„მომავლის ასტრონავტი“ – მისთვის ეს სტატუსი მხოლოდ სიმბოლური აღიარება არ არის. ეს არის რეალური ინტერესი და მზაობა, მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტებში, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გაგრძელებას უკვე დედამიწის ფარგლებსაც სცდება. ექიმი, რომელიც სიცოცხლეს ქმნის. ავტორი, რომელიც ცხოვრების მნიშვნელობაზე წერს და ადამიანი, რომელსაც „მადლიერებისა და ბედნიერების ელჩს“ უწოდებენ. ეს არსენ გვენეტაძეა, ადამიანი, რომლის საქმიანობაც მხოლოდ ერთი სფეროთი არ შემოიფარგლება. მისი პროფესიული გზა ათასობით ახალი სიცოცხლის დაბადებას უკავშირდება. ის პარალელურად ხატავს, ქმნის მეტალარტ სკულპტურებს და ავრცელებს მთელ მსოფლიოში ხუთივე კონტინენტზე, ამერიკიდან ავსტრალიის ჩათვლით. წერს წიგნებს, რომლებიც ადამიანის შინაგან სამყაროსა და ცხოვრების მნიშვნელობას ეძღვნება. ბატონი არსენის ავტორობით 26 სხვადასხვა წიგნი გამოიცა, და ზოგიერთი მათგანი ნათარგმნია მსოფლიოს 9 ენაზე. სამყარო რომ უკეთესი გახადოს „იმქვეყნიურ კოსმოსში“ გაფრენითაც, ანუ „სამუდამო დაბადებით“, ამისთვის ორგანოთა ნებაყოფლობითი დონორია 2010 წლიდან. ამჟამად იგი მუშაობს ახალ ნაშრომზე „სამუდამო დაბადება“, სადაც გარდაცვალება არ ნიშნავს დასასრულს, არამედ სიცოცხლის უსასრულო გაგრძელებაა.

პიესაში თქვენი გმირი ამბობს: „პიროვნული თავისუფლება ღირსებასთან რომ შევაჯვარე, ბედნიერი ვარ, ლამის ნეტარი“… რას გულისხმობდით?
პიესა შეიქმნა სიყვარულზე, ღირსებასა და თავისუფლებაზე სასაუბროდ. ეს მოხდა მაშინ, როდესაც რამდენიმე თვის წინ ნიუ-იორკში პირველად წარვადგინე ჩემი წიგნი „Ars Vitae, ანუ ხელოვნება სიცოცხლისა“. აქ და ახლა, არსენისგან თქვენ… თქვენს კითხვაზე პასუხი ჩემთვის სრულიად ნათელია: დრო სიცოცხლეა. დრო შეზღუდულია და მცირდება, როგორც შაგრენის ტყავი. ნუ გაფლანგავ დროს და ნუ იცხოვრებ სხვისი ცხოვრებით. ნუ გაებმები დოგმის მახეში, იგრძენი თავისუფალი სული. პატივი ეცი საკუთარ გულისთქმას და ნუ იცხოვრებ სხვისი აზრებით. იყავი სულელი, იყავი მშიერი, იყავი შეყვარებული, თავისუფალი და ღირსეული. ეს ჩემი ლექსია, სადაც თქვენს კითხვაზე პასუხიცაა. როდესაც თავისუფლებას ღირსებასთან აჯერებ, იბადება ბედნიერება, პიროვნული თავისუფლებისა და პიროვნული ღირსების ჰარმონია. რას იტყვის სხვა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ვერ შეცვლის შენს თავისუფლებასა და ღირსებას. მე მრავალი წელია ამ პრინციპით ვცხოვრობ: კანონი, როგორიც არ უნდა იყოს, უნდა აღვასრულო, რასაც ღირსეულ კანონმორჩილებას ვუწოდებ. ჩემი თავისუფლება სხვის საზღვარს არ უნდა კვეთდეს. დანარჩენი მეორეხარისხოვანია. კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანი როდესაც იბადება, მისი ადამიანური ღირსება და თავისუფლება კანონითაა უზრუნველყოფილი, ხოლო პიროვნული ღირსება და თავისუფლება თავად უნდა შეიქმნას. ეს ჩემი ცხოვრებისეული ხედვაა.

თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი, ანუ იკიგაი არის, სამყარო იმაზე უკეთესი გახადოთ, ვიდრე თქვენ გარეშე იქნებოდა. ექიმისთვის ეს გასაგებია, მაგრამ როგორც ხელოვანს და მწერალს, რა დააკლდებოდა სამყაროს, „არა-სენები“ რომ არ დაგეწერათ?
დიახ, ჩემი იკიგაიაა გავხადო სამყარო იმაზე უკეთესი, ვიდრე ის ჩემ გარეშე იქნებოდა. როგორ? ჩემი პროფესიული და ყოველდღიური ცხოვრებით. რას ვაკეთებ ამისთვის? 2009 წლიდან დღემდე ჩემს გუნდთან ერთად 8552 ახალი სიცოცხლე შევქმენი 26.03.26 დღის დათვლით და ეს ციფრი ყოველდღიურად 3-4 ახალი ორსულობის ჩასახვით იზრდება ჩემი კლინიკის გუნდის ძალისხმევით. კიბოს გადატანისა და სხვა ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ მივხვდი, რომ სიცოცხლე და სიკვდილი ცალ-ცალკე არ არსებობს. ეს ერთი სიცოცხლის ორი ნაწილია. ზუსტად ამ თემაზე შევქმენი ნახატი „ორთავ სიცოცხლის სვეტი“. შემდეგ კი უფრო შორს წავედი და დავწერე ლექსი „ერთი სიცოცხლის სამი სიცოცხლე“: სიცოცხლე, რომლითაც ახლა ვცხოვრობ; სიცოცხლე, რომლითაც ვიცხოვრებ ზეცაში და სიცოცხლე, რომელიც დარჩება ჩემ მიერ ახალი სიცოცხლეების, ბავშვების, წიგნების, ნახატების, ძეგლებისა და ჩემი შვილების სახით.
ბედნიერებაზე ხშირად საუბრობთ და საკუთარ თავზე იღებთ „ბედნიერების გავრცელებას დედამიწაზე“. რამდენად რთულია?
მზე როგორ ათბობს ადამიანებს? ის, უბრალოდ, ანათებს. ვიღაც თბება, ვიღაც იწვება, ვიღაც ემალება, ვიღაც სიამოვნებას იღებს. ჩემი პირველი თანამოაზრე იყო ჩემი ხატვის პედაგოგი და დღეს უკვე მეგობარი, ნინო მირიანაშვილი, რომელთან ერთადაც შევქმენი სლოგანი: „ბედნიერება გაზიარებით იბადება“. მე ვავრცელებ ბედნიერებას და ვინც მზად არის, იღებს ამ ემოციას. ჩემი მიზანია, ადამიანში საკუთარი ბედნიერების გაღვიძების იმპულსი გავაჩინო. რაც შეიძლება ხშირად აღმოვაჩინო ჩემში დაფარული ბედნიერება, გავიაზრო და გავაზიარო. მე ვისწავლე აღფრთოვანების ხელოვნება და ამ გამოცდილებას ვუზიარებ სხვებს. ვიღაცისთვის ბედნიერების მიღება რთულია, მაგრამ თუ ყოველ დილას თავიდან იბადები და საკუთარ ბედნიერებას ქმნი, ყველაფერი მარტივდება.

თქვენს ჩანაწერებში აღწერთ წყვილს, სადაც ერთი ნეგატივს მასპინძლობს, მეორე კი პოზიტივს. თქვენთვის რთულია პესიმისტის სიყვარული? ეს მოთმინების ვარჯიშია თუ ემპათიის უმაღლესი ფორმა?
დიახ, ეს არის საკუთარი თავის წვრთნა. სიყვარულს სწავლა სჭირდება, ცხოვრებას – მუდმივი მოვლა. ეს არის მოთმინებაც და ემპათიაც. მე შევქმენი „ემპათიის შუქურა“, ორ მეტრზე მეტი სიმაღლის ძეგლი, და უკვე 90-ზე მეტი მაქვს დადგმული. ნიუ-იორკში, სტოკჰოლმში, დუბაიში, ბუტანში, ლოს-ანჟელესსა და რაღა თქმა უნდა, საქართველოს ქალაქებში. ჩემი აზრით, მთავარია, შეძლო ადამიანის მიღება და ზრუნვა. მაგრამ თუ პესიმიზმი მუდმივია და ადამიანი თავად არ იცვლება, შენ ვერ შეცვლი მას. ცვლილება უნდა მოდიოდეს მისგან, ამის შემდეგ ყველაფერი სხვა დონეზე გადადის.

„თანამედროვე ადამიანის დაბადება“… მოგვიყევით ამ წიგნზე.
ეს წიგნი უკვე წარვადგინე ნიუ-იორკში, ბერლინში, რომსა და ლონდონში. თანამედროვე ადამიანი არ ცხოვრობს წარსულში და მიღებულ გადაწყვეტილებას აღარ ნანობს, მიუხედავად შედეგისა. საკუთარ თავს უნდა დაუმეგობრდე, ეს არის ბედნიერება. ამ წიგნის მიზანია ადამინმა გაიაზროს, რომ „არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს“ არასწორი მიდგომაა. თანამედროვე ადამიანი არის თავისუფალი, ტოლერანტული, ემპათიური. ის პატივს სცემს დაწერილ კანონს, სხვის თავისუფლებას და ცდილობს საკუთარი და სხვისი ბედნიერების შექმნას. თუ მე საკუთარი თავი ვერ გავაბედნიერე, სხვას რას მივცემ? ბედნიერი ადამიანი უკეთ ზრუნავს სხვებზეც.
მუშაობთ „სამუდამო დაბადების“ კონცეფციაზეც. რატომ აირჩიეთ ტერმინი „დაბადება“ გარდაცვალების ნაცვლად?
კვლევების მიხედვით, ადამიანების 80% სიცოცხლის ბოლოს ამბობს: „ჯერ ცხოვრება არ დამიწყია და უკვე მთავრდება“. დანარჩენი 20% იყოფა ორ ნაწილად: 10% აცნობიერებს ცხოვრებას, მაგრამ ნანობს მის დასრულებას; და ბოლო 10%, ვინც ნეტარებაშია, სრულად იღებს ცხოვრებას, რადგან ცხოვრებას „გემო“ გაუგო, ალღო აუღო, და ახლა მზადაა სამუდამო ცხოვრებისთვის ზეციურ სამყაროში. მე ამ ბოლო ჯგუფს მივაკუთვნებ თავს: ვიცხოვრე, რაც გავაკეთე, გავაკეთე, და გადავდივარ შემდეგ ცხოვრებაში, რომელსაც „ხელახალ დაბადებას“ ვუწოდებ. ყოველი დღე მინდა ვიცხოვრო ისე, თითქოს ბოლოა და სწორედ ამაშია პასუხი.

დაბოლოს – ასტრონავტობა. რა გატაცებაა ეს თქვენთვის?
2024 წელს ფილადელფიაში გავიარე ასტრონავტიკის ტრენინგი და გავხდი საქართველოში პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული „მომავლის ასტრონავტი“. არის პროფესორი ატილა ვერენსკი, ჩემი მეგობარი, უნგრეთის რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად კიბოს რთულ პერიოდს გადის. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან მითხრა, რომ მუშავდება პროექტი კოსმოსში ემბრიონის გადატანის შესახებ და დაამატა, რომ ჩემს კანდიდატურას დააყენებდა. ემბრიონი ხომ ექიმმა უნდა გადაიტანოს საშვილოსნოში, და მან მითხრა, რომ მე ვარ ერთადერთი ექიმი, ვისაც ის იცნობს და ამავდროულად, აქვს ასტრონავტის სერტიფიკატი. მე უდიდესი სიხარულით დავთანხმდი. ეს პროექტი ამ ეტაპზე შეჩერებულია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ახლაც რომ დამირეკონ, ამ სიტყვას შევასრულებ და მზად ვარ გასაფრენად – არაფერს წავიღებ, მხოლოდ პასპორტს. ჩემი აზრით, ადამიანი რასაც არ უნდა აკეთებდეს, კანონს არ უნდა არღვევდეს და სხვის თავისუფლებას არ უნდა ზღუდავდეს. ჩემი კოსმოსში გაფრენა არც კანონს არღვევს და არც სხვის თავისუფლებას ეხება. სწორედ ამიტომ მე მზად ვარ სრულად კოსმოსისთვის!
პროექტის მენეჯერი: ქეთა დაუშვილი
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: გვანცა ზარქუა












