ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე საერთაშორისო კინოპროექტში კიდევ ერთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს — ის ახალ პოლიტიკურ თრილერში – მშვიდობის ფასი (The Price Of Peace) მთავარ მსახიობთა შორისაა, რომელიც 1945 წლის პოტსდამის კონფერენციის დრამატულ მოვლენებს გააცოცხლებს.
ფილმს რეჟისორი ოთხგზის ოსკარზე ნომინირებული ენტონი მაკკარტენია. ფილმში ნინიძესთან ერთად ჰოლივუდის ცნობილი მსახიობები — გაი პირსი და ჯარედ ჰარისიც მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი უკვე წარდგენილია საერთაშორისო კინობაზარზე და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ დრამად მიიჩნევა.

ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გამართულ პოტსდამის კონფერენციას ეფუძნება, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჰარი ს. ტრუმენი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა ომისშემდგომი ევროპის და მსოფლიოს პოლიტიკური ბედი.
ქართველი მსახიობისთვის ეს კიდევ ერთი მასშტაბური საერთაშორისო პროექტია. ბოლო წლებში ის აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვან პროექტებში, მათ შორის ფილმში – Conclave, რამაც მისი კარიერა კიდევ უფრო წარმატებული გახადა. The Price of Peace კი მსახიობს შესაძლებლობას აძლევს ისტორიული, პოლიტიკური დრამის ცენტრში მოექცეს და მსოფლიო დონის მსახიობებთან ერთად იმუშაოს.

ფილმი 1945 წლის ივლისში ვითარდება — ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ. სამი მსოფლიო ლიდერი პოტსდამში განსხვავებული მიზნებით ჩადის: ტრუმენს იაპონიასთან ომის დასრულება სურს, ჩერჩილი სამშობლოში გადამწყვეტ არჩევნებს ელოდება, სტალინი კი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავლენის გაფართოებას ცდილობს. ამ რთულ პოლიტიკურ თამაშში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონაჟს სწორედ მერაბ ნინიძე განასახიერებს.

ახალი პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართველი მსახიობის მზარდ საერთაშორისო კარიერას — ნინიძე დღეს იმ არტისტებს შორისაა, ვინც ქართულ კინოსა და თეატრს მსოფლიო კინოპლატფორმაზე ღირსეულად წარმოადგენს.












