თეო ზანგურაშვილის პროფესიული გზა განსაკუთრებულად საინტერესოა მათთვის, ვისაც ეშინია შეცდომების დაშვების და კომფორტის ზონიდან გამოსვლის. თეო თავდაპირველად სტარტაპების შექმნით დაინტერესდა, გამოცდილებამ კი ტექნოლოგიების უფრო სიღრმისეულად სწავლის სურვილამდე მიიყვანა და დამატებით სპეციალობად სწორედ ეს მიმართულება აირჩია. დღეს კი ტექნოლოგიური სტარტაპის ხელმძღვანელია, სამშენებლო ინდუსტრიის გაციფრულების მისიით და მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად, უპირველესად, მნიშვნელოვანია განსაზღვრო შენი მიზანი და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ იარო მისკენ. მიზნის მისაღწევ გზაზე კი კომფორტის ზონის დატოვება და დაბრკოლება ახალ შესაძლებლობად აქციო. თეო გვესაუბრება პროფესიული არჩევანისა და განვითარების გზებზე.
თეო, მოგვიყევით დღევანდელი თქვენი საქმიანობის შესახებ…
ჩემი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიებსა და ციფრული პროდუქტების შექმნას უკავშირდება. ვუძღვები რეგიონში პირველ სამშენებლო და სარემონტო მასალების აპლიკაციას, Buildy-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში. ჩვენი გუნდის მისია არის სამშენებელო სფეროს გაციფრულება და მომხმარებლისთვის რემონტის პროცესის გამარტივება. პარალელურად, ვკითხულობ ლექციებს ტექნოლოგიების მიმართულებით და ვცდილობ ჩემი წვლილი შევიტანო ამ ინდუსტრიის განვითარებაში.
ეს სფერო ძალიან სწრაფად ზრდადი და ცვალებადია, რაც ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობასა და გამოწვევას აჩენს და შენც გიბიძგებს, რომ მუდმივად სწავლის პროცესში იყო. ტექნოლოგიების სწორად გამოყენების შემთხვევაში, განვითარების ძალიან მაღალ საფეხურებს შეგვიძლია მივაღწიოთ თითქმის ყველა მიმართულებით ნებისმიერ ინდუსტრიასა თუ საქმიანობაში.
ჩემი პროფესიის ყველაზე საინტერესო ნაწილი, ციფრული პროდუქტების შექმნით, გლობალურად მიმდინარე ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში წვლილის შეტანა არის, რაც გულისხმობს სხვადასხვა ინდუსტრიებისა და გამოწვევებისთვის, ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მოფიქრებას და იმპლემენტაციას, რომლებიც გაამარტივებს როგორც ორგანიზაციების შიდა პროცესებს, ასევე მომხმარებლებს დააზოგინებს დროს და მარტივად ხელმისაწვდომს გახდის სხვადასხვა სერვისებს.
როგორი იყო თქვენი პროფესიული გზა? გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება…
ჩემი ტექნოლოგიებით დაინტერესება უნივერსიტეტს უკავშირდება. პროფესიის არჩევისას ამ მიმართულებით წასვლას ყველაზე ნაკლებად განვიხილავდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩაბარების შემდეგ, 2017 წელს, თავდაპირველად სტარტაპების შექმნით დავინტერესდი და ამ მიმართულებით გამოვცადე ჩემი შესაძლებლობები, ამან კი ტექნოლოგიების უფრო სიღრმისეულად სწავლის სურვილამდე მიმიყვანა და დამატებით სპეციალობად სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე.
შემდეგ ჩემი პროფესიული საქმიანობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Noxtton-ს უკავშირდება, სადაც ძალიან ბევრ საინტერესო ტექნოლოგიურ პროდუქტზე ვიმუშავე გუნდთან ერთად და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე.
დღეს ისევ სტარტაპ ეკოსისტემას დავუბრუნდი და ბოლო ორი წელია საგანმანათლებლო სექტორს შევუერთდი, ციფრული პროდუქტების კურსის ლექტორად ჩემს უნივერსიტეტში, BTU-სა და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში.
ცხოვრების ამ ეტაპზე რა მიგაჩნიათ წარმატების გასაღებად?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის განსაზღვრა, თუ ინდივიდუალურად ჩვენთვის წარმატება რასთან ასოცირდება, ამის აღმოჩენას დრო სჭირდება, გამოცდილების მიღება, შეცდომების დაშვება, სწავლა და საკუთარ თავთან დროის გატარება.
როცა გაიგებ, თუ რა არის შენთვის წარმატება, შემდეგი ნაბიჯები უკვე მარტივია, უკვე იცი, სად გინდა, რომ იყო. ამ ყველაფერს ემატება მოტივაცია და რწმენა, რომ იქამდე მისვლა შესაძლებელია, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თითქმის იქ ხარ, მხოლოდ გარკვეული დრო, მოთმინება და ყოველდღიურად თითო ნაბიჯის წინ გადადგმა ხდება საჭირო.
ჩემთვის წარმატება ერთი შეხედვით პატარა დეტალებში უფრო გამოიხატება, ვიდრე დიდ კარიერულ მიღწევებში, დროთა განმავლობაში ეს პატარა დეტალები უკვე ბუნებრივად ქმნის იმას, რაც უცხო თვალით უფრო მეტად „წარმატებულად“ წარმოგაჩენს. „პატარა“ დეტალები არის ყოველდღიურად იმის კეთება, რაც მოგწონს, გვერდით გუნდის ყოლა, რომელთან ერთადაც ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლია, ჰობების ქონა, რომელიც უფრო მეტად პროდუქტიულს გხდის და ის ადამიანები, ვინც გარშემო გყავს და შენი წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ ნაწილს წარმოადგენენ.
ასევე, წარმატების მნიშვნელოვანი გასაღები არის, რომ შენს ყოველდღიურ საქმიანობას ისე უყურო, როგორც დიდი მისიის ნაწილს, ვიდრე, უბრალოდ, სამსახურებრივ მოვალეობას. ისტორიულად ბევრი მაგალითი გვაქვს ორგანიზაციებისა და ადამიანების, როცა მსგავსი დამოკიდებულებით არა მარტო ბიზნესწარმატებას მიაღწიეს, არამედ საზოგადოების აზროვნების ცვლილებასა და განვითარებაში დატოვეს მნიშვნელოვანი კვალი.
როგორც ქალს, რა გამოწვევები და დაბრკოლებები გქონიათ პროფესიულ გზაზე?
მთავარი გამოწვევა, რაც ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ყველა გოგომ გაიაზროს ის, რომ ხშირად ჩვენ თვითონ ვუწესებთ საკუთარ თავს შეზღუდვებს პროფესიის არჩევის დროს, გადაწყვეტილებების მიღებისას. გარემომ შეიძლება ხშირად დაგვაჯეროს, თითქოს კონკრეტულ ჩარჩოს უნდა მოვერგოთ, რისი შეცვლაც თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების საწყისი წერტილი თავად ჩვენ ვართ.
მე ძალიან გამიმართლა, რადგან პირველივე სამსახურში მყავდა და დღემდე მყავს ისეთი მენტორები, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს განვითარებაში როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. მათთან ერთად ვისწავლე დაბრკოლებების გადალახვა, ამან უფრო გამბედავი გამხადა.
ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კომფორტის ზონიდან გამოსვლა იყო, რადგან არ მიყვარდა ჩემს საქმიანობასა და მიღწევებზე საუბარი და მსგავსი გამოცდილება, ვიცი, რომ ბევრ გოგოს შეიძლება ჰქონდეს. როცა შენს მიღწევებს სათანადოდ არ აფასებ, ეს ბევრი კუთხით შეგიქმნის დაბრკოლებას, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ სწორი დამოკიდებულა არ მქონდა, რადგან შენი გამოცდილების გაზიარებით თუ შეგიძლია სხვას ოდნავ მაინც მოტივაცია მისცე ან მაგალითი აჩვენო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო.
რა გიბიძგებთ, რომ განვითარდეთ და წინ იაროთ?
მცირე შედეგებისა და ცვლილებების დანახვა ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია იმის, რომ შენი საქმე გააგრძელო კიდევ უფრო მეტი შემართებით და ენერგიით, როცა ერთხელ დაინახავ შედეგს, მერე ამაზე ერთგვარი დამოკიდებულება (Addiction) გიჩნდება და უკვე ვერანაირი დაბრკოლება ვეღარ გაგაჩერებს.
ასევე, უფრო დიდი მისიის ქონა ყოველთვის კარგი ხელსაწყოა იმისთვის, რომ საქმის კეთების დროს გზაში მოტივაცია არ შემოგაკლდეს, ხოლო თუ მაინც იგრძნობ მის ნაკლებობას, ყოველთვის შეგიძლია საწყის წერტილს მიუბრუნდე და იქ პასუხები აუცილებლად დაგხვდება.
რჩევა ქალებს…
ჩემი რჩევა, პირველ რიგში, იქნება, დრო დაუთმოთ საყვარელი საქმის ძიებას და პარალელურად ამ პროცესით ისიამოვნოთ. ხშირად შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ყველაფრის მოსასწრებად და გასაკეთებლად ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ ასე არ არის, თქვენს მიზნამდე ზუსტად საჭირო დროს მიხვალთ, მთავარია, ყოველდღიურ საქმიანობაში ამ მიზანზე ფოკუსი შეინარჩუნოთ.
ცოდნისა და სწავლის გარეშე რომ რთულია ცვლილებების განხორციელება, ეს ყველამ ვიცით, ყველაზე კარგი ხელსაწყო კი ისაა, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში სხვადასხვა ფორმით მოვახდინოთ სწავლის პროცესის ინტეგრაცია. ეს შეიძლება იყოს პერიოდულობით ახალი კურსების გავლა, ისეთ პროექტებზე მუშაობა, სადაც გამოცდილება არ გვაქვს და ვიცით, რომ რაღაც ახალს ვისწავლით, ახალი ადამიანების გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება და ა.შ.
კომფორტის ზონიდან გამოსვლა ასევე არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ აქაც შეგვიძლია ყოველდღიური, პატარა დავალებების ინტეგრირება მოვახდინოთ და ეტაპობრივად შევცვალოთ ჩვენი ქცევა.
სამომავლო გეგმები.
ჩემი გეგმები, პირველ რიგში, ჩემს გუნდთან ერთად ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანას და სამშენებლო სფეროსთვის ახალი და უფრო თანამედროვე ფორმის მიცემას უკავშირდება. ასევე, საგანმანათლებლო სექტორში კვლავ ვგეგმავ აქტიურ ჩართულობას, ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი