„როდესაც პირველი ემბრიონი შევქმენი, გავაცნობიერე, რომ საუკეთესო პროფესიული არჩევანი გავაკეთე და არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე ახალი სიცოცხლის დაბადებას შეუწყო ხელი, თუმცა გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა, ჩემს ოჯახურ ისტორიას უკავშირდება. ალბათ ამიტომაც არ მაქვს ზღვარი ოჯახსა და სამსახურს შორის. ბედნიერებაა, როცა გიყვარს შენი საქმე და მას ძლიერ ერთგულ გუნდთან ერთად სიამოვნებით აკეთებ“, – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრისა და ფონდის „შენთვის“ დამფუძნებელმა ნინო მუსერიძემ.
22 წელია, რაც მედიცინის სფეროში საქმიანობს, თუმცა არასოდეს უფიქრია, რომ საკუთარი კლინიკა ექნებოდა. პროფესიული არჩევანი დედას ეკუთვნის − ადამიანების განსაკუთრებული სიყვარული სულ პატარას შეამჩნია, „გამძაფრებული პასუხისმგებლობის გრძნობა და სხვების დახმარების სურვილი ყველასგან გამოარჩევდა, უყვარდა სწავლა და დეტალებზე იყო ორიენტირებული. ვიცოდი, რომ მისგან გულისხმიერი ექიმი გამოვიდოდაო“, − ამბობს ნინოს დედა, ქალბატონი რუსუდან ყურაშვილი. 17 წლის ასაკში ოჯახი შექმნა, ამას კი ხელი არ შეუშლია მისი განათლებისა და კარიერული ზრდისთვის, „პირიქით − საუკეთესო მხარდამჭერები შევიძინე, ჩემი მეუღლისა და მისი ოჯახის სახით“, − ამბობს ნინო, − „თითოეულ მომდევნო სამსახურში კი შინაგანად ვაგროვებდი გუნდს, ვისთან ერთადაც რაღაც უფრო მნიშვნელოვანს გავაკეთებდი. ასე გაერთიანდნენ ადამიანები მისი იდეის ირგვლივ − „ერთად სიცოცხლის დასაწყისისთვის!“
იდეის განსახორციელებლად დაიბადა საქველმოქმედო ფონდი „შენთვის“, რომელიც დღემდე უშვილო წყვილებს ეხმარება. პირველივე წელს, როცა ფონდი ჯერ კიდევ მარდალეიშვილის ცენტრის სამედიცინო ბაზაზე ფუნქციონირებდა, 50 უშვილო წყვილი დაფინანსდა, რაც პირველივე წელს დიდი მიღწევა იყო, თუმცა − გუნდისთვის არასაკმარისი. ვინაიდან სხვა კლინიკის ბაზაზე ფუნქციონირებას დამატებითი გამოწვევები ახლდა და მთავარი მიზნის მიღწევაც ოდნავ რთულდებოდა, სწორედ ამიტომ გაჩნდა იდეა, შექმნილიყო დამოუკიდებელი კლინიკა − რეპროდუქციული ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ქართველი უშვილო წყვილების დახმარებაზე. ასე დაარსდა GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, „საქართველოს ბანკისგან“ ნდობისა და შესაბამისი კრედიტის გამოყოფის საშუალებით.
კლინიკის არსებობის 2 წლის განმავლობაში რეპროდუქციული ცენტრის გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგად, ფონდის დახმარებით უკვე 227 ბავშვი დაიბადა, საიდანაც 30 ბავშვის ინვიტრო განაყოფიერება 100%-ით დაფინანსდა, ნაწილის კი 50%-ით. კიდევ 380 ორსული ელოდება ახალი სიცოცხლის დაბადებას.
რეპროდუქციული ცენტრის მთავარი კორპორაციული, მორალური პრიორიტეტი პაციენტებთან გულწრფელ დამოკიდებულებას გულისხმობს და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს ინვიტრო განაყოფიერებას, როცა პაციენტის მკურნალობის სხვა შესაძლო გზები ამოწურულია. GGRC-ში მისულ პაციენტებს განსაკუთრებულად თბილი და მზრუნველი გარემო ხვდებათ. უშვილობის მკურნალობაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტების ფსიქოლოგიურ განწყობას. სწორედ ამიტომ კლინიკის ფსიქოლოგი ზურა მხეიძე უსასყიდლოდ ემსახურება ფონდის პაციენტებს და უწევს მათ შესაბამის კონსულტაციას. ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფამ, უშვილობის მკურნალობაზე პაციენტების მიმართვიანობის 15-20%-ით მატება გამოიწვია, რაც ასევე აისახა ორსულობის შედეგებზე.
კლინიკაში მისული თითოეული პაციენტი კლინიკურ ხელმძღვანელ ნინო მუსერიძესთან უფასოდ გადის კონსულტაციას. როგორც კოლეგები აღნიშნავენ, ნინოს ყველაზე უკეთ ესმის ამ პაციენტების, რადგან თავად გაიარა ეს გზა კიდევ უფრო რთულ დროს და კლინიკაში ყოველთვის მათი ინტერესების დამცველი და გამტარებელია. სწორი და შესაბამისი მკურნალობის გზის დასახვას აქ უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება, რათა არ მოხდეს პაციენტის დროისა და რესურსების არამიზნობრივად გაფლანგვა.
GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი მომსახურების განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს სთავაზობს თავის პაციენტებს. სოციალური პასუხისმგებლობის კორპორაციულ პასუხისმგებლობად გარდაქმნამ და აღიარებამ კიდევ უფრო აამაღლა კლინიკის ორიენტირი ხარისხზე. წელს GGRC-მა FDA ტექნოლოგიის საერთაშორისო ხარისხი მიიღო − ლაბორატორიისა და ISO ხარისხის სერტიფიკატი, მენეჯმენტის მიმართულებით. გარდა ამისა, კლინიკამ ისრაელში გაიარა აკრედიტაცია და შესაბამისად, GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აკრედიტებულია ხარისხის სერტიფიკატით. ეს ყოველივე კლინიკის პროფესიული გუნდის უდიდესი შრომისა და ძალისხმევის შედეგია.
GGRC ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა ნინო მუსერიძის ხელმძღვანელობით, მომსახურების უმაღლესი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მიანიჭა, რათა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პაციენტებისთვის მაღალხარისხიანი და სრულყოფილი მომსახურება გაეწია. აღსანიშნავია, რომ სწორედ უცხოელი პაციენტების რაოდენობა განაპირობებს ქართველი პაციენტების დაფინანსების რაოდენობას. თავად უცხოელი პაციენტები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილები საქართველოში ქველმოქმედებად იბადებიანო. ეს კლინიკისა და მისი უცხოელი პაციენტების − ორმხრივი სოციალური პასუხისმგებლობის უაღრესად კეთილშობილური მაგალითია.
კლინიკაში, უშვილობის მკურნალობის პროგრამების გარდა, შემუშავებულია პროგრამა კლიმაქტორული პერიოდის ქალბატონებისთვის − „ქალბატონები მარაოს გარეშე“, რომლის მონაწილეებსაც GGRC აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში ხდება ქალბატონების სკრინინგი, დიაგნოსტიკა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა.
ცალკე აღსანიშნავია GGRC ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის პროგრამა, რომლის ფარგლებში კლინიკის ექიმები ყოველთვიურად დადიან რეგიონებში, უსასყიდლოდ ატარებენ კონსულტაციებს და უწევენ ადამიანებს მომსახურებას. ამჯერად კლინიკაში დასავლეთ საქართველოს შემდეგ მაღალმთიან რეგიონებში გასვლა იგეგმება − ზემო აჭარაში, პანკისის ხეობაში და სხვა.
ნინოს და მისი გუნდის ყოველი ახალი პროექტი და გეგმაც სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ორიენტირებულია ქართველ პაციენტზე, მათ დახმარებასა და კმაყოფილებაზე.
ამჯერად ნინოს დიდ ოჯახს ვესტუმრეთ და ვთხოვეთ მისი წევრებიც გაეცნო ჩვენი მკითხველისთვის.
ნინო, თქვენს საქმიან ნაწილზე კარგად იცის ქართული OK!-ის მკითხველმა. ამჯერად, თქვენი ოჯახი შესახებ ვუამბოთ მათ.
29 წელია, რაც დაოჯახებული ვარ. საკმაოდ ადრეულ ასაკში დავქორწინდით და ისე გამოვიდა, რომ მეუღლესთან უფრო დიდი ხანია ვცხოვრობ, ვიდრე დედასთან ვიცხოვრე. სხვათა შორის, „კოვიდის“ გადატანის პერიოდში მქონდა ბედნიერება, დედასთან ვყოფილიყავი იზოლაციაში. ასეთი საჩუქარი გამიკეთა პანდემიამ და ბავშვობაში დამაბრუნა − დედასთან, მამასთან, ჩემს ძმასთან და მის ოჯახთან ერთად. ეს ის გარემოა, სადაც მთავარი ღირებულებები − სიყვარული, მზრუნველობა, ყურადღება და პატივისცემა ვისწავლე. რომ თითოეული ადამიანის ბედია მნიშვნელოვანი და არა ციფრები და სტატისტიკა. ამ მრწამსით მოვდივარ დღემდე, გულწრფელად ვუფრთხილდები ადამიანებს და გულთან მიმაქვს თითოეულის ისტორია.
თავიდან მთლიანად სწავლაზე ვიყავი ორიენტირებული. ოჯახმა, მშობლებმა, მეუღლემ ძალიან შემიწყვეს ხელი, რათა კარგად მესწავლა და მოვსულიყავი დღევანდელ მდგომარეობამდე. ის, რომ დღეს ეს კლინიკა და ფონდი არსებობს, ჩემი ოჯახის უდიდესი მხარდაჭერის შედეგია. მეუღლე − გიორგი ჭოხონელიძე, მშენებელია, ეკონომისტია, და ასევე, აქვს თავისი საქმე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. ყოველთვის მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ერთი მყავს. იყო დრო, როცა მეც მქონდა შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები და თავად გამოვიარე ის გზა, რომელსაც დღეს ჩემი პაციენტები გადიან.
ნინო, შვილზე მოგვიყევით.
ჩემი შვილი − ანა ჭოხონელიძე, სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. სამედიცინოზე გამოცდების ჩაბარების დიდი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ ის ვუთხარი, რაც დედამ მითხრა, როცა სამედიცინოზე გამოცდების ჩაბარება გადამაწყვეტინა. მე ავუხსენი, რომ მოეწონებოდა, როგორც კი გააცნობიერებდა, თუ რამხელა ბედნიერებაა ადამიანების დახმარება. ანას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რომელ მიმართულებას აირჩევს. მე თავად მორფოლოგი ვარ და ონკოლოგიურ პაციენტებთან ვმუშაობდი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ონკოპაციენტებთან ურთიერთობა უზომოდ რთულია, მაგრამ ეს სფეროც ძალიან მომწონდა, რადგან სწორედ დიაგნოსტიკის გატარების გზით ხედავს ექიმი, როგორ გადაარჩინა და უშველა ადამიანს. ანას უფრო ემბრიოლოგია აინტერესებს. ახალი ადამიანის დაბადებაში, ცხადია, უდიდესი ბედნიერებაა. უკვე დამამთავრებელ კურსებზეა და შევთავაზე, იაროს ჩვენს კლინიკაში და იქ უფრო გააცნობიერებს, რა გზით სურს სწავლისა და პრაქტიკის გაგრძელება.
ნინო, თქვენ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ბრძანდებით, მრავალფეროვანი საქმიანი და მყუდრო პირადი ცხოვრებით. როგორ ფიქრობთ, რომელი თვისება, რა მოცემულობა განაპირობებს ადამიანის წარმატებას?
მადლიერება. მადლიერი ვარ ყოველი დღისთვის, ყველა ადამიანის, ვინც ამ გზის გავლაში დამეხმარა. 40 წლის ვიყავი, როცა ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა და გარკვეულ მომენტში ვიფიქრე, რომ საქმე საკმაოდ რთულად იყო. იმ პერიოდში, როცა მიჭირდა და ადამიანები მხარში ამომიდგნენ, ჩემში ბევრი რამის გადაფასება მოხდა. მე ვფიქრობ, მადლიერებაზე დგას ყველაფერი. უმადური ადამიანი უბედურია. მე ბედნიერი ვარ ჩემი ცხოვრებით, ადამიანებით, მათი სიხარულით და მუდამ ვცდილობ, რომ თუკი შემიძლია, აუცილებლად დავეხმარო − არ აქვს მნიშვნელობა, ახლობელია თუ სრულიად უცხო. მგონია, რომ უნდა დავაფასოთ ჩვენი ცხოვრება და შესაძლებლობები. მადლიერი უნდა ვიყოთ თითოეული დღისთვის.
ტექსტი: თაკო გვაზავა
ფოტო: ალექსეი სეროვი