანისას ხელი ჩამკიდა და მითხრა, არ გამიშვაო. ის იყო ბოლო სიტყვა მამასგან, და ის იყო პირველი და ბოლო სურვილი, სადაც ჩემთვის სამყაროს ტოლფას ადამიანს დავჭირდი, და ვერ ვუშველე…
სოფლის სურნელი ჰგავს…
დედის სუნს, ჩემი ბავშვობის სუნს, რომელიც შეუერთდა მთებს, რომელიც გარს არტყია ჩემს სოფელს. ბებიას მომზადებულ საჭმელს, ჯამში დანაყილ მწვანილს, რომლის მსგავსი სურნელი აღარ მიგრძნია დიდი ხანია. სოფლის სურნელი ყველაზე თბილი, ტკბილი და არომატულია.
პროფესიული გზა… განვითარების გაზა…
პროფესიის არჩევა, ჩვენი ცხოვრების საკვანძო არჩევანია, მასზეა დამოკიდებული ჩვენი შემდგომი განვითარება. სამსახიობოზე ვაბარებდი, ვერ მოვხვდი. მამაჩემმა წელი რომ არ გამეცდინა, სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში 200 დოლარი გადაიხადა და ჟურნალისტიკაზე ჩამრიცხა. ცხადია, გავაპროტესტე და არ ვაპირებდი იქ სწავლას, თუმცა მამისადმი ჩემმა პატივისცემამ გადამაწყვეტინა, რომ რამდენჯერმე მივსულიყავი. ერთ-ერთი ასეთი მისვლის დღეს აღმოვაჩინე, რომ ხელოვნების (მაშინ ასე ერქვა) ინსტიტუტში თეატრის რეჟისორების მიღება იყო, მივედი, ვცადე, ჩავაბარე… არ ვიცი რით დავიმსახურე, მაგრამ ოქროს თაობის ოსტატების გარემოცვაში აღმოვჩნდი, ჩემი პედაგოგი იყო ლევან (რეზო)მირცხულავა. ჩვენს სფეროში მარტივი არ არის დამოუკიდებლად გზის გაკვალვა, დღემდე მემკვიდრეობით გადაეცემათ ესტაფეტა… მე, არავინ, არასდროს, გენეტიკაში არ მყოლია ხელოვანი, მით უმეტეს თეატრალი. ამიტომ, ასჯერ მეტად რთულია ჩემნაირებისთვის ამ სამყაროში მოხვედრა… სხვებთან შედარებით მეც ასჯერ მეტად მოვინდომე, ვმუშაობ საკუთარ თავზე, ახლაც ვსწავლობ. ვარ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის „ხელოვნების მენეჯმენტის“ დოქტორანტი. აქაც გამორჩეული კლასის ხელმძღვანელი მყავს, ქალბატონ ნინი სანადირაძის სახით. ვთვლი, რომ ბრძოლა, კითხვა და განათლება არის ის საშუალება, რომლითაც მიზანს მივაღწევ. ამ დრომდე 10 დრამატული და ერთი საოპერო დადგმა განვახორციელე. ვარ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის ზე-კართან იდეის ავტორი და დირექტორი და 30-ზე მეტი სხვადასხვა სახელოვნებო ღონისძიების ორგანიზატორი და იდეის ავტორი. ასე რომ, ხელის ჩაქნევა, გაქცევა, იმედგაცრუება სუსტების თვისებად მიმაჩნია…
იყო რეჟისორი ნიშნავს…
ჩვენ ვიცით გამოთქმა „პური და სანახაობა“, ქრისტემ გვითხრა პური ჩემი სხეულიაო. დღემდე უმნიშვნელოვანესი ფიქრის საგანს წარმოადგენს რა იგულისხმება სანახაობაში? რა არის ჩვენი დროის თეატრის მისია? მთავარი სათქმელი? როგორ შეიძლება გაუწიო კონკურენცია ყველაფერს, რაც თეატრს ებრძვის… რეჟისორობა ამ კითხვებზე პასუხია, მუსიკის, ლიტერატურის, მხატვრობის დადგმაა, მისგან, ჩვეულებრივისაგან არაჩვეულებრივის, აღმატებულის, ხელოვნების შექმნაა… ახალი სივრცისა და დროის აღმოჩენაა. რეჟისორობა ხელობაა, ხელოვნებაა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, რწმენაა, პოზიციაა, ბრძოლაა, ბრძოლაა გამარჯვებამდე.
თანამედროვე პერიოდის გარდა, რომელ პერიოდში იცხოვრებდით და რატომ?
საქართველოს ისტორიის ყველა რთულ პერიოდში ვიცხოვრებდი, საუკუთარ ტყავზე რომ გამომეცადა ის სირთულეები, რისი გადატანაც ჩვენს წინაპრებს მოუწიათ. კონკრეტულად კი, 1918-1921 წელების საქართველოში ვიცხოვრებდი. ამ მცირე დროში მაშინდელმა ქართველებმა შეძლეს და ჩამოაყალიბეს ქართული კულტურისა და განათლების უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციები, ამ პერიოდს უკავშირდება ქართული თეატრის, ოპერის, ბალეტის, ფოლკლორის, შეიძლება დავარქვათ, აღორძინება. წარმოუდგენელი იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი ორგანიზაციების გახსნა მოუწია ცოტა ხნით ადრე ილიას და ამ პერიოდში სასკოლო და საუნივერსიტეტო რეფორმებს ატარებდნენ… ბევრად ეროვნული და პროგრესული ადამიანები ცხოვრობდნენ მაშინ… დღესაც იგივე გეოპოლიტიკური მდგომარეობაა, ჩვენ ვცხოვრობთ ძალთა ახალი გადანაწილების დროში. ძალიან მინდა 100 წლის შემდგომმა ქართველებმა პოზიტიურად ჩათვალონ ჩვენი ახლანდერი სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი პოზიციები…
კადრი, რომელზეც ყველაზე ხშირად გიფიქრიათ…
თითოეული კადრი, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენს, დასაფიქრებელია, ზოგჯერ უმნიშვნელო კადრი იქცევა უპირატესად, დღეს აქ და ახლა გაქვს საშუალება იფიქრო, შეცვალო, იბრძოლო. ბოლო წლებია, ყველაზე ხშირად ვფიქრობ, რომ არა სისხლიანი რეჟიმი, 1918 წლის სახელმწიფოს შექმნის იდეა, დღეს რა განვითარების ეტაპზე იქნებოდა საქართველო. როგორი საზოგადოება ვიქნებოდით, რა წაგვართვა სიკეთის სახელით მოსულმა ბოროტებამ და დღემდე რატომ არის ჩვენს საზოგადოებაში მათდამი რომანტიზებული წარმოდგენები?
სცენა… მსახიობი… მაყურებელი… რეჟისორი…
თეატრი, როგორც სინთეზური ხელოვნება, ხელოვნების ყველა დარგებს აერთიანებს, რეჟისორი არის პირი, რომელიც მსახიობისგან ქმნის, გმირებს და ანტიგმირებს, მათ ერთ სივრცეში თანაცხოვრებისათვის საჭირო ატმოსფეროს, მსახიობი, თავის მხრივ, მოცემული ამოცანის შესასრულებლად იყენებს ხელოვნების სხვადასხვა დარგებს (ლიტერატურა, მუსიკა, ქორეოგრაფია, მხატვრობა), რათა გარდასახვა იყოს ეფექტური, დამაჯერებელი. მაყურებელი თუ ამ ორზე (რეჟისორი, მსახიობი) განათლებული არ არის, ვერ კითხულობს ჩანაფიქრს, იმ მეტაფორულ ენას, რომელიც გამოყენებული იქნა სათქმელის გადმოსაცემად, ესე იგი არ შედგა თეატრის მაგია. თეატრში უმთავრესი დიალოგია, რეჟისორი მსახიობის დახმარებით სვამს პრობლემურ და კრიტიკულ საკითხებს. მაყურებელი ბრუნდება სახლში, ფიქრობს ამაზე და ხვალ თავისი ქმედებით იწყებს დასმული საკითხების მოგვარებას. თუკი ეს დიალოგი არ შედგა, რეჟისორს, მსახიობსა და მაყურებელს შორის, ესე იგი თეატრმა, როგორც ორგანიზაციამ, ფუჭად გახარჯა თავისი რესურსები…
ქართული თეატრი დღეს, ამბობს თავის სათქმელს ხმამაღლა?
თეატრის შექმნის თავდაპირველი იდეა იყო სიმართლის თქმა. ანტიკურობიდან დღემდე ბევრი რამ შეიცვალა თეატრში, ფორმა, იდეა, სათქმელი… წლების წინ, მიხეილ თუმანიშვილმა თქვა, დღეს ჩვენი თეატრი ჰგავს დამტვრეულ მანქანას, რომლის ყველა ნაწილი უვარგისიაო. მე დავამატებდი, დღეს თეატრი ჰგავს მანქანას, რომელიც მეორადებში დაშალეს… თეატრმა დაკარგა სიმართლის, თავისუფლების, კრიტიკულობის იდეა. ორგანიზაციული თვალსაზრისითაც, მართვის მოდელი ქვეყნის ზოგადი მართვის მოდელისგან განსხვავებულია, დროშია გაჩერებული, წინა საუკუნის ავბედით დროში. დღევანდელ თეატრში „ჩინოვნიკი“ უფრო მეტია, ვიდრე შემოქმედი. ქართულ თეატრს დრომ გაასწრო… მაშინ, როცა სისხლიანი რეჟიმი კლავდა ყველაფერს, ვინც თავისუფლებაზე საუბრობდა, ახმეტელი დგამდა სპექტაკლებს, სადაც ეროვნული მუხტი და ხასიათი იყო წინა პლანზე. დღეს ეს დაკარგა თეატრმა, იუთუბზე ნანახის ასლები მომრავლდა თეატრების რეპერტუარში, რამაც ინტერესი დაუკარგა მაყურებელს.
მოგვიყევით ლიტერატურულ ფესტივალზე „ზე კართან“, როდის გაჩნდა აღნიშნული იდეა და რა არის ფესტივალის მთავარი პრიორიტეტი?
ფესტივალის იდეა 2013 წელს შუახევის მუნიციპალიტეტში მუშაობის დროს გამიჩნდა. რამდენიმე იდეა და პროექტი მაქვს განხორციელებული, მაგრამ „ზე-კართან“ თავისი არსებობით, ბიოგრაფიით, გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებით მეც კი მაოცებს. დღეს ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში მოიძიო პროექტი, ღონისძიება, რომელიც ათი წლის განმავლობაში სხვადასხვა იდეის, მსოფლმხედველობის, რელიგიის, პოლიტიკური შეხედულების ადამიანს აერთიანებდეს… საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ზე-კართან“ არის სივრცე და შესაძლებლობა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების მცხოვრებლების და ქართული კულტურის წარმომადგენლების შეხვედრის, აზრისა და საფიქრალის გაცვლის, სიყვარულისა და სიკეთის გაზიარებისა. ფესტივალი მნიშვნელოვნად ეხმარება აჭარაში საფესტივალო კულტურის განვითარებას, არაფორმალურ განათლებას, კულტურული ტურიზმის განვითარებას და რაც ყველაზე მთავარია, ლიტერატორების და ხელოვნების სხვადასხვა დარგების წარმომადგენლების, აჭარის ყოფა-ცხოვრების იმ ღირებულებებისა და ფასეულობების გაზიარებას, რაც ამ მხარეში არის დაუნჯებული.
შეფასება, რომელმაც ყველაზე მეტად აღგაფრთოვანათ…
გულწრფელად გეტყვით, ბევრი შეფასება მომისმენია, კარგი, ძალიან კარგი და ცუდიც, ყველა მათგანი მნიშვნელოვანია ჩემი ზრდის პროცესისთვის. არც დაუმსახურებელი შექება მიყვარს და არც დაუმსახურებელი კრიტიკა, მაგრამ შეფასების დროს მეც და შემფასებელსაც თუ სახე წამოგვიწითლდა, ესე იგი, ეს არის მართალი და ჩემს ცხოვრებაში ყოფილა რამდენიმე ასეთი შეფასება… 2022 წლის 2 თებერვალს მომენიჭა წლის წიგნის ქომაგის ჯილდო. ეს იყო შუახევში ჩემ მიერ აღდგენილი შვიდი სასოფლო ბიბლიოთეკისა და ლიტერატურულ ფესტივალ „ზე-კართან“ დაკავშირებული, შეფასებული და აღიარებული შრომა, რამაც არ დაგიმალავთ და ძალიან გამახარა.
მეამაყება…
ყოველგვარი ბანალურობისა და გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ყოველდღიურად მეამაყება, რომ ვარ მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციისა და კულტურის ნაწილი, ვარ ქართველი და არც ერთი წამით არ ვიფიქრებ, რომ ამ ქვეყიდან ოდესმე წავიდე…
სისულელეა, მაგრამ ჩავიდინე…
2016 წელს ვმონაწილეობდი პოლონურ პროექტში, რომელიც პოლონეთში სწავლებას გულისხმობდა. გავედი მეორე ტურში და გასაუბრებაზე არ წავედი, რადგან იმ პერიოდს დაემთხვა შუახევში ფოლკლორული ფართომასშტაბიანი ექსპედიცია. ბევრი ფიქრის შემდეგ, მივედი იმ დასკვნამდე, რომ უჩემოდ ის არ იქნებოდა ისეთი, რაც საზოგადოებამ ნახა წიგნის, ვიდეო და აუდიო დისკების სახით… სისულელედ იმიტომ ვთვლი, რომ საკუთარ თავს არ მივეცი შანსი პროფესიული განვითარებისა. მე ვარ ცოდნის შემგროვებელი, ერთი დაკარგული დღეც, ამ გზაზე, სისულელედ მიმაჩნია…
როგორ საზოგადოებაში ისურვებდით ცხოვრებას, რას შეცვლიდით და რატომ?
ჩვენ შეიძლება ყველას ჩვენი ხედვები და ოცნებები გვაქვს, როგორი საზოგადოება გვინდა, როგორი ხელისუფლება, როგორი დღის წესრიგი, მაგრამ მოცემულობა არის ერთი, ის რაც არის… ვისურვებდი და მინდა, რომ ვიცხოვრო საზოგადოებაში, რომელიც თანხმდება, აფასებს განსხვავებულს, პატივს სცემს სახელმწიფოს, ენას, კულტურას. ცხოვრობს სახელმწიფოებრივი იდეით, მეზე უპირატესად თვლის ჩვენს… ამ მიმართულებით ვცდილობ, რომ ვიყო ჩემი სიტყვებისა და იდეების თანხვედრაში და ვიმოქმედო ისე, რომ შეიძლება ვიღაცის მაგალითად ვიქცე.
ოჯახი, საყვარელი ადამიანების ძალა…
ოჯახი არის ადამიანების ურთიერთობა, სიყვარული, მოსმენა, ერთმანეთის აზრის დაფასება, ერთმანეთზე ზრუნვა, სხვადასხვა თაობის გამოცდილების გაზიარება, მემკვიდრეობის (ვგულისხმობ სულიერ და კულტურულ მემკვიდრეობას) დაფასება, გაფრთხილება. მადლიერებით სავსე ვარ ჩემი ოჯახის თითეული წევრის და მათი სიყვარულის მიმართ…
ხალხური ხელოვნების სკოლას ხელმძღვანელობთ ბათუმში, აღნიშნული მიმართულებით არაერთი თაობა გაუზარდა სკოლამ ბათუმს.
სკოლა არის თაობებს შორის ურთიერთობა, ერთადერთი სასწავლებელია ჩვენს რეგიონში, რომელიც ჩვენი არამატერიალური ძეგლის, ქართული ფოლკლორის განვითარებას, მის სიცოცხლისუნარიანობას ემსახურება. თუკი ოდესმე ჩვენი ეროვნული ფასეულობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, ესე იგი, ჩვენი, ქართველების, ამ ფორმით ამ ისტორიით და ამდენი გამოცდილებით ცხოვრება საფრთხის ქვეშაა. ამას ვიაზრებთ ჩვენც და იაზრებს ხელისუფლებაც, შესაბამისად, ერთობლივი ძალისხმევით ვემსახურებით თაობების განათლებას, ახალი ენერიგიისა და შესაძლებლობების შექმნას.
ბათუმი, ინსპირაციის წყარო…
ბათუმი არის ქალაქი, სადაც ყველაზე რთულად მიმიღეს… 2002 წლიდან ვცხოვრობ ამ ქალაქში და ობიექტურად ბევრჯერ მატკინეს აქ, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, თავისი ხალხით, მრავალფეროვნებით, სევდით, ხელოვნების მიმართ პატივისცემით… მიყვარს ადამიანები, არ მიყვარს მათი ცუდი საქციელები, მანათებს მათი მიღწევები…
რას მოაქვს სიმშვიდე…
ყველაზე მშვიდი ვარ, როცა საკუთარ საქმეს ვაკეთებ, თუ ეს საქმე სხვებსაც მოსწონთ, ამაზე მეტი ბედნიერება რაღა უნდა იყოს, ვერ წარმომიდგენია…
მჯერა…
უკეთესი საზოგადოების, ხელოვნების, სიყვარულის, პატრიოტიზმის, თითოეული გოჯი მიწის დაბრუნების, ორად გაყოფილი აზრისა და სიყვარულის გაერთიანების. რატომ? იმიტომ რომ, ადრე თუ გვიან, საბოლოოდ გამოიწურება რუსეთის მიერ დანატოვარი შხამი ჩვენი ხალხის გულსა და გონებიდან…
ტექსტი: ნანა აბულაძე