„თამადა“ − ლაშა ჩხაპელიას მუსიკალური პროექტია, რომელიც საქართველოსთვის თან ძალიან ძველი და თან ძალიან ახალია. უსმენ და სხვებს არ ჰგავს, თან იუმორია, თან სატირა, თან ეპატაჟურია, სავსეა უამრავი სხვადასხვა სტილის თუ ჟანრის ელემენტით. სწორედ ეს მუსიკალური მრავალფეროვნებაა ის, რაც ასე ამდიდრებს და განსხვავებულს ხდის მის შემოქმედებას.
ჩვენს ქვეყანაში მისი ლანძღვაც მოასწრეს და შეყვარებაც. ლანძღვა დიდად არ ადარდებს, მთავარია იცის, რომ მუსიკალურ ხარისხში ვერავინ შეედავება, დანარჩენი კი გემოვნების ამბავია.
ინტერვიუები არ უყვარს, საერთო მეგობრის დახმარებით დავითანხმე. საუბრის ბოლოს მითხრა, ამდენი არსად მილაპარაკიაო. იმაზე ღრმა და საინტერესო ბიჭი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა და ვიდრე ეს შორიდან ჩანს.
მითხრა, მუსიკა მუდამ იყო ჩემს ცხოვრებაში, იმ დროიდან, როდესაც მე და ჩემი ტყუპისცალი და, ბებოს, ჩაბარებული სისხლის ფასად ფორტეპიანოზე დავყავდით და კიდევ უფრო ადრე, 3 წლის ასაკში, დედასთან ერთად სალაღობო სიმღერებს ვღიღინებდიო.
ჩვენი საუბარიც ბავშვობით დავიწყეთ…
ლაშა ჩხაპელია − მუსიკოსი, 31 წლის, დევნილი აფხაზეთიდან…
ბავშვობა
დავიბადე თბილისში, ჩემს ტყუპისცალ დასთან ერთად. ვარ დევნილი აფხაზეთიდან, რადგან მამაჩემი სოხუმელია და ჩვენც იქ ვცხოვრობდით. მამა იბრძოდა სოხუმის ომში, ბიძაჩემი დაიღუპა ამ ომში და ასე მგონია, რომ ეს თაობა, მთლიანად, დროთა განმავლობაში სოხუმის ომმა შეიწირა…
ჩემს ბავშვობაზე უპირველესად მახსენდება სიბნელე და ამ სიბნელესთან ერთად უდიდესი ინტერესი სამყაროს შეცნობისა, რაშიც ბაბუაჩემი და ბებიაჩემი მეხმარებოდნენ.
დედაჩემი მუსიკოსია, ალტზე უკრავდა და მუსიკისადმი სიყვარული იყო საწყისი. შინ ყოველთვის ისმოდა სალაღობო სიმღერები, რომელსაც დედა ძალიან კარგად მღეროდა და მე 3-4 წლის ასაკში უკვე მეორე ხმას ვაძლევდი. ბებიაჩემი იყო მთავარი, რომელიც ყველაფრის ფასად ცდილობდა ჩემს მუსიკასთან სიახლოვეს, პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფრის ფასად − სისხლიც კი ჩაუბარებია, რომ ჩემი ფორტეპიანოზე სწავლის გადასახადი დაეფარა.
არ შემიძლია ბავშვობა წარმოვიდგინო ჩემის დის გარეშე, იმიტომ, რომ თან ტყუპისცალია და თან რაღაცნაირად დედასავით მყავდა, ყოველთვის ზრუნავდა ჩემზე. მე დიდი ხანი არ ვლაპარაკობდი და ჩემი და „უთარგმნიდა“ ყველას ჩემს სათქმელს. მას ყოველთვის ესმოდა ჩემი. საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი და ძალიან მშვიდი ბავშვი ვიყავი. მახსოვს, 9 საათზე გავრბოდი ხოლმე დასაძინებლად, მარტო რომ დავრჩენილიყავი და გადავშვებულიყავი იმ ჩემს წარმოსახვით სამყაროში, რომელიც ასე მიზიდავდა. რეალობა ძალიან არ მომწონდა. ამიტომ მუდამ ვცდილობდი საკუთარ წარმოსახვაში ყოფნას, სადაც ყველაფერი ისე მქონდა და იმგვარად იყო, როგორც მინდოდა.
13-14 წლის ვიყავი, როდესაც ვიყიდე პირველი გიტარა და დავწერე ჩემი პირველი სიმღერა.
14 წლიდან მუსიკალურ ომში ჩავერთე და უკან გზას ვეღარ ვხედავდი…
ამავდროულად, ვთამაშობდი სპექტაკლებს საბავშვო თეატრში და გადაწყვეტილი მქონდა, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ შემდეგ გავიცანი ჩემი უბნელი − მუსიკოსი ბაჩო ჯიქიძე, რომელიც სოხუმშიც ჩემი უბნელი იყო და თან მასთან ერთად დავიწყე სიმღერების წერა. „სოხუმის სპორტი“ დავარქვით, თან აქტიურად ვიყავით სპორტით დაკავებულები. სიყვარულის სპორტი იყო ეს, სოხუმის სპორტი იყო თუ რა იყო, არ ვიცი. ეს მსმენელს უნდა გადაეწყვიტა.
მე გაქცევების ადამიანი ვარ, ყოველ 5 წელიწადში რაღაც ახალს ვიწყებ, ან გადავდივარ სხვაგან საცხოვრებლად ან რაღაცას ვცვლი, მაგრამ ეს ყველაფერი ყოველთვის ტრიალებდა და ტრიალებს მუსიკის გარშემო.
შემდეგ ბიტლომანი გავხდი, რუსულ როკს ვუსმენდი აქტიურად, ასევე − „ლედ ზეპელინი“, „პინკ ფლოიდი“…
2014 წელს ჩემს ცხოვრებაში ელექტრონული მუსიკა გაჩნდა. როცა მივხვდი, რომ ბენდი არ მჭირდებოდა და დამოუკიდებლად შემეძლო ყველაფრის კეთება, ისიც გავაცნობიერე, რომ შემეძლო მხოლოდ ჩემზე ყოფილიყო ყველაფერი დამოკიდებული და ამით არც არაფერი დააკლდებოდა მუსიკას. პირიქით − ემატებოდა და ემატებოდა, ბევრი ექსპერიმენტი, უჩარჩოობა, თავისუფლება…
ემიგრაცია
19 წლის ვიყავი, როდესაც შინ ვიცრუე, რომ ერთი წლით მივდიოდი, თუმცა რა თქმა უნდა ვიცოდი, რომ ერთ წელიწადში არ დავბრუნდებოდი.
ილიაუნიში ფილოსოფიის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემს მეგობარ ბაჩო ჯიქიძესთან ერთად ძალიან ბევრ წიგნს ვკითხულობდი, 15 წლის ასაკში პლატონის „სახელმწიფოები“ და „ბჰაგავად გიტა“ გვქონდა უკვე წაკითხული, გვაინტერესებდა სხვადასხვა რელიგია და შემდეგ იმდენად მზად ვიყავი, მესწავლა მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტზე, რომ რაღაც ახალს არ დავეჯახე და შესაძლოა ჩემი სიზარმაცეც იყო ეს, გავაგრძელე საქმე, რაშიც უკვე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ორ წელიწადში ამ ყველაფრისგან ძალიან დავიღალე, ძალიან „შემიწოვა“ და ყველაფერი მეორეხარისხოვანი გახდა, ამიტომ 19 წლისა გავიქეცი ლატვიაში და დავიწყე PR-ის შესწავლა. იქ შევქმენი ბენდი, რომელსაც ერქვა After Sex. დავდიოდით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პოლონეთში. ვუკრავდით, კონცერტებს ვმართავდით.
ამ დროს ჩემს საერთო საცხოვრებელში ქართველი ბიჭები უსმენდნენ ელექტრონულ მუსიკას. მე ვეუბნებოდი მათ, რომ ეს ტყუილია, ეს არ არის მუსიკა, ეს არის თავიდან ბოლომდე მანქანებით დაკრული და არ მომწონდა.
მაგრამ შემდეგ მოვისმინე ნიკოლას ჯაარი, დევიდ ავგუსტი, შემდეგ კიდევ უფრო ჩავუღრმავდი და მივხვდი, რომ ძალიან მაგარია, დამოუკიდებლობაა, თავისუფლებაა. ბენდთან ერთად ყოფნა ჩემთვის ყოველთვის იყო ცოტა არაკომფორტული, იმას არ უკრავდნენ რეალურად, რაც ჩემს თავში იყო და აღმოვაჩინე, რომ აქ, ელექტრონულ მუსიკაში, თვითონ შემეძლო მეკეთებინა ის, რაც ჩემს თავში იყო, ის, რაც ზუსტად ვიცოდი, რომ მინდოდა. დავიწყე სწავლა, ძიება და ნახევარ წელიწადში კლუბებში ვუკრავდი Live Electronic Music-ს, რაც დიდი იშვიათობა გახლდათ მაშინ იმ ქვეყნებში.
პარალელურად, დავდიოდი ბარსელონაში და ვმუშაობდი ბევრს − ხან სად, ხან სად…
2015 წელს საცხოვრებლად გადავედი გერმანიაში. მიუნხენთან ახლოს არის ასეთი ქალაქი − გერმენინგი. ვმუშაობდი ტყის მჭრელად, ძალიან მძიმე და სახიფათო საქმე იყო. თებერვალში, უზომოდ დიდ თოვლში ვჭრიდი შეშას, რითაც დავაგროვე ცოტა ფული და გადავედი საცხოვრებლად ბერლინში. აქ დაიწყო ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისთვის. ლატვიაში გაცილებით მარტივი იყო ვიღაცები გაგეოცებინა, გერმანიაში კი მივხვდი, რომ ძალიან დიდი შრომაა საჭირო იმისათვის, რათა გადარჩე და თავი დაიმკვიდრო.
დავიწყე მუშაობა მიმტანად, ჭურჭლის მრეცხავად, მინის ტარასაც ვაბარებდი. თვეში ერთი ცოცხალი შესრულება თუ მექნებოდა, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი და ვქმნიდი მუსიკას, ვეძებდი. ხან რის გავლენის ქვეშ ვიყავი, ხან რის, ინსპირაციების გამოყენება არ ვიცოდი, მაშინ ეს უფრო გავლენა იყო, ვიდრე ინსპირაცია. ინსპირაცია შეგიძლია მიიღო და გააკეთო ახალი, ხოლო გავლენაა, როცა ახალს ვერ აკეთებ. ზოგჯერ გამომდიოდა ახლის შექმნა და იმ მომენტში ვიჭერდი საკუთარ ნიჭსა და შესაძლებლობებს, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის რწმენასაც, რომ მეც შემიძლია შევქმნა. ამიტომ გამოცდები ბერლინში, აუდიოდიზაინზე ჩავაბარე.
გამიზნულად არ ჩავაბარე გამოცდები კონსერვატორიაში. იქაური კონსერვატორიის სტუდენტებმა მითხრეს, რომ ეს სასწავლებელი საერთოდ მოგისპობს თავისუფლებას და გასწავლის კლასიკური მუსიკის მორჩილებასო. ამ მორჩილების ძალიან შემეშინდა და გამოცდები ჩავაბარე აუდიოდიზაინზე, რომელიც უბრალოდ ცოდნას მომცემდა, რათა საკუთარ თავში არსებული მუსიკა ფიზიკურ და ხელშესახებ პროდუქტად გარდამექმნა.
„თამადას“ დაბადება
შეიძლება ითქვას, ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი, როდესაც ბერლინში, კლუბში, ჩამოვვარდი 5 მეტრი სიმაღლიდან და მთლიანად დავიზიანე ხერხემალი. 6 თვის განმავლობაში ვიწექი, 2 კვირის განმავლობაში ვიცოდი, რომ ვერასოდეს გავივლიდი. ბერლინის კლინიკის ექიმებმა სასწაული შეძლეს და ფეხზე დამაყენეს. 6 თვეში ავდექი და ხელახლა ვისწავლე სიარული.
ეს იყო დრო, როდესაც ჩემი ცხოვრებიდან გაქრა ალკოჰოლი, სიგარეტი და ის „შეწოვილობა“, რაც ბერლინში მქონდა. იმ ჯურღმულის „შეწოვილობიდან“ გამოვედი, რაც ბერლინმა იცის. გამოვედი და დავიწყე საკუთარი ცხოვრების გადაფასება, გაცნობა. დავიწყე „ნაჭუჭების დამსხვრევა“. იქაც არის ეს „ნაჭუჭები“, როდესაც ხარ საკუთარ კომფორტულ ზონაში. დავიწყე იმის გაანალიზება, რომ უნდა გავაკეთო რაღაც ისეთი, რაც მართლა ჩემი გულიდან და ჩემი წარსულიდან გამომდინარეობს, რაც მართლა მომწონს, რაც მართლა მიყვარს.
როდესაც პირველად რამდენიმე ტრეკი გავაკეთე, სამი დღე არ მეძინა. სამის დღის უძილობის შემდეგ რომ შევხედე, რა შევქმენი, დავინახე, რომ გამოვიდა ძალიან მაგარი თრეშ-პროექტი და ვიფიქრე, ცოტა ბორატის სტილში შევქმნიდი პერსონაჟს, რომლითაც ცოტაოდენს ვიმაიმუნებდი, ვიღაცებს ცოტათი ნერვებს მოვუშლიდი, ვიღაცებს კი შესაძლოა მართლა მოსწონებოდათ.
მინდოდა, ამ ჩემი ალტერ-ეგოსთვის, რომელსაც შემდეგ უკვე „თამადა“ დავარქვი, მიმეცა სიცოცხლე და გამეშვა სცენაზე, სადაც ის შეძლებდა დაეხარჯა ყველა უარყოფითი ემოცია.
„თამადა“ (ახლა ვუწოდებ „თამადას“, მაშინ ჯერ არ ერქვა „თამადა“) რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მიშლიდა ხელს. პირად და პროფესიულ ურთიერთობებში მიშლიდა ხელს. ეს იყო ის ოღრაში მხეცი, რომელიც ჭამდა და ანგრევდა ირგვლივ ყველაფერს, იმიტომ, რომ ფორმა არ ჰქონდა და აი, ეს მხეცი დავაოკე, დავარქვი სახელი, ჩავაცვი, ფორმა მივეცი, მუსიკა ვაჩუქე, სცენაზე გავუშვი, ვათქმევინე, რის თქმაც უნდოდა. ჩემი ტექსტები მუდამ ამ მხეცის მოთვინიერებაა, ხალხი არ აქცევს ჩემს ტექსტებს ყურადღებას, რომელიც მუდამ არის საკუთარი თავის ძიებაზე, საკუთარი თავის შეყვარებაზე.
ლაშა ჩაპელით ვუკრავ კატერბლაუზე ბერლინში. დაახლოებით 900 ადამიანი იქნებოდა ჩემ წინ. ინგლისურად ვმღერი, ვუკრავ, კარგი ბიტები ისმის, ხალხი ირწევა, ცეკვავს, სვამენ, სიამოვნებთ და უცებ იქვე გადავწყვიტე, რომ მოდი შევურევ იმ „თამადებს“, რაც მაქვს გაკეთებული… დაკვრა დავიწყე თუ არა, იქაურობა 180 გრადუსით შეიცვალა: ადამიანებმა გაშიშვლება დაიწყეს, დაიწყო ნამდვილი გართობა, რაღაც ზებუნებრივი ძალის მომსწრე გავხდი… სასწაული იყო ის ენერგია, რომელიც იქ მივიღე და რომელ ენერგიასაც გავცემდი. ჩემმა მეგობრებმა, ვინც იქ იყვნენ, მითხრეს, რომ ესაა ის, რასაც შენგან მუდამ ველოდითო. მათ ყოველთვის ძალიან მოსწონდათ, როდესაც მე ქართულად, გიტარით ვმღეროდი, იმიტომ, რომ გულითა და სულით ვაკეთებდი ამას; იმიტომ, რომ არ ვიყავი ვიღაცის ნაჭუჭში. საკუთარ ნაჭუჭში ვიყავი. ყველამ მკითხა, რატომ უყურებ ამას თრეშად, რატომ გინდა ამისგან გააკეთო ის, რაც ღირებული არ არის, რატომ არ აღიქვამ სერიოზულადო? და მაშინ მეც მივხვდი, რომ შეიძლება ეს ყველაფერი მივაწოდო ხალხს, ოღონდ − მაღალ ხარისხში.
ძალიან მეშინოდა ქართველი მსმენელის. ვფიქრობდი, რომ აუცილებლად გოიმობას დაარქმევდნენ, ფანოღი გააელექტრონულა და ა.შ. კომენტარები წამოვიდოდა, მაგრამ აი, იმ ერთმა კონცერტმა ცხადად დამანახა, რომ ამის კეთება ღირს და ეს უნდა ვაკეთო, იმიტომ, რომ მე ვარ ეს…
დაბრუნება
ჩამოვედი საქართველოში 2 კვირით, მაქვს დაახლოებით 15-20 ტრეკი და მინდა ხალხს გავაგებინო, მოვასმენინო. მიხარია, რომ რაღაც ახალი გავაკეთე, ანთებული ვარ… ამ დროს დაიწყო პანდემია და 2 კვირით ჩამოსული დავრჩი და დავრჩი.
ნელ-ნელა გაქრა ლაშა ჩაპელი და დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო მეტი შთაგონება მოვიდა, რაც აისახა კიდეც ჩემს მუსიკაში.
პროექტის სახელზე ძალიან ბევრს ვფიქრობდი. როდესაც სახელ „თამადამდე“ მივედით, მივხვდი, რომ ამ სახელში იყო პოპულიზმიც, ეპატაჟიც, ირონიაც. მიზანი ზუსტად ეს გახლდათ, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცია. თან იდეალური სახელი იყო იმ ჩემი მეორე − ოღრაში „მე“-სთვის. მუსიკასაც უხდება, ვიზუალსაც და მეც, როგორც ტიპს, სახელი „თამადა“ ვფიქრობ, მიხდება.
შემდეგ იყო ხალათის იდეა, რომელიც ჩემს ძალიან ახლო მეგობარს, მიხო ნერგაძეს ეკუთვნის და პირველი ჩემი ალბომის ყდის არტ-ხელმძღვანელიც ისაა.
თავიდან „თამადა“ ძალიან ძალიან ახლო წრემ გაიცნო და თითქოს ყველას მოეწონა, მაგრამ როდესაც გასცდა ამ ვიწრო წრეს, წამოვიდა კრიტიკა, უფრო მეტად ლანძღვა. კრიტიკა პირიქით, მომწონს.
არ შემშინებია − მე ხომ ვიცოდი, რა მომქონდა. მე მიყვარს ასეთი შემოქმედება, რომელიც ან ძალიან მაგრად მოგწონს, ან საშინლად არ მოგწონს.
მე რომ ეს 2014 წელს გამეკეთებინა − მაშინ, როდესაც ელექტრონული მუსიკა იკიდებდა აქ ფეხს, ყველაზე დიდ გოიმად ჩამთვლიდნენ, არც მომისმენდნენ, იმიტომ, რომ ჯერ ელექტრონულ მუსიკაზე არ იყო ყური შეჩვეული. ახლა ვფიქრობ, უფრო მზად იყო საზოგადოება ამისთვის. მე იმდენად დარწმუნებული ვარ ამ პროექტში, რომ ლანძღვა საერთოდ აღარ მოქმედებს ჩემზე, მით უმეტეს − უსაფუძვლო ლანძღვა.
„პირამდე“-ს ვიდეო რომ გამოვიდა, უცებ ავარდა მილიონ ნახვამდე, უცებ გავიღვიძე ყველაზე ცნობილმა და ძალიან კარგად მიდიოდა ეს ვიდეო, ვიდრე „შიში“ გამოვიდოდა DOP-თან ერთად, რომელმაც საერთოდ ყველაფერი გადაფარა.
DOP ჩემი საოცნებო ბენდი იყო, მათ Live-ებს ვესწრებოდი, მათი მაისური მეცვა და უცებ ესენი თვითონ გთავაზობენ… თავიდან არ მჯეროდა, თუ ეს მართლა ხდებოდა ჩემს თავს. და უცებ ესეც ძალიან აიტაცეს, ყველგან ისმოდა, ყველამ დაიწყო მოსმენა, ყველა მღეროდა.
„თამადას“ მომავალი გეგმები
2022 წელს ბევრი გასვლითი კონცერტი მქონდა საზღვარგარეთ. დავუკარი ბერლინში, დავუკარი ფესტივალ FUSION-ზე, სადაც ოცი ათასზე მეტი ადამიანის წინ ვიდექი და ვუკრავდი ქართულ „გოიმობას“…
შემდეგ იყო ბალკანეთის ტური 5 ქვეყანაში და 5 კონცერტი. იყო იტალია. პირველი ქართველი ვარ, რომელმაც მაკედონიაში, ტაილანდში დაუკრა, და დიახ, ვფიქრობ, რომ ეს არის ჩემი მხრიდან ქართული კულტურის პოპულარიზაცია − მე ხომ ქართველი არტისტი ვარ!
მომავალი წელი თითქმის მთლიანად გაწერილია. ახლა მაქვს ერთი ალბომი და რამდენიმე სინგლი, გეგმაშია კიდევ ერთი ალბომის ჩაწერა.
თან „თამადაში“ ცოტათი დავიღალე ამ ორიენტალური მუსიკით. უკვე სამი წელია ამას ვუკრავ და ცოტა პაუზა მინდა ავიღო − ვუკლებ მელიზმებს და მიკროტონებს.
ასევე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს და მუდამ ვფიქრობ ამაზე, რომ აუცილებელია თბილისიდან გასვლა. ვცდილობ ხშირად წავიდე და რეგიონებში ჩავატარო კონცერტები, ბავშვებისთვის დავუკრა. არ შეიძლება ყველაფერი თბილისში და თბილისელებისთვის კეთდებოდეს.
საკლუბო და მუსიკალური ცხოვრება საქართველოში
ბერლინში ცხოვრების პერიოდში იმდენ კლუბში ვიყავი, იმდენ დიჯეის მოვუსმინე და ისეთი ინტენსივობით დავდიოდი, რომ აქ უკვე იშვიათად დავდივარ კლუბებში.
მყავს საყვარელი ქართველი არტისტები. როდესაც შევიტყობ, რომ სადმე რომელიღაც მათგანი უკრავს, ვცდილობ მეც იქ ვიყო, იმიტომ, რომ ვიცი − ახალ წიგნს წამაკითხებენ, ახალ ისტორიას დამანახებენ.
მიყვარს გიო შენგელია. არასოდეს ყოფილა მომენტი, გიოს ჩემთვის ეღალატა. ბევრი კარგი დიჯეი გვყავს, რომელიც ძალიან მომწონს. ზურკინი მომწონს, კობერტი მომწონს ძალიან თავისი ექსპერიმენტებით.
ასევე, ძალიან მახარებს, რომ კვლავ გაჩნდა ცოცხალი მუსიკისადმი მოთხოვნილება. გარკვეული პერიოდი ყველა კლუბში წავიდა, ახლა ხალხით სავსე კონცერტები გვაქვს.
ახალ თაობას ძალიან მოსწონს რეპი, კაიკატამ მოიტანა ეგ ყველაფერი საქართველოში და მსოფლიოშიც ასე მოხდა, რომ რეპი დაბრუნდა. სიტყვა დაბრუნდა, მე ძალიან მიყვარს სიტყვა…
ელექტრონული მუსიკა და „თამადა“ სრულიად სხვადასხვა რამეა. მადლობა იმისათვის, რომ მაჩუქეთ ეს ბიტები, ვიყენებ ამას ჩემს მუსიკაში, მაგრამ ნუ აურევთ. იქ ცხოვრების წესიც კი სულ სხვაა, მაგალითად, მე მიყვარს სუფრაზე, ბიჭებთან ერთად, კვირას, ნაბახუსევზე „გამოსვლა“, ამ დროს გიტარაზე დაკვრა და სიმღერა. „თამადას“ მაგიტომაც დავარქვი „დიფ დუქანი“ − არ არის საჭირო ყველაფერს კლუბის მხრიდან უყურო.
კიდევ გავიმეორებ: მე მიყვარს სიტყვა. სიტყვა შესაძლოა მოგცეს მხოლოდ მუსიკამაც, სათქმელი გითხრას მუსიკით.
ჩემს სათქმელს ვამბობ საკუთარ ტექსტებში. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ…
დარჩენა
საქართველოში ვეწყობი ნელ-ნელა, ვაპირებ ხშირად სიარულს სხვა ქვეყნებში და აქ ცხოვრებას, აქ ბრძოლას, აქ რაღაცის შეცვლას, ჩემი მუსიკის აქ შექმნას.
ბანალური ვიქნები, და მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ რაც მადარდებდა ყოველთვის, ისევ ის მადარდებს და ესაა ღვარძლი, შური, რომელიც ვერ მოიშორა ქართველმა ადამიანმა ქართველის მიმართ; სხვისი წარმატების არგაზიარება, არმიღება, არაფრად ჩაგდება, არაპრინციპულობა. ყოველთვის ეს მაწუხებს. ერთმანეთის გაუტანლობა მაწუხებს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თაობა ასეთი არ იქნება. თაობა, რომელსაც არ მოუწია 1990-იანებში ცხოვრება და არც 1990-იანებში გაზრდილი ხალხის შვილობა.
ამაოების განცდა მაქვს ხოლმე, როდესაც ისე ეცემა ადამიანი, რომ ვიღაცას ვერ იტანს.
არასოდეს მიფიქრია, რომ ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ვიცი, რომ ძალებს, რომლებიც ამას გვაფიქრებინებენ, ჩვენ მოვუვლით და ვაჯობებთ.
ყველამ საკუთარი მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს.
ვოცნებობ და ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი მუსიკა, ჩემი არსებობა, დაეხმარება რამდენიმე ადამიანს მაინც, რათა დაიწყონ საკუთარ თავზე ფიქრი, საკუთარი თავის ძიება და საკუთარი თავის გაანალიზება.
ამ ძიებას აუცილებლად მოჰყვება წარმატება. გარანტირებულია ეს წარმატება. წარმატების გაგება რა არის? მართლა მხოლოდ სავსე ჯიბეზე ხომ არაა დამოკიდებული წარმატება? მაშინ ვაჟა-ფშაველა არ და ფიროსმანი არ ყოფილან წარმატებული. საკუთარი თავის ძიება უკვე წარმატებაა, საკუთარ თავზე რაღაცების გაგება უკვე წარმატებაა. თავისუფლებაც საკუთარი თავის სიყვარულია. ის, ვინც თავისუფლებას ებრძვის, საკუთარი თავი არ უყვარს.
როდესაც არ ჭორაობ, როდესაც სხვას არ განიკითხავ, ესაა თავისუფლება. ეძიე ღმერთი საკუთარ თავში და საკუთარ გულში…
ამაზე ვმღერი მე ყოველთვის…
ტექსტი: სალომე სიხარულიძე
ფოტო: მაკა მეგრელიძე