ქართული OK!-ს ნოემბრის ნომრის მთავარი გმირი ყველასთვის ცნობილი და გამორჩეულად ნიჭიერი ქართველი მომღერალი, ნათია თოდუაა. ნათია გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან დევნილი ოჯახის შვილია. მისი ბავშვობა გალში; პატარა ნათიას ოცნებები, რომელსაც ულამაზესი აფხაზეთის ნაცვლად ომის შემდგომ ნანგრევებში უწევდა ცხოვრება; შემდეგ სტუდენტობა; პირველი ნაბიჯები ჯადოსნურ სამყაროში, სახელად მუსიკა; მერე კი ბერლინი, ახლიდან ნაპოვნი საკუთარი თავი და დიდი წარმატება… რა გზა გაიარა ჩვენმა საინტერესო რესპონდენტმა გალიდან ბერლინამდე, თავად გვიყვება მასთან ინტერვიუში.

ნათია, თქვენ აფხაზეთიდან დევნილი ოჯახის შვილი ხართ. თავად სად დაიბადეთ?
დიახ. მე დავიბადე თბილისში, როცა ჩემი ოჯახი, როგორც დევნილი, ცხოვრობდა დევნილთა საერთო საცხოვრებელში, სხვა ნათესავებსა და მეზობლებთან ერთად.
საიდან ხართ წარმოშობით?
გალის რაიონის სოფელ ნაბაკევიდან, სადაც ფაქტობრივად, გავიზარდე, რადგან ჩემმა ოჯახმა მოგვიანებით, ჩემი დაბადების შემდეგ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო მშობლიურ სოფელში. მე არ შევსწრებივარ ომის დაწყების პერიოდს, თუმცა გავიზარდე იმ გარემოში, რომელიც ომის შემდეგ დარჩა. სულ ვამბობდი, რომ ეს ჩემთვის უფრო რთულად შესაგუებელი იყო, ვიდრე იმისთვის, ვისაც ახსოვს, რა ლამაზი იყო იქაურობა ომამდე. ჩემთვის ერთ დროს ლამაზი აფხაზეთი ნანგრევებთან ასოცირდება.

რამდენი წლის იყავით, როცა ნაბაკევში დაბრუნდით?
მამაჩემის მშობლები ომის შემდეგ გარდაიცვალნენ. ჯერ ნერვიულობისა და გამოვლილი სტრესისგან გარდაიცვალა ბებია და მალევე ბაბუაც. ორივენი იქ არიან დაკრძალულები. მამას ძალიან უჭირდა მშობლების საფლავებისა და მშობლიური ადგილისგან მოშორებით ცხოვრება. სახლი ენატრებოდა. დედის დიდი მცდელობით, დროებით ჩამოვიდოდით თბილისში და მერე ისევ ვბრუნდებოდით ნაბაკევში. ისე მოხდა, რომ ჩემი ბავშვობის და მოზარდობის დიდი ნაწილი, სანამ სტუდენტი გავხდებოდი, გავატარე იქ, ჩემს სოფელში.
გაიხსენეთ ნაბაკევში ცხოვრების წლები.
პირველ კლასში იქ შევედი სკოლაში. სოფელში რომ ვცხოვრობდი, სულ ვწუწუნებდი, ვჩიოდი, ვოცნებობდი თბილისში ცხოვრებაზე. მამიდასთან თბილისში სტუმრად ჩამოვდიოდი და ეს გარემო ფაქტობრივად, დისნეი ლენდთან ასოცირდებოდა ჩემთვის. თბილისსა და ჩემს საცხოვრებელს შორის დიდი სხვაობა მაფიქრებინებდა, რომ არ ვიყავი იქ, სადაც ჩემი ადგილი იყო. ერთი სული მქონდა, მალე წამოვსულიყავი ნაბაკევიდან და დამეწყო სხვა, ახალი, საოცნებო ცხოვრება. ამ გადმოსახედიდან, როცა უამრავი ქვეყანა და კულტურა, ცხოვრების სხვადასხვა დონე მინახავს, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ყველაზე მეტად მენატრება მაშინდელი წლები, რომელიც ნაბაკევში გავატარე. ახლა მე თავად ვარ დედა და რომ ვცდილობ, ჩემს შვილს ყველაფერი საუკეთესო მივცე, სულ მახსენდება საკუთარი ბავშვობა, როცა სულ სხვა სამყარო გვენატრებოდა. ვცხოვრობდით სიცარიელეში, სადაც ყველაფერზე ვოცნებობდით. ვფიქრობ, ბავშვს სჭირდება სივრცე, რომ იოცნებოს და მიზნები დასახოს. რაღაც მართლა უნდა იყოს ისეთი, რის მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. სწორედ ასე ჩამოყალიბდება მისი ხასიათი და ფასეულობები – შრომით, მონდომებით და არამხოლოდ მიღებულით.

აფხაზებთან თანაცხოვრება, მათთან ურთიერთობები როგორი იყო?
ჩვენთვის, ბავშვებისთვის ერთგვარად უცნობი იყო, რა ხდებოდა სინამდვილეში ქართველსა და აფხაზს შორის, რადგან პირადად, რეალური ცხოვრების პირობებში, ცუდი ურთიერთობა არ შემიმჩნევია. თუმცა პოლიტიკური ელფერი, რა თქმა უნდა, სულ იგრძნობოდა. ვიცოდით, რომ იყო ადგილები, სადაც ქართულად არ უნდა გვესაუბრა. რთულია, როცა აკრძალული გაქვს მშობლიურ ენაზე და ქვეყანაზე საუბარი, საღამოს გარკვეულ დროს უკვე სახლში უნდა ყოფილიყავი, რადგან გარეთ სიარული შეიძლება სახიფათო ყოფილიყო. ტრანსპორტი არ გვქონდა და სკოლაში ფეხით დავდიოდით, ზამთარში კი ცხენით გვიწევდა სიარული. ოჯახის წევრები და მეზობლის ბავშვები ერთად დავდიოდით, ჯგუფურად. სკოლაში არ იყო სათანადო პირობები. ურთიერთობებს რაც შეეხება, ყოველთვის სასიამოვნო, ბუნებრივი და მარტივი იყო. დიდი სურვილი მაქვს, რომ ახალმა თაობამ, ვინც არ შევსწრებივართ ომის საშინელებას და ეს ტრაგიკული მოგონებები არ გვაქვს, ვიპოვოთ გზები, რაც ერთმანეთთან დაგვაახლოებს.
რომ დაბრუნდით, დაგხვდათ თქვენი სახლი?
ორჯერ დაწვეს ჩვენი სახლი აფხაზებმა. პირველ ჯერზე მამამ თავიდან ააშენა, სადაც ახლიდან დაიწყო ოჯახმა ცხოვრება, მაგრამ მეორედაც დაწვეს, რადგან ჩვენს უბანში აფხაზი ჯარისკაცი მოკლეს და შურისძიების მიზნით, აფხაზებმა იმ უბნის ყველა სახლი გადაწვეს. იძულების წესით დავბრუნდით თბილისში, გლდანში ვცხოვრობდით, სადაც ყველაზე მეტი დევნილი ცხოვრობდა იმ დროისთვის. რამდენიმე წლის მერე კვლავ გალში დავბრუნდით. ასე ვცხოვრობდით – მივდიოდით და მოვდიოდით თბილისსა და ნაბაკევს შორის. რაკი სოფელში, ჩვენს საცხოვრებელში არ იყო სათანადო პირობები, ხშირად ვცივდებოდი, მემართებოდა ყურების ანთება, რევმატიული ტკივილები მქონდა და იძულებული ვხდებოდით, თბილისში ჩამოსვულიყავით. 5 ოჯახის წევრი ვცხოვრობდით 18 კვადრატულ ბინაში, გლდანის დევნილთა კორპუსში. გლდანის სკოლაში დავდიოდი. მერე კვლავ წავედით გალში რამდენიმე წლით და საბოლოოდ 2013 წელს დავბრუნდით თბილისში, რომ უნივერსიტეტში ჩამებარებინა.
სად მიიღეთ უმაღლესი განათლება?
მინდოდა ისეთი პროფესია მქონოდა, რომელიც მარტივად დასაქმების საშუალებას მომცემდა, ვიფიქრე, რომ ეს იქნებოდა ბიზნესი და ეკონომიკა. მაშინ არ დავფიქრებულვარ, მე რა შემეძლო, რისი ნიჭი მქონდა და სინამდვილეში რა მინდოდა. კავკასიის ბიზნესსკოლაში ჩავაბარე. დიდი სურვილი მქონდა, რომ საზღვარგარეთ გამეგრძელებინა სწავლა და ცხოვრება. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად დავიწყე მუშაობა, რადგან ჩემი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა არ იყო სტაბილური და ძლიერი. დავიწყე ბარებსა და პაბებში მომღერლად მუშაობა. ჯგუფმა „ვაკის პარკმა“ დამაწყებინა მუსიკალური ცხოვრება და გამიღო ჩემი ამჟამინდელი პროფესიის კარები. მათი დიდი დახმარებით შევძელი ბევრი რამ ამ პროფესიაში, ნული განათლების და ხელშეწყობის პირობებში. „ვაკის პარკმა“ გამომზარდა და მერე კიდეც მოვიდა წარმატება.

შემდეგ იყო გერმანულ „ვოისში“ წარმატება.
მესამე კურსზე ვიყავი, როცა გადავწყვიტე წავსულიყავი გერმანიაში და ახალი ცხოვრება დამეწყო. გერმანიაში ფაქტობრივად, ცარიელი ხელებით და ოცნებებით ჩავედი. სპონტანურად და თავიდანვე კარგად განვითარდა მოვლენები, რაც იმის დამსახურება იყო, რომ ალბათ, სწორ ადგილას მოვხვდი. შემდეგ იყო „ვოისის“ კონკურსი. ეს პროექტი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და პირველად აქ მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ტექნიკური უნარები გამეუმჯობესებინა. ისეთ ტრენერებსა და მუსიკოსებთან ვითანამშრომლე, რომელთა დახმარებითაც საკუთარი თავი ვიპოვე, როგორც არტისტმა. ვგრძნობდი, რომ სიმღერა და მუსიკა არის ის, რისი კეთებაც მინდა და მსიამოვნებს. მოგვიანებით მივიღე იქ ცხოვრების და მუშაობის უფლება.
ნათია, მოგვიყევით თქვენს ახლანდელ ცხოვრებაზე. ახლა რას საქმიანობთ?
ჩემი პროფესიით ვმუშაობ ბერლინში. ვარ მომღერალი, მყავს ჩემი ბენდი, ერთად ვმუშაობთ და ვატარებთ კონცერტებს, ძირითადად ზაფხულის პერიოდში ან საშობაოდ. კორპორაციულ დაკვეთებს იშვიათად ვთანხმდები, რადგან არ მიყვარს ფონური მუსიკის შექმნა. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის, აუდიტორიაა მნიშვნელოვანი. პერიოდულად სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებში ვმონაწილეობ, სადაც ყველაზე დიდ გამოცდილებას ვიღებ, როგორც არტისტი. ასევე, ვმონაწილეობ სატელევიზიო პროექტებში ჟიურის როლში, სადაც ვეხმარები არტისტებს განვითარებაში. ბოლო დროს სიამოვნებას ვიღებ ჩემი გამოცდილების გაზიარებით – ბერლინში მეორე წელია ვთანამშრომლობ რამდენიმე სკოლასა და კოლეჯთან, სადაც ვატარებ გაკვეთილებს მუსიკასა და სიმღერაში. თავისუფალ დროს ვცდილობ ბენდთან ერთად ვიმუშაო ჩემს დაწერილ ახალ სიმღერებზე. დღეს ვარ მომღერალი, მუსიკოსი, მეუღლე და დედა. ვცხოვრობ ოჯახური ცხოვრებით და ვზრუნავ ჩემს კარიერაზე. არასდროს მინდოდა, რომ ჩემი პროფესიის ხარჯზე დამეთმო ოჯახური ცხოვრება და დედობა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შვილი და ოჯახია, ისინი მაძლევენ იმ ძალას, რომელიც ახალ მუსიკას მაქმნევინებს.
ოჯახზე მოგვიყევით.
მამა გასული წლის ზაფხულს სიმსივნით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე 3 თვით ადრე აღმოვაჩინეთ, რომ მეოთხე სტადიის ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. მამაჩემთან განშორებამ ჩემში იმდენად ღრმა ჭრილობა დატოვა, რომ არ ვიცი, ამას ოდესმე რამე თუ ეშველება. სამწუხაროა, რომ მისმა დაკრძალვამ თბილისში მოგვიწია, როცა თვითონ მთელი ცხოვრება ცდილობდა, რომ სოფელსა და მშობლების საფლავს არ მოშორებოდა. დედა ძმასა და რძალთან ერთად ცხოვრობს თბილისში. ჩემი და ბათუმში ცხოვრობს მეუღლესა და ორ პრინცესასთან ერთად.
მე მყავს მეუღლე და ვაჟი, ჰუგო. ვცხოვრობთ გერმანიაში, მაგრამ ხშირად ვართ საქართველოში, რაც ჰუგოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი სულ ჩემთან არიან, კონცერტებზე, ტურნეებზე, სიმღერების ჩაწერის დროს… ჰუგო 2 თვის ასაკიდან ესწრება ჩემს კონცერტებს, მამიკოსთან ერთად მელოდება კულისებში ან დარბაზიდან მისმენს. თითქოს ესმის, რა დროს უნდა დამეხმაროს და არ იჭირვეულოს. ჩემი მეუღლე სულ მირჩევს, რომ გვყავდეს ძიძა, რათა უფრო თავისუფლად დავუთმო დრო ჩემს საქმიანობას და კარიერას. მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩემი შვილის პირველი, ძვირფასი წლები მასთან ერთად მაქსიმალურად გავატარო და პარალელურად ვაკეთო მუსიკა. არ მინდა, რომ მას ემოციური დისკომფორტი და დედასთან ყოფნის დანაკლისი ჰქონდეს, ჩემთან განშორებების გამო, ამიტომ დიდ დროს ვუთმობ. ჰუგო ახლა 2 წლის არის და იმედი მაქვს, ხელოვნება ძალიან ეყვარება.
ჩემი მეუღლე, დავით ზურაბაშვილი ყოფილი ფეხბურთელია, თურქეთში საქმიანობდა, მაგრამ ტრავმის გამო ვეღარ გააგრძელა ფეხბურთის თამაში. ახლა კერძო საქმიანობით არის დაკავებული, თავისი ბიზნესი აქვს – ვინტაჟური ტანსაცმლის, რაც მე ძალიან მახარებს, რადგან ძალიან მიყვარს ვინტაჟური სამოსი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ავთენტური სტილისაა, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სამოსი ყოველთვის რაღაც ისტორიას, თავის ამბავს ინახავს და ჰყვება. ამგვარად, მე და ჩემს მეუღლეს გემოვნება დაგვემთხვა და ახლა საოცნებო მდგომარეობა მაქვს, როცა რამე მომეწონება, პირველს მე მერგება ხოლმე.

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი
ფოტო: ნანო თენოშვილი
ვიზაჟი: სოფია საენკო
ტექსტი: თაკო გვაზავა
ლოკაცია: VangalStudio












