მეან-გინეკოლოგია ერთ-ერთი ურთულესი პროფესიაა, რადგან ამ დარგის ექიმები პასუხისმგებლები არიან არა მხოლოდ ერთ, არამედ ორ სიცოცხლეზე – დედისა და ნაყოფის. პროფესიის ფარგლებში ექიმებს უწევთ, ყველაფერთან ერთად, იყვნენ ფრთხილები და პასუხისმგებლიანები. მეან-გინეკოლოგი თამარ გელაძე მოგვიყვება იმ ურთულეს და ამავდროულად, საინტერესო გზაზე, რომელსაც პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გადის.
რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?
ეს პროფესია უაღრესად ჰუმანურია და უამრავ პოზიტიურ ემოციას უკავშირდება, თუმცა, ამავე დროს, ძალიან რთულია. ბავშვობაში მეანგინეკოლოგობაზე არ მიოცნებია – თავდაპირველად არქიტექტურა მიზიდავდა, შემდეგ ფიზიკა, და მყავდა ადამიანიც, რომელსაც სურდა, რომ მეცნიერებას გავყოლოდი. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე.
ჩვენს დროს სპეციალობის არჩევა მეხუთე კურსის შემდეგ ხდებოდა. მეან-გინეკოლოგიაზე მსურველი ბევრი იყო, ადგილები კი შეზღუდული, თუმცა ჩემთვის ამ მიმართულებით მოხვედრა შედარებით მარტივი აღმოჩნდა და ამასთანავე, სფერო რეალურად მაინტერესებდა, რის გამოც საბოლოოდ სწორედ ეს სპეციალობა ავირჩიე. მეან-გინეკოლოგია მოითხოვს დიდ ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსებს, მაქსიმალურ კონცენტრაციასა და პასუხისმგებლობას. პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მისწავლია, ამ საქმეში მადგება. მიუხედავად სირთულეებისა და მოულოდნელი გამოწვევებისა, ეს პროფესია დიდ შინაგან კმაყოფილებას მგვრის და მიძლიერებს განცდას, რომ სწორი გზა ავირჩიე.

როგორ უმკლავდებით თქვენს სფეროში სირთულეებს და რა არის თქვენი მთავარი მოტივაცია?
ამ პროფესიას უდიდესი სირთულეები ახლავს თან. ის მოითხოვს მაქსიმალურ კონცენტრაციას, პასუხისმგებლობას და სიფრთხილეს, რადგან თითოეულ გადაწყვეტილებას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. მიუხედავად ყველაფრისა, ეს არის საქმე, რომელიც დიდ შინაგან კმაყოფილებას მანიჭებს და კიდევ ერთხელ მიმტკიცებს, რომ სწორი გზა ავირჩიე. ამ სფეროში მუშაობისას აუცილებელია ყურადღება – მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ყველა დეტალი გათვალისწინებული იყოს და არაფერი გამოგვეპაროს. პროცესი მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, მუდმივ კონცენტრაციასა და სიღრმისეულ ცოდნას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თეორიულ საფუძვლებს, რადგან მედიცინა უწყვეტად ვითარდება და ჩვენი ცოდნაც მუდმივად უნდა ახლდებოდეს თანამედროვე მიღწევებისა და ახალი რეკომენდაციების შესაბამისად.
რას მოიცავს თქვენი პროფესიული საქმიანობა? რა ოპერაციების ჩატარება გიწევთ სამშობიაროში?
მე ვარ სამეანო სამსახურის ხელმძღვანელი კლინიკა „ჰერაში“ და ვუწევ მეთვალყურეობას ორსულებს ანტენატალურ პერიოდში, ასევე, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას მშობიარობაზე – იქნება ეს ფიზიოლოგიური მშობიარობა, თუ ოპერაციული ჩარევის საჭიროება. ვფლობ გინეკოლოგიური ქირურგიის თანამედროვე ტექნიკებს და ვატარებ ყველა საჭირო ოპერაციას, რომელიც პაციენტის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. ბუნებრივი მშობიარობის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ვაკუუმექსტრაქცია, ეპიზიოტომია ან სამშობიარო ტრავმების აღდგენა. მშობიარობის შემდეგი სისხლდენის დროს ხშირად საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა, იშვიათად – საშვილოსნოს ამოკვეთა. საკეისრო კვეთა შეიძლება ჩატარდეს დაგეგმილად სამეანო, სომატური ან სხვა ჩვენების არსებობისას, ან გადაუდებლად. ოპერაცია სრულდება როგორც კლასიკური მეთოდით, ისე თანამედროვე, ამბულატორიული („ფრანგული“) ფორმით, პაციენტის მდგომარეობისა და სურვილის მიხედვით.
რამდენად მნიშვნელოვანია პაციენტის სწორი ინფორმირება, რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზიტები?
ორსულობის მეთვალყურეობა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია რვა ვიზიტით, თუმცა პრაქტიკაში ეს რაოდენობა ყოველთვის არ არის საკმარისი. ხშირ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ვიზიტები, კვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობის დროული დანიშვნა, რაც პირდაპირ აისახება როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება გინეკოლოგიურ პაციენტებს, მათთვის რეგულარული ვიზიტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნებისმიერი პრობლემა, რომელიც დროულად გამოვლინდება, იძლევა საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა ან ჩატარდეს ოპერაციული ჩარევა სწორ დროს. რეპროდუქციული ორგანოების ჯანმრთელობა დიდწილად დამოკიდებულია სწორედ დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – სწორად ჩატარებული ჩარევის შედეგად შესაძლებელია პაციენტი სრულიად ჯანმრთელი იყოს. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, რომ ქალებმა ექიმს მიმართონ პროცესის განვითარების ადრეულ ეტაპზე. დროულად ჩატარებულმა გამოკვლევებმა და სწორმა მართვამ შესაძლოა სრულად უზრუნველყოს პაციენტის ჯანმრთელობა და თავიდან აგვაცილოს გართულებები.
რა არის თქვენი მთავარი პრინციპი პაციენტებთან კომუნიკაციისას?
ვცდილობ, პაციენტთან ყოველთვის მაქსიმალურად ყურადღებიანი ვიყო და არანაირი პირადი ამბიცია არ დავაყენო მის წინაშე. მზად ვარ, გავუწიო პაციენტს ნებისმიერი დახმარება, რაც მისი ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი – ზოგჯერ ეს შეიძლება ფორმალურად ექიმის კომპეტენციის ფარგლებსაც სცდებოდეს, მაგრამ თუ სიტუაცია ამას მოითხოვს, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღო საკუთარ თავზე. ვცდილობ, პაციენტთან მაქსიმალურად თავდადებული ვიყო, თუმცა ყოველთვის ყველაფერი იდეალურად ვერ გამოდის – ზოგჯერ შედეგი ისეთი არ არის, როგორსაც ველით. მიუხედავად ამისა, ჩვენი პროფესია გვავალდებულებს, ბოლომდე ვეცადოთ და ყველაფერი გავაკეთოთ პაციენტის კეთილდღეობისთვის. ორსულობის პერიოდში ქალი უფრო სათუთი და მგრძნობიარე ხდება, ამიტომ ექიმმა არა მხოლოდ პროფესიონალიზმი, არამედ სწორი მიდგომაც უნდა უზრუნველყოს – ისე, რომ პაციენტმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნოს, არ დაირღვეს მისი შინაგანი სივრცე და მოიპოვოს მისი ნდობა.

იყო ექიმი, ნიშნავს…
ექიმობა ნიშნავს, რომ პაციენტის მიმართ გქონდეს თბილი, ადამიანური დამოკიდებულება. ამ პროფესიაში მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი – საჭიროა მაქსიმალური პასუხისმგებლობა და პროფესიული მზადყოფნა. აუცილებელია სიტუაციის გულთან ახლოს მიტანა და თითოეული პაციენტისთვის დროის დათმობა, რადგან ნებისმიერი შემთხვევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ხშირად იქ, სადაც თითქოს პრობლემას საერთოდ არ ელოდები, პაციენტი შეიძლება სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს. სწორედ ამიტომ, ექიმი ყოველთვის მზად უნდა იყოს, როდესაც ასეთ დიდ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე. განსაკუთრებით მეან-გინეკოლოგიაში, სადაც პასუხისმგებლობა ორმაგია – ექიმი ერთდროულად პასუხისმგებელია როგორც დედის, ისე ნაყოფის ჯანმრთელობაზე. ამ სფეროში პირადი კომფორტის დათმობა ხშირად გარდაუვალია, რადგან მთავარი ღირებულება პაციენტის უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.
ტექსტი: მარიამ შულაია
ფოტო: ალექსეი სეროვი












