ქალებს გვსურს კარგად და მოვლილად გამოვიყურებოდეთ, სწორედ ამიტომაც ვზრუნავთ ჩვენს გარეგნობაზე. ამას, უპირველესად, ჩვენი თავდაჯერებულობისთვის ვაკეთებთ, რომ შედეგით ჯერ ჩვენ ვიყოთ კმაყოფილები. პერმანენტული მაკიაჟი და თავის მოვლის სხვადასხვა პროცედურა კი სასურველი შედეგის მიღწევაში გვეხმარება. ჟურნალი OK! გთავაზობთ ინტერვიუს ELZA TATOSHVILI’S PERMANENT MAKEUP STUDIO-ს დამფუძნებელსა და პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტთან, ელზა თათოშვილთან.
როდის დაინტერესდით პერმამენტული მაკიაჟით და რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?
ჩემი ჰობი არის ხატვა, ძალიან მიყვარს. ჰობიდან გამომდინარე ავირჩიე ეს პროფესია. რაღაც ასაკის შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემი ცხოვრების დიდი დრო დამეთმო იმ საქმისთვის, რაც არ მომწონდა და მუშაობის პროცესი არ მაბედნიერებდა. გადავწყვიტე შემერჩია ისეთი სპეციალობა, რომელიც მომწონდა, არ დამღლიდა და სამუშაო პროცესი სიამოვნებას მომანიჭებდა. სწორედ ასეთი აღმოჩნდა პერმანენტული მაკიაჟის სპეციალისტობა.
რა გამოარჩევს „ელზა თათოშვილის პერმანენტული მაკიაჟის სტუდიას“ ბაზარზე?
ჩვენი სტუდია გთავაზობთ: ტუჩის პიგმენტაციას, თვალის ლაინერს, წარბის მიკრო+დაპუდვრას, ტუჩის დამუშავებას აკვარელის მეთოდით. აგრეთვე, უკვე არსებული ტატუაჟის მოშორებას (ე. წ. REMOVER), ასევე, დავამატეთ წარბისა და წამწამების ლამინირება, ინიექციური კოსმეტოლოგია, ლაზერული ეპილაცია და ტანის საკორექციო(გასახდომი) პროცედურები, როგორიცაა ენდოსფერო-თერაპია.
მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ცენტრში მომუშავე თითოეული სპეციალისტი არის მაღალკვალიფიცირებული. ისინი მუდმივად გადიან პროფესიულ გადამზადებას, რაშიც პირადად მე ვდებ საკმაოდ დიდ რესურსს, რადგან ვარ მაქსიმალისტი და ჩემთვის პროფესიონალი კადრების ყოლა გადამწყვეტია. თავის მხრივ, ეს ყველაფერი აისახება შედეგზეც. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და უნდა იყოს შედეგით მაქსიმალურად კმაყოფილი.
რა რჩევას მისცემდით იმ ქალებს, ვინც პირველად აპირებს პერმანენტული მაკიაჟის გაკეთებას?
ჩემს მომხმარებლებს პროცედურამდე აუცილებლად ვუხსნი, რას მოიცავს მანიპულაცია, რომლის ჩატარებასაც ვგეგმავთ.
პერმანენტული მაკიაჟის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ყველა მათგანი ეპიდერმისის სხვადასხვა სიღრმეზე ტარდება. სპეციალისტი ვალდებულია პროცედურამდე მოახდინოს მცირე კონსულტაცია, თუ რა მასალით იმუშავებს, რა სიღრმეზე მოხდება დამუშავება, რამდენ ხანს გასტანს შედეგი და ა.შ., რადგან პაციენტი პროცედურამდე სრულად იყოს ინფორმირებული, თუ რას მოიცავს მოცემული მანიპულაცია და რა სავარაუდო შედეგს ელოდოს.
აუცილებელია, სპეციალისტი იყოს მაღალკვალიფიცირებული, წლების გამოცდილებით, რათა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევა უპრობლემოდ აიცილოს თავიდან.
დაბოლოს, ჩემს კოლეგებს ვეტყოდი რჩევის სახით, რომ არ იმუშაონ ღრმა შრეებში, რადგან სიღრმეზე ჩატარებული მანიპულაცია აუცილებლად ტოვებს ნაიარევს და გამოუსწორებელ პრობლემას, რაც პრაქტიკაში, სამწუხაროდ, ხშირად გვხვდება.
რა არის თქვენთვის ხარისხი?
ხარისხი ეს არის კარგად აკეთო საქმე, მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს.
მნიშვნელოვანია ენდობოდე სპეციალისტს… თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამ ნდობას?
ნდობა დიდი შრომის შედეგია, პაციენტი გენდობა მას შემდეგ, როცა ხედავს, თუ როგორ იხარჯები მისთვის სასურველი შედეგის მისაღებად და რაც მთავარია, ხედავს, რომ შენ მიერ მიღწეული შედეგი სწორედ ის არის, რასაც ის ელოდა. ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით.
რა გაძლევთ საქმის კეთების მოტივაციას?
იმ საქმისადმი სიყვარული, რომელსაც ვაკეთებ, არის ჩემი მთავარი მოტივატორი, განვვითარდე, მუდმივად ვისწავლო რაღაც ახალი ჩემს სფეროში, რათა საშუალება მივცე ჩემს ერთგულ მომხმარებლებს, მიიღონ ყოველთვის საუკეთესო შედეგი.
როგორ ფიქრობთ, რა განაპირობებს წარმატებას?
მოთმინება წარმატების საწინდარია. ჩემთვის წარმატება სირთულეების მუდმივ გადალახვასა და დასახული მიზნების მიღწევასთან ასოცირდება. რაც უფრო რთულია წარმატებისკენ მიმავალი გზა, მით უფრო საინტერესო და ძვირფასია.
როგორია თქვენ სამომავლო გეგმები?
ყოველთვის წინასწარ ვგეგმავ, რას მინდა მივაღწიო. ამ ეტაპზე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ ამ ფილიალის გახსნით ჩემი ყველაზე დიდი მიზანი განვახორციელე.
რა თქმა უნდა, ჩემი სამომავლო გეგმები არის ძალიან მასშტაბური და არ გადაგღლით ჩემი უსასრულო გეგმების მოყოლით. მომავალში ვისურვებდი ბევრ კმაყოფილ და ბედნიერ მომხმარებელს… აი, ამას თუ მივაღწევ, ჩავთვლი, რომ ყველაფერი გამომივიდა.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: ალექსეი სეროვი