„ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი მსოფლიო მოდისა და სამოდელო ბიზნესის სფეროში“
თვლის, რომ თუ დროის მენეჯმენტს კარგად გადაანაწილებ, თავისუფლად შეძლებ ერთდროულად იყო პროფესიონალი საკუთარ საქმეში, კარგი ხელმძღვანელი, ყურადღებიანი მეუღლე, მეგობარი და აქტიური მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში თუ საკუთარ ქალაქში მიმდინარე არაერთ საინტერესო აქტივობაშია ჩართული. ნამუშევრები რომელსაც ქმნის, გამორჩეულია სხვადასხვა ფერთა შერწყმით, მიაჩნია, რომ სწორედ აღნიშნული მიდგომა ქმნის და ხაზს უსვამს მისი, როგორც დიზაინერის ინდივიდუალიზმს, რაც ადამიანების ყურადღების მიღმა არასდროს რჩება. ამბობს, რომ გაუმართლა, დაიბადა და ცხოვრობს იმ ქალაქში, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით, აურით, ენერგიით, არქიტექტურით, აძლევს უდიდეს ინსპირაციას, სტიმულს რომ უფრო მეტი შემართებით აკეთოს მისთვის საყვარელი საქმე, საქმე, რომელსაც არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ არაერთი გულშემატკივარი ჰყავს. რომელი მიღწევით ამაყობს ყველაზე მეტად, რომელი კინოვარსკვლავის დიზაინერი იქნებოდა სიამოვნებით, რა გეგმები აქვს სამომავლოდ – აღნიშნულ კითხვებზე პასუხები წაიკითხეთ OK! ბათუმის ინტერვიუში, რომლის სტუმარიც დიზაინერი, თავისივე სახელობის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი ია ღონიაძეა.
როგორი იყო გზა წარმატებამდე…
ბავშვობიდან დედას თეატრში და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე დავყავდი, ალბათ, აქედან დამეწყო ლტოლვა ლამაზი სანახაობებისა და საგნების მიმართ. ხატვაც ადრეული ასაკიდან დავიწყე, მშობლებმა გადაწყვიტეს ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ხატვის წრეზე შევეყვანე, სადაც 6 წელი დავდიოდი. შემდეგ ჩემი ფერწერული ნამუშევრებით დაინტერესდა ცნობილი ქართველი მხატვარი, ბათუმში არსებული ძველი საზაფხულო თეატრის მხატვრობის ავტორი, ანტონ ფილიპოვი, რომლის პატრონაჟით 4 წელი ვაგრძელებდი ფერწერის შესწავლას. ვმონაწილეობდი სხვადასხვა საბავშვო გამოფენებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის გარეთ, თურქეთსა და შვეიცარიაში. სკოლის დასრულების შემდეგ საშუალება მქონდა ამერჩია ფერწერის, გრაფიკის ან ტანსაცმლის მხატვარ-მოდელიორის სპეციალობის ფაკულტეტი. იქიდან გამომდინარე, რომ მიდრეკილება მქონდა ტანსაცმლის დეკორირებისკენ, ადრეული ასაკიდან მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის თოჯინებით ვაკეთებდი სხვადასხვა ჩვენებებსა და პერფორმანსებს, ჩავაბარე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტზე, რასაც ნამდვილად არ ვნანობ, რადგან ეს სფერო აღმოჩნდა ის, რამაც ჩემში დიდი ინტერესი და სიყვარული გამოიწვია. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში ძალიან კარგი და მაღალკვალიფიციური პედაგოგიური ჯგუფი დამხვდა და იმ დროისათვის ამ სფეროში რაც ისწავლებოდა, კომპოზიციიდან დაწყებული, კონსტრუირებით დამთავრებული ყველაფერი ვისწავლე. ასე აღმოვჩნდი ჩემთვის საყვარელ და სასურველ მოდის სფეროში, სადაც, თავდაუზოგავი შრომაც კი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
როდის აღმოაჩინეთ, რომ თქვენთვის დიზაინი მხოლოდ საყვარელი საქმე არ არის, არამედ ის სფეროა, რომელსაც მთელ ცხოვრებას დაუთმობდით?
სკოლის დამთავრებისთანავე ცხადი გახდა, რომ ტანსაცმლის მოდელირებაზე ვაბარებდი და აქტიურად დავიწყე ამ დარგის შესწავლა. იმდენად საინტერესო და ორგანული მომეჩვენა, რომ მივხვდი, ეს არის სფერო, სადაც სრულად შევძლებდი ჩემი ნიჭისა და პოტენციალის გამოვლენას.
იყო დიზაინერი ნიშნავს…
ჩემთვის ნიშნავს ემსახურო სილამაზეს, შენი შექმნილი ტანსაცმლით მომხმარებელსა და ირგვლიმყოფებს მიანიჭო ესთეტიკური სიამოვნება, ასევე შენი სათქმელი, პროტესტი, ან სხვა რამ გამოხატო შენივე შექმნილი ტანსაცმლით.
მოგვიყევით თქვენს სააგენტოზე…
ვარ ჩემი სახელობის სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი, ბათუმში. ჩვენი სამოდელო სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში გამართულ სხვადასხვა მოდის კვირეულთან, ფესტივალთან. ასევე ჩართულები ვართ მოდის და სარეკლამო სფეროსთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტივობებში, სააგენტოს ბაზაზე გვაქვს ფოტოსტუდიაც. ჩვენი მოდელები არაერთხელ გამხდარან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამართული კონკურსების მონაწილე და გამარჯვებული. მაგალითად, ჩვენი მოდელები ყოველწლიურად მონაწილეობენ Elite Model Look-ის კონკურსში, რომელსაც საქართველოში მართავს სამოდელო სააგენტო IC Model Management-ი, ია კიწმარიშვილი. აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული სხვადასხვა წლებში იყვნენ ჩვენი სააგენტოს მოდელები: დიანა იშოევა, ანასტასია იგონინა და დანიილ ზოლოტაროვი. ასევე, ვმონაწილეობდით მის საქართველოს კონკურსებში. აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროპისა და აზიის სხვადასხვა ცნობილ იმიჯ, სარეკლამო და სამოდელო სააგენტოებთან.
როგორია სამოსი, რომელსაც თქვენ ქმნით?
ჩემი სამოსი, უპირველეს ყოვლისა, არის დამკვეთზე და კლიენტზე ორიენტირებული, მასზე მორგებული, ყველა მისი ინდივიდუალური დეტალის გათვალისწინებით. ესთეტიკურად ლამაზი აღსაქმელი, ხარისხიანი, ვცდილობთ მსოფლიო მოდის ტენდენციების გათვალისწინებასაც. რა თქმა უნდა, შემაქვს ჩემი ინდივიდუალური შტრიხებიც, რაც ყოველთვის შესამჩნევია.
მათ ვისაც აინტერესებს თქვენი ნამუშევრები, სად შეუძლიათ მათი ნახვა, დათვალიერება, შეძენა?
ჩემი სახელობის ბრენდის ტანისამოსის შეძენა, დღეს, არსებული პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით, შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით, შეუძლიათ ასევე გვეწვიონ სახელოსნოსა და შოურუმში, რომელიც ბათუმში მდებარეობს. პანდემიამდე ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო თბილისში, მოსკოვში, ბერლინსა და ჰამბურგში.
არაერთი წარმატება გხვდათ წილად, მუდმივად ცდილობთ ფეხი აუწყოთ მოდის თანამედროვე ტენდენციებს, რა არის თქვენი მოტივატორი ასეთ დროს, რა გაძლევთ ძალას მუდმივად იყოთ ფორმაში და ქმნიდეთ საინტერესო პროდუქციას?
სხვათა შორის, პანდემიამდე აქტიურად ვიყავით ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, რომელიც საქართველოში იმართებოდა და არამარტო საქართველოში, ყოველწლიურად ვმონაწილეობდით ბათუმსა და თბილისში გამართულ მოდის კვირეულებზე, პანდემიამდე ორჯერ ვმონაწილეობდით ბერლინის მერსედესის მოდის კვირეულში. ასევე, მინდა გითრათ, რომ ევროპის სხვადასხვა ქალაქებში გამართულ შოურუმებში, წელიწადში ორჯერ ვახერხებდით მონაწილეობას. ისეთი დატვირთული გრაფიკით ვმუშაობდით, რომ წელიწადში ვაკეთებდით 4 კოლექციას, გვქონდა მინი საწარმო, სადაც დასაქმებული იყო 22 ადამიანი, მაგრამ მსოფლიო პანდემიამ გეგმები შეგვიცვალა და ახლა, იძულებულები ვართ, როგორც სხვა ჩემი კოლეგები, მოვერგოთ დღევანდელ რეალობას.
მიღწევა, რომელიც ყველაზე მეტად გეამაყებათ…
ყველაზე დიდი მიღწევაა ის, რომ ჩვენი სააგენტოს მოდელები გავიდნენ საერთაშორისო არენაზე. ჩვენმა სამმა მოდელმა Elite Model Look-ის კონკურსში გამარჯვების შემდეგ აქტიურად დაიწყეს ევროპისა და აზიის ქვეყნებში მოღვაწეობა, ასევე, გვყავს ტოპ-მოდელები, რომლებიც ყოველთვის მონაწილეობენ მერსედესის მოდის კვირეულებში. მათ აქტიურად იღებენ სხვადასხვა დიზაინერები, თავიანთ სარეკლამო კამპანიებში. ასევე, ვამაყობთ იმით, რომ ბერლინის მერსედესის მოდის კვირეულზე ჩვენი სამოსით დაინტერესდნენ ბაიერები და მათ შოურუმებში განთავსდა ჩვენი ტანისამოსი. პირველ რიგში, ბერლინსა და გერმანიის სხვა უმსხვილეს ქალაქებში ჰამბურგსა და დრეზდენში, ასევე რუსეთისა და უკრაინის ქვეყნების ბაიერებიც ძალიან დაინტერესებულები არიან ქართველი დიზაინერებით და ჩვენც აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან.
რომელი ფერები სჭარბობს თქვენს კოლექციაში?
ფერებთან დაკავშირებით მაქვს ჩემი, ინდივიდუალური ხედვა. რადგანაც ფერმწერიც ვარ, მიყვარს ჩემს ტანისამოსში სხვადასხვა ფერების გამოყენება, მათი სინთეზი, ასევე ისეთი ფერების შეხამება, რომლებიც, როგორც წესი, აკადემიურად ერთმანეთან არ არიან შეხებაში და ეს ყოველთვის გამორჩეულს ხდის ჩემს ტანისამოს.
რომელი ცნობილი ადამიანის დიზაინერი იქნებოდით სიამოვნებით?
ალბათ, რომელიმე კინოვარსკვლავის. მაგალითად, წარსულში სიამოვნებით ვიქნებოდი ყველასთვის საყვარელი ქართველ მსახიობის ლიკა ქავჟარაძის დიზაინერი. ასევე, მსოფლიო კინოვარსკვლავის მერლინ მონროს, დღეს კი, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ლედი გაგასთან.
თავად ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?
პირველ რიგში, უპირატესობას კომფორტს ვანიჭებ. ტანისამოსი უნდა იყოს კომფორტული, უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის აღნაგობას, მის სილუეტს, პროპორციებს, სოციალურ სტატუსს და ა.შ. იქიდან გამომდინარე, რომ კარგად ვიცნობ ჩემს სხეულს, ვიცი რა მიხდება და რაში ვგრძნობ თავს კომფორტულად.
ქალაქი, რომელშიც ცხოვრობთ, როგორც დიზაინერს, რა ენერგიას გაძლევთ, რას გკარნახობთ მუშაობისას?
ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი, სადაც გავიზარდე და ვმოღვაწეობ. მიყვარს ჩემი კუთხის ბუნება, ზღვა და ძველი ბათუმის არქიტექტურა. ჩემი ქალაქის ხმა, აურა, არქიტექტურა და გარემო მაძლევს ძალიან დიდ ინსპირაციას.
როგორ ახერხებთ ერთდროულად იყოთ ყურადღებიანი მეუღლე, მეგობარი და პროფესიონალი?
თავიდან ძალიან ძნელი იყო ამდენი საქმის მართვა, შემდეგ, დროთაგანმავლობაში, ვისწავლე დროის მენეჯმენტი, პირადი, თანამშრომლებისა და სხვა ადამიანების რესურსების სწორად მართვა და გამოყენება. ასე რომ, ამ ეტაპზე მიადვილდება ვიყო, მეუღლე, დიზაინერი, სამოდელო სააგენტოს ხელმძღვანელი და, სხვათა შორის, აქტიური მოქალაქე.
ტენდენციების მიხედვით, რომელი სტილის და ფერის სამოსია მოდაში? დღეისთვის მსოფლიო მოდა იმდენად ღრმა კრიზისშია, რომ ტენდენციები, რომელსაც ყოველ სეზონზე გვთავაზობდა, სხვადასხვა ბრენდები გაფერმკრთალებულია. ტენდენცია მიდის იმისკენ, რომ მომხმარებელი გადაერთვება ხარისხიან და მაღალფასიან ტანისამოსზე, რომელიც გაუძლებს დროს და ტენდენციებს. წელს სხვადასხვა დიზაინერები სხვადასხვა სტილის ტანსაცმელს სთავაზობენ მომხმარებლებს. ბოლო წლებია ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მოდაზე და მოდის ტენდენციებზე ბალენსიაგას ბრენდი და ბრენდის დიზაინერი ჩვენი თანამემამულე დემნა გვასალია, რომელსაც პირადად ვიცნობ. ასევე, ვიცნობ მის ძმას გურამს და მინდა გითხრათ, ბავშვობაში ისინი ძალიან ხშირად სტუმრობდნენ ჩვენს ქალაქს.
თანადგომა….
თანადგომა, როგორც შემოქმედისთვის, ასევე ბიზნესსაქმიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ, როგორც ადამიანურ, ასევე ფინანსურ თანადგომას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემს სფეროში.
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი და თქვენი სააგენტოს საქმიანობა რამდენიმე წლის შემდეგ?
რამოდენიმე წლის შემდეგ ვერ გეტყვით ჩემი ბიზნესი როგორ წარმომიდგენია. დღეს იმდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და იმდენად დიდია პანდემიის გავლენა, რომ იმის ანალიზი და პროგნოზირება რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ, ძალიან ძნელია. ერთი რამ კი დანამდვილებით ვიცი, ჩემს სათქმელს აუცილებლად ვიტყვი მსოფლიო მოდისა და სამოდელო ბიზნესის სფეროში.
ჟურნალისტი: ნანა აბულაძე
ფოტო: ოლგა ოგიენკო