სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტა, ბევრისთვის ცნობილი, როგორც ლედი გაგა, გახლავთ წლის წამყვანი პოპვარსკვლავი, ეგრეთ წოდებული „საჩუქარი“, რომელიც კრიზისში მყოფ მუსიკალურ ინდუსტრიას ასე ძალიან სჭირდებოდა. ლედი გაგამ მსოფლიოს აჩვენა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოპვარსკვლავი ისეთი რთული პერიოდის დროსაც კი, როგორიც 2020-21 წლები და გლობალური პანდემიის გამო შექმნილი ურთულესი ვითარებაა. მან კარანტინის პერიოდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და Global Citizen-თან თანამშრომლობით, სხვადასხვა კომპანიისა და ფილანტროპთა დახმარებით მილიონობით დოლარი შეაგროვა. საქველმოქმედო საქმიანობის პარალელურად, ახალი ალბომით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, MTV VMA-ის დაჯილდოებაზე კი Tricon-ჯილდო მოიპოვა. პოპის დედოფლის, მადონას შემდეგ, გაგა პირველია, რომელმაც MTV-ისგან მსგავსი პრიზი მიიღო.
ლედი გაგამ სოციალური აქტივობით, საქველმოქმედო საქმიანობით, ცვალებადი გარეგნობით, გონივრული ვიდეოებითა და ტრანსცენდენტური Look-ებით შექმნა ერთგვარი შაბლონი მომავალი თაობის სუპერვარსკვლავებისთვის. გაგა არ არის მხოლოდ მომღერალი, სწორედ ამიტომაც მიიღო მან ისტორიაში პირველი საპატიო MTV Tricon-ჯილდო. ის არის ქალი, რომელმაც თავისი ექსცენტრული სტილით მოდის ლანდშაფტი შეცვალა, უკომპრომისო არტისტულობით კი პოპკულტურა და ხელოვნება გააერთიანა.
ლედი გაგა უამრავ პოპვარსკვლავთაგან ის იშვიათი პერსონაა, რომელიც ყოველთვის საუბრობდა ადამიანების განსხვავებულობასა და განსაკუთრებულობაზე, ისეთი სამყაროს შექმნაზე, სადაც ყველას ექნებოდა საშუალება, თამამად ესაუბრა. მისი პატივისცემა ინდივიდუალურობისადმი კარგად აღწერს შემსრულებლის უახლესი ალბომის, Chromatica-ს ეთოსს.
გლობალური პანდემია და დღევანდელი საზოგადოებრივი ცხოვრება ნამდვილად არ იყო ის, რაც გაგამ ჩაიფიქრა, როდესაც სოციალური მედიის საშუალებით რიგით მეექვსე სტუდიური ალბომის გამოშვება, შემდეგი ფრაზით „დედამიწა გაუქმებულია“, დააანონსა. Chromatica არის კიბერპანკის პლანეტა, სადაც მუდამ სიკეთე და თანასწორობა სუფევს. „ეს ყველაფერი არ არის ყალბი, ის რეალურია და ჩემს თავშია“. ალბომზე მუშაობის პარალელურად, შემოქმედებითი პროცესი ძალიან საინტერესო იყო, თუმცა როდესაც გლობალური პანდემია დაიწყო, პოპვარსკვლავს გარკვეული შიშები აწუხებდა. მარტის თვეში გაგამ ჰოლივუდში არსებულ სახლში შემოქმედებითი ჯგუფი შეკრიბა.
„ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობ როგორც ოჯახში და არა როგორც მომსახურე პერსონალში. შეთანხმებულად ვმოქმედებდით. მაგალითად, რამდენიმე ადამიანი საყიდლებზე მიდიოდა, ამასობაში სხვები ბოსტნეულს რეცხავდნენ, ნაწილი კი სადილს ვამზადებდით. როდესაც არ ვმუშაობდით, დროს ლოცვაში, სამაგიდო თამაშებსა და მნიშვნელოვან თემებზე საუბარში ვატარებდით“.
არტისტები ხშირად იყენებენ საკუთარ პლატფორმებს სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ. გამონაკლისი არც ლედი გაგაა, უფრო სწორად რომ ვთქვათ, გაგა იმ ვარსკვლავთაგან ერთ-ერთი პირველია, რომელმაც სოციალური პრობლემები წინ დააყენა და ალბომის გამოსვლა გვერდით გადადო. საქმე იმაშია, რომ შემსრულებლის ახალი ალბომის გამოსვლა გლობალურ პანდემიას დაემთხვა და გამოუვალი მდგომარეობის გამო, 10 აპრილამდე გადაიდო.
Chromatica საბოლოოდ 29 მაისს გამოვიდა, თუმცა მომღერლისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, მინეაპოლისის პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის სასტიკ მკვლელობას დაემთხვა, რაც გაგას აზრით ალბომის პოპულარიზაციისთვის შეუფერებელი დრო იყო. მან Twitter-ის Listening Party გააუქმა და განაცხადა: „ჩვენი სიკეთე დღეს მსოფლიოს სჭირდება“.
არ არსებობს საყოველთაოდ ჩამოყალიბებული წესები იმის შესახებ, თუ რამხელა გავლენა აქვთ ცნობილ ადამიანებს მოსახლეობაზე, თუმცა ლედი გაგა საზოგადოებისთვის პრობლემურ თემებზე გამუდმებით საუბრობს და გამონაკლისი არც რასობრივი დისკრიმინაცია იყო. ის ხშირად იყენებს საკუთარ პლატფორმას კონკრეტული იდეოლოგიის გასაზიარებლად.
„როდესაც ვხედავ, ადამიანები როგორ იტანჯებიან, ჩემი გონება შემდეგნაირად ფიქრობს: ჩაიცვი შენი სუპერგმირის მოსასხამი და წავედით… სოციალური სამართლიანობა არ არის მხოლოდ წიგნიერება, ეს ცხოვრების სტილია. რას ვფიქრობ სოციალურ ქსელში შავი კვადრატის გამოქვეყნებაზე? ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. არსებობს ასეთი რამ − საშემსრულებლო აქტივიზმი. ამჯერად დავინახეთ საზოგადოების აქტივობა. მჯერა თუ არა, რომ ფერადკანიანი ადამიანების ცხოვრებაც მნიშვნელოვანია? რა თქმა უნდა“.
თუ საზოგადოებაში ისმის შეკითხვა, ვინ არიან წამყვანი პოპვარსკვლავები, რომლებიც 2020 წელს სამყაროს რთული პერიოდის გადალახვაში ეხმარებიან, ერთ-ერთი აუცილებლად ლედი გაგაა. მისი შემოქმედების პარალელურად, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რამხელა ძალისხმევასა და მხვერპლს მოითხოვდა ალბომი, რომელიც საზოგადოებამ გლობალური პანდემიის პერიოდში მიიღო.
გულშემატკივრები წლების განმავლობაში ელოდნენ Dance-pop ჟღერადობის ალბომს, ჟანრს, რომელმაც გაგას თავდაპირველი პოპულარობა მოუტანა და სახელი გაუთქვა. Chromatica არის ყველაზე კრიტიკულად აღიარებული ალბომი წლების განმავლობაში, საცეკვაო მუსიკის ინსპექტირება, რომელიც მოიცავს elastic house-ჟღერადობას და იგრძნობა გასული საუკუნის 90-იანი წლების ტექნომუსიკის გავლენა. ეს არის ალბომი, რომელშიც მრავლადაა Dance-Pop ჟღერადობის საზაფხულო მელოდია, ცოტაოდენი electro-funk-სტილი, პროფესიული ძალისა და პიროვნული ემოციების ნაზავი. ეს არის ალბომი, რომელიც მსოფლიოსა და მუსიკალურ ინდუსტრიას ასე ძალიან სჭირდებოდა და რომელშიც გაგამ საკუთარი თავი, როგორც შემსრულებელი, ინოვატორი ავტორი და ვოკალისტი, კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. Chromatica-ში საზოგადოებამ მოისმინა დუეტები ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან ელტონ ჯონი, არიანა გრანდე და Blackpink.
„რაც მასში ყველაზე მეტად აღმაფრთოვანებს, ეს არის უნარი, გადაიყვანოს სენტიმენტალური კაცობრიობა საცეკვაო მუსიკის შემოქმედებაში. შენ გრძნობ თავისუფლებას მისი სიმღერის ყოველ ტრიუმფალურ გზაზე“, − განაცხადა გაგას შესახებ ელტონ ჯონიმ.
პოპვარსკვლავის ნამუშევარი 911 დეტალურად აღწერს გაგას „ურთიერთობას“ ანტიფსიქოტურ პრეპარატებთან, როდესაც აღარ შესწევს ძალა გააკონტროლოს საკუთარი ქმედებები და მიგვანიშნებს რამდენად რთულია გქონდეს მენტალური პრობლემები. ის მელოდიით, მცირე მინიშნებებით, სამოსით, აქსესუარებითა და ქორეოგრაფიის საშუალებით გამოხატავს საკუთარ სათქმელს.
ეს არის ხელოვნებისა და პოპის ინტერაქცია, ვიდეოკლიპი, რომლითაც გაგამ ეგრეთ წოდებული ტკივილის პოეზია შემოგვთავაზა. ეს არის სიმღერა, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ებრძვის ერთმანეთს გონება და სხეული, რომლის შესახებ პატარა ფილმის გადაღება იმ ბნელ წერტილებში დაბრუნებას და ყველაფრის გადმოცემას მოითხოვდა, რასაც გაგა იმ ურთულეს პერიოდში განიცდიდა… რაც ერთ დროს მისი ყოველდღიურობის ნაწილი იყო, ახლა კი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. არა აწმყო, არამედ წარსული.
„რა არის ჩემთვის თავისუფლება? − როდესაც ჩემი გულის სიღრმეში ყველაზე ბნელ წერტილებამდე ჩაღწევა, რაღაცების აღმოჩენა, შემდეგ ამ ყველაფრის უკან ჩამოტოვება და მათთან გამომშვიდობება თავისუფლად შემიძლია“.
„ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩემთვის ძალიან პირადულია. ეს არის გამოცდილება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და გზა, თუ როგორ შეიძლება რეალობისა და სიზმრების ერთმანეთთან დაკავშირება, რათა ჩამოვაყალიბოთ გმირები როგორც ჩვენში, ასევე ჩვენ გარშემო. მადლობა მინდა გადავუხადო Tarsem-ს 25-წლიანი იდეის გაზიარებისა და რეალიზებისთვის. დიდი ხანია სიძლიერე არ მიგრძნია. მადლობა „პატარა მონსტრებს“, რადგან ახლა ფხიზლად ვარ, გხედავთ, გგრძნობთ. მადლობა, რომ გჯეროდათ ჩემი, როდესაც მე ძალიან მეშინოდა“.
ლედი გაგა MTV VMA-ის 2020 წლის დაჯილდოებაზე
ფსიქოლოგიური პრობლემების პარალელურად, შემსრულებლისთვის ძალიან რთული იყო საკუთარ თავზე და სამუშაოზე კონცენტრირება, იყო მომენტები, როდესაც ლედი გაგას საკუთარი არსებობაც კი პრობლემებს უქმნიდა.
„Joanne-ის მსოფლიო ტურნეს შემდეგ რთული პერიოდი მქონდა. ყოველდღე მეღვიძებოდა და მახსენდებოდა, რომ ლედი გაგა ვარ. ამის გააზრებაც კი დეპრესიაში მაგდებდა. წარმოიდგინეთ, ხახვის გაფცქვნის დროს, რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო უახლოვდები „ხახვის ბირთვს“, რომელსაც ძალიან ცუდი სუნი აქვს“.
„ცხოვრება არის უნარ-ჩვევების, ქცევებისა და ემოციების სერია, რომელიც ფიქრებთან ერთადაა შერწყმული… თუ შენ შიგნით მკრთალ ნათებას დაინახავ, უნდა აღნიშნო. თუ ამის შემდეგ კიდევ ერთ ბრწყინვალე წერტილს იპოვი, ისიც უნდა აღნიშნო. თუ აღმოჩენას აგრძელებ, მეგობარს უნდა დაურეკო და სასიხარულო ამბავი გაუზიარო“.
მომღერლის მენეჯერი ბობი კემპბელი ახალი ალბომის შექმნის პერიოდზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გაგას სამუშაო პროცესი აბედნიერებდა, ამიტომ მუშაობის პერიოდში გარკვეულწილად ცდილობდა მის დახმარებას.
„სტუდიაში ყოფნის პირველ რამდენიმე საათს ერთად ვატარებდით და ვსაუბრობდით იმაზე, რასაც გრძნობდა. შედეგად, ემოციები უფრო პირდაპირი იყო, რაც თავისთავად სიმღერებშიც ბუნებრივად იკვეთებოდა“.
დისკომფორტთან ერთად, მუშაობის ნაცვლად, გაგამ საკუთარ შიშებს წინააღმდეგობა გაუწია და კიდევ ერთი წარმატებული ალბომი შემოგვთავაზა.
„სიმღერა Rain On Me იმ კონკრეტულ პერიოდზეა დაწერილი, როდესაც ჩემი არსებობა საკუთარი თავისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. მარტო ვრჩებოდი და ვფიქრობდი, მოსადუნებლად ალკოჰოლს ვიყენებდი, თანაც − დიდი რაოდენობით. მიუხედავად იმისა, რომ უკეთეს მდგომარეობაში ყოფნას ვამჯობინებდი, მთავარი ის იყო, ცოცხალი ვიყავი. როდესაც გარშემომყოფები ცდილობდნენ დამხმარებოდნენ, ვპასუხობდი: მე ლედი გაგა ვარ, თქვენ არ გესმით ჩემი, ვერ იგებთ რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მინდა ჩავიცვა როგორც მსურს და წავიდე სადაც მინდა, ისე, რომ ამას ვერავინ ამჩნევდეს. რატომ არის აუცილებელი, ყველაფერს ხედავდნენ? არც კი ვიცი, ასე რატომ ვფიქრობ, ან რატომ მიწევს ამაზე საუბარი…“
შემსრულებელმა Billboard-თან უახლეს ინტერვიუში ალბომ Chromatica-ზე უფრო დეტალურად ისაუბრა. მისი განცხადებით, მზადების პერიოდი მეტად რთული აღმოჩნდა. 11 მარტი − ეს იყო დღე, როდესაც გაგამ რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა საერთაშორისო ჟურნალისტებთან. ასევე, ეს იყო დღე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ევროპელ მოგზაურთათვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. 18 თვის განმავლობაში დაგეგმილი კამპანიები და კონცერტები ფაქტობრივად თვალწინ აორთქლდა. გაუქმდა iHeart Radio Music Awards-ის პერფორმანსი, Coachella-ს სეტი, რომელიც მსმენელისთვის სიურპრიზი უნდა ყოფილიყო. გადაწყდა, რომ ახალი ალბომის პოპულარიზება შინიდან უნდა მომხდარიყო. პირველი სიმღერა, რომელიც გაგამ ახალი ალბომიდან დიდ სცენაზე შეასრულა, იყო 911, Rain On Me და Stupid Love. 2020 წლის VMA-ის სიურრეალისტური დაჯილდოების დროს გაგას 9-წუთიანი პერფორმანსი იყო შესრულება, რომელიც კრიზისში მყოფ მუსიკალურ ინდუსტრიას ასე ძალიან სჭირდებოდა.
„ეს იყო შესანიშნავი მაგალითი იმისა, თუ როგორ იხილა საზოგადოებამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნამდვილი ხელოვნება. რთული პერიოდი 10 წლის შემდეგ აღარ გვემახსოვრება, მით უმეტეს ის დეტალი, რომ პერფორმანსი პანდემიის დროს მოხდა − გაგა ხომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ნიღბებს ატარებდა“, − ბობი კემპბელი (ლედი გაგას მენეჯერი).
ლედი გაგას პერფორმანსი MTV VMA-ის 2020 წლის დაჯილდოებაზე
ლედი გაგა ყოველთვის საკუთარი თავის სრულ და უკიდურეს ვერსიას წარმოგვიდგენდა. თითქოს ის ალბომების შესახებ ათწლეულით ადრე ფიქრობდა. მაგალითად, თქვენ ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ Cheek to Cheek-ს, თუ მოსმენილი არ გაქვთ Artpop, ისევე, როგორც Cheek to Cheek-ის გარეშე ბოლომდე ვერ გააანალიზებთ A Star is born-ს… გაგას ახალ ალბომში შესული სიმღერა Plastic Doll მიზანმიმართულად უკავშირდება მის ლეგენდარულ შემოქმედებას Bad Romance. ათწლეულზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მომღერალმა ვიდეოკლიპი გამოუშვა. ეს არის მანტრა, რომელიც პერმანენტულად მეორდება ნებისმიერი ადამიანის გონებაში. ეს არის სიმღერა, რომელიც აშენებულია ავისმომასწავებელ დეფორმირებულ მელოდიაზე, პანტომიმურ მელოდრამასა და გერმანულ ტექნომუსიკაზე.
Bad Romance-ის ინდუსტრიული და გოთური ჟღერადობით გაგამ პარანოიისა და მელანქოლიის „დემონი“ გამოუშვა. ეს არის უდიდესი კრეატიული კოლაბორაცია, სადაც გაგას შემოქმედებითმა პარტნიორმა, ალექსანდრ მაკქუინმა მუსიკასა და მოდას შორის ურთიერთობა მთლიანად გარდაქმნა. ეს არის სიმღერა, რომლის დებიუტი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Alexander McQueen-ის Plato’s Atlantis-ის შოუზე, 2009 წლის ოქტომბერში შედგა. კლიპის უშიშარმა თხრობამ ხაზი უნიკალური არტისტიზმის მნიშვნელობას გაუსვა, რითაც მუსიკალური ინდუსტრია გამოაცოცხლა და მას გარისკვისკენ უბიძგა. მარტივად რომ ვთქვათ, Bad Romance-მა და The Fame Monster-მა ინდუსტრია შეარხიეს. ამ უკანასკნელმა ინსპირაცია საშინელებათა ტროპებიდან მიიღო, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი (The Fame) იყო კონცენტრირებული.
გაგას ხშირად უწოდებენ „ქალს მომავლიდან“, რადგან მის ვიდეოკლიპებში არსებული თემები დღესაც ძალიან აქტუალურია. მოდის სამყაროსა და მუსიკალურ ინდუსტრიას სამუდამოდ ემახსოვრება 2010 წელს MTV VMA-ის დაჯილდოებაზე „ხორცის კაბით“ შემოსილი გაგა. ფრანკ ფერნანდეზის დიზაინით შექმნილი სამოსი გაგას მოდისადმი არსებულ უშიშარ გრძნობაზე მეტყველებდა, თუ როგორ გამოიყენა მომღერალმა ეს ყველაფერი საკუთარი პოლიტიკური რწმენის მხარდასაჭერად (როგორ უკრძალავდა Don’t ask, Don’t tell-პოლიტიკა LGBT სამხედრო საზოგადოებას სექსუალური იდენტობის გამოვლინებას). ლედი გაგა არის პოპვარსკვლავი, რომელიც LGBTQ საზოგადოების ინტერესებს უშიშრად ჯერ კიდევ 2010 წლიდან იცავდა.
პოპვარსკვლავის მკვეთრი, აშკარა აღფრთოვანება შემოქმედებით და ესთეტიკურ კომპრომისზე ყოველთვის უარს ამბობდა. გაგას ვიდეოკლიპებს აქვს განსხვავებული კონცეფცია, ორიგინალური ვიზუალიზაცია, ამაღელვებელი სიუჟეტი, პროფესიულად წარმოებული სიმღერები, შესანიშნავი ქორეოგრაფია, პარიკები, კოსტიუმები და საზრიანი ტექსტები… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ უმნიშვნელოვანესი დეტალებისა, რომლებიც დაუვიწყარს ქმნის გაგას შემოქმედებას. მისი მრავალფეროვანი საქმიანობა და სტილი იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც მან 2020 წელს MTV-ის ისტორიაში პირველი Tricon-ჯილდო მიიღო. მსოფლიოს არასდროს დაავიწყდება Paparazzi-ის პერფორმანსი, 2009 წლის VMA-ის დაჯილდოებიდან, როდესაც შესანიშნავი ვიზუალიზაციისა და ქორეოგრაფიის საშუალებით სულ რაღაც 4 წუთში გაგამ მანიაკური განსაზღვრებით დიდების ფატალისტური ზეიმი დადგა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეახსენო საზოგადოებას პოპკულტურის კონცეფცია. განსხვავებული მუსიკალური პროდუქტისა და ქორეოგრაფიული ნომრების პარალელურად, ის, რაც გაგას სხვა პოპვარსკვლავებისგან გამოარჩევს, ჩაცმის სტილია. წლების განმავლობაში ლედი გაგა იმ ადამიანთა რიცხვში შედიოდა, რომლის მუსიკას ხშირად მისი ეპატაჟური კაბები ჩრდილავდა. შემსრულებლის გარდერობმა პოპკულტურის ლანდშაფტი შეცვალა და მაღალი მოდა მეინსტრიმულ ცნობიერებამდე მიიყვანა. ლედი გაგას ეკლექტური იმიჯიდან შესაძლოა არ გახსოვდეთ სამოსის ლოგო, თუმცა მისი სილუეტი არასდროს დაგავიწყდებათ, რადგან გაგასთვის დიზაინერები ქმნიდნენ სამოსს, ის კი მოდას შემდეგ თავად ქმნიდა…
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც სტეფანი ჯოან ანჯელინა ჯერმანოტამ 2007 წელს პირველი ალბომი − The Fame გამოუშვა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლის დებიუტის შემდეგ ათწლეულზე მეტი გავიდა, გაგას არ დაუკარგავს ინდივიდუალური სტილი. მან მრავალფეროვანი საქმიანობის პარალელურად, შეინარჩუნა ავთენტურობა. მუსიკალურ ინდუსტრიაში წარმატების შემდეგ, გაგამ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო − „ოსკარი“ მოიპოვა, დააარსა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდი, რომელიც მსოფლიოს გარშემო მრავალფეროვანი ქალებისა და მამაკაცების ინდივიდუალური გარეგნობის წარმოჩენას ისახავს მიზნად, რამდენიმე თვის წინ კი მან MTV-ის ისტორიაში პირველი Tricon-ჯილდო მოიპოვა. წლები გადის, თუმცა ლედი გაგა საზოგადოების გაოცებას უწყვეტად აგრძელებს და გულშემატკივრებს უფრო და უფრო მეტ საინტერესო სიახლეს ჰპირდება.