მას პლანეტის ულამაზეს ქალსა და „სვინგის ეპოქის სახეს“ უწოდებდნენ. მთელი მსოფლიოს გოგონები ცდილობდნენ მას დამსგავსებოდნენ. მას პატიობდნენ ეტიკეტის თავხედურ დარღვევას, ხოლო სამოსის სტილსა თუ თარგში შეცდომებს ახალ მოდად აღიქვამდნენ. სწორედ მან შემოიტანა 60-იანი წლების სამყაროში ახალი ინგლისური სტილი The London Look, რომელსაც ახალგაზრდობა აჰყვა, თუმცა, ერთ დღეს სუპერვარსკვლავმა მოულოდნელად მიატოვა პოდიუმი და პროვინციაში მშვიდი ცხოვრება არჩია.

პოდიუმის მომავალი ვარსკვლავი და 60-იანების ყველაზე პოპულარული მოდელი, ჯინ შრიმპტონი, ინგლისში, მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიბადა. ჩვიდმეტი წლის ასაკში ჯინი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და კოლეჯში ჩააბარა. გოგონა იმედოვნებდა, რომ მდივნის პროფესიას დაეუფლებოდა და დედაქალაქში სამუშაოს იპოვიდა. ერთხელ, სწავლის პერიოდში, ჯინმა ფილმის კასტინგზე ძალები მოსინჯა. როლზე უარი უთხრეს, თუმცა რეჟისორმა ურჩია, რომ ბედი სამოდელო სფეროში ეცადა.
ჯინმა რჩევა გაითვალისწინა და სარეკლამო გადაღებების კასტინგებზე სიარული დაიწყო. მალე გოგონა სიმინდის ბურბუშელას რეკლამაში მიიწვიეს, სადაც ფოტოგრაფი დევიდ ბეილი გაიცნო. ეს შეხვედრა ორივესთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და წარმატება და აღიარება მოუტანა.

ჯინ შრიმპტონსა და დევიდ ბეილის შორის შემოქმედებითი კავშირის გარდა, რომანტიკული ურთიერთობა განვითარდა, მიუხედავად იმისა, რომ დევიდი დაქორწინებული იყო და შვილს ელოდებოდა.
დევიდმა, რომელიც ფოტოგრაფიაში გზას იკვალავდა, თავისი მოდელი იპოვა, ჯინმა კი იპოვა ფოტოგრაფი, რომელიც მას სხვებზე უკეთ გრძნობდა და შეეძლო მისი განუმეორებელი მშვენიერება და ბუნებრივი პოტენციალი ფირზე გადმოეტანა.

ისინი ერთმანეთს შთააგონებდნენ. ჯინის ფოტოები მოდური ჟურნალების გარეკანებზე სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა. ერთი წლის შემდეგ მათმა დუეტმა სტერეოტიპების მსხვრევა დაიწყო და სტუდიური გადაღებების ნაცვლად, ქუჩის ფოტოსესიების მოდა დაამკვიდრა. ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებულმა ფოტოების სერიამ ბრიტანულ Vogue-ში უდიდეს წარმატებას მიაღწია.
როგორ დაამკვიდრა ჯინმა მინი–კაბების მოდა
ჯინის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდებოდა. მას საუკეთესო ფოტოგრაფები და დიზაინერები ეპატიჟებოდნენ. როდესაც ჯინი კოსმეტიკის ნაწარმს ან კაბას უწევდა რეკლამას, მაყურებელი სტუდიაში განუწყვეტლივ რეკავდა და კითხულობდა, სად შეიძლებოდა პროდუქციის შეძენა.
ერთი კურიოზული შემთხვევის წყალობით, ჯინი მინი-კაბების მოდის კანონმდებელი გახდა. მკერავმა, რომელიც მოდელის ავსტრალიური ვოიაჟისთვის სამოსს კერავდა, თეთრი კაბის ქსოვილის რაოდენობა არასწორად გათვალა და კაბა იმაზე მოკლე გამოვიდა, ვიდრე გეგმავდნენ – ის მუხლებს ზემოთ მთავრდებოდა.

ჯინს მკერავის „შეცდომა“ ისე მოეწონა, რომ მელბურნის იპოდრომზე სწორედ ამ კაბით გამოცხადდა. უფრო მეტიც, სიცხის გამო მან წინდებზე, ხელთათმანებსა და ქუდზე უარი თქვა, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი თავხედობა იყო.
მოსალოდნელი სკანდალის ნაცვლად, სასწაული მოხდა – ადგილობრივმა ქალბატონებმა მინი-კაბის მოდა აიტაცეს, რითიც მამაკაცთა საზოგადება გააბედნიერეს.

სამოდელო კარიერის დასასრული
60-იანების ბოლოს ჯინმა მოდის სამყარო საბოლოოდ დაიპყრო და ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი გახდა. იდეალური ნაკვთების მქონე ულამაზეს მოდელს გრძელი ფეხების გამო მეტსახელად „კრევეტი“ (The Shrimp) შეარქვეს.
ოცდაათი წლის ასაკში, პოპულარობის მწვერვალზე მყოფმა ჯინ შრიმპტონმა სამოდელო ბიზნესი მოულოდნელად დატოვა და თაყვანისმცემლებისა და დიზაინერების თვალთახედვიდან გაქრა. როგორც მოგვიანებით აღიარა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მათ შორის, რაც კი ოდესმე მიუღია.

სამოდელო სფეროდან წასვლის შემდეგ, ჯინი ცდილობდა პირადი ცხოვრება საიდუმლოდ შეენახა და საზოგადოების ყურადღება აერიდებინა, თუმცა ამას ყოველთვის ვერ ახერხებდა – ხალხის ინტერესი მის მიმართ მეტისმეტად დიდი იყო.
ცნობილია, რომ მალე ჯინი ფოტოგრაფ მაიკლ კოქსზე დაქორწინდა და იმავე წელს ვაჟი, თადეუსი შეეძინა. ერთი წლის შემდეგ წყვილმა კორნუოლის საგრაფოში სასტუმრო „Abbey“ იყიდა და ამ წყნარ, მხარეში დასახლდა. ცოლ-ქმარი დღემდე იქ ცხოვრობს, სასტუმროს კი მათი შვილი მართავს.

ერთადერთ ინტერვიუში, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჯინმა მისცა, მან აღნიშნა, რომ შოუბიზნესიდან ამ სფეროში დაგროვილი ნეგატივის გამო წავიდა. აღნიშნა, რომ საჯაროობა არასოდეს ჰყვარებია და ყოველთვის მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობდა.

ის ძველ ფოტოებს არ ინახავს, რადგან წარსულში დაბრუნება არ სურს, თუმცა ყველასთვის ისევ მსოფლიოს ერთ-ერთ პირველ სუპერმოდელად რჩება, რომლის სილამაზე მნახველს დღემდე აღაფრთოვანებს.
ასევე დაგაინტერესებთ
#OK! როგორ დაიწყო მუსიკალური კლიპით 90-იანების სუპერმოდელების ეპოქა












