დროსთან ერთად ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს ცხოვრებაში სერიოზული გამოწვევები ჩნდება. თეასა და მარიამის ურთიერთობაც სწორედ ასეთ ეტაპზე გაღრმავდა. მძიმე დიაგნოზის პერიოდში თეა ადუაშვილმა შვილში ემოციური მხარდაჭერის გარდა სიმტკიცე და პასუხისმგებლობის აღების მზაობა დაინახა – ამ რთულ დროს მარიამი მართავდა დედის დაწყებულ საქმეებს: ბიზნესს, ასოციაციასა და ფონდის საქმიანობას. მარიამისთვის კი ეს იყო პერიოდი, როცა დედისგან ნასწავლი შრომისმოყვარეობა და სტრატეგიული ხედვა პრაქტიკაში გამოიყენა. დღეს ისინი ერთმანეთისთვის არა მხოლოდ დედა და შვილი, არამედ პარტნიორები არიან. გადაწყვეტილებებს ერთად იღებენ, პროექტებს ერთობლივად მართავენ და განსხვავებულ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ. ქალბატონი თეა ოთხი შვილის დედაა და თითოეული მათგანისთვის – დიდი ძალა. არ გაჩერდე და შექმენი მაშინაც, როცა რთული პერიოდი გაქვს, ეს მათი მთავარი მოტივაციაა.
სტატიაში კიდევ რვა ქალის ისტორიას გაგიზიარებთ, ისინი „ბედნიერების ვექტორის“ წევრები არიან, სივრცის, რომელიც თეას ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე გამოცდილებისა და მხარდაჭერის პლატფორმად ჩამოყალიბდა. თითოეული ქალი საკუთარ ისტორიას გვიყვება, როგორ იქმნება წარმატება მაშინ, როცა შრომას თან ახლავს ქალების გვერდში დგომა, გამოცდილების გაზიარება და გამბედაობა.

როდის იყო პირველი მომენტი, როცა ერთმანეთში არა უბრალოდ, დედა და შვილი, არამედ ძლიერი ადამიანი დაინახეთ?
თეა: პირველად მარიამში სიძლიერე მაშინ დავინახე, როცა ჩემი დიაგნოზის გაგების შემდეგ, არ დაიბნა. ცრემლები მოიწმინდა და მითხრა, დედა მე შენ გვერდით ვარ, არაფრის არ შეგეშინდეს და ყოველთვის გქონდეს ჩემი იმედი. იმ წამს მივხვდი, რომ მარიამი ჩემს სამ ბიჭთან ერთად დიდი იმედი და საყრდენია.
მარიამი: ბავშვობიდან დედა ჩემთვის ძლიერი პიროვნებაა. მისი ბრძოლისუნარიანობა, საქმისადმი შემართება, კეთილშობილება ჩემზე დიდ გავლენას ახდენდა. განსაკუთრებით მეამაყება მისი წვლილი ადამიანების დახმარებისა და განვითარების პროცესში. პანდემიის დროს მან დააარსა ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია, ხოლო მოგვიანებით, სიმსივნესთან ბრძოლისა და ქიმიოთერაპიის პერიოდში, დაიწყო „ბედნიერების ვექტორის“ ახალი პროექტების შექმნა. ასევე, ოპერაციიდან ზუსტად 2 თვეში ჩამოვაყალიბეთ ერთად საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის გადასარჩენად“. სწორედ მაშინ მივხვდი – სიძლიერე ის არის, როცა ყველაზე რთულ დროსაც არ ჩერდები.
დღეს თქვენს ურთიერთობაში ვინ ვის უფრო მეტად ასწავლის?
მარიამი: დღეს უკვე პარტნიორები ვართ. ბევრ საკითხზე ერთად ვმსჯელობთ, ვაანალიზებთ, ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც. დედა მიზიარებს თავის გამოცდილებას, აქვს ძალიან საინტერესო იდეები და ჩემთვის დიდი ბედნიერებაა მასთან ერთად პროექტებზე მუშაობა. თუმცა მთავარი ის არის, რომ მეგობრები ვართ, საუკეთესო მეგობრები. გვაქვს ერთმანეთის იმედი და შეგვიძლია გულწრფელად ვისაუბროთ ყველაფერზე, მათ შორის შეცდომებზეც. ვფიქრობ, სწორედ ეს ამყარებს ჩვენს პროფესიულ თანამშრომლობას.
თეა: ახლა ეს უკვე ორმხრივი პროცესია. ხშირად მარიამისგან ვსწავლობ ახალ ხედვას. ეს ურთიერთობა დედაშვილობაზე მეტია.

მარიამ, პირველი პროფესიული წინ გადადგმული ნაბიჯის დროს დედის რა სიტყვა გახსენდებათ?
დედამ ყველაზე დიდი ძალა იმაში მომცა, რომ საკუთარი თავის რწმენა ჩამინერგა. როცა თუნდაც ერთ ადამიანს და მითუმეტეს დედას, სჯერა შენი, ეს უდიდესი ძალაა. თეა ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ ჩემი იმედი აქვს, და მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ ეს ნდობა გავამართლო.
ქალბატონო თეა, იყო თუ არა მომენტი, როცა მიხვდით, რომ თქვენი შვილი თქვენზე ძლიერი აღმოჩნდა?
დიახ, როცა ჩემი ჯანმრთელობის ფონზე რამდენიმე მიმართულება ერთდროულად აიღო საკუთარ თავზე – ბიზნესიც, ასოციაციის და ჩვენი ფონდის საკითხებზე მუშაობა. მე ემოციურად რთულ ეტაპზე ვიყავი, ის კი საოცრად მყარად იდგა. მაშინ მივხვდი, რომ უკვე სრულად შემეძლო მასზე დაყრდნობა.
რა თვისებები გაერთიანებთ?
შრომისმოყვარეობა, პრინციპულობა, პასუხისმგებლობა საქმის მიმართ და ამბიცია, რომ შეგვიძლია ერთად მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთოთ.
ქალბატონო თეა, რას ნიშნავს იყო წარმატებული და ამავდროულად, დედა?
მე ოთხი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ. ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება კარგი შვილის დედობაა. ყველაზე დიდი მიღწევაა, როცა ხედავ, რომ ის უკვე შენი პარტნიორია. ამ დროს მშობელი ყოველთვის სიამაყით ივსება.
მარიამ, ფიქრობდი თუ არა, რომ დედის იმედებს ვერ გაამართლებდი?
არა. დედა ბავშვობიდან მასწავლიდა, რომ განსაკუთრებული ვარ და შემიძლია ნებისმიერი გამოწვევის გადალახვა. ის ყოველთვის მხარს მიჭერდა, მაძლევდა რჩევებს და თუ შეცდომას ვუშვებდი, გულწრფელად მეუბნებოდა, რომ უნდა გამომესწორებინა და საკუთარ თავზე მეტი მემუშავა. დედა ხშირად ამბობს: „დიდი წარმატება დიდი შრომის შედეგია“. ეს ჩემთვის ცხოვრების წესად იქცა. თეასგან შრომისმოყვარეობა ვისწავლე. ბავშვობიდან ვხედავდი, რამდენს შრომობდა. ხშირად ძალიან გვიან ბრუნდებოდა სახლში და დასვენების დღეებშიც მუშაობდა. ასევე, მისი კრეატიულობა და სტრატეგიული ხედვა. დედა ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით წინ ფიქრობს და იდეებს ბოლომდე ახორციელებს.
როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობთ ერთმანეთის წარმატებაში?
მარიამი: დედის იდეებს ყოველთვის მხარს ვუჭერ და აქტიურად ვარ ჩართული პროექტების მართვაში. მაგრამ ამაზე მეტად მისი საყრდენი ვარ. ყოველთვის გვაქვს ერთმანეთის იმედი.
თეა: მარიამი ჩემი დიდი იმედია და ეს ძალიან დიდი ძალაა.
რომ არა ეს ურთიერთობა, იქნებოდით ისეთი, როგორებიც დღეს ხართ?
მარიამი: ცალსახად არა. დედა ჩემთვის უდიდესი მაგალითია, რომლისგანაც ყოველდღე ვსწავლობ როგორც პროფესიულად, ისე ცხოვრებისეულად.
თეა: ჩვენ ერთმანეთის მეგობრები და პარტნიორები ვართ. ყოველთვის გვაქვს ერთმანეთის იმედი და ვფიქრობ, სწორედ ამან მოგვცა ძალა, რომ რთულ პერიოდშიც არ გავჩერებულიყავით – არამედ შეგვექმნა.

სალომე ვაშალომიძე (ექიმი, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრი, ნარკოლოგი): ჩემი პროფესიული გზა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. ახალგაზრდა ექიმისთვის თავის დამკვიდრება ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქიატრიას ეხება. ძალიან რთული იყო თავის გატანა. დაბალი ანაზღაურებისა და არასტაბილურობის მიუხედავად, უდიდეს შრომას ვწევდი, რომ პროფესიული ადგილი მომეპოვებინა. პირველად მაშინ ვიგრძენი საკუთარი თავის ძალა, როცა ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესება დავინახე, დავინახე მშობლის მადლიერება და რთული შემთხვევის წარმატებით მართვა. იმ მომენტებში მივხვდი, რომ სირთულეები არ მაჩერებდა, პირიქით, ისინი მაძლიერებდა. დღეს ვფიქრობ, რომ სწორედ დამოუკიდებელმა მუშაობამ და სირთულეებთან პირისპირ დგომამ მომცა გამოცდილება, თავდაჯერება და პროფესიული სიმტკიცე.
ჩემთვის „ქალები ქალებისთვის“ ნიშნავს სოლიდარობას კონკურენციის ნაცვლად. ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთის წარმატება საფრთხედ კი არ აღვიქვათ, არამედ მოტივაციად. ჩვენ ძალიან დიდი როლი გვაქვს ერთმანეთის ცხოვრებაში. ზოგჯერ ერთი სიტყვა, ერთი რჩევა, ერთი მხარდაჭერა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. „ბედნიერების ვექტორი“ ჩემთვის მხოლოდ ორგანიზაცია ან გაერთიანება არ არის. ეს არის ადგილი, სადაც წარმატებულ ქალბატონებთან ერთად არიან უზომოდ მოსიყვარულე, მორწმუნე, გულწრფელი და ერთმანეთის გვერდში მდგომი ადამიანები. იქ კონკურენცია არ იგრძნობა, იგრძნობა თანადგომა. ბევრი ვერ აღწევს წარმატებას, მიუხედავად ცოდნისა და გამოცდილებისა, რადგან ეშინია მარცხის ან არგაბედვის. სწორედ ამიტომ სხვა ქალების ისტორიები, მაგალითები და გამოცდილება ჩემთვის ყოველთვის იყო ინსპირაცია – ისინი მაძლევდნენ გამბედაობას, რწმენასა და იმედს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

მაია ლომთათიძე (შპს „აგრობესტ გეო“, ფინანსური დირექტორი): ჩემი კარიერის დასაყისი საკმაოდ გვიან – 28 წლის ასაკში დაიწყო ერთ-ერთ საფინანსო ორგანიზაციაში. მახსოვს, ახალი პროგრამის დანერგვას გეგმავდნენ და მის პარალელურად ძველი სისტემის შენარჩუნებაც იყო საჭირო. ამ გამოწვევას წარმატებით გავართვი თავი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ სირთულე ვერასოდეს დამხევდა უკან. უამრავი მანდილოსნის გვერდით მომიწია მუშაობამ და თითოეულმა მათგანმა დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ერთმანეთის მხარდაჭერა, მეგობრული რჩევები და პროფესიული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ასაკოვანი ქალბატონების ცხოვრება და მოღვაწეობა კი ყოველთვის მაგალითია მომავალი თაობისთვის, ამიტომ ცხოვრების არცერთ ეტაპზე არ გვაქვს უფლება, ცხოვრებას დავნებდეთ. ქალი მართლაც რომ ბედნიერების ვექტორია… ქალი ყოველთვის თავაწეული და ძლიერი უნდა იყოს, მიუხედავად მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა , ქალი ბედნიერებისგან უნდა ბრწყინავდეს და არ არსებობს დაბრკოლება, რასაც სუსტი სქესი ვერ გადალახავს. ჩემთვის ძლიერ ქალებთან ურთიერთობა უფრო ალბათ ემოციური მხარდაჭერა და მაგალითი იყო, ჩემ წინ იდგა და ახლაც დგას ძლიერი, შემდგარი ადამიანი, მანდილოსანი, ჩემზე საკმაოდ დიდი, ვის თვალწინაც გავიზარდე. ყოველთვის ვეუბნები: შენ არ გაქვს უფლება, ჩაიმუხლო, რადგან მე შენ გიყურებ და იმედით ვივსები.
ცხოვრება მრავალფეროვანია და ციცაბო, ეკლიანი აღმართი, მაგრამ თავს არ უნდა მისცე უფლება, დაიჩოქო. თავი უნდა გიყვარდეს და სიძნელეებს არ შეუშინდე, შენ ყველაფერი გამოგივა. ეს არის ჩემი მესიჯი ქალბატონებისათვის.

მაკა ცუცქირიძე (სამედიცინო ცენტრ „ციტოს“ თერაპევტი, ოჯახის ექიმი, გასტროენტეროლოგი): ადრეული ასაკიდანვე არჩეულმა ექიმის პროფესიამ და მედიცინაში 25-წლიანმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ დამანახა, რომ ექიმობა არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ადამიანებთან ნდობაზე აგებული ურთიერთობის გზა. ეს გზა თავისთავად გიყალიბებს საკუთარი თავის რწმენას და გაძლევს შინაგან სიმტკიცეს. დედაც ექიმია, ამიტომ პროფესიის არჩევა არასოდეს გამჭირვებია. მისი პროფესიული წარმატება ჩემთვის მაგალითი იყო. ვინ უნდა ყოფილიყო ჩემი შთაგონების წყარო, თუ არა ის? მისგან ვისწავლე მთავარი – ვიყო გულწრფელი, რადგან სწორედ გულწრფელობას მოაქვს შინაგანი თავისუფლება. ასევე ვისწავლე ემპათია, სხვისი წარმატების გულწრფელი სიხარული და გაზიარება. ქალებს განსაკუთრებულად შეუძლიათ თანადგომა, წახალისება, ემოციების აღიარება და მხარდაჭერა. „ბედნიერების ვექტორი“ ჩემთვის არის სივრცე, სადაც ერთმანეთის პროფესიული მიღწევებით ვხარობთ, ენერგიით ვივსებით და საინტერესო პროექტების საშუალებით გამოცდილებას ვაგროვებთ. მადლობა „ბედნიერების ვექტორის“ დამფუძნებელს, ქალბატონ თეას, ის ამ ჯგუფის წევრი ქალბატონებისთვის სამაგალითო ლიდერად იქცა. ჩემი პროფესიის ახალბედა კოლეგებს ვურჩევ, არ შეეპაროთ ეჭვი საკუთარ არჩევანში. მართალია, რთული გზა ელით, მაგრამ საკმარისია ერთხელ მაინც გაიფიქროთ, რომ ადამიანების კეთილდღეობა თქვენი მთავარი პრიორიტეტია. ყველაზე დიდი ჯილდო კი მათი მადლიერებაა. ეს არის ძალა, რომელიც ყველა სირთულეს გადაგალახვინებთ.

ნონა ანსიანი (კოოპერატივი „დმ-ანსი“, დირექტორი. რძის პროდუქტების საწარმო „შვანრეს“ დამაარსებელი): ჩემი პროფესიული გზა დაიწყო დიდი ინტერესით, მინდოდა, საკუთარი თავი სწორედ ამ სფეროში გამომეცადა. მიუხედავად არაერთი სირთულისა, შევძელი გამოწვევებთან გამკლავება და ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიე წარმატებას. გარდამტეხი მომენტი იყო ის დღე, როცა პირველად დავინახე ჩემი შრომის რეალური შედეგი, ამან კიდევ უფრო გამიმყარა რწმენა, რომ სწორ გზაზე ვიდექი. ჩემს ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა დედამ მოახდინა. სწორედ მან დაიწყო ეს ბიზნესი და თავიდანვე მაჩვენა, რას ნიშნავს შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და საქმის სიყვარული. მისგან ვისწავლე, რომ წარმატება მოდის მაშინ, როცა გამოწვევების არ გეშინია და ბოლომდე ერთგული ხარ საკუთარი საქმის. მისი მაგალითი დღემდე ჩემი მთავარი მოტივაციაა. ჩემთვის „ქალები ქალებისთვის“ ნიშნავს მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთმანეთის გაძლიერებას. როცა ქალები ერთმანეთს ვუჭერთ მხარს, წინსვლა უფრო მარტივი ხდება. ვფიქრობ, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია იყოს მოტივაცია სხვებისთვის, ერთად კი შეგვიძლია შევქმნათ სივრცე, სადაც წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია. „ბედნიერების ვექტორმა“ მასწავლა, რომ ბედნიერება მხოლოდ პირადი მიღწევებით არ იზომება. ამ გამოცდილებამ გამიჩინა თანაგრძნობა და სურვილი, ვიყო საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლო. სხვა ქალების გამოცდილებამ დამანახა, რომ ჩემს გზაზე მარტო არ ვარ. მათი მხარდაჭერა და გულწრფელი რჩევები რთულ მომენტებში დიდ ძალას მაძლევდა. მინდა ქალბატონებს ვუთხრა, გჯეროდეთ საკუთარი თავის და არ გაჩერდეთ. ყველაზე დიდი წარმატება მაშინ მოდის, როცა ეჭვების მიუხედავად, გაბედავთ.

მერი სუხაშვილი (ექიმი-თერაპევტი): 25 წელი ვიმუშავე დასავლურ მედიცინაში. ბოლო 22 წელია ვთანამშრომლობ ჩინურ ტიბეტურ კომპანია Tiens-თან. ამ კომპანიაში მუშაობისას დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი ჩემი კოლეგის, ეთერ მუზაშვილისგან. გავიდა წლები და თავად გავხდი კომპანიის ერთ-ერთი ლიდერი, ჩემი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავიდა, გავხდი ხალისიანი, პოზიტიური, სიცოცხლით სავსე. 19 იანვარს გავიცანი ძვირფასი ადამიანი, თეა ადუაშვილი და მისი უნიკალური ჯგუფი „ბედნიერების ვექტორი“. დიდ მადლობას ვუხდი მანანა ბოძიაშვილს, რომელმაც „ბედნიერების ვექტორთან“ დამაკავშირა. ჯგუფი დაკომპლექტებულია ძვირფასი, წარმატებული ქალბატონებით, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად მხარში უდგანან.

ირმა ლომიძე (საერთაშორისო კომპანია Tiensi-ს გაყიდვების თანამშრომელი): დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი. შემდგომ მუშაობა დავიწყე საპროექტო ინსტიტუტ „კავსახტრანსპროექტში“ ინჟინრის პოზიციაზე, გეოლოგიურ ლაბორატორიაში. ამ პერიოდში არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მივიღე მონაწილეობა და განსაკუთრებით მახარებს, რომ ჩვენი საქმიანობა განხორციელდა მრავალი საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტის სახით. ამ გამოცდილებამ გააფართოვა ჩემი პროფესიული ხედვა.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ექიმმა მერი სუხაშვილმა, ჩინური კომპანიის Tiens-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა. მისმა რეკომენდაციებმა და პროფესიული გამოცდილების გაზიარებამ, არა მხოლოდ ჩემს ყოველდღიურობაზე, არამედ ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზეც დადებითი გავლენა იქონია. სწორედ ქალბატონი მერის მხარდაჭერით გავიცანი თეა ადუაშვილი და გავხდი „ბედნიერების ვექტორის“ გუნდის წევრი. ამ სივრცეში განსაკუთრებით მკაფიოდ დავინახე ქალთა სოლიდარობა. გუნდის მთავარი ღირებულებაა ურთიერთდახმარება და პროფესიული მხარდაჭერა. ქალბატონები გულწრფელად უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, ამხნევებენ და სიხარულით იზიარებენ ერთმანეთის წარმატებას. მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ასეთი თანამშრომლობა და საერთო მიზნებისკენ ერთობლივი სწრაფვა ქმნის საფუძველს თითოეული ადამიანის წინსვლისა და პროფესიული განვითარებისათვის.

ეკა დოჯურიშვილი („მართა ბებოს დამბალხაჭო“-ს დამფუძნებელი, თიანეთის ტურიზმის განვითარების ასოციაციის თავჯდომარე, სავაჭრო-სამრეწველო პალატის მცხეთა-მთიანეთის დელეგატი): თანამედროვე ცხოვრების პირობებიდან და რიტმიდან გამომდინარე, ადვილი არ არის იპოვო სამსახური ან საქმე, რომელიც სასიამოვნოც არის და სასარგებლოც, მატერიალურ მოთხოვნებსაც დაგიკმაყოფილებს და სულიერ-მორალურ კმაყოფილებასაც მოგანიჭებს. არასწორად არჩეული პროფესიის გამო წლები გავატარე თვითდამკვიდრების მცდელობასა და საკუთრი მისიის ძიებაში, ამას კი თურმე მხოლოდ მაშინ ახერხებ, როცა თავს არ იტყუებ და შენს საყვარელ საქმეს პოულობ, საქმეს, რომელშიც არც შაბათ-კვირას და არც საათს არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადად, ყოველთვის მინდოდა და ვოცნებობდი საკუთარ ბიზნესზე, თუმცა სულ მეგონა, რომ ამისთვის დიდი ფული, გამოცდილება და განსაკუთრებული უნარები იყო საჭირო. შესაბამისად, ეს ოცნება მხოლოდ თავში და ჩემს ქვეცნობიერში იყო სადღაც მიკუჭული. ჰოდა, ერთხელაც გადავაწყდი ინფორმაციას პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესიდეების კონკურსის შესახებ მაღალმთიანი რეგიონებითვის. ბევრი ყოყმანი არ დამიწყია და გავგზავნე იდეა ფშავის ავთენტიკური ყველის, დამბალხაჭოს წარმოების გაცოცხლებაზე. ჩემდა სასიხარულოდ, იდეა თუმცა მცირედით, მაგრამ დაფინანსდა. ამ ფაქტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემს განვითარებაზე.
ქალური სოლიდარობა არის განსაკუთრებული უნარი, როდესაც ერთი ქალი მეორეს შურისა და კონკურენციის განცდის გარეშე მხარს უჭერს ფიზიკურად თუ მორალურად, აძლევს მოტივაციასა და საკუთარი თავის რწმენას. ამ დროს მარტო ის არაა ბედნიერი, ვისი ნუგეშისცემაც შეძელი, შენც ბედნიერი ხარ, რადგან გამოგივიდა ამ ადამიანის გვერდში დგომა. „ბედნიერების ვექტორი“ დააარსა გამორჩეული სულიერი სიძლიერის და პოზიტივის მქონე თეა ადუაშვილმა და ბევრი ლამაზი დღე გვაჩუქა ჯგუფის წევრებს. ყველაზე ძლიერად მაგალითის ძალა მოქმედებს, როცა ხედავ, რომ სხვამ შეძლო, შენშიც ჩნდება მეტი იმედი, თავდაჯერებულობა და რწმენა, რომ შეუძლებელი არაფერია. სხვისი წარმატება მოტივაციად იქცევა და გაძლევს ძალას, საკუთარი გზაც უფრო მტკიცედ განაგრძო. განსაკუთრებით მახარებს და მაძლიერებს ის ფაქტი, რომ მეც ვქცეულვარ მაგალითი სხვა ქალბატონებისთვის. ეს არა მხოლოდ სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, იყო სხვისთვის შთაგონება და დაამტკიცო, რომ შრომა, მიზანდასახულობა და საკუთარი თავის რწმენა ყოველთვის იძლევა შედეგს.

ნინო თათელიძე (პროფესიონალი სერტიფიცირებული ბუღალტერი, კერძო სექტორი): 1997 წელს მიმიწვიეს ლექციების წასაკითხად საფინანსო-ეკონომიკურ კოლეჯში. ეს პერიოდი ჩემთვის მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა. მომიწია ინტენსიურმა მუშაობამ როგორც საკუთარ თავზე, ისე სტუდენტებთან, რამაც ნათლად დამანახა, რომ მუდმივი განვითარება პროფესიული ზრდის აუცილებელი პირობაა. სწორედ ამიტომ გავიარე სასერტიფიკატო პროგრამა ბაფში და მივიღე სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი. მიუხედავად მიღწეული შედეგებისა, დღესაც განვაგრძობ პროფესიულ განვითარებას. ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა დედამ. მან მასწავლა შრომის ფასი, ოჯახისა და საქმის მიმართ ერთგულება. დედის მხარდაჭერა ჩემს შესაძლებლობებში მარწმუნებდა და განმამტკიცებდა.
ჩემთვის „ქალები ქალებისთვის“ ნიშნავს ერთიანობას, სივრცეს, სადაც არავის უწევს ბრძოლა მარტო. ეს არის ურთიერთობა, სადაც ერთი ქალის სიძლიერე მეორის იმედად იქცევა. ჩვენ ერთმანეთის ძალა ვართ; სწორედ ამ ერთიანობით ვქმნით სამყაროს, სადაც ქალი არასოდეს არის მარტო. ქალს, რომელიც ახლა იწყებს თავის გზას, ვეტყოდი: თავდაჯერება თანდაყოლილი არ არის. ის ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდება. ყოველი ნაბიჯი, რომელსაც შიშის მიუხედავად დგამ, გაძლევს გამოცდილებას, რომელიც საბოლოოდ გაქცევს ძლიერ და თავდაჯერებულ პიროვნებად. ნუ დაელოდები იდეალურ მომენტს, დაიწყე იქიდან, სადაც ხარ და იმით, რაც გაქვს. ირწმუნე საკუთარი თავის. გახსოვდეს, ეჭვი დროებითია, ხოლო შენს შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.
ტექსტი: თათია ხარაიშვილი
ფოტო: ალექსეი სეროვი












