გელა ჩარკვიანი 2021 წლის 9 ნოემბერს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. OK!-ის არქივიდან გთავაზობთ ამ გენიალურ ადამიანთან მარიამ გაბედავას მიერ ჩაწერილ ინტერვიუს.
სიყვარულზე ბევრჯერ დამიწერია და იმაზეც, რომ ამის შესახებ ბევრს წერდნენ და დაწერენ მომავალშიც… მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის არის, როცა ადამიანები წლების შემდეგ თავიანთ სიყვარულზე ისეთივე აღტაცებით საუბრობენ, როგორც მაშინ, პირველად რომ შეუყვარდათ. საკუთარი თავი თვალებში ჩამდგარ ცრემლებშიც კი გამოვიჭირე, იმდენად ამაღელვებლად საუბრობდა ბატონი გელა ჩარკვიანი თავის მეუღლეზე, რომელიც დღესაც ისევე უყვარს, როგორც მაშინ… და ჩემდა უნებურად გამახსენდა ირაკლი ჩარკვიანის ფრაზა: „შენ იცი სიყვარული, აზრი აღარ აქვს წლებს…“ და მართლაც, წლები არაფერს ამბობს, მთავარია ის ანთებული თვალები, ყოველთვის გამხელს, როცა ისევ შეყვარებული ხარ… კანდიდ ჩარკვიანის შვილობიდან ირაკლი ჩარკვიანის მამობამდე უამრავი საინტერესო წელია, რომელზეც ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში ბატონი გელა თავად გვიამბობს.
ბატონო გელა, მოგვიყევით, რას აკეთებთ დღეს?
ბოლო დროს „სურვილების დეფიციტს“ განვიცდი. ეს ასაკთან ერთად მოდის. ახალგაზრდობაში ყოველი დღე და ყველანაირი პერსპექტივა გახარებს, ასაკში კი ეს სურვილები ნელ-ნელა მცირდება. შესაბამისად, უნდა ვაღიარო − ასაკმა თავისი მოიტანა, იმის მიუხედავად, რომ 68 წლის ასაკში ვმუშაობდი დიდ ბრიტანეთში ელჩად. 72 წლის ვიყავი, როცა საქართველოში ჩამოვედი და ბოლო 6-7 წლის განმავლობაში გამოიცა ჩემი 6 წიგნი. თუმცა ეს მაინც საკუთარი პირადი ტრაგედიით იყო გამოწვეული − რეალობისგან გაქცევა მსურდა და თავშესაფარს წიგნებში ვპოულობდი. ახლა ვწერ წიგნს და ალბათ მალე დავამთავრებ.
როგორი იყო გზა ელჩობამდე?
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ვიყავი შევარდნაძის მრჩეველი საგარეო საქმეთა ურთიერთობებში. მან მიბოძა ელჩის სტატუსი და მახსოვს, წერილიც მომწერა, რომ ეს იგივე რანგია, რაც ჯარში მარშალი. მართლაც ასეა − ელჩობა მხოლოდ თანამდებობა არ არის. ეს რანგია − ატაშედან დაწყებული ელჩამდე, როგორც სამხედრო სამსახურში მარშლობამდე. ელჩის თანამდებობა უკვე მიხეილ სააკაშვილმა მომცა, როდესაც საქართველოს ელჩად გამგზავნა დიდ ბრიტანეთში.
როგორც ელჩი, რას ფიქრობთ, რა არის საქართველოს მთავარი კოზირი?
საქართველოს ბევრი აქვს საამაყო თავისი ისტორიით, კულტურით. ის არის ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო, მაგრამ თქვენ თუ მეკითხებით, დღეს რითი შეგვიძლია ვიამაყოთ, გეტყვით, რომ თავისუფალი საზოგადოებით. საქართველო რეგიონში თითქმის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს თავისუფალი საზოგადოება და ეს ახლა არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 1996 წელს, ყველაზე დუხჭირ დროში, თავისუფლების საკითხებში ჩვენი ქვეყანა უკვე იყო მოწინავე და უწოდებდნენ კიდეც რეგიონულ ეტალონს და შემდეგაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მე არ ვუყურებ ქვეყანას პოლიტიკური პარტიების ჭრილში − ჩემთვის საქართველო არის საქართველო − თითქმის მთელი 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდით და აქ მნიშვნელობა აქვს ერთს − რომ საქართველო იყოს თავისუფალი.
და რას ნიშნავს თავისუფალი საზოგადოება?
საზოგადოებას, სადაც მოქალაქე მინიმალურადაა შეზღუდული სახელმწიფოს მიერ. აი, აიღეთ საბჭოთა კავშირი, სადაც ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნები შეზღუდული იყო − წიგნის გამოცემიდან დაწყებული, დისკების გამოცემით თუ მოგზაურობით დამთავრებული. ცენზურა მოქმედებდა ყველაფერზე. საბჭოთა კავშირში თითქმის არ არსებობდა ცხოვრების ასპექტი, რაშიც არ ყოფილა შეზღუდვა. ეს გახლდათ ერთპარტიული ტოტალიტარულ-ავტოკრატიული სისტემა, სადაც თავისუფლების ნატამალს ვერ იპოვიდით. თავისუფალი საზოგადოება უპირველესად ისეთი საზოგადოებაა, სადაც შეზღუდვები მინიმალურია.
როგორ მოახერხა საბჭოთა საზოგადოებამ გათავისუფლება, მსოფლმხედველობის თვალსაზრისით?
შევარდნაძემ მოახერხა დეიდეოლოგიზაცია როგორც ხელოვნების დარგებში, ისე ფილოსოფიასა და მეცნიერებაში. ეს თითქოს თავისთავად მოხდა. გასული საუკუნის 70-იანი წლები უკვე სხვანაირია. ყველაფერი საუკეთესო თითქმის ამ წლებში შეიქმნა − ოთარ ჭილაძის ნაწარმოებები, ჭაბუა ამირეჯიბის რომანები, ოთარ იოსელიანის ფილმები, რობერტ სტურუას სპექტაკლები.
გაიხსენებთ თქვენს ურთიერთობას შევარდნაძესთან?
ჩვენ ორივეს გვაერთიანებდა სურვილი იმისა, რომ მომხდარიყო საქართველოს ტრანსფორმაცია − საბჭოთა სისტემიდან ლიბერალურ დემოკრატიულ სისტემაზე. დასავლეთთან გვქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა და ჯერ კიდევ 2002 წლის 22 ნოემბერს, პრაღის NATO-ს სამიტზე განაცხადა შევარდნაძემ, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო NATO-ს წევრი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ პირველი: საქართველოს ეცხოვრა იმ ღირებულებებით, რითაც ცხოვრობდა და ცხოვრობს დასავლეთი; მეორე: მომხდარიყო საქართველოს ინტეგრაცია ევროპაში და ჩვენი ქვეყანა გამხდარიყო NATO-სა და ევროკავშირის წევრი. ბუნებრივია, ეს ერთიანად არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა, მაგრამ პროცესი შევარდნაძემ დაიწყო.
ბატონო გელა, თქვენი ბავშვობა არ ყოფილა ჩვეულებრივი, რადგან მამათქვენი ქვეყნის პირველი პირი იყო. როგორ გაიხსენებდით ამ პერიოდს?
დავიბადე საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირის ოჯახში და ბუნებრივია, ბავშვობა ჩვეულებრივი არ იქნებოდა. მაგრამ იყო პრივილეგირებული, ეს ნიშნავს კარგსაც და ცუდსაც. შენ გაქვს ძალიან კარგი პირობები და წვდომა ისეთ რაღაცებზე, რაც სხვა ბავშვებს არ აქვთ − აქ ყოველთვის მახსენდება ხოლმე მაგნიტოფონის ორი დიდი ყუთი, სადაც ჩვენი ხმა ჩავწერეთ და გაოგნებულები ვიყავით ამ ამბით. თუმცა, მეორე მხრივ, პრივილეგირებულობა ზღუდავდა თავისუფლებასაც − შენ ვერ ცხოვრობდი ისე, როგორც ყველა დანარჩენი ბავშვი. მახსოვს, ბავშვობაში ერთმანეთს ვიწვევდით ხოლმე ჩხუბში და ვაჟკაცურად, ერთი-ერთზე ჩხუბით ვარკვევდით საქმეს. დუელის მსგავსი რამ იყო, რასაც „დარტყმას“ ვეძახდით. პირველ გიმნაზიაში ვსწავლობდი და მის ეზოში უნდა გამართულიყო ე.წ. დუელი − მუშტი-კრივში… თუმცა არ შედგა − აღმოჩნდა, რომ ჩემმა დაცვამ (და მე სულ არ ვიცოდი ამის შესახებ) ამაცილა თავიდან ეს. არადა, ხომ იყო ჩემი უფლება, რომ მეც სხვა ბავშვებივით მეკეთებინა ის, რაც მინდოდა. ამგვარად, პრივილეგირებულ ოჯახში აღზრდას თავისი დადებითიც აქვს და უარყოფითიც. თუმცა, დედაჩემს ამ საკითხთან დაკავშირებით ყოველთვის მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდა − არ უნდოდა, რომ ვინმესგან რამით ვყოფილიყავით გამორჩეულები და მუდამ მეუბნებოდა, რომ ეს არის უბრალო შემთხვევითობა, რომელიც ერთ დღეს შესაძლოა დასრულებულიყო და მართლაც დასრულდა.
მამა − კანდიდ ჩარკვიანი…
მამაჩემი ორთოდოქსი მარქსისტი იყო, მაგრამ რასაკვირველია, იცოდა სხვა ფილოსოფიაც. სინამდვილეში რას ფიქრობდა, ეს არავინ იცის. თუმცა, სიცოცხლის ბოლომდე ორთოდოქს მარქსისტად დარჩა − ამერიკიდან რომ ჩამოვედი, შევეცადე ლიბერალური დემოკრატიისკენ გადმომეყვანა, მაგრამ არ გამოვიდა. ეს, ალბათ, კარგიც არის − ბოლომდე უნდა იყო შენი მსოფლხედვის მიმდევარი. პოლიტიკა − ეს მოდუსია, მაგრამ იდეოლოგია უფრო ატრიბუტია. ამიტომ, იშვიათია, ლიბერალი იყოს ყოფილი ლიბერალი და მერე გახდეს კონსერვატორი, ანდა პირიქით. მამას რომ დავუბრუნდე, ის საოცრად განათლებული ადამიანი იყო. სტალინი მასში ახალ ინტელიგენციას ხედავდა და ალბათ ამიტომაც დასვა ქვეყნის პირველ პირად 31 წლის ასაკში. სტალინს ღამით არ ეძინა, შესაბამისად, მთელი საბჭოთა კავშირი ღამით მუშაობდა. მამა შინ დაახლოებით დილის 5 საათზე ბრუნდებოდა და 11-ზე ისევ სამსახურში იყო. ჩვენთვის მხოლოდ კვირადღე ჰქონდა. ხშირად მივყავდით ქალაქგარეთ − უნდა გვცოდნოდა ყველა ფრინველის, ცხოველის, მცენარის თუ ხილის სახელი. ყველაფერზე გვესაუბრებოდა.
რატომ არქიტექტურა?..
ვხატავდი… ახლაც ვხატავ. როდესაც ლონდონში ვცხოვრობდი და ჩემი შვილიშვილი პატარა იყო, ზღაპრის პერსონაჟებს ვუხატავდი. ალბათ, ხატვის ნიჭის გამო უნდოდა მამას, რომ გამოცდები არქიტექტურაზე ჩამებარებინა და ამიტომაც ჩავაბარე. სინამდვილეში, მე უფრო უცხო ენები მაინტერესებდა. არა ისე, როგორც უცხო ენის ცოდნა, არამედ ეს მომცემდა ზოგად ცოდნაზე გასვლის საშუალებას. ამიტომაც სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძე.
ხელოვნებას დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში. მუსიკის სიყვარულიც ოჯახთანაა დაკავშირებული?
ბავშვობაში მუსიკას მასწავლიდნენ. ისეთი კარგი მასწავლებელი მყავდა, რომ მან შემაყვარა აკადემიური მუსიკა. მე-5-მე-6 კლასში ბალანჩივაძის მესამე საფორტეპიანო კონცერტი სიმებიან ორკესტრთან ერთად დავუკარი. მოსკოვში რომ გადავედი საცხოვრებლად, იქაც განვაგრძე, მაგრამ მასწავლებელი არ მომეწონა და თავი გავანებე. შემდეგ, ნელ-ნელა, ჩემს ცხოვრებაში ჯაზის სიყვარულიც შემოიჭრა. თავიდან საბჭოთა კავშირმა მიიღო ეს მუსიკა, რადგან მიიჩნეოდა, რომ შავკანიანების − დაჩაგრული ხალხის მუსიკა იყო. როდესაც აღმოაჩინეს, რომ ეს ასე არ არის, ჯაზი აიკრძალა. მე რომ დავიწყე დაკვრა, რასაკვირველია პრეტენზია სერიოზულ მუსიკაზე არ მქონია, თუმცა მუსიკა უფრო მეტად მიყვარდა, ვიდრე სწავლა. სკოლაშიც ერთადერთი ვიყავი, ვინც უკრავდა.
რა არის ჯაზი თქვენთვის?
თავისუფალი ხალხის მუსიკაა. დღეს უკვე ჯაზი იმდენად სერიოზულია, რომ ბევრი მოყვარული აღარ ჰყავს − ისევე, როგორც აკადემიურ მუსიკას, რადგან რაც მეტად სერიოზულია მუსიკა, უფრო ნაკლებ ადამიანს ესმის.
თქვენს შვილს მუსიკა თქვენ შეაყვარეთ?
არის რაღაცები, რაც ისწავლება, მაგრამ მუსიკა ისეთი რამაა, რომ თუკი ნიჭი და სმენა არ გაქვს, არაფერი გამოგივა. რასაკვირველია, ირაკლის მუსიკის დიდი ნიჭი ჰქონდა, რადგან მხოლოდ ჩემი სწავლებით არაფერი გამოვიდოდა.
და სიყვარული რა არის?
სიყვარულს ნიჭი უნდა. ეს არის მარადიული ლტოლვა ერთი ადამიანის მიმართ ყველა ასპექტში. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ბევრჯერ შეგიყვარდეს, რადგან ჩემი სიყვარულის ერთადერთი ობიექტი ნანა იყო. მის გარდა, არასოდეს არავინ მყვარებია. არსებობს მარადიული სიყვარულის მთელი მენიუ: თანაცხოვრებაში ყველა ეტაპი უნდა გაიარო − ეროტიკიდან დაწყებული, ეჭვიანობით დამთავრებული. გარდა ამისა, აუცილებელია სიყვარულის ობიექტში ყოველთვის იყოს რაღაც ამოუცნობი, მიუწვდომელი. ნანა ნამდვილი სფინქსი იყო. მას შეეძლო მთელი სამი საათი ყოფილიყო ჩუმად და დღემდე მეფიქრება, რაზე ფიქრობდა მაშინ…
გწამთ ერთი ნახვით შეყვარების?
თითქმის ყველა ენაშია ფრაზა ერთი ნახვით შეყვარების შესახებ. მჯერა, პირველი მუხტი ნამდვილად არის ერთი ნახვით შეყვარებასთან კავშირში. პირველად ნანა რომ დავინახე, მისმა პროფილმა მაშინვე მაგრძნობინა, რომ ამ ქალს ვერ გადავურჩებოდი.
ირაკლი…
6-7 წლის ასაკში შევატყე, რომ სმენა ჰქონდა, თუმცა პატარა ირაკლის რომ ვხედავდით, როგორც ბავშვს, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ის ამხელა წვლილს შეიტანდა ქართულ კულტურაში. შემდეგ ვიგრძენი, რომ შემოქმედებითი ადამიანია. ეს მაშინვე იგრძნობა ენაში − როდესაც ადამიანი კლიშეებით არ საუბრობს. ამიტომ დავიწყე მისი მეცადინეობა და შევქმენი სავარჯიშოები (რითმობანა, პარადოქსობანა, ოქსიმორონებით საუბარი), რათა ირაკლის პოეტური სამყარო უფრო განმევითარებინა. ირაკლის შემოქმედება ლექსებით დაიწყო, კლასიკური ლექსები 17-18 წლის ასაკში დაწერა, როცა პირველად შეუყვარდა. სულ სხვაგვარი ლექსებია − „რეაქტიული კლუბის“ პერიოდში დაწერილი. რაც შეეხება სიმღერებს, აქ ყველანაირი სტილის ლექსის სინთეზია. მუსიკის წერა ირაკლიმ 13-14 წლის ასაკიდან დაიწყო და მას შემდეგ უამრავი მელოდია შექმნა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მახსოვს, მეუბნებოდა: „აღარ ვიცი რა ვქნა, იმდენი მელოდია მაქვს თავშიო“. ირაკლის ხმაში საოცარი ტრაგიზმი ჰქონდა. ისეთი, რომელსაც ვერავინ იმეორებს, მიუხედავად იმისა, რომ მის სიმღერებს ძალიან კარგად მღერიან.
ყველაზე მთავარი, რაც ირაკლიმ დაგვიტოვა…
მახსოვს, ერთხელ მიშა მშვილდაძემ თქვა, ირაკლიმ გადო ხიდი ქართულ გლამურსა და ფართო მასებს შორისო. მართლა ასეა. ხშირად ვამბობ, რომ ირაკლი იყო ვერელი აშუღი − ძალიან ხალხური და ძალიან ქართული. რაც მთავარია, ირაკლიმ შეძლო, როკი გააქართულა და ახალ სივრცეში გაიყვანა ხელოვნება − როგორც მუსიკის, ლექსების, გამოსახულებების ავტორმა.
შანსი რომ გქონდეთ, ვის შეხვდებოდით?
ჩემს მეუღლეს. სხვა ამ წუთას არავინ მაინტერესებს, ყველაზე მეტად მენატრება ნანა და მისი ხმის გაგონება. დღეს ყველაზე მეტად მჭირდება და მინდა.
თქვენი შვილიშვილი − ნანა, რომელიც სულ პატარა წაიყვანეთ ლონდონში და თქვენთან ცხოვრობდა… როგორია ბაბუას და შვილიშვილის ურთიერთობა დღეს?
5 წლის იყო ნანა, ლონდონში რომ წავიყვანე და ვგიჟდებოდი მასზე. ზღაპრის გმირების ხატვაც კი დამაწყებინა, როგორც ზემოთ უკვე ვთქვით და გაჩვენეთ კიდეც ნახატები. დღეს ის უკვე დიდი გოგოა, სიყვარულით ისევ ისე გვიყვარს ერთმანეთი, უბრალოდ, თავისი ცხოვრების რეჟიმი აქვს უკვე და ისე ხშირად ვეღარ ვხედავ. გარდა ამისა, რევოლუციის ასაკშია და ნაკლებად მიჯერებს. უფრო სწორად, საერთოდ არ მიჯერებს.
დაბოლოს: რა არის თქვენთვის ბედნიერება?
ბედნიერება სხვადასხვა ეტაპზე მაინც სხვადასხვაა. არ არის მუდმივი. ეს გახლავთ შეგრძნებების კასკადი − სხვადასხვა წუთებში განცდილი. თუმცა, თუკი განვაზოგადებთ, ბედნიერება ჩემთვის იყო მთლიანი ოჯახი − როდესაც ყველანი ერთად ვიყავით, უბრალოდ ვისხედით შინ ერთ მაგიდასთან და ბევრს ვსაუბრობდით სხვადასხვა თემაზე.